Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-158 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრვი გარემოებები, რასაც შედეგად მოყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელე ორგანიზაცია არის სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილის მიმღები და სათანადო ბენეფიციარი სუბიექტი. საქართველოს მუსლიმი თემისთვის გამოყოფილი თანხები ხმარდება რელიგიური გაერთიანების მიმდინარე საყოფაცხოვრებო, ღვთისმსახურთა სახელფასო და სხვა აუცილებელ ხარჯებს, აქედან გამომდინარე მათი მოთხოვნაც თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2014 წლის 10 ოქტომბერს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დაიდო წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის შეთანხმება, რომლის საგანს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით წარმომადგენლობითი საბჭოს ჩამოყალიბება წარმოადგენდა (იხ. შეთანხმება მუხლი 2).

4.3.1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების 3.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი და მეორე მოპასუხეები ქმნიან საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და სოლიდარულად პასუხისმგებელია მიღებული თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე (იხ. შეთანხმება მუხლი 3.1).

4.4. მოსარჩელე არ არის საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

4.5. კასატორი/მოსარჩელე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების ბენეფიციარი სუბიექტია.

4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს სარჩელი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებისა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წინააღმდეგ „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების საფუძველზე, შექმნილი მუსლიმური რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აღიარების თაობაზე უარყოფილ იქნა.

4.6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ უარყოფილ იქნა, ხოლო სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების მიმართ დაკმაყოფილდა.

სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო აღიარებული იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებას შორის წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე 2014 წლის 10 ოქტომბერს შემდგარი შეთანხმების ფარგლებში წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობის მხარედ და აღნიშნული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად.

4.6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებისა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

4.6.2.1. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე რელიგიური ორგანიზაციების მიერ შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელის აღიარებისა და შესაბამისად, ორგანიზაციის აღნიშნული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ცნობის მიმართ სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, რადგან იგი საქართველოს მთავრობის №117 დადგენილების ბენეფიციარი მხარეა, რამდენადაც აკმაყოფილებდა მის 1.3 მუხლისა და 2.2 მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სარჩელის განუხილველად დატოვებით მას არ ერთმევა უფლება, აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი.

4.7. 2019 წლის 24 იანვარს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მუსლიმ თემს შორის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ №1/2019 ხელშეკრულება დაიდო, კერძოდ, შეთანხმების მხარეები არიან სახელმწიფოს სახელით - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს მუსლიმი თემი. თემის სახელით - საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭო.

ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭო აერთიანებს სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებას. ხელშეკრულების მეორე მუხლში განსაზღვრულია გარიგების საგანი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ

1. ხელშეკრულების საფუძველია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება.

2. ხელშეკრულება არეგულირებს საქართველოს მუსლიმი თემისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობას, გაცემის წესსა და პირობებს.

3. საქართველოს მუსლიმი თემისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურების მიზნით გასაცემი თანხა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის რეკომენდაციის თანახმად, მიმდინარე ეტაპზე შეადგენს 2 200 000 ლარს.

მე-3 პუნქტით და საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისის ასიგნებით განსაზღვრული თანხა იყოფა და წარმომადგენლობით საბჭოს ერიცხება პერიოდულად, გადასარიცხი თანხის გადარიცხვის თარიღსა და ოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.

4.8. შეთანხმების მე-3 მუხლში მოცემულია მისი პირობები, კერძოდ:

1. „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების 5.2 მუხლის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭო ვალდებულია საქართველოს მუსლიმი თემისთვის განსაზღვრული თანხა მიმართოს მხოლოდ მასში შემავალი რელიგიური გაერთიანებების (ამავე ხელშეკრულების მუხლი 1, პუნქტი 2) საწესდებო მიზნების გათვალისწინებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მუსლიმი თემისათვის განსაზღვრული თანხა მოხმარდება: ა) ღვთისმსახურთა სახელფასო და რელიგიური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების გაწევას; ბ) მუსლიმური საკულტო და რელიგიური შენობა-ნაგებობების რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუსლიმი თემის რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას; დ) მუსლიმი თემის რელიგიური გაერთიანების მიმდინარე საყოფაცხოვრებო ხარჯებს; ე) მუსლიმი თემის კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობას.

3. წარმომადგენლობითი საბჭო ვალდებულია ამ ხელშეკრულების დადებამდე სააგენტოს წარუდგინოს წინასწარი ხარჯთაღრიცხვის პროგრამა, რომელიც მოიცავს დეტალურ მონაცემებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად გადანაწილების შესახებ.

4. წარმომადგენლობითი საბჭო არის სოლიდარულად პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე.

5. წარმომადგენლობითი საბჭო ვალდებულია თანხის ეტაპობრივი ჩარიცხვისას, ყოველი ჩარიცხვიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული თვის ვადაში წარადგინოს თანხის ხარჯვის შუალედური ანგარიში, ხოლო საბოლოო ანგარიში, სავალდებულო წესით, წარდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2019 წლის 28 დეკემბრისა.

4.9. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს დამფუძნებელ წევრთა 2020 წლის 30 სექტემბრის №4 კრების ოქმით (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო წევრთა 100%-მა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა 100%-ით), ორგანიზაციის თავმჯდომარის ანაზღაურება 2000 ლარით განისაზღვრა, სახელდობრ, წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ანაზღაურება შეიძლება მიღებული იქნას იმ თანხიდან, რომელიც სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს ეკუთვნის, როგორც სახელმწიფო კომპენსაცია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების ფარგლებში.

4.9.1. მოსარჩელეს 2018 წლის 27 დეკემბერს მისი წერილის პასუხად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების ბენეფიციარებია დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებები.

ამავე დადგენილების 3.2 მუხლის მიხედვით, ბენეფიციარ რელიგიურ გაერთიანებებს ანაზღაურების მისაღებად ევალებოდათ 2014 წლის 10 ნოემბრამდე გაერთიანებულიყვნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან და შეექმნათ წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევიდოდა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი და რომელიც იქნებოდა უფლებამოსილი ეწარმოებინა სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა და მიეღო ანაზღაურება.

დადგენილების თანახმად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მუსლიმური აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებების მიერ დადგენილების ფარგლებში შექმნილ წარმომადგენლობით საბჭოსთან.

4.9.2. მოსარჩელემ წერილობით მიმართა საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოს და ფინანსური დახმარების გამოყოფა ითხოვა.

საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭოს ხელმძღვანელის საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მუსლიმ თემს შორის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოს შორის გაფორმებული 2019 წლის 24 იანვრის №1/2019 ხელშეკრულების მოთხოვნებისათვის უნდა მიესადაგებინა.

5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის ხელფასის, ჯამურად - 4 000 ლარის ანაზღაურებაა.

6. საკასაციო სასამართლო კასატორის/მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების შინაარსზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭოს შორის საკომპენსაციო თანხის გაცემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელიც სასულიერო გაერთიანების ხელმძღვანელი პირებისათვის ხელფასის ანაზღაურების საკითხს არ ითვალისწინებს, კერძოდ:

6.1. დადგენილია, რომ სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებას შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე რომლის საგანი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნაა. ამავე დადგენილების 3.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭო უფლებამოსილია თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე.

6.2. ასევე დადგენილია, რომ წარმომადგენლობითი საბჭო ვალდებულია საქართველოს მუსლიმი თემისთვის განსაზღვრული თანხა მიმართოს მხოლოდ მასში შემავალი რელიგიური გაერთიანებების (ამავე ხელშეკრულების 1.2. მუხლი) საწესდებო მიზნების გათვალისწინებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით

განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად (იხ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების 5.2 მუხლი).

მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მუსლიმი თემისათვის განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ:

ა)ღვთისმსახურთა სახელფასო და რელიგიური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების გაწევას;

ბ)მუსლიმური საკულტო და რელიგიური შენობა-ნაგებობების რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას;

გ) მუსლიმი თემის რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას;

დ)მუსლიმი თემის რელიგიური გაერთიანების მიმდინარე საყოფაცხოვრებო ხარჯებს;

ე) მუსლიმი თემის კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობას.

7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დადგენილებით ცალსახადაა გათვალისწინებული მიღებული თანხების გამოყოფის/გამოყენების მიზნობრიობა, სფერო და მასში მმართველობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისთვის ყოველთვიური ხელფასის დანიშვნა ცალსახად არ შედის, შესაბამისად, სახელფასო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაც მართებულად იქნა უარყოფილი.

8. რაც შეეხება საკასაციო შესაგებელში ასახულ წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარეების/მეორე და მესამე მოპასუხეების შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მას უარყოფს და მათ ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

წარმოდგენილი მინდობილობის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეების/მეორე და მესამე მოპასუხეების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილია ფიზიკური პირი - კ.ბ–ი, საყურადღებოა, რომ მინდობილობა გაცემულია მესამე პირებზე გადანდობის უფლების აკრძალვის პირობით.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებანი მოწინააღმდეგე მხარის მიმართ წარმომადგენლის ხარჯების დაკისრების საფუძველს ვერ წარმოქმნის, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარეები საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირის - კ.ბ–ის მიერ არიან წარმოდგენილნი. ამავდროულად, საქმეში დაცული საგადახდო დავალების თანახმად, საადვოკატო მომსახურების ხარჯის მიმღებია - იურიდიული პირი შპს „ბ.ი.კ–ია“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: დადგენილადაც რომ მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ადვოკატი კ.ბ–ი დასაქმებულია შპს „ბ.ი.კ–იაში“, ეს გარემოება მას ცხადია არ უზღუდავს უფლებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს როგორც დამოუკიდებელმა ადვოკატმა რაც საკასაციო პალატის დასკვნით მოცემულ საქმეში თვალნათელია.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საპროცესო ხარჯების დაკისრების მიზნით, მნიშვნელოვანია მხარემ მინიმალური დოზით მაინც გაითვალისწინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტი და საპროცესო ხარჯის გადახდის, მტკიცებულება მაქსიმალური სიცხადით წარმოადგინოს, რათა სასამართლომ ნათლად დაინახოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილე მხარე რომელ სუბიექტთანაა სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებული და ვის მიმართ განხორციელდა მომსახურების თანხის გადახდა.

მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობა წარუმატებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

10. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #16248676615, გადახდის თარიღი 02.03.2023 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს (ს/ნ 426521436) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #16248676615, გადახდის თარიღი 02.03.2023 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა