12 ოქტომბერი, 2023 წელი,
საქმე №ას- 924-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ა.გ–ბა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩეკლე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით შპს „ს.ა.გ–ბის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ფრენებზე გაწეული დანახარჯების სახით - 2123412 ლარის გადახდის, 2018 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პერიოდისათვის სარგებლის - 244855 ლარის, ასევე დავის დასრულებამდე თვეში - 12 287 ლარის გადახდის და ფაქტიურად შესრულებული ფრენა-საათების ღირებულების სახით - 156066 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის გადახდის მოთხოვნები უარყოფილი იქნა.
ასევე არ დაკმაყოფილდა 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების და სხვა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურეობაზე 2018 წლის 16 თებერვლამდე ბანკებისათვის გადახდილი სარგებლის სახით - 41078 ლარის ანაზღაურებისა და უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის - 135130 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.
საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები დეტალურად ვერ გაერკვნენ საქმის ძირითად არსში. მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევას ადგილი ჰქონდა როგორც წინასახელშეკრულებო ისე მხარეთა შორის გარიგების გაფორმების შემდგომ ეტაპზეც რამაც კასატორის ზიანი გამოიწვია. სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა ობიექტურ მონაცემებს ეფუძნებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული რეისების რაოდენობა, ამასთან, გარდა მოპასუხის განმარტებისა საქმეში არ მოიპოვება წინასწარი ბაზრის კვლევის მონაცემები, რაც საშუალებას მოგვცემდა მისი სიზუსტე შეგვეფასებინა. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი და დაუსაბუთებლად განაცხადა უარი განეხილა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების საკითხები; აღწერილი მოტივები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში ტექსტში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 5 ივნისის #1/107-2014 საჰაერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ვადაც 2017 წლის 10 აგვისტოს იწურებოდა.
4.4. საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის 20 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში მოსარჩელემ გაიმარჯვა.
ტენდერის გამოცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის განკარგულება, რომლითაც მოპასუხეს ეთხოვა თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დანიშნულების მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანისა და ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ავიარეისების ორგანიზება, რისთვისაც დაევალა ავიარეისების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით. ამავე განკარგულებით განისაზღვრა ის ძირითადი პირობები, რომლის დაცვითაც უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი. ყოველთვიური მომსახურების ღირებულება - არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარი, დღგ-ს გარეშე.
4.4. 2017 წლის 23 ივნისს, მხარეებს შორის საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/82-2017 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხემ რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების შესრულების ვალდებულება იკისრა შემსყიდველთან შეთანხმებული გრაფიკის, ჯერადობისა და მარშრუტის მიხედვით.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე - 4500000 აშშ დოლარით, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით - 5310000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
მომსახურების ერთეულის ფასი - ერთი თვის ღირებულება დღგ-ს გარეშე - 125000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით - 147500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში შეადგენდა (იხ. შეთანხმების 2.2. პუნქტი).
მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების გაწევის ვადები და ზოგადი წესი დანართი N2-სა და ამ ხელშეკრულების სხვა შესაბამის პუნქტებში გაწერილი პირობების შესაბამისად დადგინდა.
ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ, 3.1. პუნქტით, ,,შესყიდვის ობიექტის მომსახურების მიღება, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ფორმდება ორმხრივი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტით; ,,მიმწოდებლის“ მიერ განხორციელებული ფრენების, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და ფრენის საათების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ,,მიმწოდებელი“ ,,შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.
ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტისა და შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 საბანკო დღეში...“
4.5. ამდენად, მოსარჩელე ბაზრის კვლევის გარეშეც ინფორმირებული იყო რამდენად მისაღები იყო მისთვის 2017 წლის 20 აპრილს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი და შეთანხმების პირობები.
4.6. გარიგების გაფორმებისას, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ფასისა და მიწოდების პირობების განსაზღვრის დროს, მოპასუხე სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცებამდე ჩატარებულ ბაზრის კვლევის შედეგებს დაეყრდნო, ფასიც, რომლითაც ტენდერი გამოცხადდა კვლევის შედეგებთან შესაბამისობაშია.
4.7. ტენდერში მონაწილეობით მოსარჩელე შეთანხმებას დაეთანხმა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმა.
4.8. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, მხარეთა შორის არსებული შეთანხმება შეწყდა.
4.9. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს/კასატორს ვალდებულების დარღვევა/შეუსრულებლობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა უთითებდა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების შედეგი იყო;
სახელდობრ, მოპასუხეს ტენდერის გამოცხადებამდე უნდა მოეხდინა ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენის, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობებისა და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, თუმცა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის თანახმად, სამომავლო შეთანხმებისს პირობების დასადგენად ბაზარი არ გამოიკვლია და არც ფრენის საათის ღირებულება გაზარდა 10 %-ით.
5. განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლს რომლის მიხედვით, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) განსაზღვრა; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზეც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია; ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
6. ამდენად, კანონი შეძლებისდაგვარად ამომწურავად ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომლებიც შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს უნდა გათვალისწინდეს, ანუ ადგილი აქვს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.
სახელდობრ, მინიმუმამდეა დაყვანილი სატენდერო პირობების იმგვარი ფორმით ჩამოყალიბება, რაც პრეტენდენტისთვის ობიექტურად შეუძლებელს გახდის ვალდებულების შესრულებას, გააძნელებს კონტრაჰენტის მოპოვებას ან/და სხვაგვარად შეუშლის ხელს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. ჩამონათვალში ერთ-ერთ წინაპირობად განსაზღვრულია შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის გამოკვლევის ჩატარება.
6.1. დადგენილია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ფასისა და მიწოდების ძირითადი პირობების განსაზღვრისას, მოპასუხე სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცებამდე ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებს დაეყრდნო და ფასიც რომლითაც ტენდერი გამოცხადდა კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებთან შესაბამისობაშია, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
7. დადგენილია, რომ მომსახურების ერთეულის ფასი/ერთი თვის ღირებულება შეადგენს - 125 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (იხ. შეთანხმების 2.2. პუნქტი), რომელიც მოპასუხის მიერ ყოველთვიურად ანაზღაურდებოდა.
ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია (იხ. 7.2. პუნქტი), თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება მისი ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშკერულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #9 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების აღმოცენების შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
თუ ხელშეკრულების ცვლილება ინიცირებული იქნებოდა შემსყიდველის მხრიდან სათანადო შეთავაზება, ეგზავნებოდა მიმწოდებელს წერილობით, თუ გარიგების მხარე მას არ უარყოფდა იგი ამოქმედდებოდა 10 დღის ამოწურვის შემდეგ.... (7.4 პუნქტი). ამდენად, მოსარჩელეს სახელშეკრულებო პირობების ცვლილებების უარყოფა შეეძლო თუ იგი აუარესებდა მის მდგომარეობას და შემსყიდველსაც შეეძლო შეეწყვიტა შეთანხმება ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული ზიანი ანაზღაურების გარეშე.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს/მოსარჩელეს არც ამგვარი პირობის დადგომაზე არ მიუთითებია და არც ხელშეკრულებიდან გასულა, უფრო მეტიც მან 2018 წლის 1 თებერვლის აქტით აღიარა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნდა დავალიანება.
8. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით იქნა შეწყვეტილი, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ საბანკო გარანტიაც, კორექტირებული ოდენობით, ექვემდებარებოდა განაღდებას.
9. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
9.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.
9.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
9.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
9.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
9.6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დარღვევის ფაქტზე მოსარჩელე/კასატორი სათანადო სახით არ აპელირებს. ამასთან, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა გარიგებით ნაკისრ ვალდებულებას და ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელისათვის სრულად არის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და წესით.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტები რელევანტური მსჯელობით და მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამიტომ საკასაციო პალატა უფლებამოსილია აღარ იმსჯელოს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ს.ჰ–ის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #1227612, გადახდის თარიღი 11.08.2021წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ს.ჰ–ის (.......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახდო დავალება #1227612, გადახდის თარიღი 11.08.2021წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე