30 იანვარი, 2025 წელი,
საქმე №ა-743-გან-21-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) - ო.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ბ.ს.ნ–ი
განხილვის საგანი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „ბ.ს.ნ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) წინააღმდეგ ო.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ო.ვ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტლება იქნა მიღებული; დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 29 აპრილის №41/კ ბრძანება; დასაქმებული აღდგენილ იქნა სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით.
7. მოგვიანებით, ზემომითითებული გადაწყვეტილების განმარტების თხოვნით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დასაქმებულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების 3.2 ქვეპუნქტი დამსაქმებლისთვის ბუნდოვანია, კერძოდ, სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობას მოპასუხე აუქმებს, რის შედეგადაც სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება, რადგან, როგორც მოპასუხე განმარტავს, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენას სასამართლო გადაწყვეტილება მას არ ავალდებულებს. განმცხადებლის ინფორმაციით, სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე მოპასუხე მხარეს დასაქმებული ყავს სხვა პირი და განმცხადებელს განუმარტავს, რომ ამ პოზიციაზე დამატებითი სუბიექტის დასაქმებას არ საჭიროებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმარტების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვან ხასიათს (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად - მისი აღსრულების უზრუნველყოფას.
ამდენად, იმისთვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავდროულად განსამარტი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა, რომ :
ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ბ.ს.ნ–ის“ 2020 წლის 29 აპრილის №41/კ ბრძანება (3.1 პუნქტი);
მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე (3.2 პუნქტი);
შპს „ბ.ს.ნ–ს“ ო.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით (3.3 პუნქტი).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილული საქმის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით.
11. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება განმცხადებლის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობას მოპასუხე აუქმებს ხოლო მოცემულ მომენტში კაპიტნის თანამდებობაზე დასაქმებული ყავს სხვა პირი და განმცხადებელს განუმარტავს, რომ ამ პოზიციაზე დამატებითი სუბიექტის დასაქმებას არ საჭიროებს. განმცხადებლის მიერ დასახელებული ეს გარემოებები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას არ ასაბუთებს.
გარდა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არაა ბუნდოვანი ხასიათის, საკუთრივ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის შედეგად მიღებული დასკვნა, რომ - მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე - მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამორკვეული და დადგენილია. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება და/ან სხვა პირის დასაქმება ვერ მიიჩნევა უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკის სამუშაოზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად (შდრ. იხ. სუსგ №ას-543-2020, 24.02.2021).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების კანონისმიერი საფუძველი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ო.ვ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა