Facebook Twitter

საქმე №ას-1414-2024 24 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ა–ნის (შემდეგში - ლიზინგის მიმღები ან მოპასუხე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის 16 000 ლარის დაკისრების ნაწილში და მოსარჩელეს სს „თ.ლ–ის“(შემდეგში - ლიზინგის გამცემი ან მოსარჩელე ან კასატორი) სასარგებლოდ 24926.46 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის 02.03.2018წ.-ს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლიზინგის მიმღებს გადაეცა ერთი ერთეული ლიზინგის საგანი (შემდეგში - ხელშეკრულება).

2.2. ლიზინგის მთლიანი ფასი 74 144.39 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც პერიოდულად უნდა გადახდილიყო.

2.3. სალიზინგო საზღაურის დაგვიანების ან/და გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.10%.

2.4. უდავოა, რომ ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა ლიზინგის მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევის (სალიზინგი საზღაურის გადაუხდელობის) გამო და ლიზინგის საგანი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს.

2.5. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ 6 740.54 ლარი შეადგინა. ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემს 6 740.54 ლარი გადაუხადა.

2.6. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულება (ლიზინგის საგნის ღირებულების ძირითადი თანხა) შეადგენდა 90 733 ლარს.

2.7. ლიზინგის საგნის გასხვისების შედეგად მიღებული თანხაა 43 066 ლარი.

2.8. ლიზინგის გამცემმა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად 16 000 ლარი მიიღო.

3. ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღების წინააღმდეგ აღძრული სარჩელით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, წარმოშობილი დავალიანების - 40 926.46 ლარის გადახდა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ლიზინგის მიმღებმა იმ საფუძვლით რომ ზიანის ოდენობა არასწორად დაანგარიშდა, კერძოდ, დავალიანებას (40 926.46 ლარი) 16 000 ლარი არ გამოაკლდა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად მიიღო ლიზინგის გამცემმა, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

4. უდავოა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების სახით ლიზინგის გამცემმა მიიღო 16 000 ლარი. წინამდებარე საქმეზე სადავოა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების სახით მიღებული 16 000 ლარის გათვალისწინება დავალიანების საერთო თანხაში.

5. მოსარჩელე განმარტავდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების სახით მიღებული 16 000 ლარი გათვალისწინებულია დავალიანების საერთო თანხაში (ასახულია საბოლოო კალკულაციაში), თუმცა, სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოებიდან არ ირკვევა, რომ დავალიანება სადაზღვევო თანხით შემცირდა. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულებას - 90 733 ლარს გამოაკლდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი 6,740.54 ლარი და ლიზინგის საგნის ხელახალი რელიზაციის (რელიზინგი) ფასი - 43,066 ლარი და საბოლოო დავალიანებამ შეადგინა 40,926.46 ლარი (იხ., სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოება, ტ.1. ს.ფ. 6).

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ ვერც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე ვერ მიუთითა და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის დაანგარიშებაში რა წესით იყო გამოკლებული დავალიანების თანხას 16 000 ლარი, რაც ლიზინგის გამცემის პირდაპირ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 12.6 პუნქტის თანახმად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული დავალიანება არასწორად დაანგარიშდა, კერძოდ, დავალიანებას არ გამოკლდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად ლიზინგის გამცემის მიერ მიღებული 16 000 ლარი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო 16 000 ლარი ასახულია დავალიანების დაანგარიშებაში, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. ამ განჩინების პ.2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. ლიზინგის გამცემის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია) (სადავო პერიოდში მოქმედი კანონის რედაქცია, 13.10.2011წ., N5119-IIს).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მისი პრაქტიკული დანიშნულების გაანალიზება შესაძლებელია ფინანსური ლიზინგის შესახებ 1988 წლის UNIDROIT-ის ოტავის კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით (Unidroit Convention on International Financial leasing, Ottawa, 28 May, 1988, <https://www.unidroit.org/instruments/leasing/convention/>). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალით უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. ამავე კონვენციაში მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ.

16. ლიზინგთან (ფინანსური ლიზინგი) დაკავშირებული საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 13.11.2008წ.-ის UNIDROIT-ის რომის მოდელური კანონი ლიზინგის შესახებ (Unidroit Model Law on Leasing, Rome, 13 November, 2008), რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. მოდელური კანონის მიხედვით ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს (იხ., გოთუა ლ., საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 3/2021, 26 <https://lawjournal.ge/wp-content/uploads/2021/05/DGZR-3-2021_41.pdf>).

17. სსკ-ის 5805 მუხლის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სალიზინგო ურთიერთობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ლიზინგის საგანი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითად უზრუნველყოფას ანუ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს და რჩება მის საკუთრებაში/მფლობელობაში, ხოლო ლიზინგის მიმღებს არ აქვს მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიზინგის საგნის მიღების შემდგომ ლიზინგის მიმღებს გააჩნია უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება გადაიხადოს სალიზინგო საზღაური; აღნიშნული ვალდებულება არ არის დამოკიდებული ლიზინგის გამცემის მხრიდან ვალდებულების შესრულებასა და/ან სხვა დამატებით ფაქტორებზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს ქონებით სარგებლობას, რომელიც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას, ხოლო ლიზინგის გამცემის, როგორც მესაკუთრის, ფუნდამენტური უფლებაა იყოს დაცული უკანონო ხელყოფისგან. გარდა ამისა, სალიზინგო ურთიერთობა არის ისეთი სახის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის მიმღები სალიზინგო საზღაურს იხდის სწორედ ლიზინგის საგნის გამოყენების (მოხმარების/ამორტიზაციის) პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სალიზინგო საზღაურების გადაუხდელობა ავტომატურად ანიჭებს მესაკუთრეს (ლიზინგის გამცემს) უფლებას დაიბრუნოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და არ მიეცეს ლიზინგის მიმღებს სხვისი საკუთრების განადგურების (ცვეთის) შესაძლებლობა. სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობა/დარღვევა წარმოშობს ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის საგანზე მფლობელობის უფლების უპირობო ჩამორთმევის უფლებას, მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლების გარეშე (იხ., სუსგ №ას-96-2021, 21.07.2022წ., პ.61).

20. განსახილველ შემთხვევაში, იმ საფუძვლით, რომ ლიზინგის მიმღებმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ლიზინგის საზღაურის გადახდის შესახებ, მხარეთა შორის არსებული სალიზინგო ურთიერთობა შეწყდა ლიზინგის გამცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე.

21. უდავოა, რომ ლიზინგის საგანი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს.

22. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 6 740.54 ლარი ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილია.

23. ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულება (ლიზინგის საგნის ღირებულების ძირითადი თანხა) 90 733 ლარს შეადგენდა, რომელსაც ლიზინგის საგნის გასხვისების შედეგად მიღებული 43 066 ლარი გამოაკლდა.

24. რაც შეეხება ლიზინგის გამცემის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად მიღებული 16 000 ლარის სალიზინგო დავალიანებაში გათვალისწინების სადავო საკითხს, სსსკ-ის 4.1 და 178.1„ე“ მუხლების თანახმად პროცესის მონაწილე მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს; სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტების მითითების თაობაზე მხარეთა ტვირთი (მითითების ტვირთი) არსებითად განსხვავდება მათი მტკიცების ტვირთისაგან (მტკიცების ტვირთი). მოსამართლე მიუთითებს, რომელმა მხარემ ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი თუმცა, ფაქტების მითითების ვალდებულების შესრულების პროცესში მოსამართლის როლი პასიურია. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა წარდგენაზე პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ მხარეები. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი “da mihi facta, dabo tibi ius“ (მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს) პრინციპი (გაგუა ი., მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, გამომცემლობა „ბონა-კაუზა“, თბ., 2020, 166-170, 229-232).

25. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შედეგად 16 000 ლარის მიღებას ლიზინგის გამცემიც არ უარყოფს, თუმცა, ამ უკანასკნელმა სარწმუნოდ ვერ მიუთითა რომ მიღებული 16 000 ლარი გაითვალისწინა და არ ასახა დავალიანების სახით დარჩენილ თანხაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის მე-6 ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლიდანაც არ ირკვევა, რომ ლიზინგის მიმღების დავალიანება სადაზღვევო თანხით შემცირდა. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულებას - 90 733 ლარს გამოაკლდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი 6,740.54 ლარი და ლიზინგის საგნის ხელახალი რეალიზაციის ფასი - 43,066 ლარი და საბოლოო დავალიანებამ შეადგინა 40,926.46 ლარი (იხ., სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოება, ტ.1. ს.ფ. 6).

26. სამოქალაქო საპროცესი სამართალში მოქმედი „affirmanti, non negate, incumbit probatio“ (მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს) პრინციპიდან გამომდინარე, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ ვერც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე ვერ მიუთითა და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის დაანგარიშებაში როგორ/რა წესით იყო გამოკლებული დავალიანების თანხას 16 000 ლარი, რაც ლიზინგის გამცემის პირდაპირ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 12.6 პუნქტის თანახმად (იხ., ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 23).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ.ლ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს 2024.11.22წ. №1732259609 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის 70% – 560 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე