¹ბს-1054-1005(კ-06) 25 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ გ. ა-ი; თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულება და დაბადების მოწმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ც-ემ მოპასუხეების _ გ. ა-სა და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურისათვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულებისა და შესაბამისი დაბადების მოწმობის გაცემის დავალება, სადაც ბავშვის მამად მითითებული იქნება გ. ა-ი, აგრეთვე მოპასუხე გ. ა-ის მათი კანონიერი შვილის _ თ. ა-ის სასარგებლოდ სრულწლოვანებამდე სარჩოდ ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე 2004 წლის 20 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ა-ან. 2005 წლის 15 ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი _ თ.ა, რომელსაც დღემდე არ გააჩნია დაბადების მოწმობა. ქორწინებიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ მოსარჩელე და მოპასუხე ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მ. ც-ე დაბრუნდა მშობლებთან ფეხმძიმე მდგომარეობაში. ბავშვის დაბადების შემდეგ სამედიცინო ცნობითა და ქორწინების მოწმობით მიმართა საროს ახალშობილის რეგისტრაციისა და დაბადების მოწმობის გაცემის მიზნით, მაგრამ ოფიციალურად წერილობით უთხრეს უარი. ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მამამ ნებაყოფლობით არ დაადასტურა ბავშვისათვის სახელის მინიჭება არც საროში გამოცხადებით და არც დამოწმებული თანხმობით. მართალია, მოსარჩელე გ. ა-ან ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ იმყოფება კანონიერ ქორწინებაში. დადგენილია ბავშვის წარმოშობაც, თუმცა ბავშვი დღემდე არის დაბადების მოწმობის გარეშე, რითაც დარღვეულია მისი სამოქალაქო უფლება, ვერ აჰყავთ აღრიცხვაზე პოლიკლინიკაში, ვერ უტარებენ აუცილებელ აცრებს და სხვა. ამასთან, მოპასუხე არ იჩენს შვილის მიმართ ნებაყოფლობით მატერიალურ მზრუნველობას და ყურადღებას, რასაც ავალდებულებს კანონი. მშობელი ვალდებულია არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილი. ალიმენტის დანიშვნა უნდა განხორციელდეს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მოპასუხეს აქვს სოლიდური ხელფასი და შესაძლებლობა, მატერიალურად უზრუნველყოს შვილი (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით მ. ც-ის სარჩელი მოპასუხეების _ გ. ა-სა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიმართ დასაშვებად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურისათვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულებისა და დაბადების მოწმობის გაცემის დავალდებულებას (ს.ფ. 23, 25).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურმა მ. ც-ეს კანონშესაბამისად უთხრა უარი დაბადების მოწმობის გაცემასა და ჩანაწერის განხორციელებაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას მოითხოვდა მოსარჩელე, ვინაიდან “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას დართული უნდა ჰქონოდა ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთები, კერძოდ, ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა, მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე და მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა. მეტიც, მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქორწინებული მამა და დედა მათი ერთობლივი წერილობითი განცხადებით ჩაიწერებოდნენ ბავშვის მშობლებად, ერთობლივი წერილობითი განცხადება მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობდა. სასამართლოს განმარტებით, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლებოდა დადგენილიყო სასამართლოს წესით, ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფებოდა ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა მ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 35-37).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი ფორმით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულებისა და დაბადების მოწმობის გაცემის დავალდებულება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები. სამოქალაქო კოდექსის 1191-ე მუხლით განსაზღვრულია დაქორწინებული მშობლების ჩაწერა ბავშვის დაბადების ჩაწერის წიგნში. დავის გადაწყვეტისას სასამართლოს არ გამოუყენებია კანონის აღნიშნული ნორმა (ს.ფ. 41-43).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგნაირად დაასაბუთა:
“სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადების წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ერთობლივი განცხადება არ წარდგენილა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის უარი დაბადების მოწმობის გაცემასა და ჩანაწერის განხორციელებაზე მართლზომიერი იყო, რადგან არ არსებობს ამ ქმედების განხორციელების წინაპირობები, ანუ მ. ც-ემ არ წარადგინა კანონით დადგენილი ის აუცილებელი დოკუმენტები, რაც დაბადების მოწმობის მისაღებად იყო საჭირო (ს.ფ. 60-62).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1189-ე, 1191-ე, 1194-ე, 1195-ე მუხლები, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-17, მე-20, 21-ე, 31-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ბავშვის ინტერესებს, რომელიც დღემდე მოკლებულია კონსტიტუციური უფლების _ ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაც მას წარმოშობილი აქვს დაბადების მომენტიდან (ს.ფ. 69-70).
2008 წლის 23 იანვარს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე მ. ც-ემ, რომელმაც განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია, რამდენადაც მისი ანალოგიური მოთხოვნით საქმე უკვე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და მისი აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. ც-ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, საქმეზე შეწყდეს წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის პროცესში გამოირკვა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მ. ც-ის სარჩელის განხილვის შედეგად გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და .... დაბადებული თ. ც-ის მამად აღიარებული (დადგენილი) იქნა გ. ად-ი, დაბადებული .... წელს; ბავშვს მიეკუთვნა მამის გვარი _ ა-ი; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ¹0248049, კანონით დადგენილი წესით მამობის დადგენის მოწმობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც მამის გრაფაში მითითებული იქნებოდა მამა _ გ. ა-ი, ბავშვის გვარი _ ა-ი; გ. ა-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2006 წლის 20 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
მოცემულ საქმეზე სარჩელის დავის საგანია სწორედ ის მოთხოვნა (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულება და დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც ბავშვის მამად მითითებული იქნება გ. ა-ი), რაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით უკვე დაკმაყოფილებულია, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მ. ც-ე, ფაქტობრივად უარს ამბობს სარჩელზე, რის გამოც აღნიშნული განცხადება განხილულ უნდა იქნეს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობისათვის დადგენილი საპროცესო ნორმების შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მ. ც-ემ სარჩელზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ც-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ქ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საქმეზე შეწყდეს წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.