Facebook Twitter

საქმე №ა-53-შ-1-2025 31 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.შ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე მეურვედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით 1985 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ს.ვ. ასული ფ–ა ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ. ს.ვ. ასული ფ–ას და მისი შვილის - 2009 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ დაინიშნა ი.ა. ასული შ–კა.

ი.შ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ დანიშვნის ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 5 აპრილს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი.შ–ას აქვს დროებითი ბინადრობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით ი.შ–ას შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ ი.შ–ას დანიშვნის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.შ–ას შუამდგომლობა უკრაინის ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ დანიშვნის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „საერთაშორისო ხელშეკრულება") პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით 1985 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ს.ვ. ასული ფ–ა ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ. ს.ვ. ასული ფ–ას და მისი შვილის - 2009 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ დაინიშნა ი.ა. ასული შ–კა. უ.შ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ ი.შ–ას დანიშვნის ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 5 აპრილს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი.შ–ა საქართველოს მოქალაქეა (დროებითი ბინადრობა).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

საკასაციო პალატა საქმეში არსებული უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შინაარსობრივი შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.შ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის, ჩერკასსკის ოლქის ჟაშკოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2009 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა.ვ. ასული ფ–ას მეურვედ დაინიშნა ი.ა. ასული შ–კა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი