Facebook Twitter

30 იანვარი, 2025 წელი,

საქმე №ას-731-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 15 ივლისს, დ.კ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწნააღმდეგე ან მყიდველი) და შპს „მ.დ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, კომპანია, გამყიდველი) შორის მშენებარე უძრავი ნივთის შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები (შემდეგში - წინარე ხელშეკრულებები ან ხელშეკრულებები) დაიდო, რომელთა საფუძველზეც, მოპასუხე ვალდებული იყო, ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებები გაეფორმებინა და, მოსარჩელისთვის, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთები (მდებარე: ქ.თბილისი, ........ ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლი „ბ“ ბლოკი, პირველი სადარბაზო, მეათე სართული, ბინა N62, ფართით 39კვ.მ და ბინა N122, ფართით 39კვ.მ, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთები) გადაეცა.

2. ხელშეკრულებების ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელემ თანხა ნაწილ-ნაწილ გადაუხადა, ჯამურად კომპანიისთვის 9 206 ლარი იქნა გადახდილი.

3. 2020 წლის 13 მაისს, მოსარჩელესა და შპს „მ.დ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) შორის წინარე ხელშეკრულებების შეწყვეტისა და რესტიტუციის პირობების დადგომის თაობაზე შეთანხმება (შემდეგში - შეთანხმება) გაფორმდა, რომლითაც მხარეები ორმხრივ რესტიტუციაზე (გარდა წინარე ხელშეკრულების 6.4 პუნქტისა) შეთანხმდნენ, თუმცა, გამყიდველის მხრიდან მყიდველის მიმართ რესტიტუცია მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდებოდა, როდესაც გამყიდველის (ან/და მყიდველის მიერ ერთობლივად ან დამოუკიდებლად) მიერ გაფორმებული ქონება მესამე პირზე გასხვისდებოდა.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინა პარაგრაფით გათვალისწინებული რესტიტუცია (უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასურის გადახდა) გამყიდველს ერთიანად სრულად ან ეტაპობრივი ანგარიშსწორების მეშვეობით შეეძლო, ეს უკანასკნელი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა პირობებით გაასხვისებდა გამყიდველი (ან/და „მყიდველი“ ერთობლივად ან დამოუკიდებლად) უძრავ ნივთებს მესამე პირზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ნასყიდობის საფასურის დაბრუნება შესაძლებელია განხორციელებულიყო წინა პარაგრაფში ასახული პირობების გარეშე (პირობა: ნასყიდობის საგნის მესამე პირზე გასხვისების შედეგად მიღებული თანხებით „მყიდველის“ დაკმაყოფილება) განაწილვადებით და თანმიმდევრულად.

ამასთან მყიდველისთვის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, მყიდველს დაუბრუნდებოდა მის მიერ შეტანილი თანხა 9 206 ლარის ოდენობით (გარდა მხარეთა შორის გაფორმებული „უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხისა). თანხის ჩარიცხვა მყიდველის საბანკო ანგარიშზე შესრულდებოდა. თუკი აღნიშნული ქონების რეალიზაცია მესამე პირზე სამი თვის ვადაში ვერ განხორციელდებოდა, მაშინ მხარეთა დამატებითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მის მიერ შეტანილ თანხას გამყიდველი მყიდველს N1 დანართით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად დაუბრუნებდა.

4. უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია; საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დღევანდელი მოცემულობითაც მშენებლობა არის შეჩერებული.

5. მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში მყიდველმა სარჩელი შეიტანა, რომელმაც მოითხოვა:

5.1. შეთანხმების იმ პირობის ბათილად ცნობა, რომლითაც, გამყიდველის მხრიდან მყიდველის მიმართ რესტიტუცია მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, როდესაც გამყიდველი (ან/და მყიდველი, ერთობლივად ან, დამოუკიდებლად) წანარე ხელშეკრულების საგნებს მესამე პირზე გაასხვისებენ. ამასთან, თუკი აღნიშნული ქონების მესამე პირზე რეალიზაცია სამი თვის ვადაში ვერ შესრულდებოდა, მაშინ მხარეთა დამატებითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მის მიერ შემოტანილ თანხას, გამყიდველი, მყიდველს, N1 დანართით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად დაუბრუნებდა.

5.2. შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისთვის, გადახდილი 9 206 ლარის დაკისრება.

- მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან წინარე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებას გამყიდველი არ ასრულებდა, კერძოდ, მშენებლობას არ იწყებდა, მყიდველმა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც 2020 წლის 13 მაისს მხარეებმა წინარე ხელშეკრულების შეწყვეტისა და რესტიტუციის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

აღნიშნულის მიუხედავად, რესტიტუციის პირობა არ შესრულდა და მიღებული თანხა მოპასუხემ არ დააბრუნა. რესტიტუციის თაობაზე პირობა, ნებაზე დამოკიდებული პირობაა, ამასთან, არ არის დადგენილი შესრულების კონკრეტული ვადა და, შესაბამისად, ბათილია.

6. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა კოვიდ-პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ განაპირობა. გარდა ამისა, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, მის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ იკვეთებოდა.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება მესამე პირზე არ გასხვისებულა, მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნება მოპასუხემ ვერ შეძლო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

7.1. სარჩელი დაკმაყოფილდა:

7.2. ბათილად იქნა ცნობილი შეთანხმების ის პირობა, რომლითაც, გამყიდველის მხრიდან მყიდველის მიმართ რესტიტუცია მხოლოდ მას შემდეგ დადგებოდა, როდესაც გამყიდველი (ან/და, მყიდველი, ერთობლივად ან, დამოუკიდებლად) წინარე ხელშეკრულებების საგნებს მესამე პირზე გაასხვისებდნენ, ამასთან, თუკი აღნიშნული ქონების მესამე პირზე რეალიზაცია სამი თვის ვადაში ვერ შესრულდებოდა, მაშინ მხარეთა დამატებითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გამყიდველი, მყიდველს მის მიერ შემოტანილ თანხას N1 დანართით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად დაუბრუნებდა.

7.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 9 206 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

8. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

9.1.1. 2020 წლის 13 მაისის შეთანხმებაში მხარეებმა ცალსახად გამოავლინეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების შეწყვეტისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის დაბრუნების ნება, თუმცა, ამ შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვალდებულება, გარიგების მხარის (მოპასუხე) ნებაზეა დამოკიდებული, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 92-ე მუხლის (ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია) შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

პირობადებული გარიგების გამოყენების აკრძალვები, შეიძლება, ზოგჯერ კანონიდან პირდაპირ გამომდინარეობდეს, ხოლო, ზოგჯერ – გარიგების ბუნებისათვის იყოს მიუღებელი. სხვა შემთხვევებში, განმარტების შედეგად უნდა გადაწყდეს, შეიძლება თუ არა პირობითი გარიგებების გამოყენება კონკრეტული ურთიერთობის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო დათქმები: „გამყიდველის მხრიდან მყიდველის

მიმართ რესტიტუცია დადგება, მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც განხორციელდება გამყიდველის მიერ გაფორმებული „უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების“ საგნების გასხვისება მესამე პირზე“... ასევე, „ამასთან თუ აღნიშნული ქონების რეალიზაცია მესამე პირზე ვერ განხორციელდება სამი თვის ვადაში, მაშინ მხარეთა დამატებითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამყიდველი მყიდველს დაუბრუნებს მის მიერ შემოტანილ თანხას N1 დანართით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად“, სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, უცილოდ ბათილია, რადგან, კანონს - სსკ-ის 92-ე მუხლს ეწინააღმდეგება და მისი შინაარსით გარიგების პირობის დადგომა მხოლოდ მხარეზეა დამოკიდებული.

9.1.2. უსაფუძვლო იყო მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, კოვიდ-პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ განაპირობა, ვინაიდან, მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაედასტურებინა, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირში იყო მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- გაუგებარია, თუ რა საფუძვლით მოითხოვს მოსარჩელე შეთანხმების ბათილად ცნობას იმ პირობებში, როდესაც, ხსენებული შეთანხმების სრული ტექსტი მოსარჩელესთან შეთანხმებული იყო, იგი ტექსტს გაეცნო და მასზე ხელიც მოაწერა. მყიდველი აცნობიერებდა, თუ რამხელა პრობლემის წინაშე იდგა მოპასუხე კომპანია და რამდენად რთული იყო მისთვის თანხის უკან დაბრუნება. სწორედ აქედან გამომდინარე დასთანხმდა მყიდველი იმ პირობას, რომ, თანხას, ნასყიდობის საგნის მესამე პირზე რეალიზაციის შემდეგ მიიღებდა. ვინაიდან უძრავი ქონება მესამე პირზე დღემდე ვერ გასხვისდა, მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნება კასატორმა ვერ შეძლო.

- თავდაპირველი ხელშეკრულება მხარეებმა 2019 წლის 15 ივლისს გააფორმეს, საიდანაც მოკლე დროში მთელს მსოფლიოში პანდემია გავრცელდა, რამაც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა, მიმოსვლის შეზღუდვა, ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) აკრძალვა გამოიწვია. შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დროულად დასრულების შესაძლებლობას მოპასუხე მოკლებული იყო. მითითებული გარემოება, ფოსრსმაჟორული გარემოებაა, რამაც მოპასუხის მიერ მშენებლობის დროულად დაწყება და დამთავრება შეუძლებელი გახადა.

- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაპირველი ვალდებულების დარღვევა ფორსმაჟორულმა გარემოებამ განაპირობა, ხოლო, შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, კასატორმა, ნასყიდობის საგნის მესამე პირზე რეალიზაციის განუხორციელებლობის გამო ვერ დააბრუნა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, შეთანხმების ბათილობისა და თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება.

15. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საქმეზე გამოვლენილი გარემოებებია მხედველობაში მისაღები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა.

16. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე, მხარეებმა მიმართეს ორმხრივი რესტიტუციის სამართლებრივ ფორმას. იმ შემთხვევაში, თუკი წინარე ხელშეკრულება ნამდვილია, თუმცა მოვალე მისგან გამომდინარე ვალდებულებას არ ასრულებს, გამოიყენება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის პირობებში მხარის პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები. შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია, მათ შორის, გავიდეს ხელშეკრულებიდან (შდრ: ბაღაშვილი ეკატერინე, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, ვალდებულებითი სამართალის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 327), თუმცა, მხარეებმა რესტიტუციის მოვალის მიერ თანხის დაბრუნება ამ უკანასკნელის მიერ ნასყიდობის საგნის (რომლის მშენებლობის ნებართვაც კი არ არსებობს) გასხვისებას დაუკავშირეს. მითითებული პირობის სსკ-ის 92-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე ბათილობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საკასაციო პალატა იზიარებს, რამდენადაც შეთანხმების შედეგად თანხის დაბრუნება რესტიტუციის მოვალის ექსკლუზიურ ნება-სურვილზე გახდა დამოკიდებული, რაც კანონშესაბამის პირობად ვერ შეფასდება, არამედ ნებაზე დამოკიდებული დათქმაა და, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. სუსგ №ას-623-2024, 14.10.2024).

17. რაც შეეხება პანდემიის გამო ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების თაობაზე კასატორის პრეტენზიას, როგორც ანალოგიურ დავაზე (სუსგ №ას-623-2024, 14.10.2024) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს მიეკუთვნება და, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა, პანდემიის არსებობა, თავისთავად, არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს ან ვალდებულების შესრულებისგან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

კერძოდ, ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ უკავშირდება მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. ასეთი ხასიათის მტკიცება მოპასუხეს არ წარუდგენია.

ამდენად, პოზიცია იმის შესახებ, რომ პანდემია მოპასუხეს თავისთავად და უპირობოდ ათავისუფლებდა თანხის დაბრუნებისგან, სამართლებრივად წონადი არგუმენტებით მოსარჩელის მხრიდან გამყარებული არ არის, რის გამოც, მოცემულ ნაწილში საკასაციო პრეტენზია უარსაყოფია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 9 206 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნების მოთხოვნა კანონიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა და მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც რესტიტუციის მოვალეა, ვალდებულია, შემკვეთს დაუბრუნოს უძრავი ქონების ნასყიდობისთვის ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის პრაქტიკა არსებობს, რასთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისია.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

23. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების შესახებ მხარის შუამდგომლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა შემდეგ გარემოებაზე მიუთითებს:

სსსკ-ის 53.1 მუხლის მეორე წინადადებით დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-112-105-2017, 6.02.2019).

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია დისპოზიციურობის პრინციპი. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი თავად წყვეტს, თუ რას მოითხოვს, თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საპროცესო ხარჯების დაკისრების მიზნით მნიშვნელოვანია მხარემ გაითვალისწინოს სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტი, საპროცესო ხარჯის გადახდის, ასევე, სხვა საკითხები მაქსიმალური სიცხადით წარმოაჩინოს და მინიმალური სტანდარტით მაინც დაასაბუთოს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებაზე ხარჯის გადახდის მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. ზემომითითებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა წარუმატებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ.დ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ი–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 460.30 ლარის (საგადასახადო დავალება #1192, გადახდის თარიღი - 29.08.2024წ.) 70% - 322.21 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა