Facebook Twitter

საქმე №ას-1533-2024 3 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ფ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 29 ივნისს დაბადებული ბ.ა–ის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 28 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ალიმენტის სახით დაკისრებული 450 ლარის 250 ლარამდე შემცირება.

3. 2024 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 28 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 269-ე მუხლით, 268.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის №ას-495-495-2018 განჩინებაზე და განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ სსსკ-ის 268.1. მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესაძლებლობა გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან. კანონმდებელი უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს სწორედ ალიმენტის მიკუთვნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ყოველთვიურად ალიმენტის სახით 450 ლარი გადაიხადოს. ამასთანავე, ბავშვის დღეს არსებული საჭიროებები არ მოითხოვს ამ ოდენობის ალიმენტის დაკისრებას, მით უმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია. მეტიც, ბავშვის საჭიროებები სოციალური სამსახურის მიერ არც კი შეფასებულა;

6.2. მოპასუხეს არ აქვს სტაბილური სამსახური და ფიქსირებული შემოსავალი, ასევე სს „ს.ბ–ის“ წინაშე აღებული აქვს საკმაოდ დიდი ოდენობის ვალდებულება სესხის სახით. მის საბანკო ანგარიშზე არსებული ბრუნვის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისი ჩარიცხვების ნაწილი იყო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, რაც გრძელვადიანი ვალდებულების დაკისრებისას მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული;

6.3. გადაწყვეტილების სრულად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა ძირს უთხრის სააპელაციო საჩივრის ეფექტიანობას;

6.4. სადავო განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას გადაწყვეტილების სრულად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის აუცილებლობის და განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლების თაობაზე;

6.5. სსსკ-ის 268.1 მუხლში არსებული ჩანაწერი: „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები“, ცალსახად მიუთითებს სასამართლოს დისკრეციაზე იმსჯელოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზანშეწონილობაზე, მეორე მხარისთვის მისაყენებელ პოტენციურ ზიანზე და ყველა გარემოების ურთიერთშეჯერებით მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული მექანიზმის გამოყენებაზე. კანონმდებლის ნებაა, რომ თუნდაც ალიმენტის კატეგორიის საქმეებზე მსგავსი მექანიზმის გამოყენება მოხდეს არა ავტომატურად, მხოლოდ დავის კატეგორიიდან გამომდინარე, არამედ შინაარსობრივი მსჯელობის, ალიმენტის მიმღების და მისი გამცემის ინტერესებისა და საჭიროებების ურთიერთშეჯერების შედეგად. კანონმდებლის ნება რომ ყოფილიყო ალიმენტის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ავტომატურად აღსასრულებლად მიქცევა, პირდაპირ კანონში ჩაიწერებოდა აღნიშნული და სასამართლოს მსჯელობის საგანი აღარ გახდებოდა. ალიმენტის დავაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ უნდა მოხდეს ავტომატურად, საქმის გარემოებების სათანადო კვლევისა და შეფასების გარეშე;

6.6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის განჩინება, დავის კატეგორიის მიუხედავად, ექვემდებარება კერძო საჩივრით გასაჩივრებას და ზემდგომი სასამართლოს მხრიდან რევიზიას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის ავტომატური და მოითხოვს შინაარსობრივ მსჯელობასა და დასაბუთებას;

6.7. მოქმედი კანონმდებლობით სასამართლოს შეეძლო არასრულწლოვნის ინტერესებისა და მოპასუხის უფლებების დაბალანსების კუთხით მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა და ალიმენტის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 250 ლარის ფარგლებში მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რითაც, ერთი მხრივ, მოხდებოდა არასრულწლოვნის რჩენის საჭიროების დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეილახებოდა მოპასუხე მხარის უფლება ეფექტურად ესარგებლა სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.

7. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ასევე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].

11. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე.

13. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. სსსკ-ის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

14. სსსკ-ის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე​1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.

15. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ საქმე №ას-734-702-2014, 25 ივლისი, 2014 წელი; საქმე №ას-543-518-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აშკარაა, რომ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , „ე​1“ , ვ“ ქვეპუნქტები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უკავშირებს დავის ტიპს, ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ , „ბ“ , „გ“ , „დ“ , „ე​1“ , „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე. ზემოთ ხსენებული საფუძვლებისაგან განსხვავებით სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გადაწყვეტილების აღსრულებას არ უკავშირებს კონკრეტული დავის ტიპს. მის საფუძველზე გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხსენებული სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად სასამართლოს უცილობლად ესაჭიროება დამატებითი ფაქტების გამოკვლევა, მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს გადამხდევინებელს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო, სამართლებრივი ნორმების შეფასებასთან ერთად, იკვლევს და ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15,16).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 268.1 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ემსახურება დავის მონაწილე მხარის დარღვეული უფლებების სწრაფ აღდგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-495-495-2018, 3 ივლისი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების რისკებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ალიმენტის მიმღები მხარის - არასრულწლოვნის კანონიერი უფლებების დაცვას.

18. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 29 ივნისს დაბადებული ბ.ა–ის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 28 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე სავსებით მართებულად მიაქცია სადავო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა ემყარება არა მხარის დასაბუთებულობის ხარისხს, არამედ გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-495-495-2018, 3 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-697-2023, 27 ივნისი, 2023 წელი).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვას სამივე ინსტანციის სასამართლოში გარკვეული დრო სჭირდება, ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნის საჭიროებების დროულ უზრუნველყოფას. ამასთან, მოპასუხე კვალიფიციურად ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ - 250 ლარის დაკისრების ნაწილში (სააპელაციო საჩივრის თანახმად, სადავო არ არის ალიმენტის ამ ოდენობით განსაზღვრა) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზანშეწონილობას, ხოლო კერძო საჩივარში მის მიერ მითითებული გარემოებები უნდა შეფასდეს არა წინამდებარე საკითხის, არამედ მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვისას. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

21. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძო საჩივრის შეტანისას აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 418-ე მუხლი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

22. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანა აღსრულების უპირობოდ შეჩერებას არ გამოიწვევს. კერძო საჩივრის შეტანისას აღსრულების შეჩერების პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ კერძო საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს, ვიდრე აღსრულების დროებით, კერძო საჩივრის განხილვის პერიოდის განმავლობაში მის აღუსრულებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1328-1248-2017, 24 ნოემბერი, 2017 წელი).

23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას, თუ რატომ უნდა იქნეს შეჩერებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული დაუყოვნებელი აღსრულება, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ა–ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე