Facebook Twitter

საქმე №ას-1199-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ვ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ვ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, მესაკუთრე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ნ.ა–ის (შემდეგში მოპასუხე, გამსესხებელი, იპოთეკარი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს ი.ფ–ას მიერ 19.08.2020 წელს გაცემულ №220024186 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 41 000 ლარით განსაზღვრა (მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა მოსამზადებელ სხდომაზე, იხ.: 11.07.2023 წლის სხდომის ოქმი).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20204 წლის 6 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

4.1. მსესხებელს/მოსარჩელესა და გამსესხებელს/იპოთეკარს შორის, 2020 წლის 19 აგვისტოს, გაფორმდა სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს 55 300 ლარი ასესხა;

4.2. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის თანხა მსესხებელს უნდა გადასცემოდა უნაღდო ანგარიშსწორებით ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისთანავე. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 1 წლის ვადაში, 2021 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი სარგებლიანი იყო. სარგებელს სესხისთვის შეადგენდა მესაკუთრის (მოსარჩელის/მსესხებლის) მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების იპოთეკარისთვის (მოპასუხისთვის/გამსესხებლისთვის) დათმობა, კერძოდ, მესაკუთრეს იპოთეკარისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სარგებლობის უფლებით უნდა გადაეცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ....... (ნაკვეთი №9/..) - მესაკუთრის/მოსარჩელის კუთვნილი წილი, შენობა №1-დან საერთო ფართი 104.89 კვ.მ, აქედან პირველ სართულზე 51.01. კვ.მ., მე-2 სართულზე 53.88 კვ.მ., №2-დან საერთო ფართი 10.44 კვ.მ. უძრავი ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დადასტურებისთანავე.

4.3. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იგივე უძრავი ქონება, რომელსაც მესაკუთრე სარგებლობის უფლებით გადასცემდა იპოთეკარს. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ იპოთეკის საგანი, უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით სესხის, იპოთეკისა და უძრავი ქონებით სარგებლობის შესახებ 2019 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულების (რეესტრის №191010396) საფუძველზე, რომელიც მხარეთა შეთანხმებით გაუქმებული იქნა იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 19 აგვისტოს სანოტარო აქტის საფუძველზე.

4.4. ხელშეკრულების მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე (მსესხებელი/მოსარჩელე/აპელანტი) ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის (გამსესხებლის/მოპასუხის) მოთხოვნას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. 19.08.2020 წელს განხორციელდა იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

4.5. მოპასუხეს (იპოთეკარს/გამსესხებელს) იპოთეკის საგანი ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში არ გადასცემია.

4.6. გამსესხებლის განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 12 იანვარს ნოტარიუს - ი.ფ–ას მიერ მოვალის (მსესხებლის) მიმართ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (რეგისტრაციის ნომერი №22002....), რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2022 წლის 12 იანვრის მდგომარეობით შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 55300 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.

5. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე/აპელანტი სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების 41 000 ლარამდე შემცირებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა 55 300 ლარი სრულად არ მიუღია, რადგან 14 300 ლარი წარმოადგენდა სესხის პროცენტს და იგი სესხის აღების მომენტისათვის გამსესხებელთან/მოპასუხესთან დარჩა.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამართალწარმოების მხარეთა მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგში: სსსკ) ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

7. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ-ის მთელ რიგ სხვა ნორმებში. კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

8. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია- სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა; თბილისი; 2003; გვ.64).

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ (მსესხებელმა) სასამართლოს წარუდგინა 2020 წლის 19 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპსაუხემ/გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება. მსესხებლისათვის სესხის სახით გადაეცა 55 300 ლარი. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ სრულად მიიღო ეს თანხა, თუმცა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ დაუბრუნებია გამსესხებლისთვის.

10. მოსარჩელემ (მსესხებელმა/აპელანტმა) დაადასტურა 41 000 ლარის მიღება, ხოლო 14 300 ლართან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სესხის სარგებელს, რომელიც სესხის აღების მომენტისათვის გამსესხებელთან დარჩა და იგი მას არ მიუღია (აღსანიშნავის ის გარემოება, რომ სარჩელით მსესხებელი საერთოდ უარყოფდა გამსესხებლისგან რაიმე თანხის მიღებას და, შესაბამისად, ითხოვდა სადავო სანოტარო ფურცლის სრულად გაუქმებას).

11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1- 4.4 ქვეპუნქტები) წარმოადგენს მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში დადებულ ხელშეკრულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში:სსკ) 319.1 მუხლი), რაც გულისხმობს, რომ მოდავე მხარეების მიერ განსაზღვრული იქნა ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომლებიც შემდგომ მათთვის შესასრულებლად სავალდებულო გახდა.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსრჩელის/აპელანტის ზემოაღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმაზე, რომ ხელშეკრულებაში მითითებული 55 300 ლარიდან 14 300 ლარი იყო სესხის სარგებელი, რომელიც გამსესხებელთან უნდა დარჩენილიყო, ხოლო მსესხებელს ვადის ბოლოს მხოლოდ 41 000 ლარი უნდა დაებრუნებინა. ხელშეკრულებაში ცალსახად არის მითითებული, რომ სესხის თანხა შეადგენდა 55 300 ლარს, ხოლო სესხის სარგებელს წარმოადგენდა არა ფულადი თანხა (პროცენტი), არამედ, იპოთეკის საგნის იპოთეკარისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა (ბინით სარგებლობა).

13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ოდენობა და სესხის სარგებელი (ამ შემთხვევაში მსესხებლის ბინით სარგებლობა) წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მათი სხვაგვარი განმარტების საფუძველს არ ქმნის. შესაბამისად, მოსარჩელის/აპელანტის მტკიცება არ გამომდინარეობს მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების არსებითი პირობებიდან.

14. საქმის მასალების თანახმად, მსესხებლისთვის სესხის თანხის სრულად გადაცემის ფაქტი დასტურდება 2020 წლის 19 აგვისტოს ნ.გ–ის (წინა იპოთეკარი, რომლის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვაც მოხდა სადავო სესხის თანხით) და მოსარჩელეს/აპელანტს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით, სადაც ნ.გ–ის წარმომადგენელი მ.მ–ი ადასტურებს, რომ „თ.მ–ის მიერ მ.ვ–ძისათვის გადაცემული 55 300 ლარიდან მან მიიღო 41 000 ლარი”. მოსარჩელის მიერ სესხის თანხის სრულად მიღების ფაქტს ასევე ადასტურებს სანოტარო მოქმედების ამსახველი ვიდეომასალა. კერძოდ, ჩანაწერში ნოტარიუსი განმარტავს, რომ ანგარიშსწორება უკვე მოხდა, რასაც მხარეები, მათ შორის მსესხებელი/აპელანტი, ადასტურებენ (იხ: ს.ფ. 106); 55 300 ლარის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ.ბ–ის ჩვენებაც (ს.ფ. 128).

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა- არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ხელშეკრულების არსებითი პირობები, თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, ვიდეომასალა, მოწმის ჩვენება) ერთობლივად შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხემ/გამსესხებელმა დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა გარემოება, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა სრულად გადასცა მოსარჩელეს (აპელანტს). შესაბამისად, მსესხებელს გააჩნია მისი სრულად დაბრუნების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა არგუმენტირებულ შედავებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

17. საკასაციო სამართალაწარმოების ეტაპი

17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმებით და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17.2. კასატორის საკასაციო არგუმენტები მისი სააპელაციო პრეტენზიების იდენტურია, კერძოდ, მსესხებლის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისთვის მოპასუხეს/გამსესხებელს არ გადაუცია სადავოდ გამხდარი14 300 ლარი;

17.3. სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, დაარღვია მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი და სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტი დადგენილად მიიჩნია არაგანკუთვნადი მტკიცებულებების - მოწმის ჩვენებისა და ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით, თანხის გადაცემა უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მომხდარიყო;

17.4. სასამართლომ არ იმსჯელა სსკ-ის 56-ე მუხლზე.

17.5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (მსესხებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით, ანალოგიური კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილისგან არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და სრულად შეესაბამება მას (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-21-728-2015, 15.01.2016წ.; N ას- 1199-1119-2017, 30.11.2017წ.; N ას-1488-1408-2017, 15.02.2018წ.; N ას-1755-2018, 22.02.2019წ.; N ას-1127-2019, 12.07.2021წ.; N ას-1392-2022, 11.05.2023წ.).

20. სსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21.შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანია შემდეგი დასკვნების გათვალისწინება: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს; 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს; 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.

22. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

24. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 4.1-4.6 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

24.1. ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ოდენობა და სესხის სარგებელი (ამ შემთხვევაში მსესხებლის ბინით სარგებლობა) წარმოადგენს ხელშკრულების არსებით პირობებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ არის ასახული მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, მოსარჩელის/კასატორის მტკიცება, რომ გამსესხებელს მისთვის სრულად არ გადაუცია ხელშეკრულებაში მითითებული თანხა- 55 300 ლარი, არ გამომდინარეობს მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშკრულების არსებითი პირობებიდან, რომელიც მათ შორის სარგებლის სახით ითვალისწინებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლის უძრავი ქონებით სარგებლობას (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2 ქქვეპუნქტი).

24.2. საქმის მასალების თანახმად, მსესხებლისთვის სესხის თანხის სრულად გადაცემის ფაქტი დასტურდება 2020 წლის 19 აგვისტოს ნ.გ–ის (წინა იპოთეკარი, რომლის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვაც მოხდა სადავო სესხის თანხით) და მოსარჩელეს/კასატორს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით, სადაც ნ.გ–ის წარმომადგენელი მ.მ–ი ადასტურებს, რომ „თ.მ–ის მიერ მ.ვ–ძისათვის გადაცემული 55 300 ლარიდან მან მიიღო 41 000 ლარი”. მოსარჩელის მიერ სესხის თანხის სრულად მიღების ფაქტს ასევე ადასტურებს სანოტარო მოქმედების ამსახველი ვიდეომასალა. კერძოდ, ჩანაწერში ნოტარიუსი განმარტავს, რომ ანგარიშსწორება უკვე მოხდა, რასაც მხარეები, მათ შორის მსესხებელი, ადასტურებენ (იხ: ს.ფ. 106); 55 300 ლარის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ.ბ–ის ჩვენებაც (ს.ფ. 128).

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებითი პირობების მკაფიოდ, არაორაზროვნად შეთანხმების თაობაზე და იმ გარემოებაზე აქცენტირებასაც, რომ მსესხებელი საერთოდ უარყოფდა მისთვის სესხის გადაცემას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუქნტი).

26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ.ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345). ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შეად. მრავალთა შორის სუსგ-ებს: N ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ; N ას-391-2024, 5.07.2024წ.; N ას-938-2024, 25.09.2024წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ (შეად: სუსგ-ებს: N ას-938-2024, 25.09.2024წ.; N ას-391-2024, 5.07.2024წ.; N ას-71-2023, 24.07.2023 წ; N ას-662-2022, 11.11.2022 წ; N ას-301-2021, 25.06.2021წ.; N ას-361-343-2015, 14.12.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.361).

27. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს (გამსესხებელს) გადაცემული აქვს თანხა მსესხებლისთვის, რაც 55 300 ლარს შეადგენს, შესაბამისად, სესხის 41 000 ლარამდე შემცირების მტკიცების ვალდებულება სარჩელის აღძვრის ინიციატორს ეკისრებოდა, რომელმაც ვერც ერთი საამისო სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება ვერ წარუდგინა სასამართლოს, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ სარჩელით მსესხებელი საერთოდ უარყოფდა გამსესხებლისგან რაიმე თანხის მიღებას და, შესაბამისად, ითხოვდა სადავო სანოტარო ფურცლის სრულად გაუქმებას. ასევე სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სსკ-ის 56-ე მუხლზე, რომლის მხოლოდ დეფინიციას მოიხმობს, თუმცა, ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების განმახორციელებელი ფაქტობრივი გარემოებებსა და შესატყვის მტკიცებულებებზე სარჩელის აღძვრის დროს უნდა მიეთითებინა და წარედგინა, რასაც შეაფასებდა სასამართლო.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ვ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, მ.ტ–ის (პ/ნ .......) მიერ, 07.11.2024 წლის #24511153471 საგადახდო დავალებით გადახდილი 715 ლარის 70% - 500.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე