ბს-1053-1016(კ-08) 31 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.08 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჩ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 13.01.06 წ. ¹გ-02/143 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ნ. ჩ.-მა ასევე მოითხოვა, რომ მის მიერ წარდგენილი დეკლარაცია და დეკლარირებული დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობის ერთჯერადი გადასახდელის გადახდის ქვითარი ჩათვლილიყო ქ. თბილისის საგადასახადო იმნპექციაში ,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის დაცვით წარდგენილად, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოსგან, რომ მას ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისათვის დაევალებინა რათა გაეცათ შესაბამისი ცნობა ნ. ჩ.-ზე, რაც წარმოადგენს ,,ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის დაფარული ქონების (შემოსავლის) 900 000 ლარის – ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.06წ. გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ნ. ჩ.-ის სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –13.01.06 წ. ¹გ-02/143 გადაწყვეილება, მოპასუხე – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის, კერძოდ დეკლარაციისა და 1%-იანი გადასახდელის გადახდის ქვითრის რეგისტრაციაში გატარებისა და დეკლარაციისა და ქვითრის დამოწმებული ასლების მოსარჩელისათვის უკან დაბრუნების შედეგად, მოსარჩელის – ნ. ჩ.-ის სასაროგებლოდ, დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის დაფარული ქონების (შემოსავლის) – 900 000 ლარის ლეგალიზაციის დამადასტურებელი საბუთის – ცნობის გაცემა. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ნ. ჩ.-მა დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის 1%-იანი გადასახდელის გადახდის მიზნით საგადასახადო დავალება წარადგინა 31.12.05 წ. სს ,,... ბანკში”, მაგრამ ვინაიდან 31 დეკემბერი იყო შაბათი ანუ დასვენების დღე, ნ. ჩ.-მა დეკლარაცია და დეკლარირებული დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობის ერთჯერადი გადასახდელის – 9000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თბილისის საგადასახადო ინსპექციაში 03.01.06წ. წარადგინა. მოპასუხემ – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ თავისი 13.01.06წ. ¹გ-02/143 გადაწყვეტილებით უარი უთხრა ნ. ჩ.-ს ამ უკანასკნელის მიერ დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის დამადასტურებელი საბუთის – ცნობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ დაფარული ქონების ლეგალიზაცია მოხდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რომ მოსარჩელეს დეკლარაცია და გადასახდელის გადახდის ქვითარი უნდა წარედგინა საგადასახადო ინსპეციაში 2005 წლის ბოლომდე და არა 03.01.06წ.. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე ნ. ჩ.-ის მიერ დაცული იქნა ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 13.01.06წ. ¹გ-02/143 გადაწყვეტილება უკანონო იყო და შესაბამისად იგი ბათილად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობდა, რაც თავის მხრივ გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.