14 მარტი, 2024 წელი,
საქმე №ას-570 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.გ–ი, თ.ლ–ძე, მ.ღ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანება" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საკონკურსო კომისიის ოქმისა და კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.გ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოსარჩელე, აპელანტი კასატორი ან დასაქმებული), თინათინ ლობჟნიძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) და მ.ღ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეების მოთხოვნა ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების“ საბავშვო ბაღების გაერთიანების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე დამსაქმებელი ან ბაღების გაერთიანება) წინააღმდეგ საკონკურსო კომისიის ოქმის, კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე უარყოფილ იქნა. კასატორთა აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, სახელდობრ:
კასატორთა მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შუსწავლიათ კონკურსის მიმდინარეობის პროცესი, კერძოდ, რამდენად გამჭირვალედ, ღიად და საჯაროდ ჩატარდა იგი. საქმეში წარდგენილია საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით, კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს მოსარჩელეებმა ამომწურავად უპასუხეს, თუმცა ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას რომელ კითხვას ვერ გასცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი მხარეებმა, რაც ამავე დოკუმენტის უკანონო ხასიათზე მეტყველებს.
კასატორების მითითებით, კომისიამ ვერ უზრუნველყო კონკურსის სამართლიანად, გამჭირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარება. მოსარჩელეები მესამე პირებთან მიმართებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რადგან მიუხედავად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისა, უპირატესობა მათზე ნაკლებად გამოცდილ და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კონკურსანტებს მიენიჭათ. სხვა არგუმენტებთან ერთად კასატორები მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზეც აპელირებენ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოპასუხის 2017 წლის 25 სექტემბრის #783 ბრძანებით, ბაღების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში, ვაკანტური თანამდებობების საკონკურსო კომისიის დებულება დამტკიცდა.
4.4. მოპასუხის 2017 წლის 26 სექტემბრის #785 ბრძანებით კი, „ქვიშხეთის #15 ბაგა-ბაღში“ აღმზრდელი მასწავლებლისა და აღმზრდელი მასწავლებლის თანაშემწის თანამდებობებზე, როგორც ორ-ორ ვაკანტურ შტატზე, კონკურსი გამოცხადდა.
4.4.1. მითითებული ბრძანებით, დადგინდა კონკურსში მონაწილეობის წესი, პირობები და კრიტერიუმები, კერძოდ, აღმზრდელი მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს:
1.უმაღლესი განათლება (სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა) ან/ და პროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით;
2. სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
3. სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის მეთოდების ცოდნა;
4.სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობებში ბავშვების ჩართვის გამოცდილება;
5. ადრეული სწავლებისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა;
6. სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება-1 წელი;
აღმზრდელის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მახასიათებლებს:
1. საშუალო განათლება;
2. საკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების თავისებურებები;
3.ადრეული სწავლებისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა.
4.5. პირველმა მოსარჩელემ 2000 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი და მიენიჭა - ბიბლიოთეკადმცოდნე, ბიბლიოგრაფის კვალიფიკაცია (იხ. დიპლომი).
4.6. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, მესამე მოსარჩელეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
4.7. აღმზრდელი მასწავლებლის თანამდებობაზე ნ.გ–ძე, ხოლო აღმზრდელის თანაშემწედ ქ.ქ–ძე და ნ.ლ–ძე იქნენ წარდგენილნი.
4.8. 2017 წლის 1 დეკემბრის წერილით, მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე მათი კანდიდატურა არ იქნა შერჩეული (იხ. საკონკურსო კომისიის 22 ნოემბრის ოქმის საფუძველზე მიღებული2017 წლის 1 დეკემბრის #203, #204 და #205 გადაწყვეტილებები).
4.9. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღეს, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სხდომაზე ადგილი არ ჰქონია, კონკურსანტები შეაფასეს წინასწარ ცნობილი თემებიდან დასმული კითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად.
კანდიდატები კი შეირჩა ხმების უმრავლესობით, გარკვეული ხმები მოსარჩელეებმაც მიიღეს, თუმცა ეს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მათთვის არავის უთხოვია რომელიმე კონკურსანტისადმი უპირატესობის მინიჭება. გადაწყვეტილება მიიღეს ხმების უმრავლესობით და ეთანხმებიან 2017 წლის 22 ნოემბრის ოქმს.
მოწმე/კომისიის წევრმა ანა ლაბაძემ განმარტა, რომ კონკურსანტ ნ.ლ–ძეს არ იცნობს და არც მისი ნათესავია, რაც შეეხება პირველი მოსარჩელის მიმართ სავარაუდოდ ჩამოყალიბებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ კანდიდატთა შერჩევის დროს თითქოს გათვალისწინებულ იქნა კონკურსანტთა სოციალური, ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასეთი არ ახსოვს, შეიძლება საუბრისას უთხრა ეს მაგრამ ასეთზე მსჯელობა კომისიის სხდომაზე არ გაჟღერებულა და არც რაიმე დისკრიმინაციულ მიდგომებს ჰქონია ადგილი.
კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ მართალია, კონკურსში გამარჯვებული ნ.გ–ძის მეუღლე, მისი მეგობარია, თუმცა ამ გარემოებას გავლენა არ მოუხდენია გადაწყვეტილების მიღებაზე, კონკრეტული, კონკურსანტის კვალიფიკაცია საკონკურსო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით იქნა მიღებული.
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს საკონკურსო კომისიის ოქმისა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება წარმოადგენს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, კონკურსი ჩატარდა კანონიერად, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა წარუმატებლად.
კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევენ, რომ კომისიამ კონკურსის სამართლიანად, გამჭირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარება ვერ უზრუნველყო. ამდენად, გასაანალიზებელია ხომ არ ვლინდებოდა განსხვავებული მოპყრობა მოსარჩელეებსა და სხვა კონკურსანტებთან მიმართებით.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის 2.2. (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და 2.3. (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით) მუხლის დეფინიცია ადგენს, რომლებშიც განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და ჩამოყალიბებულია მისი აკრძალვა.
7. საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილებისა, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით) თანახმად კი, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე.
8. საქართველო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანაა და მის მიმართ მათ შორის მოქმედებს კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას.
მხედველობაშია მისაღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, მაგალითად, საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს.
ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102.2 მუხლის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე.
10. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”-“მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს.
11. სსსკ-ის 3633 მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა.
სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში, წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (შდრ. სუსგ-ები №ას-1189-2020, 04.02.2021; #ას-247-235-2017, 29.09.2017 წ).
12. სშკ-ის 2.5 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსისგან, სპეციფიკიდან, ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს დისკრიმინაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. დისკრიმინაცია მხოლოდ თვითმიზნური, სუბიექტური, გაუმართლებელი დიფერენციაციაა, შესაბამისად, დისკრიმინაციას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ დისკრიმინაციის მიზეზი აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ, გაუმართლებელ განსხვავებებს.
13. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას, ამიტომ ეს ფაქტი, მოსარჩელეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომლებმაც სათანადოდო ვერ უზრუნველყვეს მისი რეალიზება, კერძოდ, საქმეში წარდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა კვალიფიკაცია კონკურსით გამოცხადებულ საკვალიფიკაციო პირობებს ერთმნიშვნელოვნად არ შეესაბამებოდა, ამდენად, არ დასტურდებოდა, რომ საკონკურსო კომისიის მხრიდან მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობა განხორციელდა.
რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას, კონკურსანტების ი.გ–ისა და მ.ღ–ძის საბუთების მიღება-გადარჩევის ეტაპზე საკმარისი ინფორმაციის (ავტობიოგრაფიის) წარუდგენლობის თაობაზე, აღნიშნული მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად და მათი უფლებების დარღვევად ვერ შეფასდება, ვინაიდან კონკურსანტების დაშვება არ დაშვების საკითხი საკონკურსო კომისიის დისკრეციას წარმოადგენს, რომელმაც არსებული საბუთები საკმარისი ინფორმაციის მქონედ ჩათვალა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლის კანონიერება მთლიანობაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში ვერ იქნა გაქარწყლებული; შესაბამისად, კასატორებმა ვერ დაარწმუნეს საკასაციო სასამართლო მათ მიმართ განხორციელებულ დისკრმინაციულ მოპყრობაში, რაც მართებულად გახდა სარჩელის უარყოფის საფუძველი.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ა.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.06.2022წ.), 70% - 630 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გის, თ.ლ–ძისა და მ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.გს (პ/ნ .......), თ.ლ–ძეს (პ/ნ .......) და მ.ღ–ძეს (პ/ნ ....... ) დაუბრუნდეთ ა.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 15.06.2022წ.), 70% - 630 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე