7 მარტი, 2024 წელი,
საქმე №ას-139 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.კ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილდა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.კ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) 2020 წლის 27 მარტს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საქპატენტი) დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი - ,,HOTEL მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI’’, (ს/კ ........, რეგ. N32518, რეგ. თარიღი: 27/03/2020) 43-ე (საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) კლასში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო სასაქონლო ნიშანის მსგავსი სასაქონლო ნიშანი).
2. სასტუმრო „მ.გ–ი“ 2015 წლის იანვრიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე შპს „გ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან შპს) მიერ. შპს რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა და მათ შორის სასტუმროს მომსახურების სფეროში.
3. მოსარჩელეს სასაქონლო ნიშანი შესაბამის კლასში არ დაურეგისტრირებია.
4. საქპატენტის სასაქოლნო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,Monte GUDAURI მ.გ–ი“ (საიდ. N......) რეგისტრაციაზე 43-ე კლასის მომსახურების სრული განცხადებული ჩამონათვლისთვის, მოპასუხის კუთვნილი მსგავსი სასაქონლო ნიშნის არსებობაზე მითითებით.
5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნთ.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ კეთილსინდისიერად განხორციელდა არა სახელწოდების - „მონტე“, არამედ კომბირინებული სასაქონლო ნიშნის „HOTEL მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI-ის’’ საქპატენტში რეგისტრაცია, რომელმაც სრულად გაიარა ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა, ასევე გამოქვეყნების ეტაპი, შესაბამისად, სასაქონლე ნიშანზე განსაკუთრებული უფლებებიც კანონიერად წარმოეშვა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „HOTEL“, მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI“ (საიდ. N......, რეგ. #32518, რეგ. თარიღი:17.03.2020წ) (სარეგისტრაციო ნომერი M20162.....) საქპატენტში რეგისტრაცია. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის საქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
10. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მართვით სასატუმრო „მ.გ–ი“ 2015 წლის იანვრიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა, რომ სასტუმრო „მ.გ–ი“ ცნობადი დასახელების მქონე სუბიექტია, რომელიც კარგი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს. კასატორის მითითებით, ასევე არასწორად დადასტურდა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მომენტისთვის მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის კუთვნილი სასტუმროს ფუნქციონირების შესახებ (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით ნ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად ხოლო 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ იქნეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.
13. განსახილველი დავის მთავარ ქვაკუთხედს და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს მოპასუხის სასაქონლო ნიშნის - „HOTEL მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI-ის’’ ბათილობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა წარმოადგენს, კერძოდ, სარჩელი არსებითად ეფუძნება რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის გარემოებას;
13.1. მოპასუხის მიერ დარეგისტრირებული ნიშანი „HOTEL მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI’’ აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის სასაქონლო ნიშნისა - ,,Monte GUDAURI მ.გ–ი“.
13.2. მოპასუხემ სასაქონლო ნიშანი დაირეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, რათა მოსარჩელის რეპუტაციის გამოყენებით მოეპოვებინა კომერციული სარგებელი.
14. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული მოთხოვნა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია) და „დ“ ქვეპუნქტების (რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა) ასევე 28.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით) გამომდინარეობს.
15. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ მე-15 მუხლით, სასაქონლო ნიშანს შეიძლება, წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს, ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვაოს.
სპეციალური კანონის 3.1 (სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან) და 3.2 (სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით) მუხლების თანახმად, სასაქონლო ნიშანი გრაფიკულად გამოსახული სიმბოლოა, რომელიც ერთი საწარმოს საქონელს განასხვავებს მეორე საწარმოს საქონლისგან. მისი მთავარი ფუნქციაა, მიუთითოს საქონლის წარმოშობაზე. სასაქონლო ნიშანი, ერთი და იმავე დანიშნულების მქონე საქონლის ან მომსახურების ფართო არჩევანის პირობებში, გზამკვლევია, რათა მომხმარებელმა ადვილად შეარჩიოს მისთვის სასურველი თვისებებისა და ხარისხის პროდუქცია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე (როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით) უფლება, სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა, თუმცა ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს (რა დროსაც შესაბამისი დასაბუთების პირობებში, არარეგისტრირებული, მაგრამ ნიშნის კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესები გაითვალისწინება პრიორიტეტულად).
ასეთ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“ (აღნიშნული კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან), რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)). კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან, უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, მესამე ნაწილის მიხედვით კი, აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ. მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია ენიჭება სასაქონლო ნიშნის მფლობელს. (იხ. სუსგ. ას-306-2020, 18.11.2020; ას-970-919-2015, 11.03.2016).
17. კეთილსინდისიერების პრინციპი ის ბერკეტია, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. კეთილსინდისიერების ერთიანი უნივერსალური მცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის კონკრეტული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.
18. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას აპლიკანტის არაკეთილსინდისიერი განზრახვის გამოსავლენად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირების დროსა და განმცხადებლის მიზანს ამ რეგისტრაციის მიმართ. ეს სუბიექტური ფაქტორი უნდა დადგინდეს თითოეული საქმის ყველა იმ რელევანტური ფაქტობრივი გარემოების შემოწმების საფუძველზე, რომელიც არსებობდა განაცხადის წარდგენის დროისათვის. ამგვარი ხასიათის დასკვნა ყალიბდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით, რომელიც, თავის მხრივ, სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს სამართლებრივ ხედვასთან (შდრ. სუსგ. საქმე N 541-513-2015, 22.07.2015წ. საქმე Nას 306-2020, 18.11.2020წ, ასევე იხ. Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009).
19. სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის კონტექსტში განიხილება შემთხვევა, როდესაც სასაქონლო ნიშანი ისტორიულად ცნობილია, მისი რეპუტაცია საზოგადოდ აღიარებულია და სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელს სურს, სხვისი რეპუტაციული სასაქონლო ნიშნით სარგებლობის ხარჯზე მიიღოს დაუმსახურებელი ეკონომიკური სარგებელი. აქვე უნდა მოვიაზროთ ვითარება, როდესაც მსგავსება ადრინდელ და სადავო სასაქონლო ნიშანს შორის არ შეიძლება ტრივიალური შემთხვევითობით აიხსნას.
საკასაციო პალატის განსჯით, საგულისხმოა, რაც უფრო დიდხანს იყო გამოყენებული ეკონომიკურ მიმოქცევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშანი, მით მაღალია ალბათობა იმისა, რომ ცალკეული სუბიექტი აღრევამდე მსგავსი ან იდენტური სასაქონლო ნიშნის არსებობის თაობაზე ფლობდა ინფორმაციას.
20. მოხმობილი არგუმენტაციის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირის მიერ აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე სუბიექტის მიერ ინფორმაციის ფლობა ჯერ კიდევ საკმარისი არ არის ერთმნიშვნელოვნად არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასამტკიცებლად. დასახელებული საკითხის შეფასება ყოველთვის დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ, ინდივიდუალურ გარემოებებზე. განმცხადებლის არაკეთილსინდისიერი განზრახვის მტკიცების თვალსაზრისით, სარჩელის წარმატებას არ განაპირობებს ნიშნების აღრევადობის ალბათობის არსებობა, ეს გარემოება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი რელევანტური ფაქტორი, რომელიც მხედველობაში მიიღება არაკეთილსინდისიერი განზრახვის კვლევის პროცესში. უფრო მეტიც, სასაქონლო ნიშნების აღრევის ალბათობის კვლევისას, აპლიკანტის არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე შესაძლოა სხვა ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდეს (ამ საკითხზე უფრო დეტალურად იხ. Koton Mağazacilik Tekstil Sanayi ve Ticaret AŞ v European Union Intellectual Property Office, case – c-104/18 https://curia.europa.eu/juris/document/document.jsf;jsessionid=18C90B65878672804F991758617B9773?text=&docid=217672&pageIndex=0&doclang=en&mode=lst&dir=&occ=first&part=1&cid=13002
21. არაკეთილსინდისიერების არსებობის შეფასებისას, გასათვალისწინებელი ფაქტორია ნიშნის ცნობადობის ხარისხი, რაც პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია მის დაცვითუნარიანობის საკითხთან. თუ ნიშანი კარგად იყო ცნობილი საზოგადოებისათვის, ცხადია, უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ სადავო ნიშანი რეგისტრირებული იყოს არაკეთილსინდისიერად.
22. ზემოთ მითითებული კრიტერიუმების ფარგლებში, სადავო სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მოპასუხეს ევალება, გააქარწყლოს მისი კეთილსინდისიერების მიმართ გაჩენილი გონივრული და საფუძვლიანი ეჭვები.
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაცია, როგორც აღინიშნა დააფუძნა, სასაქონლო ნიშნებს შორის აღრევამდე მსგავსებასა და მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის ხარჯზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის ფაქტებს.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესოსამართლებრივ ვალდებულებაზე და საერთაშორისოსამართლებრივი სტანდარტის („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ (TRIPS) 34-ე მუხლი) გამოყენებით, მიიჩნევს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნით მართლზომიერად სარგებლობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც დაადასტურა მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მითითებული შედავების ნამდვილობა, მოსარჩელემ კი, სარწმუნო მტკიცებულებებით მოპასუხის პოზიცია ვერ გააქარწყლა, კერძოდ:
25. საკასაციო სასამართლო უარყოფს საქმეში წარმოდგენილი ნიშნების აღრევამდე მსგავსებისა და რეპუტაციული (საქმიან ურთიერთობებში, სამოქალაქო ბრუნვაში ხანგრძლივი ვადით გამოყენებადი, ცნობადი სასაქონლო ნიშანი) სასაქონლო ნიშნის საკითხზე მოსარჩელის მტკიცებას და ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს - ,,HOTEL მონტე ბაკურიანი MONTE BAKURIANI’’ და დაპირისპირებულ ნიშანს - ,,Monte GUDAURI მ.გ–ი“ შორის აღრევამდე მსგავსება გამოკვეთილი არ არის.
ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასაქონლო ნიშნების მსგავსების შემოწმების ეტაპი არ გულისხმობს შედგენილი სასაქონლო ნიშნის დანაწევრებას და მისი ერთ-ერთი ელემენტისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებას; აღნიშნულის საპირისპიროდ მნიშვნელოვანია, თითოეული სასაქონლო ნიშანი მთლიანად, ერთობლიობაში იქნეს აღქმული და განხილული, მათ შორის საზოგადოებაზე მათ მიერ შექმნილი შთაბეჭდილების განხილვის ფარგლებში. დასახელებულ პროცესში, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, გავლენა მოახდინოს კომბინირებული სასაქონლო ნიშნის რომელიმე ელემენტმა, თუ სხვა ელემენტის მნიშვნელობა ცალსახად მეორეხარისხოვანია.
26. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, სასაქონლო ნიშნები შესრულებულია ლათინური ანბანის გამოყენებითაც, თუმცა მათი ვიზუალიზაცია მომხმარებელს არ უბიძგებს კონცენტრირდეს რომელიმე კონკრეტულ ელემენტზე. მით უფრო მაშინ, როცა ერთი სასტუმრო გუდაურში, ხოლო მეორე ბაკურიანში, ანუ განსხვავებულ გეოგრაფიულ ერთეულში მდებარეობს.
მხოლოდ ის გარემოება, რომ ორივე სიტყვიერ ელემენტს გააჩნია ერთნაირი დასახელება „Monte“, საკასაციო პალატის დასკვნით, არ გამოდგება იმისთვის, რომ ნიშნის ამ ლინგვისტიკურ ელემენტს დომინანტური ბუნება მივანიჭოთ და მხოლოდ ამ საფუძვლით დავადგინოთ სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსება, ვინაიდან, იგი საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე სასტუმროებისა თუ კაფე-ბარების დასახელებაში. ასე მაგალითად 1880 წელს აშშ-ში კალიფორნიაში აშენდა „სასტუმრო დელ მონტე“, რომელიც 1942 წლამდე ოპერირებდა, როგორც ფართო საკურორტო სასტუმრო მონტერიეში (კალიფორნია), და იგი ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ აშშ-ში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც, არა ერთი დაწესებულების სახელწოდება, მათ შორის სასტუმრო/აპარტამენტიც შეიცავს დასახელებულ სიტყვას, იგი გვხვდება სხვადასხვა სასაქონლო ნიშნებშიც.
27. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, ,,Monte GUDAURI მ.გ–ის“ ექსკლუზიური ხასიათის ცნობადობა ან/და საყოველთაოდ აღიარებული განსაკუთრებული რეპუტაციაც არ დადსტურდება, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითთება, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სასატუმროს "მოწონებათა" რაოდენობა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე 5 000 არ აღემატება, ხოლო პოსტებს საშუალოდ 5-დან - 12-მდე "მოწონება" აქვს, აღნიშნულის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ამდენად, მოპასუხის მხრიდან სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების კეთილსინდისიერი ხასიათის გამო სასარჩელო მოთხოვნა ასევე წარუმატებელია.
28. საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ.კ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „გ.ჯ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „გ.ჯ–ს“, ნ.კ–იას სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 300 ლარი;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე