Facebook Twitter

საქმე №ას-1544-2024 27 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ზ.ს–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც.ქ–ია (თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ზ.ს–ნის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ც.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ....... გამზირზე მდებარე, N....... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მის კანონიერ მესაკუთრეს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ც.ფ–ის (შემდეგში - თავდაპირველი მოსარჩელე) საკუთრებას. 2024 წლის 20 მაისის გარიგების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა ც.ქ–ია (შემდეგში - თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან მესაკუთრე). ეს უკანასკნელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი (ს.ფ. 303-305).

2.2. სადავო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 168-ე, 172-ე და 312-ე მუხლებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, რომელსაც მოპასუხე ფლობს და ფლობის მართლზომიერებას ვერ ასაბუთებს, მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. საკასაციო განაცხადში კასატორი მიუთითებს, რომ იგი ს.შ–სა და მისი მეუღლის - მ.ხ–ძის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლია. კასატორის მეუღლე ჰ.ქ–ი ხელოსანია, ს.შ. კი, საქართველოში დაკავებულია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით. კასატორის მეუღლესა და ს.შ–ს შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე კასატორს და მის მეუღლეს საკუთრებაში გადასცემდა ქ.თბილისში, ....... გამზირზე N24-ში, მშენებარე კორპუსში მე-3 სართულზე მდებარე ბინას. უძრავი ქონების ღირებულების ნაწილი კასატორს და მის მეუღლეს უნდა გადაეცათ ნაღდი ანგარიშსწრების წესით. დარჩენილი ნაწილის გადახდის სანაცვლოდ კი, კასატორის მეუღლეს მშენებარე კორპუსში უნდა შეესრულებინა სამუშაოები. კასატორის და მისი მეუღლის გულუბრყვილობით ისარგებლა მ.ხ–ძემ და უძრავი ქონება საკუთარი მეუღლისაგან გამოისყიდა, ხოლო შემდეგ მიჰყიდა ც.ფ–ს გამოსყიდვის უფლებით. ეს გარიგება, კასატორის მოსაზრებით, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ კასატორს სადავო გარიგების ბათილად ცნობა გასჭირვებოდა. წინამდებარე დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა და 2024 წლის 20 მაისს თავდაპირველმა მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთი მიჰყიდა თეონა არჩვაძეს. თავის მხრივ, თეონა არჩვაძემ სადავო უძრავი ნივთი გაასხვისა ც.ქ–იაზე (თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).

12. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ:

14. სარჩელის აღძვრისა და მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო თავდაპირველი მოსარჩელის სახელზე. ქონების მესაკუთრე 2024 წლის 20 მაისის გარიგების საფუძველზე გახდა თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი (ს.ფ. 303-305). სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

15. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი სადავო უძრავ ნივთს ფლობს. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მფლობელობა მართლზომიერია, სწორედ მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა (სუსგ №ას-759-2024, 15 ოქტომბერი, 2024წ.).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

17. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ქონების მესაკუთრე 2024 წლის 20 მაისის გარიგების საფუძველზე გახდა თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ Nას- 1178-2020, 24.03.2021წ.).

18. მოპასუხე, თავისი საპროცესო ვალდებულების რეალიზების მიზნით, მიუთითებს სადავო უძრავ ქონებაზე დადებულ გარიგებათა ბათილობის საფუძვლებზე, კერძოდ, იმაზე, რომ ის და მისი მეუღლე არიან თაღლითობის მსხვერპლი (იხ., ამ განჩინების პ.5). აღსანიშნავია, რომ მითითებული არგუმენტით მოპასუხე თავს იცავდა როგორც შესაგებელში, აღნიშნულზე მიუთითებდა სააპელაციო საჩივარშიც, რომლის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზეც ნამსჯელი აქვთ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს. ამასთან, კასატორის პრეტენზია სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს და მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის (იხ., სუსგ-ები №ას-24-2020, 17.03.2020წ.; №ას-480-2024, 25.07.2024წ.).

19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.ს–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ზ.ს–ნს (პ.ნ:.......) დაუბრუნდეს ო. კ–ძის მიერ 20.12.2024წ-ს №5663 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე