საქმე №ას-1475-2024 24 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამსახური“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ნ.ვ.დ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულებით (კონსოლიდირებული ტენდერი CON 210000478) სამსახურმა შეისყიდა მის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა;
2.2. 2022 წლის 3 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ხელშეკრულების დანართი №2-ით სამსახურის ბალანსზე რიცხული დაზღვეული ავტომანქანა „FORD RANGER“, სახ. №....., შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის ბრალეული ქმედებით. შეჯახება მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ე.წ. „ბასლაინი“) სამოძრაო ზოლში;
2.3. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მძღოლის ქმედება შეფასდა, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა;
2.4. დაზიანებული „FORD RANGER“, სახ. №......., აღდგენის ღირებულება შეადგენს 6 878 ლარს;
2.5. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №007510722 დასკვნის თანახმად: „...საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი შემოდის სავალ ნაწილზე და მოძრაობას აგრძელებს ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, რა დროსაც, თავის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილები მანევრით ცდილობენ გვერდი აუარონ აღნიშნულ ავტომობილს, ხოლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი საპირისპირო სავალ ნაწილზე გადაადგილდება გარკვეულ მანძილზე, ხოლო შემდგომ იწყებს მარცხნივ მანევრს, გადადის სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში, რა დროსაც თამარაშვილის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობს მუქი ფერის ავტომობილი, ხოლო მისგან მარჯვენა მხარეს პირველ სამოძრაო ზოლში მის მიმდებარედ მოძრაობს შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლი, რომელიც თავისი წინა ნაწილით კონტაქტში მოდის შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის უკანა მარჯვენა ნაწილთან....“ (იხ. დასკვნის კვლევითი ნაწილის მე-4 აბზაცი; ს/ფ 60).
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის, რომ, თუკი დაზღვეული ავტომობილი დაზიანდებოდა უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება. პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მოქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც უხეში გაუფრთხილებლობა.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევაა, მაგალითად, „...უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა...“ (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის აკრძალვას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა. აღნიშნული ნორმისა და საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, წარმოადგენს სწორედ იმ უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 829-ე მუხლში, თუმცა გარკვეული ობიექტური გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ხსენებული სამართალდარღვევა არ მოექცეს უხეში გაუფრთხილებლობის კვალიფიკაციაში. ასეთ შემთხვევაში, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა გამოწვეული იყო ისეთი ობიექტური გარემოებით, რაც დარღვევის ხარისხში პირის ბრალეულობას იმდენად ამსუბუქებს, რომ გამოირიცხება სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესის გამოყენების შესაძლებლობა. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის გამამართლებელი ობიექტური გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ დამზღვევს ეკისრება, რომელმაც რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის გზით უნდა ზიდოს ხსენებული მტკიცების ტვირთი.
5. პალატამ ყურადღება მიაქცია სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №007510722 დასკვნას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი), ამასთან, მიუთითა 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სადაც მითითებულია შემდეგი: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 03 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ლ.გ–ია სახელმწიფო უსაფრთხოების ბალანსზე რიცხული „ფორდ რეინჯერის“ ფირმის ავტომანქანით გადადგილდებოდა ქ. თბილისში, .... ქუჩა N13ვ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა „იამაჰა“-ს ფირმის მოტოციკლს (სახელმწიფო ნომრით: CB - ....), რომელსაც მართავდა ლ.ხ–ძე. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ.ხ–ძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ.გ–იასა და ლ.ხ–ძის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N0088505322 დასკვნით; სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N007521422 დასკვნით; საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N00764522 დასკვნით; სამეთვალყურეო ვიდეოჩანაწერები და ასევე საპატრულო ეკიპაჟის სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული სქემით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ინფორმაციათა ერთობლივი ანალიზით. კერძოდ, დაზარალებული - ლ.ხ–ძე განმარტავს, რომ 2022 წლის 03 ოქტომბერს დაახლოებით 17:45 საათზე „იამაჰას“ ფირმის მოტოციკლით (სახელმწიფო ნომრით CB - ....) მოძრაობდა ქ. თბილისში, ..... ქუჩაზე უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გზის განაპირა მარჯვენა ზოლში, ე.წ. ბასლაინზე, დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, მსვლელობისას არ მისული გალფის ავტოგასამართ სადგურამდე, ...... ქუჩაზე, ურთიერთსაპირისპირო სავალ ნაწილებს შორის არსებულ გალფის ავტოგასამართი სადგურის მხრიდან მის სამოძრაო გზაზე გადავიდა რუხი ფერის პიკაპის ტიპის ჯიპი, რომელიც დაინახა მას შემდეგ, რაც იგი შევიდა მის სამოძრაო ზოლში. მისი განმარტებით, მანამდე აღნიშნულ ავტომანქანას ვერ ხედავდა, ვინაიდან ეფარებოდა მის გვერდით მოძრავი ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილის დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი, თუმცა დამუხრუჭებულ მდგომარეობაში მაინც შეეჯახა ხსენებულ ავტომობილს უკანა მარჯვენა კართან და დაეცა იქვე ასფალტზე. შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მკურნალობას გადიოდა 3-4 დღის განმავლობაში. გამოკითხვისას ლ.ხ–ძემ დაადასტურა, რომ ავტომობილის მძღოლმა - ლ.გ–იამ, რომელიც მას შეეჯახა, მიაქცია ყურადღება და გაუწია შესაბამისი დახმარება, რის გამოც მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.“
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ სახეზეა სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მზღვეველი გათავისუფლებულია თავისი მოვალეობის შესრულებისაგან.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედებების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. განსახილველ საქმეში მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულება შემთხვევის დადგომისას ცალსახად შეიძლება შეფასდეს მის პირად გადაწყვეტილებად, ყოველგვარი წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფად, რა დროსაც მან ჩაიდინა ისეთი ქმედება, როდესაც იგი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შესაძლო მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ვარაუდობდა მის თავიდან აცილებას, ან მეორე ვარიანტი, არ ითვალისწინებდა ასეთი მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა იგი. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი ქმედების განმახორციელებელმა პირმა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის ქმედებაზე. კანონის 21-ე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად კი, მძღოლი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი მოვალეობები.
8. სააპელაციო პალატის დასკვნით, მძღოლს მოძრაობაში არ შექმნია საფრთხე, ამავდროულად, შემთხვევამდე ავტომობილი იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, რამდენადაც დადგინდა, რომ მძღოლმა შეასრულა არასაჭირო მანევრი, რითაც თავად გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემული ვითარების გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებდა, ამასთან, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.
9. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ, ვინაიდან არ დადგინდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ, თუკი დაზღვეული ავტომობილი დაზიანდებოდა უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისაგან. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სამსახურის მიერ როგორც საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, ასევე სააპელაციო საჩივარშიც არაერთხელ მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული (წერილობით თუ ზეპირსიტყვიერად), რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლის ქმედება შეფასდებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას მაინც ეკისრებოდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, ვინაიდან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის, ისე ხელშეკრულების საგამონაკლისო ჩამონათვალში დაუზღვეველ რისკს წარმოადგენდა მხოლოდ განზრახი ქმედება და არავითარ შემთხვევაში უხეში გაუფრთხილებლობა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული მთავარი სადავო გარემოება მიიჩნია უდავოდ, რაც სასამართლოს მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს;
11.2. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს იმ ამომწურავ საგამონაკლისო დათქმებს, რომელთა შემთხვევაშიც არ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება (მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი და მე-6 მუხლი), რაც მოიწონა სადაზღვევო კომპანიამ და აისახა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.11-8.16 პუნქტებში. მათ შორისაა მძღოლის განზრახი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი. არც სატენდერო დოკუმენტაცია და არც ხელშეკრულება საგამონაკლისო შემთხვევად უხეშ გაუფრთხილებლობას არ ითვალისწინებს;
11.3. სადაზღვევო კომპანიამ მძღოლის ქმედებას უწოდა „უხეში გაუფრთხილებლობა“ და ამ მიზეზით, ხელშეკრულების პირობათა დარღვევით (ხელშეკრულების 8.11 - 8.16 პუნქტები), 2022 წლის 29 დეკემბრის №22/3149 წერილით, უარი თქვა ზიანის ანაზღაურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა არ ათავისუფლებდა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან (უხეში გაუფრთხილებლობა არ გვხვდება ხელშეკრულების საგამონაკლისო - მე-8 მუხლის 8.11-8.16 პუნქტებში);
11.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ გაეცა ანაზღაურება, თუ ზიანი დადგებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით. ხელშეკრულების აღნიშნული პირობა ხელშეკრულებაში მეორდება და არცერთ შემთხვევაში არ შეიცავს რაიმე მითითებას უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაზე. განზრახვაზე მითითების სახელშეკრულებო ნორმები არ შეიცავენ ღია დათქმას ან/და კანონმდებლობით შევსებაზე მითითებას, ხელშეკრულების თანახმადვე, ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ხელშეკრულების შინაარსიდან და კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხარეების მიმართ გამოიყენა არათანაბარი მიდგომა და ხელშეკრულება განმარტა არა იმგვარად, როგორც ამას სატენდერო დოკუმენტაცია და თავად მთლიანი ხელშეკრულების არსი ითვალისწინებდა, არამედ სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ და მიუთითა, რომ პირდაპირი დათქმა უნდა გაკეთებულიყო მხარეებს შორის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, მიუხედავად ხელშეკრულებაში არაერთხელ გაკეთებული მკაფიო დათქმისა, რომ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა მხოლოდ განზრახი ქმედება და ლოგიკურად ცხადი იყო, რომ უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენდა დაზღვეულ რისკს, ვინაიდან ხელშეკრულებით დეტალურად დაკონკრეტებული იყო მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იყო არ გაეცა სადაზღვევო პრემია. სასამართლოს მხრიდან ამგვარი მიდგომით, ცხადია, რომ აზრი ეკარგება სადაზღვევო ხელშეკრულებას. სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ამგვარი განმარტებით სწორედ რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისების პრეცედენტი ჩნდება, რითაც საფრთხე ექმნება სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს;
11.5. რაც შეეხება თავად უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტს, ავტოავარიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის №010031022801 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ ბრალეული მძღოლის ქმედება არ არის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი (იხილეთ დადგენილების მე-2 გვერდის ბოლო აბზაცი). გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობის საპირისპიროდ, სადაც მოსამართლე მძღოლის ქმედებას უხეში გაუფრთხილებლობის ხარისხით აფასებს, დადგენილების შინაარსიდან ირკვევა ის, რომ, მიუხედავად „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული მანევრისა, მძღოლმა გამოიჩინა მაქსიმალურად შესაძლო სიფრთხილე და წინდახედულება. კერძოდ, გზა გადაკვეთა ნელი სვლით 10-20 კმ/სთ-ში სიჩქარით, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებმა დაუთმეს მათთვის სამოძრაოდ ნებადართული - მე-3 და მე-2 ზოლები. საკითხის სწორად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნას მიღებული ის გარემოება, რომ მოტოციკლთან შეჯახება მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. „ბასლაინში“, რომელიც მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის არის განკუთვნილი (იგულისხმევა შემთხვევის დადგომის დრო) და მასში სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, მოტოციკლის მოძრაობა აკრძალულია, თანახმად „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-12 ნაწილისა;
11.6. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორივე აღნიშნული სახეობა, როგორც ავტობუსი, ასევე მიკროავტობუსი, თავიანთი გაბარიტებით მნიშვნელოვნად აღემატება ქალაქის მოცემულ მონაკვეთში მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს და ნაკადში მათი გამორჩევა ბევრად იოლია. შესაბამისად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, დარწმუნებულს იმაში, რომ ე.წ. „ბასლაინი“ თავისუფალი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან, არ ჰქონდა აღნიშნულ ზოლში სხვა სახის ტრანსპორტისთვის მის მიერ შეფერხების შექმნის კანონისმიერი მოლოდინი. მეტიც, აღნიშნულ ზოლში მოტოციკლი შეჯახებამდე არ შეუმჩნევია, რაც ამ სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ზოლში მას არ უნდა ემოძრავა, სავსებით ბუნებრივია. ასეთ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლს კანონი უქმნიდა საფუძვლიან მოლოდინს და მეტიც, სამართლებრივ გარანტიას, რომ ე.წ. „ბასლაინი“ თავისუფალი იქნებოდა არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისაგან, უხეშ გაუფრთხილებლობაზე მსჯელობა ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს არის მოკლებული. ამასთან, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი, იგი არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგამონაკლისო დათქმას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით;
11.7. ვინაიდან სადაზღვევო კომპანია დღემდე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მხარეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის უნდა დაეკისროს ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოც;
11.8. წარმოდგენილი მასალებითა და საქმის გარემოებათა ანალიზით, იკვეთება სადაზღვევო კომპანიის ხედვა ვალდებულებათა შესრულების მიმართ. მათ შორისაა ფაქტების უსაფუძვლოდ დამძიმების მცდელობა; ბრალის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის იმგვარად დახასიათება, თითქოს ეს მეტყველებს უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რაც ნაკისრი ვალდებულების უსაფუძვლოდ თავიდან აცილებას ემსახურება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა კომპანიის მიერ დამკვიდრებულ არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას წარმოადგენს და სხვა საქმეშიც გვხვდება, სადაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამსახურის სარჩელი და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სსკ-ის 829-ე მუხლზე დაყრდნობით პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა (საქმე N2ბ/5284-23). ასეთ პირობებში, პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება არის ის კანონისმიერი ბერკეტი, რაც კომპანიას დააბრუნებს სამართლებრივ სივრცეში და ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულებისკენ უბიძგებს, შედეგად კი უზრუნველყოფილი იქნება სსკ-ის 361.2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის დაცვა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 799.1. [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება] და 820-ე [ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით] მუხლები.
17. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
18. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა, მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
19. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ის გამონაკლისები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა. კერძოდ, 8.11 და 8.16 პუნქტების თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია (იხ. ს.ფ. 26). სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ქმედებით (იხ. ს.ფ. 33).
20. კასატორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენდა მხოლოდ განზრახი ქმედება, ლოგიკურად, ცხადი იყო, რომ უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენდა დაზღვეულ რისკს.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290) (იხ. სუსგ საქმე №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
22. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში იყოფა ორ სახედ: უხეში გაუფრთხილებლობა (culpa lata) და მარტივი გაუფრთხილებლობა (culpa levis). უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი ქმედებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, რის გამოც განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა ხშირად ერთ სიბრტყეზე განიხილება. მარტივი გაუფრთხილებლობისას კი გონივრული წინდახედულებისა და ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია. უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც სამოქალაქო ბრუნვისათვის საჭირო გულმოდგინების განსაკუთრებით მძიმე, უჩვეულო ხარისხით დარღვევა, პასუხისმგებლობის საფუძვლად გამოიყენება, როცა ამის შესახებ პირდაპირ უთითებს კანონი. ევროპული სამართლებრივი სისტემის ზოგიერთ ქვეყანაში განზრახი ქმედება მოიცავს უხეშ გაუფრთხილებლობასაც, რომელიც ხშირად მიიჩნევა dolus eventualis-ად (არაპირდაპირ განზრახვად) (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 125). მაგალითად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301 III მუხლის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახ ქმედებად განიხილება. „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას მხარე არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, იგი განზრახ ქმედებად არ ჩაითვლება. ამრიგად, პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვას და მარტივ გაუფრთხილებლობას“ (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 122-3). ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიერ განზრახვის კატეგორიაში უხეში გაუფრთხილებლობის გაერთიანებას განსაზღვრული საფუძველი აქვს. ამის მიზეზი უნდა იყოს განზრახვისა და უხეში გაუფრთხილებლობისათვის საერთო დამახასიათებელი ნიშნის არსებობა – ორივე შემთხვევაში პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებისა და მისი შედეგების გათვალისწინების შესაძლებლობა, რაც უცხოა მარტივი გაუფრთხილებლობისათვის. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ. ნათია ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, გვ. 150-152) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
23. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
24. ზემოაღნიშნული ნორმა დაზღვევის ფუნდამენტურ პრინციპს განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. სადაზღვევო ინტერესის ცნების ქვეშ უხეში გაუფრთხილებლობის მოქცევა ამკაცრებს წინდახედულობის მოთხოვნას დამზღვევის მიმართ (https://gccc.tsu.ge/, ქეთევან ირემაშვილი, სსკ-ის 829-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016).
25. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1664-2019, 31 მაისი, 2022 წელი).
26. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი). ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
27. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობაზე, რომელიც ითვალისწინებს დამზღვევის ბრალის არსებობისას (ან ბრალის მიუხედავად) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. ბრალის მიუხედავად მზღვეველის პასუხისმგებლობის არსებობაზე შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაზღვევის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირდაპირ (ცალსახა და არაორაზროვან) მითითებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). გამომდინარე იქედან, რომ კანონით, კერძოდ, სსკ-ის 829-ე მუხლით სადაზღვევო კომპანია გათავისუფლებულია ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითება მხარეთა შორის სხვაგვარ შეთანხმებაზე. ხელშეკრულების ის დებულება, რომლის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა მძღოლის განზრახი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის შემთხვევაში, არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რომ სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად მიყენებულ ზიანს ანუ ფაქტობრივად უარს აცხადებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე. ხელშეკრულებით მოუწესრიგებელი ღიად დარჩენილი საკითხი ექვემდებარება სწორედ კანონით განსაზღვრული წესით რეგულირებას.
28. ამდენად, კასატორის მსჯელობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას ეკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
29. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ასევე მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, სახეზეა უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა, ვინაიდან ამ უკანასკნელ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ზიანის ანაზღაურებაზე.
30. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი). აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
31. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).
32. დადგენილია, რომ 2022 წლის 3 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ხელშეკრულების დანართი №2-ით სამსახურის ბალანსზე რიცხული დაზღვეული ავტომანქანა „FORD RANGER“, სახ. №......, შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის ბრალეული ქმედებით. შეჯახება მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ე.წ. „ბასლაინი“) სამოძრაო ზოლში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი). სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №007510722 დასკვნის თანახმად: „...საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი შემოდის სავალ ნაწილზე და მოძრაობას აგრძელებს ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, რა დროსაც, თავის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილები მანევრით ცდილობენ გვერდი აუარონ აღნიშნულ ავტომობილს, ხოლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი საპირისპირო სავალ ნაწილზე გადაადგილდება გარკვეულ მანძილზე, ხოლო შემდგომ იწყებს მარცხნივ მანევრს, გადადის სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში, რა დროსაც ..... ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობს მუქი ფერის ავტომობილი, ხოლო მისგან მარჯვენა მხარეს პირველ სამოძრაო ზოლში მის მიმდებარედ მოძრაობს შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლი, რომელიც თავისი წინა ნაწილით კონტაქტში მოდის შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის უკანა მარჯვენა ნაწილთან....“ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი).
33. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.6 მუხლის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა. ამავე კანონის 32.1 მუხლის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
35. რაც შეეხება კასატორის აპელირებას ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლის მძღოლის ბრალეულობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №007510722 დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოტოციკლის მძღოლს ლ.ხ–ძეს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) არ შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება (იხ. ს.ფ. 59). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ზეპირი განმარტება ვერ აბათილებს მოცემული დასკვნის შინაარსს, შესაბამისად, მისი პრეტენზია უსაფუძვლოა.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე