Facebook Twitter

ბს-1108-1060(კ-07) 4 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ჭ.-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 24 ნოემბერს ო. ჭ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჩხერის რაიონის გამგეობის მიმართ, ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთდროულად 7062 ლარის, ხოლო 2004 წლიდან ყოველთვიურად 36 ლარის გადახდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე საჩხერის რაიონის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ჭ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 3144 ლარი, ხოლო 2004 წლის 1 დეკემბრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე, ყოველთვიურად 36 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

2007 წლის 10 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რაც მითითებული გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით. ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა” უნდა უზრუნველყოს ,,საქნახშირის დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის ფონდის მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო, დამატებით უნდა გაიცეს ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს – ექვსი თვის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდა 2007 წლის 1 მარტიდან და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული, ხოლო 2007 წლის 15 მაისის განჩინებით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხისათვის 2007 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს გადასახდელად დაკისრების ნაწილში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის განჩინებით, ო. ჭ.-ის განცხადების საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ჭ.-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ვადის 2007 წლის 1 მარტის შემდეგ გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ო. ჭ.-ს 2007 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან მიეცა ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს (თვეში 36 ლარი) 6 თვის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ხოლო სასარჩელო განცხადება სხვა ნაწილშიD არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე).

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 24 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო ¹53 დადგენილება ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”, ამ დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემები შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებს უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოში. ამასთან, ორგანიზაცია, სადაც ო. ჭ.-ე მუშაობდა, ლიკვიდირებულია და მისი სამართალმემკვიდრე არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განჩინებით საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი.

სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმა, ამასთან, არსებობდა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტში მითითებული ,,სხვა ორგანოს დადგენილება” არ გულისხმობს ნორმატიულ აქტებს, რომლებიც პირთა განუსაზღვრელ წრეს შეეხება და რომლებიც ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს. უდავოა, რომ კანონის ეს დანაწესი არ გულისხმობს პრეზიდენტის ბრძანებულებებს და მთავრობის დადგენილებებს. აღნიშნული სახის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ შეიძლება იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემობა, ისევე როგორც ახალი კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა სამართლებრივი ურთიერთობა და ძალადაკარგულად გამოაცხადა ძველი კანონი, ვერ გამოიწვევს ძველი კანონის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვას. Aახალმა კანონმა შესაძლოა, მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში იქონიოს გავლენა პირის იმ მდგომარეობაზე, რომელიც ძველი კანონით სხვაგვარად იყო მოწესრიგებული. (უკუქცევითი ძალა), მხოლოდ არა საუარესოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2007 წლის 15 მაისის განჩინება უკანონოა და მართალია, იგი მხარეების მიერ არ არის გასაჩივრებული, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით, იგი, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინება, შეიძლება გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ამასთან, სააპელაციო სასამართლო ყურაღდღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 15 მაისის განჩინებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის ¹3/2 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება ო. ჭ.-ს გადაუხადოს ყოველთვიური სარჩო 2007 წლის 1 მარტიდან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ შინაარსს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება ¹3/2 არ შეიცავს. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ ხელახლა განიხილება იგივე (თავდაპირველი) სასარჩელო მოთხოვნა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა 2007 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმში არ არის ასახული. სხდომის ოქმიდან არ ირკვევა, შეცვალა თუ არა მოსარჩელე ო. ჭ.-მ სარჩელის თავდაპირეველი მოთხოვნა, რაც შესაძლოა, განხორციელებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, რაც სასამართლო სხდომის ოქმიდან არ ირკვევა.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

Kკასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ო. ჭ.-ს უნდა მიეღო 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარჩო 2004 წლის 1 დეკემბრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ო. ჭ.-ე ამ სარჩოს მიიღებდა 2004 წლიდან გაურკვეველი ვადით. მაშასადამე, გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა ო. ჭ.-ის მიერ აღნიშნული სარჩოს 2007 წლის 1 მარტის შემდეგ მიღების შესაძლებლობაც. ეს კი ნიშნავს, რომ 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება 2007 წლის 1 მარტიდან სარჩოს ანაზღაურების დათქმას შეიცავდა.

სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს არ უნდა განეახლებინა საქმისწარმოება, ვინაიდან მან არასწორად მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულება (რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება) და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რაც, კასატორის განმარტებით, ძველი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთი საფუძველი იყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტი პირდაპირ მუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ორგანო ან დაწესებულება, რომელიც კანონის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ესე იგი საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ზემოხსენებული ნორმა გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებსაც.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის ერთპიროვნულად განხილვა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. Aგანსახილველი დავა არ განეკუთვნება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს, რა შემთხვევაშიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 35-ე მუხლებზე დაყრდნობით მოსამართლე უფლებამოსილი იქნებოდა ერთპიროვნულად განეხილა საქმე. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მიხედვით ო. ჭ.-ს სარჩოს მიღების შესაძლებლობა წარმოეშვა იმ ზიანის მიყენების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო დამქირავებლის ბრალეული მოქმედებით. შესაბამისად, ეს შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დელიქტურ ვალდებულებას (მუხლი 992 ,,პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”) და საქმეც განხილული უნდა ყოფილიყო კოლეგიურად, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი (სამოქალაქო საქმეების განხილვა სააპელაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რომლითაც იხელმძღვანელა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლო შეფასების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებათა სრულ ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

მითითებული მუხლის I ნაწილის "დ" პუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მითითებული საპროცესო ნორმა "სხვა ორგანოს დადგენილებებში" არ გულისხმობს ნორმატიულ აქტს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ისევე როგორც კანონი არ შეიძლება იქცეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განახლების საფუძვლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნება და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა იქცეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო ცალსახა მითითებას აკეთებს შემდეგზე: საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, სასამართლო მოკლებულია უფლებას, მოახდინოს მითითებული წრის გაფართოება ან შეკვეცა. შესაბამისად, დაუშვებელია, კასატორის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია იქცეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, თვლის, რომ სახეზეა იმ ტიპის პროცესუალური დარღვევა, რაც განაპირობებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

წინამდებარე საქმეში სააპელაციო საჩივრის ავტორად წარმოდგენილია საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო, რომელსაც სადავოდ არ გაუხდია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განჩინება. შესაბამისად, მითითებული განჩინების გაუქმებით, მოხდა სააპელაციო საჩივრის მხარისათვის საუარესოდ შებრუნება, რითაც სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ემყარება მითითებული ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სახეზეა ისეთი პროცესუალური დარღვევა, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.