Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1644 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.თ-ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ლ.თ–ძეები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სამკვიდრო მასიდან ქონების ამორიცხვა, მემკვიდრეობის მიუღებლად აღიარება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.თ-ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მასიდან ქონების ამორიცხვის, მემკვიდრეობის მიუღებლად აღიარების, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე შ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ლ. თ–ების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2003 წლის 12 მარტს გარდაცვლილი კ.თ–ძის სამკვიდრო მასიდან ამოირიცხა ბორჯომში, ...... მდებარე 59,80 კვ.მ, ს.კ-ით #........, უძრავი ქონების 2/3 წილი და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ მოსარჩელეები იქნენ ცნობილი;

ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 11 ივლისის N180823236 სამკვიდრო მოწმობა და მოპასუხე დარჩა ბორჯომში, ........, ს/კ-ით #........., მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/3 ნაწილის -1/3 ნაწილის ანუ მთლიანი ქონების 1/9-ის მესაკუთრედ.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაარღვია სამართლიანი სასამარლოს უფლება, სააპელაციო საჩივარი განიხილა არათანაბარ მდგომარეობაში და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მხარეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის არქივის 2020 წლის 30 ოქტომბრის საარქივო ცნობის თანახმად, ბორჯომში, ...... ბინის 1990-1994 წლებით დათარიღებული მობინადრეთა N281 პირადი ბარათის ჩანაწერებით, კ.ე. ძე თ–ს 50 კვ. მ პრივატიზებული საცხოვრისი უფიქსირდება.

ბარათში ჩაწერილები არიან - თ. კ., მეუღლე - თ. ზ. და შვილი - თ. თ..

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ბორჯომში, ..... (......) ქუჩა N12-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალაში დაცული 1993 წლის 16 ნოემბრის რ.N2512 პრივატიზაციის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი ჩ–ი), ბორჯომში, ...... მდებარე 59.8 კვ.მ, ოროთახიანი ბინა, 14,0 კვ.მ დამხმარე ფართი და 19.6 კვ.მ შუშაბანდი, კ.ე. ძე თ–ს გადაეცა საკუთრებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N539863 წერილი).

4.5. კ. თ. და ზ. ტ–ძე (ქორწინების შემდგომ - თ–) 1956 წლის 8 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

4.6. კ. თ. 2003 წლის 25 მარტს, ხოლო ზ. თ. 2013 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა.

4.7. კ. თ–ს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ, მეუღლე - ზ. თ. და შვილები პირველი მოსარჩელე და თ. თ.

4.7.1. ზ.თ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ შვილები მოპასუხე და თ. თ.

4.8. 2013 წლის 25 სექტემბრის სანოტარო აქტის თანახმად, მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2013 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი ზ.თ–ძის სამკვიდრო ქონება არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი ფლებით არ მიუღია. ამასთან, თანხმობა განაცხადა სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი.

4.9. 2013 წლის 1 ოქტომბერს გაცემული N131037675 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ზ.თ–ძის სამკვიდრო მხოლოდ ერთმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, თ. თ–მ მიიღო.

4.10. 2018 წლის 11 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოპასუხემ როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) კ.თ–ძის სამკვიდრო ქონებიდან მიიღო ½ წილი და ბორჯომში, ....... მდებარე უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედეს აღირიცხა.

4.11. თ. თ. გარდაიცვალა 2017 წლის 20 ნოემბერს.

4.11.1. 2019 წლის 11 ოქტომბრის N191252181 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ. თ–ძის სამკვიდრო ქონების ½ წილი მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა (შვილებმა), მოსარჩელეებმა მიიღეს და სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად ეს უკანასკნელები აღირიცხნენ.

4.12. ბორჯომის რაიონში სოფელ .... მდებარე #..... და #........ უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო ზ. თ., შემდგომში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება თ. თ–ძის საკუთრებად დარეგისტრირდა, რომელმაც უძრავი ქონება შვილებს/მოსარჩელეებს აჩუქა.

4.13. მოპასუხემ საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი მამის გარდაცვალებიდან/2003 წლის 12 მარტიდან, 2-3 დღეში - 2003 წლის 14-15 მარტს გადმოკვეთა (იხ. ავიაბილეთებისა და პასპრტის ასლი), შესაბამისად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მამის დანაშთი ქონება ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო.

4.14. მოპასუხეს დედის დანაშთ ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას იგი სადავო ბინაში არ ცხოვრობდა და მასზე საკუთრების უფლებაც არ წარმოშობია.

5. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილებაზე (საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას; საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან; მოქალაქეების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმებული იყოს სანოტარო წესით) რომლის ანალიზით დგინდება, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობდა მხოლოდ იმ პირთა წრე, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს.

6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბინის პრივატიზაციის დროსთვის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისგან, რომელთა შორის მოპასუხე არ იყო. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილებით მინიჭებული უფლებები კი, ვრცელდებოდა მხოლოდ დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის ყველა წევრზე.

7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა (პრივატიზაციის დროსთვის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისგან, რომელთა შორის არ იყო მოპასუხე) აყალიბებს დასკვნას, რომ მოპასუხეს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია;

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კ. თ., თ. თ. და ზ. თ. წარმოადგენდნენ უძრავი ქონების 1/3-1/3 წილის მესაკუთრეებს, ხოლო მოპასუხემ, როგორც კ.თ–ძის მემკვიდრემ, ამ უკანასკნელის წილიდან ანუ მთლიანი ქონების 1/3-დან მიიიღო 1/3 წილი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ და არა მთლიანი ქონების ½ წილი, რადგან კ. თ–ს თავადაც არ ეკუთვნოდა სრული ქონება და შესაბამისად იგი სრულად ვერც სამკვიდრო მასაში შევიდოდა.

8. დადგენილია, რომ თავდაპირველად გარდაიცვალა კ. თ, რომლის დანაშთი ქონება თანაბრად გადაევათ პირველი რიგის მემკვიდრეებს - მეუღლეს და შვილებს, შესაბამისად, ზ.თ–ძის სამკვიდრო მასაში შევიდა ყველა ის უძრავ - მოძრავი ქონება, რაც ზ.თ–ძის სახელზე იყო და მას ეკუთვნოდა, მათ შორის ბორჯომში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, თავისი 1/3 წილი და მეუღლის - კ.თ–ძის წილიდან 1/3 წილი.

9. დადგენილია, რომ მოპასუხეს დედის დანაშთ ქონებაზე პრეტენზია არ განუცხადებია, რამაც გამოიწვია, რომ დედის დანაშთი ქონებიდან არცერთი ნაწილი მის საკუთრებაში არ/ვერ აღმოჩნდა.

ამდენად, თეიმურაზ თ–მ მიიღო დედის სამკვიდრო სრულად, მათ შორის, ბორჯომში მდებარე ბინის 1/3 წილი და კ.თ–ძის წილიდან 1/3 წილი, რაც გარდაცვალების დროისთვის ზ.თ–ძის წილობრივ მონაცემებში შედიოდა.

თავის მხრივ თ.თ–ძის სკაუთრებაში იყო მთლიანი ქონების 1/3 წილი (პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მამის - კ.თ–ძის სამკვიდროდან 1/3 წილი), შესაბამისად, ზ.თ–ძისა და მისი წილის გაერთიანებით თ.თ–ძის საკუთრებაში გადავიდა ბორჯომში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლის 8/9 ნაწილი.

ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი, მითითებული ქონების იგივე წილობრივი რაოდენობა გადაეცათ მის პირველი რიგის მემკვიდრეების/მოსარჩელეებს, შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში დარჩა მხოლოდ მამის - კ.თ–ძის საკუთრებაში არსებული ქონების 1/3 წილის 1/3 ნაწილი ანუ მთლიანი ქონების 1/9 წილი.

10. სსკ-ის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა -გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე- მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით.

სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ.). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

11. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

12. ზემოხსენებულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოპასუხის/კასატორის საკუთრების უფლება მთლიანი ქონების 1/9 ნაწილზე და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადახდო დავალება #7585, გადახდის თარიღი 29.01.2024), 225 ლარის (საგადახდო დავალება #20876302759, საგადახდო თარიღი 07.03.2024), 270 ლარისა (საგადახდო დავალება #21466867636, გადახდის თარიღი 18.04.2024) და 335.82 ლარის (საგადახდო დავალება #22641712400, გადახდის თარიღი 02.07.2024), ჯამურად - 1330.82 ლარის, 70% - 931.57 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.თ-ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.თ-ჩ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადახდო დავალება #7585, გადახდის თარიღი 29.01.2024), 225 ლარის (საგადახდო დავალება #20876302759, საგადახდო თარიღი 07.03.2024), 270 ლარისა (საგადახდო დავალება #21466867636, გადახდის თარიღი 18.04.2024) და 335.82 ლარის (საგადახდო დავალება #22641712400, გადახდის თარიღი 02.07.2024), ჯამურად - 1330.82 ლარის, 70% - 931.57 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა