Facebook Twitter

საქმე №ას-1557-2024 30 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება, სესხის სამართალურთიერთობის დადგენა (თავდაპირვეოლ სარჩელში) და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ.ნ–ის მიმართ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნებისა და სესხის სამართალურთიერთობის დადგენის თაობაზე.

ნ.ნ–მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 11 დეკემბერს ნოტარიუს ე.შ–ის მიერ დამოწმებული ნ.ბ–ძესა და ნ.ნ–ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N211381847. აღიარებულად და დადგენილად იქნა ცნობილი სესხის ხელშეკრულება ნ.ბ–ძესა და ნ.ნ–ს შორის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ.ბ–ძეს საკუთრებად აღირიცხა ქ.თბილისში, ........... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N..........). ნ.ნ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ნ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულიქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნ.ნ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N.......) და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ნ.ნ–ს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2025 წლის 27 იანვარს ნ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ ნ.ბ–ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის 27 იანვარს (ტ.2, ს.ფ.128). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 24 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში ნ.ბ–ძემ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა 2025 წლის 27 იანვარს (ტ.2, ს.ფ.129-130), სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი