Facebook Twitter

საქმე №ას-1480-2024 20 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ჯ–ი, სს „მ.ო.ჯ.კ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ჯ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჯ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და სს „მ.ო.ჯ.კ–ის“ (შემდგომში – „მეორე მოპასუხე“) მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ როგორც წარდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

6. 2024 წლის 26 სექტემბერს აპელანტმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის განცხადება დარჩა განუხილველად და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ქ.ლ–ძის მიერ 2024 წლის 06 თებერვალს სს „მ.ბ–ის“ მეშვეობით გადახდილი 510 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარისა და სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ¼ ნაწილის 4%-ის ჯამის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 06 ნოემბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის აპელანტს არ გააჩნდა ფულადი სახსრები და ითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება;

8.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად გაუგრძელდა ვადა 14 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მას დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარისა და სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ¼ ნაწილის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

8.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა მ.დ–ძემ, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დარჩენილი თანხის ნაწილში ითხოვა ვადის გაგრძელება;

8.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და აპელანტს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ¼ ნაწილის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (50 ლარის გამოკლებით);

8.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 08 იანვარს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა მ.დ–ძემ, მიუთითა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგებოდა, აპელანტის მიერ ხარვეზი შევსებული იქნებოდა დადგენილ ვადაში;

8.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და მას დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ¼ ნაწილის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (50 ლარის გამოკლებით);

8.8. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - მ.დ–ძეს, თბილისში, ..... ქუჩა N19-ში და ჩაბარდა ადვოკატს ქ.ლ–ძეს 2024 წლის 24 იანვარს. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს;

8.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად; აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მ.დ–ძის მიერ 2023 წლის 01 დეკემბერს სს „ლ.ბ–ის“ მეშვეობით (საგადახდო დავალება 35624682) გადახდილი 200 ლარი;

8.10. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა მ.დ–ძემ, რომელმაც მიუთითა, რომ მან ხარვეზი შეავსო დადგენილ ვადაში 2024 წლის 06 თებერვალს, ელექტრონულად, რეგისტრაციის ნომერი 701561163. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია რა, რომ განცხადებას რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა, ჩათვალა რეგისტრირებულად და ამის შემდეგ აღარ მიაქცია ყურადღება გადაგზავნილ განცხადებას. გადაგზავნილი გზავნილი ხარვეზიანი აღმოჩნდა, რადგან ატვირთული არ იყო განცხადება და უკან დაუბრუნდა გამომგზავნს;

8.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში;

8.12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა მ.დ–ძემ. განმცხადებლის მითითებით, აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში, 2024 წლის 06 თებერვალს, სრულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა 514 ლარის ოდენობით. აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის ქვითარი გაუგზავნა 2024 წლის 06 თებერვალს „ecourt.ge“-ზე. განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 701561163. ნომრის მინიჭების შემდეგ აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ განცხადება დარეგისტრირდა და ხარვეზი დადგენილ ვადაში შევსებულად მიიჩნია, შესაბამისად, ამის შემდეგ ყურადღება აღარ მიაქცია დარეგისტრირებულ განცხადებას. 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის გამო აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება. ამდენად, განმცხადებელი ითხოვს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობის გამო, სააპელაციო საჩივარზე საპროცესო ვადის აღდგენას. განმცხადებლის აზრით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად უნდა იქნას მიჩნეული აპელანტის წარმომადგენლის მიერ განცხადებაზე რეგისტრაციის ნომრის მინიჭების აღქმა განცხადების რეგისტრაციად. შესაბამისად, ითხოვა განცხადების დაკმაყოფილება და აპელანტისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენა.

9. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 65-ე და 215.3 მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით მისი ავტორი მოითხოვდა განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აპელანტმა ხარვეზი შეავსო დადგენილ ვადაში - 2024 წლის 06 თებერვალს, სახელმწიფო ბაჟის ქვითარი სასამართლოში გადააგზავნა ელექტრონულად და მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი 701561163. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ, რადგან გზავნილს რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა, დარეგისტრირდა. თუმცა, გზავნილი ხარვეზიანი აღმოჩნდა, რადგან ატვირთული არ იყო განცხადება და უკან დაუბრუნდა გამომგზავნს. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიეჩნია ვადაში შესრულებულად.

11. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2024 წლის 26 სექტემბრის შუამდგომლობით აპელანტის წარმომადგენელი ითხოვდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილი ხარვეზის ვადის აღდგენას იმავე გარემოებებზე მითითებით, რაც წარმოადგენდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლებს. ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში უკვე იმსჯელა აპელანტის განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებსა და გარემოებებზე, რომლითაც უზრუნველყო განმცხადებლის მიერ დასმული ყველა საკითხის განხილვა და უარი უთხრა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება აპელანტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შევიდა კანონიერ ძალაში.

12. სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები). კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის აღდგენას, მაშინ როდესაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დასრულდა საქმის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას ემსჯელა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

13.1. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებაში მიუთითა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში, 2024 წლის 6 თებერვალს შეავსო ხარვეზი, რაც დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით. ბიუჯეტში თანხა შეტანილ იქნა 6 თებერვალს. სასამართლოს სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღისთვის უნდა მიექცია ყურადღება და არა - განცხადებისთვის, რომელიც რეალურად ხარვეზის ვადაში იქნა წარდგენილი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე განცხადების რეგისტრაციის ნომრის მინიჭების ფაქტი. სასამართლომ განცხადების დაუშვებლად ცნობა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება დატოვა უცვლელი. აპელანტი კი ითხოვდა სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გამო სააპელაციო საჩივარზე საპროცესო ვადის აღდგენას. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს განმცხადებელი განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად განცხადებაზე რეგისტრაციის ნომრის მინიჭების არასწორ აღქმაზე უთითებდა და მხოლოდ ეს უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე საპატიოდ მისაჩნევი ის გარემოება იყო, რომ კანონით დადგენილ ვადაში ხარვეზი რეალურად შევსებული იყო და აპელანტს სახელმწიფო ბაჟი სრულად ჰქონდა გადახდილი. საპატიო სწორედ იმიტომ უნდა ყოფილიყო ხარვეზის ვადის გაშვება, რომ რეალურად ხარვეზი კანონით დადგენილ ვადაში შეივსო და განცხადებაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიგზავნა ელექტრონულად სასამართლოში და, რომ არა ის განსაკუთრებული შემთხვევა - რეგისტრირებულ განცხადებაზე ხარვეზის დადგენა, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებოდა;

13.2. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება კანონიერ ძალაში არის შესული, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განცხადება სსსკ-ის 215-ე მუხლის შესაბამისად შესაძლებელია წარადგინოს პირმა სასამართლოში, თუმცა არ არის მითითება, თუ რა ვადაში შეიძლება განცხადების წარდგენა. ასევე, სასამართლომ განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ კერძო საჩივარზე იმსჯელა იმ კუთხით, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი კანონის დარღვევას სასამართლოს მხრიდან, მაგრამ ეს მსჯელობა არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო განცხადების განხილვის დროს, რომელშიც აპელანტი განსაკუთრებული გარემოების გათვალისწინებით ვადის საპატიოდ მიჩნევას ითხოვდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა ის გარემოება, რამდენად ჰქონდა ადგილი განსაკუთრებულ შემთხვევას სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].

17. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც აპელანტის განცხადება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად.

19. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

20. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სათანადო წესითა და შესაბამის საპროცესო ვადაში გამოსწორების ტვირთი თავად მხარეს აწევს, შესაბამისად, აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის თანხის გადახდა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის გარეშე, ხარვეზის შევსებად ვერ იქნებოდა მიჩნეული. სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის დადგენილი წესით არ მიუმართავს. შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

22. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული.

23. საკასაციო პალატის განმარტებით, საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომამდე და არა უკვე დამდგარი სამართლებრივი შედეგის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება აღნიშნულ საქმეზე. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაუშვებელია საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნა, ვინაიდან უკვე დადგა კანონით გათვალისწინებული შედეგი (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1195-1456-09, 25 მარტი, 2010 წ.). მისი გადასინჯვა კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები (სსკ-ის 421.1 მუხლი) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-610-576-2012,14 მაისი, 2012 წელი).

24. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ასევე სადავო იყო საპროცესო ვადის აღდგენა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომამდე და არა სამართლებრივი შედეგის დადგომის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განცხადების წარდგენის მომენტში სააპელაციო საჩივარზე უკვე დამდგარი იყო პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სახით, ამ განჩინებაზე ვერ გავრცელდებოდა სხვა პროცესუალური რეჟიმი და იგი საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების საფუძველზე ვერ გადაისინჯებოდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1974-2018 , 4 აპრილი, 2019 წელი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-1397-2019, 21 ნოემბერი, 2019 წელი).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აპელანტის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე