საქმე №ა-6813-შ-164-2024 27 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.პ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.რ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულება
დავის საგანი – ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულებით ა.ვ. ძე პ–ძესა და ე.ლ.ასულ რ–ას შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქონებას გაიყოფდნენ შემდეგი სახით:
1. მოსარჩელე ა.ვ. ძე პ–ძეს დარჩება ქ.ლონდონში, ........, ბინა №1, W2 3AA, რომელიც რეგისტრირებულია მიწის რეესტრში ნომრით N...... (ამჟამინდელი მდგომარეობით, რომელიც დახვდება მას უცვლელი სახით, როდესაც იგი ჩაიბარებს გათავისუფლებულ ქონებას (გარდა ერთი იატაკის ბრინჯაოს ლამფისა, რომელიც მოპასუხესთან დარჩება);
2. მოპასუხე ე.ლ.ასულ რ–ასთან დარჩება ქ.ლონდონში, ......., რომელიც რეგისტრირებულია მიწის რეესტრში ნომრით NGL342701 (ამჟამინდელი მდგომარეობით (გარდა მოსარჩელის პირადი ნივთებისა);
3. მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს მოპასუხეს ე.რ–ას კუთვნილი ვერცხლის ჭურჭელი (დანა-ჩანგალი და ვერცხლეულობა, რომელიც ბუხრის თაროზეა), რომელიც ამჟამად არის თბილისში მდებარე მოსარჩელის ქონებაში;
4. მოსარჩელესთან დარჩება ქ.ბათუმში, ........ მდებარე ბინა 19ბ, ს/კ ......... უცვლელ მდგომარეობაში;
5. მოსარჩელეს უფლება აქვს მშვიდობიანად დაიკავოს კოტესმორ ქორთი/COTTESMORE COURT მას შემდეგ, რაც მას გადაეცემა ქუინს გარდენსი/QUEENS GARDENS დაცლილი საკუთრება (განკარგულების შესაბამისად) და ამავე დროს მან დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს დაცლილი კოტესმორ ქორთი/COTTESMORE COURT მოპასუხეს და აღარ უნდა დაბრუნდეს იქ.
სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, ქონების გადაცემა მოხდება შემდეგნაირად:
1. მოპასუხე მიიღებს ქონებას თავისუფალ მდგომარეობაში და დაუყოვნებლივ გადასცემს მოსარჩელეს მთელ თავის იურიდიულ ქონებას და ბენეფიციარულ ინტერესებს ქუინს გარდენთან (QUEENS GARDENS) დაკავშირებით.
2. მოპასუხე გადასცემს მოსარჩელეს მთელ თავის კანონიერ ქონებას და ბენეფიციარულ ინტერესს ბათუმის საკუთრებასთან მიმართებაში.
რაც შეეხება აქციების (წილის) გადაცემას და ვალის (დავალიანების) დათმობას:
1. მოპასუხე ასევე გადასცემს მოსარჩელეს თავის ყველა ჩვეულებრივ აქციას (მოპასუხეს 40%-იანი წილი) სარესტორნო ბიზნესს „შოთი-ში“/Shoty Ltd (რეგისტრირებული მისამართზე: 30 ოლდ ბრომპტონ როუდ (OLD BROMPTON ROAD) ლონდონი, ინგლისი, SW7 3DL) ამ განკარგულების გაცემიდან 4 კვირის განმავლობაში.
2. მოპასუხის „შოთის“/Shoty Ltd ვალი (78600 ფუნტი სტერლინგი) გადადის მოსარჩელეზე ამ განკარგულების გაცემიდან 4 კვირის განმავლობაში.
ა.პ–ძის წარმომადგენლებმა - ქ.ა–ამ და მ.კ–ძემ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება საქართველოში არსებული უძრავი ქონების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემის ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა და ინგლისის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, გარდა ქ.ბათუმში მდებარე უძრავი ქონების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ა.პ–ძის შუამდგომლობა ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემის ნაწილში მიღებულ იქნას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.პ–ძის შუამდგომლობა ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.
ამავე კანონის მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულების ცნობასა და აღსრულებას საქართველოში, ქ.ბათუმში, ............№74-ში მდებარე №19ბ ბინის (ს/კ .......) მისთვის გადაცემის ნაწილში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული
ამავე კანონის 64-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე ეტყვის უარს, თუ მისი დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.პ–ძის შუამდგომლობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების მიმართ, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.პ–ძის შუამდგომლობა ინგლისის ქ.ლონდონის ცენტრალური საოლქო საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის №ZC21F04013 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილ