Facebook Twitter

25 აპრილი, 2024 წელი,

საქმე №ას-784 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - თ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

II კასატორი - ს.ს.გ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შგებებული აპელანტი ან I კასატორი) და ს.ს.გ.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან IIკასატორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს კომპენსაციის - 25 049 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორთა აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. I კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების ღირებულების გაანგარიშებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა განსახლების დროს მოქმედი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი - 2.43 ლარი, რაც არასწორია, რადგან, სასამართლოს სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას უნდა გამოეყენებინა ეროვნული ვალუტის შემდეგი კურსი: 1 აშშ დოლარი = 3.2 ლარს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

1.2. II კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნას, რომელიც ყოველგვარი ანალიზის, არგუმენტაციისა და გამოკვლევების გარეშეა შედგენილი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშეთში მდებარე 4 366 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიწის ნაკვეთი) მოსარჩელის საკუთრებად ირიცხებოდა.

4.4. მოპასუხის დაკვეთით, 2019 წლის ივლისში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის ლოტი #2 მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის ფარგლებში, შპს „ა–მა“ ამ პროექტის განსახლების ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთები შეაფასა, რომელთა შორის იყო მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიც, კერძოდ;

4.4.1. შესაფასებელი მიწის ნაკვეთების გაანგარიშება ტიპებისა და დანიშნულების მიხედვით 4 კატეგორიად დაიყო: 1. მიწის ნაკვეთები, განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს რომლებსაც აქვთ ფრონტაჟი თბილისი-გუდაური-სტეფანწმინდის საავტომობილო მაგისტრალის მიმართ; 2. დანარჩენი მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს; 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში სოფელ .....ის ადმინისტრაციულ საზღვრებში; 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში.

პირველ კატეგორიაში მოქცეული უძრავი ქონებების 1 კვ.მ ფასი - 65 ლარით; მეორე კატეგორიის - 40 ლარით, მესამე და მეოთხე კატეგორიის კი, 6.80 და 5.60 ლარით განისაზღვრა.

4.4.2. მოსარჩელის კუთვნილი 1 861 კვ.მ უძრავი ქონების (მეორე კატეგორია) საბაზრო ღირებულება 1 კვ.მ - 40 ლარით განისაზღვრა, რაც ჯამურად - 74 440 ლარია (მიწის ღირებულება) (იხ. 2018 წლის 20 სექტემბრის შეფასების ანგარიში).

4.5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 10 ოქტომბრის დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ექსპერტიზის დასკვნა), მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ საბაზრო ღირებულება 2019 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით საორიენტაციოდ - 22 აშშ დოლარია, შესაბამისად, მთლიანი 4 366 კვ.მ ღირებულება - 96 052.00 აშშ დოლარია, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (1 აშშ დოლარი - 2.96.83 ლარი) - 285 111.00 ლარია.

4.6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 19 მაისის დასკვნის მიხედვით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა), 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 18 მაისის მონაცემებით საორიენტაციოდ - 22 აშშ დოლარია, შესაბამისად, მთლიანი - 4 366 კვ.მ ღირებულება - 96 052.00 აშშ დოლარია, რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (1 აშშ დოლარი - 3.2 ლარი) - 307 336.00 ლარს შეადგენს.

4.7. 2019 წლის 14 აგვისტოსა და 2020 წლის 12 ივნისის წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის ნაწილის, კერძოდ, 1 861 კვმ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო მიწის ნაკვეთი) და მასზე არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით, საკომპენსაციოდ - 90 030 (მიწის ღირებულება -74 440 ლარი, მრავალწლიანი ნარგავების - 12 244 ლარი, ღობისა და ჭიშკრის - 1 034 ლარი, საცხოვრებელი პირობების აღდგენის - 1034 ლარი) ლარი შესთავაზა (იხ. #2-12/11232 და #2-12/5973 წერილები).

4.8. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის საკომპენსაციო თანხაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

4.9. მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

4.9.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებაზე (1 861 კვ.მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე-ჭიშკარი) და მრავალწლიან ნარგავებზე) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

4.10. მოპასუხემ 2021 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის საფასური - 87 962.00 (მიწის ღირებულება - 74 440 ლარი, დანარჩენი კი, მრავალწლიანი ნარგავების, ღობისა და ჭიშკრის, მძაფრი ზემოქმედებისა და საცხოვრებელი პირობების აღდგენის) ლარი ჩაურიცხა.

4.11. 2021 წლის 20 დეკემბრიდან სადავო ქონების მესაკუთრ სახელმწიფოა.

5. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლზე, რომლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხს კი, აწესრიგებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

დასახელებული კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

6. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „სპეციალური კანონი“ ექსპროპრიაციას, როგორც სწორედ ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინს, შემდეგნაირად განმარტავს: კონსტიტუციისა და ამავე კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.

აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა, კომპენსაციის განსაზღვრისას, მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ამავე ნორმით დადგენილია ექსპროპრიატორის ვალდებულება, განახორციელოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე.

დეტალურადაა დადგენილი ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპოპრიატორის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების შეძენისათვის წინადადებების შეთავაზების წესი. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (იხ. სუსგ N ას-727-695-2014, 15.07.2016წ.).

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ ანაზღაურების სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის #1 დამატებითი ოქმით. (შდრ: სუსგ №-ას-1133-2019, 30 ივლისი, 2021).

7.1. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი სამ ნაწილად დაჰყო. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: „მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნას პირველ ნორმასთან ერთად“.

7.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: ა) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); ბ) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); გ) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი), თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია იქნეს გაცემული.

8. ამდენად, ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით.

სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის.

9. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის გაზიარებადობის ფარგლებს სასამართლო აფასებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

9.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

9.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის კანონშესაბამისად გადასაწყვეტად, საგულისხმოა, რამდენიმე ასპექტი:

1. სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 10 ოქტომბრისა და 2020 წლის 19 მაისის დასკვნები წარადგინა. რომელთა თანახმად, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება - 22 აშშ დოლარია.

მართალია, პირველი ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი ანალოგიური და/ან მსგავსი უძრავი ქონებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ შეიცავს, თუმცა მეორე ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი ასახავს შესადარებლად გამოყენებული სხვა ანალოგების - უძრავი ქონებების შესახებ ინფორმაციას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ რადგან ორივე ექსპერტიზის დასკვნით სადავო ქონების ღირებულება იდენტურია, მათი კვლევითი ნაწილებიც მთლიანობაში, სრულყოფილ კვლევად უნდა ჩაითვალოს.

2. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარდგენილი შპს „ა–ის“ 2018 წლის 20 სექტემბრის შეფასების ანგარიშის კვლევითი ნაწილის გაანალიზებით, გაურკვეველია რის საფუძველზე განსაზღვრა ექსპერტმა ორივე კატეგორიის უძრავი ნივთის შესადარებელ ანალოგად ერთიდაიგივე უძრავი ქონება; მით უფრო იმ პირობებში, როცა მიღებული შედეგის კორექცია სხვადასხვა კოეფიციენტით განხორციელდა. პირველი და მეორე კატეგორიის მიწის ნაკვეთებისთვის მინიჭებული კოეფიცენტების განსხვავების დასაბუთებაც ბუნდოვანია. ასევე არადამაჯერებლადაა დასაბუთებული ისიც, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა მეორე კატეგორიის უძრავი ქონებების კოეფიცენტად - 0.6 და არა მაგალითად სხვა ნიშნული. საგულისხმოა, რომ პირველ და მეორე კატეგორიის მიწის ნაკვეთთა კოეფიციენტების გაანგარიშებამდე შედარების მეთოდის საფუძველზე მიღებული - 1 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება - 65 ლარი, სადავო პერიოდში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მეტნაკლებად უტოლდება სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით განსაზღვრული - 1 კვ.მ უძრავი ქონების ღირებულებას - 22 აშშ დოლარს.

9.4. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის შედეგად მოსარჩელისთვის ასანაზღაურებული სრული და სამართლიანი საკომპენსაციო თანხა 1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შეადგენს - 22 აშშ დოლარს, ამდენად, მეორე კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

10. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას, იმის თაობაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უძრავი ქონების ღირებულების გაანგარიშებისას განსახლების დროს მოქმედი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით (1 აშშ დოლარი = 2.43 ლარს) არ უნდა ეხელმძღვანელა, საკასაციო სასამართლო ამ არგუმენტს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. (ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისთვის კომპენსაციის სახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ექსპროპრიატორი მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველი. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან) მუხლზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპროპრიაციის საჭიროება 2019 წელს გამოქვეყნებული განსახლების გეგმით (რომელიც 2018 წლის მასსა და 2019 წლის ივლისში შედგა) განისაზღვრა.

პროექტის ფარგლებში გამოსასყიდი მიწების შეფასების ანგარიში 2018 წლის 20 სექტემბერს შედგა, სადაც უძრავი ქონების ღირებულება, განსახლების გეგმის შედგენის დროს არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი = 2.43 ლარს, დადგინდა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრული და სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით, კანონშესაბამისად იხელმძღვანელა დასახელებული გეგმის შედგენისას მითითებული ეროვნული ვალუტის კურსით და პირველი კასატორის პრეტენზიაც საფუძველსაა მოკლებული.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიმოიხილავს მხოლოდ კასატორთა არსებით არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

13. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მოიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, I კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1454 ლარის (საგადახდო დავალება #8470, გადახდის თარიღი 17.05.2023წ), 70% -1017.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; II კასატორის შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან იგი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.ბ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს გ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1454 ლარის (საგადახდო დავალება #8470, გადახდის თარიღი 17.05.2023 წ), 70% -1017.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;;

3. ს.ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4.ს.ს.გ.დ–ი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე