საქმე №ას-1524-2024 3 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა გ.გ–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3090 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აგვისტოს განჩინებით დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ივნისის განჩინებით, აპელანტს, ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის და სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის (სადაც მითითებული იქნება თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა) წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ა.ბ–ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გადასაცემად ჩაბარდა მის კოლეგას ი.ბ–ძეს 2024 წლის 22 ივლისს.
3. 2024 წლის 02 აგვისტოს აპელანტმა წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის 2024 წლის 02 აგვისტოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 59.1, 59.2, 60.2, 61.3, 63-ე, 368.5 მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 22 ივლისს, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2024 წლის 23 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 01 აგვისტოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, მან მხოლოდ 2024 წლის 02 აგვისტოს წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის 2024 წლის 02 აგვისტოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას კერძო საჩივრის ავტორი ორი საფუძვლით ითხოვს. პირველი, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არ ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრესატის კოლეგა ი.ბ–ძე არ იყო განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი და მეორეც, განჩინების ადრესატისათვის ჩაბარების თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს ი.ბ–ძის მიერ განჩინების ადრესატისათვის გადაცემის დღე - 23 ივლისი, 2024წ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.
11. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ათი დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და 75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ა.ბ–ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვლის ქუჩა N49ა) და გადასაცემად ჩაბარდა მის კოლეგას ი.ბ–ძეს 2024 წლის 22 ივლისს (ს.ფ. 161).
13. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი.
14. სსსკ-ის 73.8 მუხლის მიხედვით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
15. ზემოთდასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მისამართის მითითებისას მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის რისკი, თუ ვის ჩაჰბარდება აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები ადრესატის არყოფნის შემთხვევაში (იხ., სუსგ №ას-197-2021, 15 აპრილი, 2021წ. პპ: 29, 35, 36). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ადრესატის კოლეგა ი.ბ–ძე არ იყო განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი გასაზიარებელი არაა.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2024 წლის 22 ივლისს.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციაზე, რომელიც არ უარყოფს, რომ გზავნილი ჩაბარებული აქვს და გაცნობილია მის შინაარსს. მისი პრეტენზია ვადის ათვლის თარიღის განსაზღვრას მიემართება. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გზავნილის გადაცემის დღედ მიჩნეული უნდა იქნეს არა გზავნილის ი.ბ–ძისთვის ჩაბარების დღე - 2024 წლის 22 ივლისი, არამედ ამ უკანასკნელის მიერ გზავნილის უშუალოდ ა.ბ–თვის გადაცემის დღე - 23 ივლისი 2024წ., რამეთუ უშუალოდ ა.ბ–ძე იმ დღეს მისამართზე არ იმყოფებოდა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს (იხ., სუსგ №ას-355-2021, 30 ივნისი, 2021წ. პ.10).
19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
20. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
21. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე