საქმე №ას-1444-2024 17 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - შპს ,,მ.გ.", გ.ხ–ია, ვ.ჩ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,თ.ლ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.ლ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი შპს „მ.გ.“-ს, გ.ხ–იას და ვ.ჩ–ძის (შემდეგში - მოპასუხეები ან აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების, ლიზინგის ხელშეკრულებისა და მათ უზრუნველსაყოფად გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, წარმოშობილი დავალიანება - 23 565.44 ლარი.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის საფუძვლით.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში - სსსკ) დადგენილი წესით, ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იყვნენ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 (2024 წლის 2 ივნისი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2024 წლის 12 ივნისის ჩათვლით) გამოცხადებულიყვნენ რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით ერთ-ერთმა მოპასუხემ (გ.ხაჟომია) 2024 წლის 30 მაისს ანუ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-17 დღეს მიმართა წერილობით, ხოლო ვ.ჩ–ძეს და შპს „მ.გ“-ს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოში განცხადება არ წარუდგენიათ.
5. ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვალდებულება არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში გამოცხადებასა და გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ. შესაბამისად, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ - ე.ი. 2024 წლის 12 ივნისის მომდევნო დღეს - 2024 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივნისს 24:00 სთ.-ზე.
6. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 2024 წლის 27 ივნისს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღი).
7. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმასაც რომ გ.ხ–იას გადაწყვეტილება პირადად ჰქონდა ჩაბარებული 2024 წლის 13 ივნისს, თუმცა ეს გარემოება ვერ შეცვლიდა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დარღვეული იყო გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნის სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვადა (გულისხმობს არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლოში გამოცხადებასა და გადაწყვეტილების ჩაბარებას), რის გამოც, გასაჩივრების ვადა აითვლებოდა არა უშუალოდ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, არამედ, ისე როგორც ეს ამ განჩინების პ. 5-შია დადგენილი.
8. სააპელაციო პალატამ დამატებით იმაზეც მიუთითა, რომ თავდაპირველად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რისთვისაც აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა. განჩინება შპს „მ.გ“-ს და ვ.ჩ–ძეს ჩაჰბარდათ 2024 წლის 20 აგვისტოს. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება კი სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2024 წლის 4 ოქტომბერს, ვადის დარღვევით.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მოპასუხე გ.ხ–იამ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადება იმ მიზნით წარადგინა სასამართლოში 2024 წლის 30 მაისს, რომ საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გაეშვა. შესაბამისად, სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხეთა (აპელანტთა) ნება გასაჩივრების სურვილის შესახებ. გადაწყვეტილების ასლი მოპასუხემ პირადად ჩაიბარა 2024 წლის 13 ივნისს და გაასაჩივრა ჩაბარებიდან 14 დღიან ვადაში.
11. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტებს ხარვეზიც კი დაუდგინა და მხოლოდ მოგვიანებით დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის მოტივით. აღნიშნული მოწმობს რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაშია წარდგენილი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
16. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ-ები №ას-1299-2021, 15.02.2022წ.; №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).
19. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.
20. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).
21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
22. წინამდებარე საქმეზე დადგენილია და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, სსსკ-ის დადგენილი წესით, ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის. თუმცა, მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2024 წლის 2 ივნისიდან იმავე წლის 12 ივნისის ჩათვლით), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. გადაწყვეტილება აპელანტმა გ.ხ–იამ ჩაიბარა 2024 წლის 13 ივნისს. შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 2024 წლის 26 ივნისს 24.00სთ.ზე (იხ., სუსგ-ები №ას-1216-2023, 05.12.2023წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).
23. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა მხოლოდ 2024 წლის 27 ივნისს - კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
24. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
25. გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია მასზე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მოპასუხე გ.ხ–იამ განცხადება წარადგინა სასამართლოში 2024 წლის 30 მაისს, რადგან მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და არ უნდოდა გასაჩივრების ვადის გაშვება. უშუალოდ გადაწყვეტილება კი, მოგვიანებით 2024 წლის 13 ივნისს ჩაიბარა, საიდანაც უნდა აითვალოს გასაჩივრების ვადაც.
26. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლი ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ. სუსგ-ები №ას-1299-2021, 15.02.2022წ.; №ას-717-2020, 19.11.2020წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა თავიანთი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლეს.
27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციის, რომ თავდაპირველად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი იქნა დადგენილი, რაც მოწმობს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია წარდგენილი და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის გამოვლენისას შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის საპროცესო წესს სსსკ-ის 187.2 მუხლი განსაზღვრავს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარზე თავდაპირველად ხარვეზი იქნა დადგენილი, შესაბამისი საფუძვლის გამოვლენისას ვერ დააბრკოლებს მის განუხილველად დატოვებას.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,მ.გ."-ს, გ.ხ–იას, ვ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე