Facebook Twitter

20 იანვარი 2025 წელი

№ას-1365-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.პ–ი, ზ.პ–ი, შპს „ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების ა.პ–ისა და შპს ,,ს–ი”-ს მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხეებს - ა.პ–ს და შპს ,,ს–ი”-ს სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

ა) 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული NGCLCA000600244–8425798-14659175 (პროგრამული ნომერი: 8425...) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 36557.24 ლარის გადახდა, საიდანაც ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 31875.24 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 2130.86 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო – 2488.29 ლარი და ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 62.85 ლარი;

ბ) 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული NGCLCA000600244–8425798-14659175 (პროგრამული ნომერი: 8425...) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 25.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 11.92 ლარის ოდენობით და ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 25.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 86.06 ლარი;

1.2. 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული NGCLCA000600257-8425800–14659175.1 (პროგრამული ნომერი: 842...) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

ა) 21 453.71 ლარის გადახდა, საიდანაც ვადაგადაცილებული ძირი თანხაა - 18 282.97 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 1512.73 ლარი; ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 1614.71 ლარი და ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 43.30 ლარი;

ბ) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 25.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 7.56 ლარი და ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 25.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 49.36 ლარი;

1.3. 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული GCLCA000600302-8425801-14659175.2 (პროგრამული ნომერი: 8425...) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

ა) 48 082.79 ლარის გადახდა, საიდანაც ვადაგადაცილებული ძირი თანხაა – 41 094.34 ლარი, ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტი - 3310.06 ლარი, ვადაგადაცილებული დარიცხული პირგასამტეხლო - 3581.09 ლარი და ვადაგადაცილებული დარიცხული საკომისიო - 97.30 ლარი;

ბ) ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 07.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 16,55 ლარი და ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო 07.07.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 110,95 ლარი;

2.1. ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების გადახდევინების) შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზ.პ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......., ს/კ #....... და ა.პ–ის კუთვნილი ქ. თბილისში, .........., სართული 13, ბინა N108 (საკადასტრო კოდი ......).

2.2. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების კუთვნილ სხვა ქონებებზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ა.პ–ის, ზ.პ–ისა და შპს „ს–ი"-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხეებს ა.პ–სა და შპს „ს–ი“-ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული N14659175 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 34317,78 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 31 875,24 ლარი; პროცენტი - 2130,86 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 248,82 ლარი და საკომისიო - 62,85 ლარი; 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული N14659175.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20 000.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 18 282.97 ლარი; პროცენტი - 1512,73 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 161,48 ლარი და საკომისიო - 43,30 ლარი; 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული N14659175.2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 44 860 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 41 094,34 ლარი; პროცენტი - 3310,06 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 358,11 ლარი და საკომისიო - 97,30 ლარი. იმავე გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ მოთხოვნებს გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამომავლო პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის (აღსრულებამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზ.პ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......, ს/კ №......... და ა.პ–ის კუთვნილი ქ. თბილისში, ..........., სართული 13, ბინა N108 (საკადასტრო კოდი ........). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული სარგებელი არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდება მოპასუხე ა.პ–ისა და თავდების - შპს „ს–ი“-ს კუთვნილ სხვა ქონებაზე. სს „ს.ბ–ს“ უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა - ა.პ–მა, ზ.პ–მა, შპს „ს–იმ“ და მოსარჩელე სს „ს.ბ–მა“ გაასაჩივრეს. მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ა.პ–ის, ზ.პ–ისა და შპს „ს–ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-7 პუნქტების შეცვლით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს - ა.პ–სა და შპს „ს–ი“-ს, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ 2023 წლის 24 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სოლიდარულად დაეკისრათ 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული №14659175 (პროგრამული №84257..) ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ყოველდღიურად 15,9 ლარი და დავალიანების ძირი თანხის წლიური 13,65%, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 11,92 ლარს; 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული №14659175.1 (პროგრამული №84258..) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პირგასამტეხლო ყოველდღიურად 9,14 ლარი და დავალიანების ძირი თანხის წლიური 15,1%, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 7,56 ლარს; 2022 წლის 17 ივნისს გაფორმებული №14659175.2 (პროგრამული №84258..) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პირგასამტეხლო ყოველდღიურად 20,5 ლარი და დავალიანების ძირი თანხის წლიური 14,7%, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 16,55 ლარს.

5. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა.პ–მა, ზ.პ–მა და შპს „ს–ი“-მ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6469 ლარის და 92 თეთრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში ზ.პ–ის და შპს „ს–ი“-ს მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........ბ.7 და 2024 წლის 06 დეკემბერს ჩაბარდა ა.პ–ს (იხ. ჩაბარების დასტური).

8. საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 2024 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა ა.პ–მა, ზ.პ–მა და შპს „ს–მა" ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა ა.პ–ს 2024 წლის 6 დეკემბერს.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

14. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 06 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 07 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 16 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის. კასატორებმა სასამართლოს განცხადებით მომართეს ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდგომ - 2024 წლის 31 დეკემბერს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

17. საქართველოსს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2024 წლის 23 აგვისტოს გადახდილი 100 ლარი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.პ–ის, ზ.პ–ის და შპს „ს“-ს განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ა.პ–ს, ზ.პ–ს, შპს „ს–ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.ჩ–ის (პ/ნ .....) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი (საბუთის ნომერი #23436516833, გადახდის თარიღი 23.08.2024).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი