Facebook Twitter

21 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-1405-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - ა.უ–ია (მოსარჩელე)

II კასატორი - სს ,,ჩ.კ–ა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 5 აგვისტოს, კლინიკა „ჯანმრთელობის ცენტრში“ ა.უ–იას (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი ან პაციენტი) ცხვირის ოპერაცია (სუპრო რინო პლასტიკა) ჩაუტარდა.

წინასაოპერაციო ეპიკრიზის თანახმად, კლინიკაში მოსარჩელე შემდეგი ჩივილებით შევიდა: კეხიანი ცხვირი, ცხვირის ძვლოვან ხრტილოვანი სხეულის და წვერის გადიდება, დეფორმაცია, ცხვირის წვერისა და კოლუმელას დაშვება, სქელი (ხორციანი), ასიმეტრიული ცხვირის წვერის, ფრთებისა და ნესტოების არსებობა, პაციენტის სურვილია - ქირურგიული ოპერაციის გზით ცხვირის დეფორმაციების კორექცია, რაზეც მისი ოჯახის წევრები მხარს უჭერენ.

გაწერის ეპიკრიზის მიხედვით: ცხვირის დეფორმაციების კორექციისა და ცხვირით სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნების მიზნით პაციენტს ღია წესით ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია, ცხვირის ძგიდისა და სხეულის დეფორმაციების კორექცია, ქვემო ნიჟარების ლატეროპოზიცია, ცხვირის სავალების ტამპონადა და თაბაშირის ლონგეტით ცხვირის იმობილიზაცია.

2. 2017 წლის 20 აპრილს, სს „ჩ.კ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი, კლინიკა, სამედიცინო დაწესებულება) მოსარჩელეს განმეორებითი რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია) ჩაუტარდა.

წინასაოპერაციო ეპიკრიზის თანახმად, კლინიკური დიაგნოზი იყო ცხვირის სხეულისა და წვერის პოსტოპერაციული ჰიპერტროფიული ნაწიბუროვანი დეფორმაცია. ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაში მიეთითა, რომ ცხვირით სუნთქვის შენარჩუნებისა და ცხვირის დეფორმაციის კორექციის მიზნით პაციენტს (სეპტორინოტურბინოპლასტიკა DHSE 44) ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით, ღია წესით ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროება.

ოპერაციული მკურნალობის მიზანსა და ამოცანებში შემდეგია აღნიშნული: ცხვირით სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება და ცხვირის ფორმის კორექცია, რისთვისაც საჭიროა ღია წესით ძგიდის დეფორმაციის კორექცია, შუამდებარე პოზიციაში მისი დაყენება და ფიქსაცია, ცხვირის ძვლოვან ხრტილოვანი სხეულისა და წვერის ფორმის კორექცია.

გაწერის ეპიკრიზის შესაბამისად, პაციენტს ჩაუტარდა: ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით ცხვირის ძგიდისა და სხეულის გეგმიური ოპერაცია (სეპტორინოპლასტიკა DHSE 44), ღია წესით პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი შემაერთებელი ქსოვილის ამოკვეთა, ცხვირის წვერის განმეორებითი კორექცია, ცხვირის სავალების ტამპონადა და თაბაშირის ლონგეტით ცხვირის იმობილიზაცია, ცხვირით სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნების და ცხვირის დეფორმაციის კორექციის მიზნით; ოპერაციის შემდგომი ერთდღიანი სტაციონარული მკურნალობა.

3. მეორადი რინოპლასტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა და პაციენტს გართულებები განუვითარდა.

მოსარჩელის ამჟამინდელი დიაგნოზია: ცხვირის პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი დეფორმაცია, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირის მარცხენა ფრთის გარეგანი ნაწიბურებით. აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება მარჯვენა სასუნთქი გზების პოსტოპერაციული შევიწროების გამო.

პაციენტის მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს დამატებით ოპერაციულ ჩარევას (შესაძლოა, არაერთს).

4. კლინიკის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ კლინიკას 11:45 საათზე მიმართა. ოპერაცია იმავე დღეს 13:00 საათზე დაიწყო, 12:45 საათზე გაუტკივარება მოხდა, ოპერაციისათვის მომზადება 12:20 საათზე ფეხებზე ელასტიური ბინტის დახვევით დაიწყო.

ოპერაციის დაწყებამდე პაციენტმა კლინიკაში ხელი მოაწერა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას, ოპერაციაზე პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას (8 გვერდი), პაციენტის წინასაოპერაციო კითხვარი შეავსო და გაუტკივარებაზე ინფორმირებულ თანხმობასაც დაეთანხმა (12:00 სთ-ზე).

5. პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიხედვით, კლინიკამ პაციენტი გააფრთხილა, რომ პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი პროცესის განვითარებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ცხვირის დეფორმაცია, ასიმეტრია და სუნთქვის გართულება, ცხვირის ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს ან სრულად არ აღდგეს, რამაც შეიძლება დამატებითი კონსერვატიული ან ოპერაციული მკურნალობა მოითხოვოს, შეიძლება დარჩეს გარკვეული ასიმეტრია, ასევე, რთულ შემთხვევებში პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული დეფორმაცია, უნაგირა და მოკლე ცხვირი და სხვა, ცხვირის ფორმის აღდგენა ყურის ნიჟარიდან ან ნეკნიდან საკუთარი ხრტილების გადანერგვას მოითხოვს.

6. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ დასკვნის თანახმად, სამედიცინო ლიტერატურით და პრაქტიკით საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლასტიკური ქირურგიული ოპერაციიდან გამომდინარე 100%-იანი შედეგის პროგნოზირება ან გარანტირება შეუძლებელია.

პოსტოპერაციული შედეგების გაუარესების და გართულებების არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა სქელი კანი, რასაც მოსარჩელის შემთხვევაში აქვს ადგილი (პაციენტი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო სათანადო საბუთზე ხელმოწერით). სქელი კანი თავისი სისქის და დაბალი ელასტიურობის გამო, ცხვირის ძვალ-ხრტილოვან კარკასზე ხშირად თხლად არ ვუალირდება, რაც ართულებს ცხვირის საჭირო ფორმის მიღებას. ასევე სქელი კანის შემთხვევაში ხშირად ვითარდება პოსტოპერაციული გართულებები გამოხატული კანქვეშ ფიბროზული ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბებით, სუნთქვის გაძნელებით და სხვა. აღსანიშნავია, რომ პოსტოპერაციული მოსალოდნელი გართულებების ალბათობა უფრო მატულობს განმეორებითი ოპერაციული ჩარევებისას რეტრავმატიზაციის ფაქტორის გამო.

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში 2017 წლის 20 აპრილს ოპერაციის პროტოკოლით აღწერილი ოპერაციული ტექნიკა სრულად შეესაბამება თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის მეორადი რინოპლასტიკის პრინციპებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოსარჩელის მეორე ოპერაციის მსვლელობაში გადაღებული ფოტოსურათებითაც დასტურდება.

ამდენად, პაციენტის ამჟამად არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემატიკა, რაც განმეორებით ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს, განპირობებულია არა ტექნიკური წუნით, არაჯეროვნად ჩატარებული ოპერაციით, არამედ, სქელი კანის ფაქტორით გამოწვეული მოსალოდნელი პოსტოპერაციული გართულებებით.

მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელის მიმართ გამოტანილი დიაგნოზი სწორია და პაციენტის ობიექტურ და კლინიკურ მონაცემებთან შესაბამისია. კლინიკაში მოსარჩელის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარება (წინასაოპერაციო მომზადება, თვით ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი ამბოლატორიული კონსერვატული მკურნალობა) სრულფასოვნად და ადეკვატურადაა ჩატარებული და თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ნორმებთან შესაბამისობაშია.

7. სასამართლოს ინიციატივით დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 5 მარტის დასკვნის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს ექსპერტებმა შემდეგი პასუხები გასცეს:

- კლინიკაში მოსარჩელეს დიაგნოზი (ცხვირის სხეულისა და წვერის პოსტოპერაციული ჰიპერტროფიული ნაწიბუროვანი დეფორმაცია M95.0 191.0.) სწორად დაესვა;

- პლასტიკურ ქირურგიაში თანამედროვე მიდგომებით განმეორებითი რინოპლასტიკის წარმოების სტანდარტები სადავოა. შესაბამისად, მეორადი რინოპლასტიკის წარმოების ხერხის შერჩევა ქირურგის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებულია. კონკრეტულად, მოსარჩელის განმეორებითი ოპერაციის შემთხვევაში, ქირურგის მიერ გამოყენებული ტექნიკური საშუალებები ზოგადად დაშვებულია.

- პაციენტის ამჟამინდელი დიაგნოზია: ცხვირის პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი დეფორმაცია, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირის მარცხენა ფრთის გარეგანი ნაწიბურებით. აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება მარჯვენა სასუნთქი გზების პოსტოპერაციული შევიწროების გამო. ამჟამინდელი ვიზუალური დეფექტი და სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია მეორადი რინოპლასტიკის პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებულ გართულებებთან.

- თუ რა მიზეზითაა გამოწვეული მოსარჩელის ამჟამინდელი მდგომარეობა, აღნიშნულ შეკითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან საქმეში არ არსებობს ოპერაციის ვიდეოჩანაწერი.

- არის თუ არა გამოწვეული პოსტოპერაციული პრობლემები არასათანადო სამედიცინო მომსახურებით? - შეკითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არსებულ საქმეში არ არსებობს ოპერაციის ვიდეოჩანაწერი. სავარაუდოდ, პოსტოპერაციული გართულებები გამოწვეული იყო ცხვირის რბილ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით.

- პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსწორება რთულია, თუმცა შესაძლებელი, მოიცავს რამოდენიმე ქირურგიულ ჩარევას, სავარაუდოდ ორი წლის პერიოდში. მოსალოდნელია საერთაშორისო სტანდარტებით აღრიცხული გართულებები.

8. შპს „ე–ის“ - გ.გ–ას კლინიკის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100ა-ს მიხედვით, კლინიკაში მიმართვისას მოსარჩელის დიაგნოზი იყო და არის ცხვირის ძგიდის გამრუდება J34.2, ცხვირის გარეგანი დეფორმაცია J34, ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული სინექციები.

მოკლე ანამნეზი ასეთია: უჩივის სუნთქვის გაძნელებას, პერიოდულ თავის ტკივილს, უკმაყოფილოა ცხვირის ფორმით. ცხვირის ღრუს ენდოსკოპიით გამოვლინდა შემდეგი: ძგიდის მარჯვენა მხარეს, შუა მესამედში გამოხატულია პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი შეხორცებები (სინექციები), რომელიც თითქმის სრულად კეტავს ცხვირის საერთო გასასვლელს და არ იძლევა ენდოსკოპიის წინსვლის საშუალებას. ქვედა ნიჟარები გაგანიერებულია, არასათანადოდ იკუმშება ადრენალინის აპლიკაციით.

რეკომენდაციებში მითითებულია, რომ პაციენტს ესაჭიროება განმეორებითი ჩარევა, ცხვირის ჰაერსავალი გზების აღდგენითი ოპერაცია-პოსტოპერაციული ნაწიბურების რადიოტალღური დესტრუქცია, ქვედა ნიჟარების ლორწქვეშა რადიოტალღური ვაზოტომია კონჰოპექსიით. DHSA32 ცხვირის რეკონსტრუქცია DHSG10. ცხვირის ფორმის გაუმჯობესების მიზნით ცხვირის ფრთის პოსთოპერაციული დეფორმაციის გასასწორებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა, საჭირო გახდეს ხრტილის ყურიდან ან ნეკნიდან გადანერგვა.

9. მოსარჩელე მსახიობია. გარეგნობის შეცვლამ მისი რამდენიმე როლიდან მოხსნა გამოიწვია, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა. როლებიდან მოხსნის გამო, მან დაკარგა შემოსავალი - 18 800 ლარი.

10. კლინიკის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯის (15 000 ევრო), მიუღებელი შემოსავლისა (18 800 ლარი) და მორალური ზიანის (50 000 ლარი) ანაზღაურება მოითხოვა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ კლინიკას 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში ა.უ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელის არც თავდაპირველი და არც მოგვიანებით წარდგენილი დაზუსტებული სარჩელები არ შეიცავდა მითითებას მოპასუხის მხრიდან დაშვებულ სამკურნალო ხასიათის შეცდომაზე, სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევაზე, რამაც დამდგარი უარყოფითი შედეგი გამოიწვია. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მხრიდან მცდარი სამედიცინო ქმედება პრეზუმირებული ფაქტია, ვინაიდან სახეზეა ზიანი - ცხვირის და ზოგადად სახის წარუშლელი დეფექტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექიმს (კლინიკას) ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანამდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა (შდრ. იხ. სუსგ №1268-1526-09, 25.05.2010).

მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ მოპასუხე კლინიკამ ექიმის ქმედებაში ბრალის არარსებობაზე მიუთითა, რის დასტურადაც პაციენტის მიმართ კლინიკაში გაწეული სამედიცინო დახმარების თაობაზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.

აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელის მიმართ გამოტანილი დიაგნოზი სწორია და პაციენტის ობიექტურ და კლინიკურ მონაცემებთან შესაბამისია. კლინიკაში მოსარჩელის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარება (წინასაოპერაციო მომზადება, თვით ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი ამბულატორიული კონსერვატული მკურნალობა) სრულფასოვნად და ადეკვატურად ჩატარდა და თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ნორმებთან შესაბამისობაშია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტთა განმარტებების ერთობლიობაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 105-ე მუხლის სტანდარტით შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოპერაციისას ექიმის მხრიდან „მცდარი სამედიცინო ქმედება“ არ დასტურდებოდა, რაც მოპასუხე კლინიკის მიმართ მატერიალური ზიანის - სამომავლო ოპერაციის ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს გამორიცხავდა.

13.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო შეცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც არსებობდა კლინიკისთვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი, რადგან ინფორმირებულ თანხმობაზე მოსარჩელემ ხელი ისეთ პირობებში მოაწერა, როდესაც მას საშუალება არ ჰქონდა, მასში ასახული ინფორმაცია სათანადოდ შეესწავლა და სამედიცინო ჩარევაზე გააზრებული თანხმობა განეცხადებინა, მათ შორის, შესაძლო გართულებების რისკი გაეცნობიერებინა.

მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თანხმობაზე ხელი ოპერაციამდე 35 წუთით ადრე მოაწერა და მანამდე მისთვის თანხმობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არავის არ მიუწოდებია, საქმეზე წარდგენილი სხვა საპირწონე მტკიცებულებებით არ გაქარწყლებულა.

აღნიშნული მოქმედება კი, არასტაბილურ ფსიქოემოციურ ფონზე დოკუმენტზე ხელის მოწერად შეიძლება შეფასებულიყო, მაშინ როდესაც მოსარჩელე ოპერაციისთვის ემზადებოდა და მისი გონივრული განსჯის შესაძლებლობა ჩვეულებრივ არასტრესულ მდგომარეობაში მყოფი პირის გონივრული განსჯის სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

რაც შეეხებოდა მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე ოპერაციას მეორედ იტარებდა, ყველა საჭირო ინფორმაცია მას მოძიებული და გააზრებული უნდა ჰქონოდა, სააპელაციო სასამართლომ ეს მოსაზრებაც არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ, თუკი კლინიკა ასეთ ალბათობას დაეყრდნობოდა, მაშინ ინფორმირებული თანხმობის როლი გაურკვეველი ხდებოდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 413-ე მუხლის ფართო განმარტებით, პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარად დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ, №ას-645-2019, 26.07.2019). ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხე კლინიკისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

რაც შეეხებოდა მორალური ზიანის ოდენობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე იმსჯელა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს.

შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ: Nას-866-816-2015, 12.02.2016; Nას-594-562-2015, 6.11.2015; Nას-797-940-2015, 10.09.2015; Nას-95-90-2013, 14.06.2013).

კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისთვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 20 000 ლარი - გონივრული და სამართლიანი იყო.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარმოადგინა.

14.1. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, შემდეგი დასაბუთებით მოითხოვს:

- სსკ-ის 1007-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. პროფესიით მსახიობ მოსარჩელეს სასამართლომ იმ გარემოების გამორკვევა დაავალა, თუ რა სამედიცინო შეცდომა დაუშვა მოპასუხემ, რაც ამ მუხლის დანაწესს ეწინააღმდეგება.

- იმის გათვალისწინებით, რომ საქმე სახეზე არსებულ დაზიანებას შეეხება, ხოლო ვიზუალური მხარე მოსარჩელისთვის (როგორც მსახიობისთვის) მნიშვნელოვანია, მორალური ზიანის ოდენობა სხვა შემთხვევებთან მიმართებით დიდი უნდა იყოს.

14.2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოპასუხე იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ ინფორმირებული თანხმობის არარსებობის ფაქტი სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა, კერძოდ, ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია პაციენტს ხელმოსაწერად კონსულტაციებისა და გამოკვლევების შემდეგ ეძლევა. გარდა ამისა, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრისა და 30 დეკემბრის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 14 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მიერ განსახილველ საკითხი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, მატერიალური ზიანის, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.

18. ზემომითითებული პირველი და მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, რაც იმ მოსაზრებით დაასაბუთა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტთა განმარტებების ერთობლიობაში, სსსკ-ის 105-ე მუხლის (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები; მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) შეფასების საფუძველზე, ექიმის მხრიდან „მცდარი სამედიცინო ქმედება“ არ დადასტურდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე კლინიკის მიმართ მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლოც იზიარებს და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგს დასძენს:

18.1. მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძვლები სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 1007-ე (სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებშია წარმოდგენილი. აქვე საგულისხმოა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი შინაარსი, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, „მცდარი სამედიცინო ქმედება“ გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

18.2. მკურნალობის დროს ექიმის შეცდომით მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა სხვა დელიქტურ ვალდებულებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა). არის თუ არა ზიანი მიყენებული პაციენტის ჯანმრთელობისათვის და ამავდროულად, უნდა განისაზღვროს მიყენებული ზიანის ხარისხი; ბ). დგინდება თუ არა პირდაპირი ან ირიბი მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; გ). დასტურდება თუ არა ექიმის ან/და სამკურნალო დაწესებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედება; დ). დასტურდება თუ არა ექიმის ან/და სამკურნალო დაწესებულების ბრალი.

გარდა ამისა, ნორმის შემადგენლობის თითოეული ნიშნის სპეციფიკა სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. პაციენტს ეკისრება როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და დასაბუთების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ მიიჩნევა დადგენილად (იხ.: გაგუა ილონა, „მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში“ , 2013 წელი, გვ: 86).

18.3. სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დავებზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩამოაყალიბა არაერთი განმარტება, რომელთა ნაწილი გასაჩივრებულ განჩინებაშიცაა წარმოდგენილი.

საკასაციო პალატის განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგ შინაარსისაა:

მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით არის გამოწვეული, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ის გარემოება, რომ ზიანი სამედიცინო პერსონალის ქმედებამ გამოიწვია, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა ჩატარებული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ №260-244-11, 27.06.2011).

აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას.

თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას ეფუძნება. მოთხოვნის წარმომშობ ფაქტთან დაკავშირებით მითითების ტვირთი პაციენტს/ მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №111-111-2018, 11.05.2018).

ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის (იხ. სუსგ: №ას-1163-1092-2012, 25.12.2013; №ას-874-1146-05, 14.09.2005).

18.4. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხისთვის მატერიალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის საპირისპიროდ მოპასუხემ სასამართლოს მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაუსაბუთა ექიმის ბრალის არარსებობა, კერძოდ, ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელის მიმართ გამოტანილი დიაგნოზი სწორია და პაციენტის ობიექტურ და კლინიკურ მონაცემებთან შესაბამისია.

კლინიკაში პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარება (წინასაოპერაციო მომზადება, თვით ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი ამბულატორიული კონსერვატული მკურნალობა) სრულფასოვნად და ადეკვატურად არის ჩატარებული და თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ნორმებთან შესაბამისობაშია.

ხსენებული დასკვნითვე დგინდება, რომ პოსტოპერაციული შედეგების გაუარესების და გართულებების არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა სქელი კანი, რასაც მოსარჩელის შემთხვევაში აქვს ადგილი. ამდენად, მოცემულ ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია.

19. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მართებულად ჩაითვალა წარმატებულად.

19.1. ზემომითითებული საკითხის განხილვისას, საყურადღებოა შემდეგი ძირითადი გარემოებები:

2017 წლის 20 აპრილს, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელეს განმეორებითი რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია) ჩაუტარდა.

წინასაოპერაციო ეპიკრიზის თანახმად, კლინიკური დიაგნოზი იყო ცხვირის სხეულისა და წვერის პოსტოპერაციული ჰიპერტროფიული ნაწიბუროვანი დეფორმაცია. ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაში მიეთითა, რომ ცხვირით სუნთქვის შენარჩუნებისა და ცხვირის დეფორმაციის კორექციის მიზნით პაციენტს (სეპტორინოტურბინოპლასტიკა DHSE 44) ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით, ღია წესით ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროება.

ოპერაციული მკურნალობის მიზანსა და ამოცანებში აღნიშნულია შემდეგი: ცხვირით სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება და ცხვირის ფორმის კორექცია, რისთვისაც საჭიროა ღია წესით ძგიდის დეფორმაციის კორექცია, შუამდებარე პოზიციაში მისი დაყენება და ფიქსაცია, ცხვირის ძვლოვან ხრტილოვანი სხეულისა და წვერის ფორმის კორექცია.

გაწერის ეპიკრიზის შესაბამისად, პაციენტს ჩაუტარდა: ზოგადი ენდოტრაქეალური ნარკოზით ცხვირის ძგიდისა და სხეულის გეგმიური ოპერაცია (სეპტორინოპლასტიკა DHSE 44), ღია წესით პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი შემაერთებელი ქსოვილის ამოკვეთა, ცხვირის წვერის განმეორებითი კორექცია, ცხვირის სავალების ტამპონადა და თაბაშირის ლონგეტით ცხვირის იმობილიზაცია, ცხვირით სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნების და ცხვირის დეფორმაციის კორექციის მიზნით; ოპერაციის შემდგომი ერთდღიანი სტაციონარული მკურნალობა.

მეორადი რინოპლასტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა და პაციენტს გართულებები განუვითარდა. მოსარჩელის ამჟამინდელი დიაგნოზია: ცხვირის პოსტოპერაციული ნაწიბუროვანი დეფორმაცია, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირის მარცხენა ფრთის გარეგანი ნაწიბურები. აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება მარჯვენა სასუნთქი გზების პოსტოპერაციული შევიწროების გამო. პაციენტის მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ მოითხოვს დამატებით ოპერაციულ ჩარევას (შესაძლოა, არაერთს).

კლინიკის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ კლინიკას 11:45 საათზე მიმართა. ოპერაცია იმავე დღეს 13:00 საათზე დაიწყო, 12:45 საათზე განხორციელდა პაციენტის გაუტკივარება, ოპერაციისათვის მომზადება 12:20 საათზე ფეხებზე ელასტიური ბინტის დახვევით დაიწყო.

ოპერაციის დაწყებამდე პაციენტმა კლინიკაში ხელი მოაწერა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას, ოპერაციაზე პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას (8 გვერდი), მხარემ პაციენტის წინასაოპერაციო კითხვარი შეავსო და გაუტკივარებაზე ინფორმირებულ თანხმობას ხელი მოაწერა (12:00 სთ-ზე).

დასახელებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, შესაბამისად, სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) გამომდინარე, ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

19.2. ასევე, საგულისხმოა, კანონის შემდეგი ნორმების დანაწესი:

სსკ-ის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 19.1 მუხლის შესაბამისად, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ („გ“ ქვეპუნქტი), ასევე, დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის თაობაზე („ზ“ ქვეპუნქტი).

ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

19.3. განსახილველ შემთხვევაში, იმ საკითხის განსასაზღვრად, პაციენტის ინფორმირების კუთხით რამდენად შეასრულა კლინიკამ მასზე დაკისრებული ვალდებულება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა მნიშვნელოვნად არა მხოლოდ ხელმოწერილი წერილობითი თანხმობის არსებობა და თანხმობის ტექსტის შინაარსი, არამედ, იმის გარკვევაც, რამდენად ამომწურავად მიეწოდა ინფორმაცია პაციენტს მისთვის გასაგები ფორმით; შესაბამისად, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს, ამ ინფორმაციის სწორად გააზრებისა და შეფასების შესაძლებლობა, ასევე, ხომ არ არსებობს ნების გამოვლენის ნამდვილობის გამომრიცხავი რაიმე სხვა გარემოება (იხ.: გაგუა ილონა, ბიჭია მიხეილ, „პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გაცემის ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე გამოწვევები პრაქტიკაში“, თსუ-ს „სამართლის ჟურნალი“, #1, 2024, გვ: 35).

ამრიგად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხილვისას, მოცემულ შემთხვევაში საკვანძო საკითხია, სათანადო ხასიათით და ფორმით პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არსებობის გამორკვევა.

დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე მტკიცების ტვირთი კლინიკას ეკისრება. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების სრულყოფილად შესრულების დასადასტურებლად.

ადამიანის/პაციენტის თვითგამორკვევის უფლებიდან გამომდინარე კლინიკა ვალდებულია პაციენტს აცნობოს ყველა იმ არსებითი ფაქტის შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელის თანხმობის მისაღებად არის აუცილებელი, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ პაციენტს შეუძლია გადაწყვიტოს, ჩარევას დაექვემდებაროს თუ არა და ამაზე თანხმობის გაცემა სურს თუ არა (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019).

ინფორმირებული თანხმობის ერთ-ერთი კომპონენტია გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ესაა პაციენტის შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ვიდრე ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ დადასტურდება. როცა პაციენტს არ შეუძლია სამედიცინო ჩარევის ხასიათისა და მისი გვერდითი მოვლენების გაცნობიერება, მას რჩება მხოლოდ ერთი გზა, დასთანხმდეს სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას. ეს თავის თავში მოიაზრებს იძულებას და არღვევს ინფორმირებული თანხმობის ნებაყოფლობით გაცემის პრინციპსაც, რაც დაუშვებელია (იხ. ბიჭია მიხეილ, ინფორმირებული თანხმობის გაცემის ოქროს წესები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სტატიათა კრებულში: „ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“, რედ. კორკელია კ., თბ., 2022, 183-184).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმეზე VC სლოვაკეთის წინააღმდეგ (VC v. Slovakia), სადაც სასამართლომ პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა, მითითებულია, რომ სამედიცინო ჩარევა მომჩივანის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩატარდა. სხვაგვარად რომ ითქვას, პაციენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამედიცინო ჩარევის ხასიათი და მისი გვერდითი მოვლენები გაეცნობიერებინა, ფაქტობრივად მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებაზე დათანხმებისა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან საყურადღებოა საქმე (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019), სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ კლინიკამ წარმოადგინა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტი, რომელიც, მათი მოსაზრებით, ამომწურავად ასახავდა მკურნალობის მიმდინარეობასა და შესაძლო რისკებს, თუმცა ეს დოკუმენტი სადავო სამედიცინო მანიპულაციას არ არეგულირებდა. სასამართლომ გაიზიარა პაციენტის მოსაზრება, რომ თანხმობაზე ხელი ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერა და აქედან გამომდინარე მას დეტალური ინფორმაცია არ მიეწოდა. სასამართლოს შეფასებით, პაციენტმა დოკუმენტს ხელი არასტაბილურ ფსიქოემოციურ ფონზე მოაწერა, ანუ მაშინ, როდესაც ოპერაციისთვის ემზადებოდა და მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ჩვეულებრივ არასტრესულ მდგომარეობაში მყოფი პირის გონივრული განსჯის სტანდარტს (სამედიცინო დახმარების ხელშეკრულების დადება, პაციენტის მიერ თანხმობის ხელმოწერა და ქირურგიული ოპერაცია განხორციელდა ერთ დღეს). აღნიშნულ საქმეზე სამედიცინო შეცდომის ნაწილში მტკიცების ტვირთი პაციენტმა ვერ დაძლია, თუმცა მორალური ზიანის მოთხოვნა სსკ-ის 413-ე მუხლის ფარგლებში პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის დარღვევის გამო დაკმაყოფილდა (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019).

19.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ინფორმირებულ თანხმობაზე ხელი ისეთ პირობებში მოაწერა, როდესაც რეალურად საშუალება არ ჰქონდა, მასში ასახული ინფორმაცია სათანადოდ შეესწავლა და სამედიცინო ჩარევაზე გააზრებული თანხმობა განეცხადებინა, მათ შორის, შესაძლო გართულებების რისკი გაეცნობიერებინა.

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იმ გარემობაზე მითითება, რომ ოპერაციის ჩატარების თანხმობაზე ხელი მანიპულაციამდე 35 წუთით ადრე მოაწერა და მანამდე მისთვის თანხმობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არავის არ მიუწოდებია (რაც მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია), სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად შეაფასა, არასტაბილური ფსიქოემოციური ფონის პირობებში უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე ხელის მოწერად; რადგან ხელმოწერა იმ დროს შესრულდა, როდესაც მოსარჩელე ოპერაციისთვის ემზადებოდა და მისი გონივრული განსჯის შესაძლებლობა ჩვეულებრივ არასტრესულ მდგომარეობაში მყოფი პირის გონივრული განსჯის სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

ზემომითითებული მოსაზრების უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ ხარისხობრივად ვარგის არგუმენტად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე ოპერაციას მეორედ იტარებდა, ყველა საჭირო ინფორმაცია მას მოძიებული და გააზრებული უნდა ჰქონოდა, რამდენადაც, ასეთი ალბათობის თუ ვარაუდის დაშვების პირობებში, ინფორმირებული თანხმობის როლი საერთოდ გაურკვეველი ხდებოდა.

19.5. მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლებში, საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ:

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია“. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება.

სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ.,სუსგ №ას-979-940-2014, 10 .09.2015).

სსკ-ის 413-ე მუხლის ფართო განმარტებით, პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარად დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019).

ვინაიდან სამედიცინო დელიქტის შემთხვევაში, დაზიანებული სიკეთეა პაციენტის სხეული ან ჯანმრთელობა, დაზარალებულს წარმოეშობა მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობების არსებობისას, როგორიცაა, ვთქვათ დაზარალებულის ხანგრძლივი დისკომფორტის, ფსიქიკური ტანჯვის არსებობა და სხვა (იხ. გაგუა ი. „მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“, სტატიათა კრებულში: „მართლმსაჯულება და კანონი“, №4(72) თბ., 2021, 79).

ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, უდავოდ არსებობს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე კლინიკისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

20. საკასაიო პალატის თვალსაზრისით, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი:

- ცხადია, შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამიტომ მორალური ზიანის კომპენსირების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის დადგენისას, გასათვალისწინებელია კომპენსირების მიზანი, რაც მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევაა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო უშუალოდ შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით განსაზღვრავს ანაზღაურების მოცულობას, გონივრული და სამართლიანი ოდენობით (იხ. გაგუა ილონა, „მტკიცების ტვირთი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას“, სტატიათა კრებულში: „მართლმსაჯულება და კანონი“, №4(72) თბ., 2021, 74, 79).

- საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არაქონებრივი ზიანის მოცულობის დადგენისას ხელმძღვანელობენ გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით, ასევე, ითვალისწინებენ დაზარალებულის მიერ განცდილ სულიერ ანდა ფიზიკურ ტანჯვასა და ზიანის მიმყენებლის ბრალს, როცა ზიანის ანაზღაურება ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019).

- მოსარჩელე მსახიობია, რომლის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით წარმატებული კარიერისთვის ვიზუალურ მხარეს ერთ ერთი მთავარი მნიშვნელობა ენიჭება. გარეგნობის შეცვლამ მისი რამდენიმე როლიდან მოხსნა გამოიწვია, რითაც მოსარჩელემ ქონებრივი დანაკარგი განიცადა, უფრო კონკრეტულად, როლებიდან მოხსნის გამო, მან დაკარგა შემოსავალი - 18 800 ლარი.

- სასამართლოს ინიციატივით დანიშნული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 5 მარტის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსწორება რთულია, თუმცა შესაძლებელი; საჭიროა რამოდენიმე ქირურგიული ჩარევა, სავარაუდოდ ორი წლის პერიოდში, მოსალოდნელია საერთაშორისო სტანდარტებით აღრიცხული გართულებები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით კი მოსარჩელის საქმიანობის სფეროს და მისი ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც კვლავ საჭიროებს გარკვეულ სამედიცინო ჩარევას მორალური ზიანის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს 40 000 ლარით.

21. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე და 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის და კასატორის მიერე გაწეული ქსპერტიზის ხარჯის - 177 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ჩ.კ–ის’’ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა.უ–იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;

4. სს ,,ჩ.კ–ას’’ ა.უ–იას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის, 40 000 ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. სს ,,ჩ.კ–ას’’ ა.უ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის - 177 ლარის ანაზღაურება;

7. სს ,,ჩ.კ–ას’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის გადახდა;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე