საქმე №ას-1223-2024 5 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.თ.ე.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში მოსარჩელე, შემსყიდველი, სამინისტრო, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემსყიდველის სარჩელი შპს „თ.თ.ე.ბ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და ისე შეამცირეს პირგასამტეხლო, რომ ვერ ასაბუთებენ, რატომ მიიჩნევა იგი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტიც, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი და იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა და უგულებელყო სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2021 წლის 21 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N310 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის შესაბამისად, მიმწოდებლმა იკისრა ვალდებულება მოთხოვნიდან 90 დღის ვადაში შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონელი. კერძოდ, უნდა მიეწოდებინა ერთი სახეობის საბურავი უგზოობის, უნივერსალური, კამერიანი TT საბურავი, რუსული წარმოების 300 ერთეული, ერთეულის ფასი 1 131,91 ლარი. საქონლის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება – 339 573,00 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით;
7.2. 2021 წლის 17 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა N310/1 შეთანხმების ოქმი, რომლითაც დაზუსტდა მიმწოდებელის იურიდიული მისამართი, ხოლო 2021 წლის 12 ივლისის N310/2 შეთანხმების ოქმით დაზუსტდა ხელშეკრულების 2.2 პუნქტი და შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა ავტომანქანის საბურავები;
7.3. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის საქონლის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5 პროცენტი;
7.4. 2021 წლის 26 მაისის წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს სთხოვა 300 ერთეული 1300-530-533 საბურავის მიწოდება. აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2021 წლის 28 მაისს, შესაბამისად, მას ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2021 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით;
7.5. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ (მოთხოვნიდან 90 დღის) ვადაში - 2021 წლის 26 აგვისტომდე, საქონლის მიწოდება და 1300-530-533 საბურავი, 300 ცალი, ვადის დარღვევით, ხუთ ეტაპად მიაწოდა სამინისტროს;
7.6. პირველ ეტაპზე, მიმწოდებელმა შემსყიდველს 28 დღის ვადაგადაცილებით, 2021 წლის 23 სექტემბერს, მოაწოდა 30 ერთეული 33957,30 ლარის ღირებულების Kama-410 მოდელის 1300-530-533 საბურავი, რის გამოც, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, 4 754,02 ლარი (მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,5%);
7.7. მეორე ეტაპზე, მიმწოდებელმა შემსყიდველს 35 დღის ვადაგადაცილებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მიაწოდა 19 ერთეული 21 506,29 ლარის ღირებულების Kama-410 მოდელის 1300-530-533 საბურავი, რის გამოც, მას დაეკისრა პირგასამტეხლო, 3 763,60 ლარი (მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,5%);
7.8. მესამე ეტაპზე, მიმწოდებელმა შემსყიდველს 53 დღის ვადაგადაცილებით 2021 წლის 21 ოქტომბერს მიაწოდა 78 ერთეული 88 288,98 ლარის ღირებულების Kama-410 მოდელის 1300-530-533 საბურავი, რის გამოც, მას დაეკისრა პირგასამტეხლო, 23 396,58 ლარი (მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,5%);
7.9. მეოთხე ეტაპზე, მიმწოდებელმა შემსყიდველს 67 დღის ვადადარღვევით, 2021 წლის 1 ნოემბერს, მიაწოდა 151 675,94 ლარის ღირებულების 134 ერთეული Kama-410 მოდელის 1300-530-533 საბურავი, რის გამოც, მას დაეკისრა პირგასამტეხლო, 50 811,44 ლარი (მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,5%);
7.10. მეხუთე ეტაპზე, მიმწოდებელმა შემსყიდველს 139 დღის ვადადარღვევით, 2022 წლის 12 იანვარს, მიაწოდა 44 144,49 ლარის ღირებულების 39 ერთეული Kama-410 მოდელის 1300-530-533 საბურავი, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო 30 680,42 ლარი (მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,5%);
7.11. საბოლოოდ, მომწოდებელს ჯამურად დაეკისრა პირგასამტეხლო, 113 406, 49 ლარი;
7.12. შპს „ს.ს.კ–ას“ 2021 წლის 18 მაისის წერილით შპს „თ.ა.ი–ს“ ეცნობა, რომ გამოვლინდა მხარეთა შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეკვეთილი, რუსეთში ნაწარმოები საბურავების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა;
7.13. შპს „თ.ა.ი–მა“ აღნიშნული შეტყობინება მიმწოდებელს გაუგზავნა 2021 წლის 7 ივნისს და აცნობა, რომ როგორც შპს „ს.ს. - კ–გან“ მიღებული შეტყობინებით ირკვეოდა, საბურავების მოწოდების საკითხი განიხილა რუსეთის ფედერაციის ექსპორტის კონტროლის კომისიამ, „ექსპორტის კონტროლის შესახებ“ 1999 წლის 18 ივლისის ფედერალური კანონის მე-20 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მისი გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, აიკრძალა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება;
7.14. შესაბამისად, საბურავების მომწოდებელს, შპს „ს.ს.კ–ას“ რუსეთის ფედერაციის ექსპორტის კონტროლის კომისიამ უარი უთხრა წერილის დანართით განსაზღვრული საბურავებზე საგარეო ეკონომიკური გარიგების განხორციელების ნებართვის თაობაზე, საფუძვლად კი კომისიამ მიუთითა 2021 წლის 14 მაისის სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნაზე;
7.15. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შპს „თ.ა.ი–მა" განაცხადა, რომ მოიძიებდა საბურავების მოწოდების ალტერნატიულ გზებს, რათა არ შეფერხებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საბურავების მოწოდება და არ დარღვეულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. განვითარებული მოვლენების შესახებ კი, დამატებით შეატყობინებდა მიმწოდებელ კომპანიას (მოპასუხეს);
7.16. 2021 წლის 7 ივნისს, მაშინ, როდესაც შპს „თ.ა.ი–მა“ მიმწოდებელს აცნობა შექმნილი მდგომარეობის შესახებ, კომპანიამ არ მიიჩნია საჭიროდ შემსყიდველისთვის ეცნობებინა, რადგან იმედოვნებდა, რომ შექმნილი მდგომარეობა არ გამოიწვევდა საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებას და იგი შეძლებდა სხვა ქვეყნების მეშვეობით საქონლის შემსყიდველისთვის მოწოდებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში;
7.17. 2022 წლის 15 აგვისტოს შპს „თ.ა.ი–მა“ კიდევ ერთხელ მიმართა მოპასუხეს წერილით და აცნობა, რომ მან მოიძია საბურავების მომწოდებელი ალტერნატიული კომპანია, რომელიც მოაწვდიდა საქონელს, თუმცა შეკვეთილი საბურავების მოპასუხისთვის მიწოდებას ვერ შეძლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დაცვით. ახალი მიმწოდებელი შპს „თ.ა.ი–ს“ საბურავებს მიაწვდიდა 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, ხოლო თავის მხრივ, შპს „თ.ა.ი–ი“ მოპასუხეს საქონელს მიაწვდიდა არა უგვიანეს 2021 წლის 5 დეკემბრისა;
7.18. მოპასუხემ აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობა სამინისტროს 2021 წლის 18 აგვისტოს წერილით, დეტალურად განუმარტა შექმნილი მდგომარეობა და ფორსმაჟორზე დაყრდნობით, მოითხოვა საქონლის დაგვიანებით მოწოდების გამო შესაძლო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება;
7.19. 2021 წლის 31 აგვისტოს სამინისტრომ წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ იგი უარს აცხადებდა მიმწოდებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე, რადგან მიაჩნდა, რომ შექმნილი ვითარება არ ატარებდა წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს - მწარმოებელი შპს "ს.ს.კ–ასგან" წერილი საქონლის მიწოდების შეფერხების შესახებ კომპანიას მიღებული ჰქონდა 2021 წლის 18 მაისს, ხელშეკრულების გაფორმებამდე და ფორსმაჟორის თაობაზე არ უცნობებია შემსყიდველისთვის აღნიშნული მდგომარეობის შეტყობინებისთანავე;
7.20. სამინისტროს 2021 წლის 31 აგვისტოს წერილის პასუხად, მიმწოდებელმა კიდევ ერთხელ მიმართა შემსყიდველს (2021 წლის 24 სექტემბერს) და დეტალურად განუმარტა, თუ რატომ ექცეოდა ფორსმაჟორის ფარგლებში ეს გარემოება და რატომ უნდა გათავისუფლებულიყო კომპანია შესაძლო პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებლის განცხადებით, მან ხელშეკრულების გაფორმებამდე არ იცოდა საქონლის მიწოდების შეუძლებლობის ან შესაძლო დაგვიანების თაობაზე, რადგან შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მწარმოებელმა შპს "ს.ს. - კ–ამ" აცნობა თავის კონტრაქტორს, შპს „თ.ა.ი–ს“, რომელსაც, თავის მხრივ, შეკვეთილი საქონელი უნდა მიეწოდებინა მოპასუხისთვის;
7.21. 2021 წლის 24 სექტემბრის წერილის პასუხად, 2021 წლის 30 სექტემბერს სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხეს და უარი განუცხადა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე. კერძოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს მიუთითა, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ ქმნიდა ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის წინაპირობას, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ინფორმაციას კონტრაქტორის შესახებ. ამასთან, გასული იყო საქონლის მიწოდების ვადაც. 2021 წლის 16 ნოემბრის N02101194620 წერილის საფუძველზე კი, შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო - 70,732.08 ლარი (მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე);
7.22. აღნიშნული წერილის პასუხად, მიმწოდებელმა განუმარტა შემსყიდველს, თუ რატომ არ ეთანხმებოდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას, ამავე დროს, დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებითაც;
7.23. ხელშეკრულების მე-9 მუხლით ("ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები") გათვალისწინებული იყო მიმწოდებლის ვალდებულება, რომ წარედგინა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 %. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 %-ზე, კერძოდ, 16 978.65 ლარზე;
7.24. შემსყიდველმა გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება და მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა 113 406.49 ლარი. აღნიშნული თანხიდან 16 978.65 ლარი შემსყიდველმა მიიღო საბანკო გარანტიის ამოქმედების გზით, ხოლო დარჩენილი 96 427.41 ლარი მოითხოვა წინამდებარე სარჩელით;
8. კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობას (რომელიც მათ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ჩარიცხული საბანკო გარანტიის თანხით (16 978.65 ლარით) განსაზღვრეს) და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, ამასთან, კონტრაქტორი მხარე მეწარმე სუბიექტია და იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების (პირგასამტეხლოს ოდენობის) შესახებ, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა იგი.
9. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
10. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).
11. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე, შეუძლებელია, დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
14. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
16. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი, პროდუქციის მიწოდების ვადა და მოსარჩელეს აღნიშნული მომსახურება გაუწია დაგვიანებით – 2021 წლის 26 აგვისტოს ნაცვლად, ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს (პირველად, 28 დღის ვადაგადაცილებით, მეორედ - 35 დღის, მესამედ - 53 დღის, მეოთხედ - 67 დღის და მეხუთედ - 139 დღის ვადაგადაცილებით). მხარეები დავობენ ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უხეშად დაარღვიეს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი და პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებლისთვის დასაკისრებელი თანხა, 113 406,49 ლარი (რომელიც გამოანგარიშებული იყო ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების გათვალისწინებით) უსაფუძვლოდ მიიჩნიეს არაგონივრულად.
18. ამ პრეტენზიის საპირისპიროდ, პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.). ამასთან, ხელშეკრულების ჩანაწერი, რომელიც არაჯეროვნად/დაგვიანებით შესრულების გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს, არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლომ, როგორც კანონმდებლობით განსაზღვულმა სანქციამ დაკარგოს თავისი არსი და მნიშვნელობა და კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების წყაროდ იქცეს.
19. ამრიგად, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, ასევე, კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ჩარიცხული საბანკო გარანტიის თანხა, 16 978.65 ლარი სრულიად საკმარისია დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად და იგი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე, ადეკვატური და სამართლიანია. საკასაციო საჩივრის ავტორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი