Facebook Twitter

საქმე №ას-1460-2024 24 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „რ.ჯ.ი.პ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს თ.ი.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „რ.ჯ.ი.პ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 1243 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგები. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2024 წლის 7 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სააპელაციო პალატას და რთული ფინანსური მდგომარეობის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა. ამასთან, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა ხუთი დღით გაუგრძელდა. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ამჯერად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ითხოვა. სააპელაციო პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სააჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

3. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4. სსსკ-ის 47-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს იურიდიული პირი არ წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება იურიდიულ პირზე არ ვრცელდება. ამასთან, აპელანტის შუამდგომლობა ამჯერადაც დაუსაბუთებელი იყო, რამდენადაც შუამდგომლობას არ ერთვოდა უტყუარი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაში დაარწმუნებდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი გახდებოდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას სააპელაციო საჩივრის განხილვისადმი ინტერესი აქვს. აპელანტის შუამდგომლობას ერთვოდა საბანკო ამონაწერები. ამასთან, აპელანტს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი აქვს ცნობა მისი ფინანსური ბრუნვის შესახებ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ნორმის განმარტებისა და კანონის ანალოგიის საფუძველზე უნდა გავრცელდეს იურიდიულ პირზე (დეტალურად იხ, კერძო საჩივარი).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შვიდი დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა კომპანიის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო და ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა აპელანტს ხუთი დღით გაუგრძელდა. ამ ვადაში აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ამჯერად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა. სააპელაციო პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს უტყუარი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარდგენილი (სსსკ-ის 48-ე მუხ.), ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების (სსსკ-ის 47-ე მუხ.) წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, რის გამოც, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. თავის მხრივ, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

14. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების, ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადავადების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Nას-1404-2023, 18 იანვარი, 2024წ.).

15. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს) დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია (იხ., სუსგ №ას-448-2022, 2.06.2022წ.). სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

16. ამდენად, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (შდრ: სუსგ №ას-1324-2018, 16.11.2018წ.), ხოლო თავის მხრივ, სასამართლო ვალდებულია, ნორმით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისას გაითვალისწინოს და შეაფასოს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.

17. სსსკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის იურიდიულ პირზე გავრცელებასთან დაკავშირებულ კერძო საჩივრის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი (სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება) შეეხება სპეციალურ სუბიექტს - ფიზიკურ პირს, მოქალაქეს. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება იურიდიულ პირზე. მხოლოდ მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (იხ., სუსგ-ები №ას-905-863-2013, 13.01.2014წ.; №ას-1662-1559-2012, 18.02.2013წ.).

18. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განმარტება, პირველ ყოვლისა, აპელანტის 2024 წლის 23 ოქტომბრის შუამდგომლობის უსაფუძვლობას ადასტურებს (იხ., ს.ფ. 280), თუმცა, ეს მოცემულობა სააპელაციო საჩივრის იმთავითვე განუხილველად დატოვების საფუძველს არ ქმნიდა. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ითხოვა (მსგავსი შუამდგომლობა მას თავდაპირველად არ დაუყენებია). შესაბამისად, აპელანტის საპროცესო უფლებას წარმოადგენდა, შუამდგომლობაში დასმულ საკითხზე პასუხის მიღება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

19. ზემოთმოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ.ჯ.ი.პ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე