Facebook Twitter

საქმე №ას-1202-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - ა.რ. დსს შპს „დ–ის“ საქართველოს ფილიალი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სს “ს.რ–ის” (შემდეგში მოსარჩელე, კომპანია, მენარდე/შემსრულებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “დ–ს” (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების ღირებულების - 67 473,05 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დსს ა.რ. 2018 წლის 13 დეკემბრის მიმართვის საფუძელზე მოსარჩელემ 2018 წლის დეკემბერში უზრუნველყო სადგურ ნინოწმინდაში ჩავარდნილი ოთხი ვაგონის ამოყვანა. კერძოდ, რკინიგზის აღმოსავლეთ რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცენტრის მიერ 80 და 60 ტ. ტვირთამწეობის ამწეებისა და სრული ეკიპირების საშუალებით, სადგურ ნინოწმინდაში მენარდე კომპანიის შესრულდა ლიანდაგსაცდენილი 4 ვაგონის ამოღების სამუშაოები, რაც დასტურდება. 2018 წლის 13 და 15 დეკემბერს გაფორმებული, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტებით.

3.2. მოსარჩელე კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის N14/61 დადგენილებით დამტკიცებული კალკულაციის თანახმად, 4 ვაგონის ამოღების სამუშაოების საერთო ღირებულებამ შედგინა დღგ-ის გარეშე 57 180.55 ლარი (67 473.05 ლარი დღგ-ს ჩათვლით).

3.3. მოსარჩელესა (მენარდე/შემსრულებელი) და მოპასუხეს (შემკვეთი, წარმოდგენილი მარაბდა-ახალქალაქის მოძრაობის უსაფრთხოების უფროსის ი. კ–ის სახით) შორის, 2018 წლის 15 დეკემბერს, დაიდო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შემკვეთმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს N250 დოკუმენტის შესაბამისად, შემსრულებელმა 2018 წლის 13-14 დეკემბერს შეასრულა და შემკვეთმა მიიღო ზემოაღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული - სადგურ ნინოწმინდაში ჩავარდნილი ოთხი ვაგონის ამოღების სამუშაოები. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 67 473.05 ლარით, დღგ-ის ჩათვლით.

3.4. მოსარჩელესა და მარაბდა-ახალქალაქის მოძრაობის უსაფრთხოების უფროსის ი. კ–ს შორის, 2018 წლის 13 დეკემბერს დადებულია სამუშაოს შესრულების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მენარდე კომპანიამ სადგურ ნინოწმინდაში ლიანდაგსაცდენილი 4 ვაგონის ამოღების სამუშაოები შეასრულა.

3.5. საქმეზე წარმოდგენილია მენარდე/შემსრულებელი კომპანიის მიერ 25.03.2019წ, 01.07.2019წ და 13.07.2019წ. შემკვეთისთვის გაგზავნილი წერილები, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა გაწეული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურება.

3.6. აღნიშნული წერილების პასუხად, საქმეზე წარმოდგენილია 05.07.2019 წლის შემკვეთის წერილი, რომელითაც დაადასტურებულია მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისა და აღნიშნული მომსახურების მოპასუხის მხრიდან მიღების ფაქტი.წერილში აღნიშნულია: ,,დეკემბერ-თებერვლის თვეებში მართლაც გაგვიწიეთ მომსახურება ამწეების მეშვეობით. ჩვენ ვაღიარებთ დეკემბერში თქვენს მიერ გაწეულ მომსახურებას 67 473.05 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით, რაც დადასტურებული გვაქვს შესაბამისი დოკუმენტებითაც.’’

3.7. მოპასუხე მხარეს გაწეული მომსახურების ღირებულება მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

4.1. აპელანტმა/შემკვეთმა დაადასტურა მენარდე/შემსრულებლის მიერ ლიანდაგსაცდენილი 4 ვაგონის ამოყვანის ფაქტი, თუმცა გამორიცხა გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. შემკვეთის განმარტებით, მხარეებს შორის არ დადებულა მომსახურების ხელშეკრულება, ამასთან ვაგონები არ იყო მისი საკუთრება, მათზე მოპასუხის კუთვნილი ტვირთი არ იყო განთავსებული და ვაგონების ლიანდაგისგან აცდენა მოპასუხის ბრალეულობით არ მომხდარა.

4.2. მოსარჩელემ შემკვეთის პოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რაც დასტურდება სამუშაოს შესრულების 2018 წლის 13 დეკემბრის აქტით და შესრულებული სამუშაოების 2018 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტით, ასევე დსს “ა.რ.” 2018 წლის 13 დეკემბრის წერილით, რომლითაც შემკვეთმა იკისრა სამუშაოების ღირებულების გადახდის გარანტია და 2019 წლის 15 ივლისის N334 მოპასუხის წერილით, რომლითაც დაადასტურა მენარდის წინაშე ვალდებულების არსებობა.

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უნდა განისაზღვროს როგორც 2018 წლის დეკემბერში მოსარჩელის მხრიდან ლიანდაგსაცდენილი 4 ვაგონის ამოყვანისთვის გაწეული სამუშაოების ანაზღაურებაზე ვალდებული პირი, ასევე - გაწეული სამუშაოების ღირებულება. აღნიშნულისთვის კი სასამართლომ, პირველ რიგში, შეაფასა ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები.

4.4. სააპელაციო სასამართლომ, წერილობითი ხელშეკრულების დადებაზე აპელანტის შედავებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, განმარტა, რომ გარიგება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მხარეთა შეთანხმების არარსებობისას შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, მათ შორის, ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე შესაძლებელია დაიდოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და წერილობითი ფორმის არარსებობაზე მითითება არ გამორიცხავს ამგვარი სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობას. კერძოდ, თუ დადასტურდება, რომ ერთი პირის მხრიდან გაწეულია სამუშაოები, რომელიც მიღებულია მეორე პირის მიერ, აღნიშნული საკმარისია სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობისთვის.

4.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

4.6. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეთა სასარგებლოდ შეასრულა სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც შეადგენდა 67 473.05 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

4.7. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებიათ, რაც სსკ-ის 629-ე, 630-ე, 316-317-ე მუხლების საფუძველზე მენარდისთვის წარმოშობს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

4.8. რაც შეეხებამომსახურების ღირებულების ოდენობის განსაზღვრას, მოსარჩელე/მენარდე კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის N14/61 დადგენილებით დამტკიცებული კალკულაციის თანახმად, 4 ვაგონის ამოღების სამუშაოების საერთო ღირებულებამ შედგინა დღგ-ის გარეშე 57 180.55 ლარი (67 473.05 ლარი დღგ-ის ჩათვლით). საქმეზე ასევე წარმოდგენილია ინსტრუქცია საგანგებო სიტუაციების ცენტრის ძირითადი ტექნიკის ერთი საათით გამოყენების კალკულაციასთან დაკავშირებით, ასევე ცნობა N54, რომლის შესაბამისადაც ტვირთამწეობის ამწის გამოყენებისას იანგარიშება, როგორც მუშაობის, ასევე მოცდენის პერიოდი, შესაბამისი განსხვავებული ტარიფით (80ტ. ტვირთამწეობის ამწის ერთი საათის მუშაობის ღირებულება: მუშაობაზე - 751.10 ლარი, მოცდენაზე - 597.80 ლარი; 60ტ. ტვირთამწეობის ამწის ერთი საათის მუშაობის ღირებულება: მუშაობაზე - 695.30 ლარი, მოცდენაზე - 608.50 ლარი). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ სამუშაოებზე 80ტ. ტვირთამწეობის ამწის ფაქტიური ნამუშევარი შეადგენდა - 11 საათს (8262.10 ლარი), ხოლო მოცდენის პერიოდი - 34 საათსა და 30 წუთს (20624.10 ლარი), ასევე 60ტ. ტვირთამწეობის ამწის ფაქტიური ნამუშევარი დრო შეადგენდა - 07 საათს (4867.10 ლარი), ხოლო მოცდენის დრო 38 საათსა და 30 წუთს (23427.25 ლარი), სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 57 180.55 ლარი დღგ-ის გარეშე.

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის/შემკვეთის შედავება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისად ტარიფის გამოთვლასთან დაკავშრებითაც, რადგანაც ზემოთ მოხმობილი დავალიანების შესაბამისად, ღირებულების განსაზღვრისას იანგარიშება, როგორც ფაქტობრივად ნამუშევარი დრო, ასევე მოცდენის პერიოდი.

4.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, მოპასუხის მითითება მისი ბრალეულობის არარსებობასა და ვაგონებზე საკუთრების უფლების არქონაზე, ვერ გამორიცხავდა სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარეს წერილობითი ფორმით აღიარებული ჰქონდა ამგვარი მომსახურების მიღება და არსებული ვალდებულების მოცულობა.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შემკვეთმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდე კომპანიის სარჩელის უარყოფა.

5.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის აგუმენტები, რომ სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებას და 2019 წლის 5 ივლისის წერილი ადასტურებდა შემსრულებლის მიერ 67 473.05 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევას.

5.3. კასატორის განმარტებით, ის მუშაობდა რკინიგზის იმ მონაკვეთზე, სადაც ვაგონები გადავარდა ლიანდაგიდან, რომლის თაობაზეც შეატყობინა მოსარჩელეს, რომელმაც ამოიყვანა ვაგონები და შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოაწერინა მოპასუხის წარმომადგენელს.

5.4. კასატორის განმარტებით, არ არსებობს შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება ვაგონების დაზიანების მიზეზები და ბრალეული პირი.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა უარყო მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და განმარტა, რომ მათ შორის მომსახურების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

12. ზოგადი წესის შესაბამისად კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. სსსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.

14. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსკ-ის 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, მათ შორის ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე შესაძლებელია დაიდოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მითითება წერილობითი ფორმით ხელშეკრულების არარსებობაზე არ გამორიცხავს ამგვარი სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობას.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. სსკ-ი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო; ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით და მისი ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1166-2019, 6.04.2020წ.; №ას-721-2021 28.12.2021წ.; №ას-1257-2021, 21.06.2022 წ.; № ას-725-2023 27.03.2024წ.;)

16. განსახილველ შემთხვევაში დსს „ა.რ.“ 2018 წლის 13 დეკემბრის წერილით, აზეირბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ვაგონების რელსებიდან გადასვლის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და იკისრა სამუშაოების ღირებულების გადახდის გარანტია. ზემოხსენებული წერილის საფუძველზე, მოსარჩელემ 2018 წლის დეკემბერში, ამოიყვანა სადგურ ნინოწმინდაში ჩავარდნილი ოთხი ვაგონი. კერძოდ, რკინიგზის აღმოსავლეთ რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცენტრის მიერ 80 და 60 ტ. ტვირთამწეობის ამწეებისა და სრული ეკიპირების საშუალებით, სადგურ ნინოწმინდაში შესრულდა ლიანდაგსაცდენილი 4 ვაგონის ამოყვანის სამუშაოები, რაც დასტურდება 2018 წლის 13 და 15 დეკემბერს გაფორმეული, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების ორმხრივი აქტებით.

17. შემსრულებელსა და შემკვეთს (წარმოდგენილი მარაბდა-ახალქალაქის მოძრაობის უსაფრთხოების უფროსის ი. კ–ის სახით) შორის 2018 წლის 13 და 15 დეკემბერს დადებულია სამუშაოს შესრულების აქტი და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შემკვეთმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს N250 დოკუმენტის შესაბამისად, მენარდემ/შემსრულებელმა 2018 წლის 13-14 დეკემბერს შეასრულა და შემკვეთმა მიიღო ზემოაღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული - სადგურ ნინოწმინდაში ჩავარდნილი ოთხი ვაგონის ამოღების სამუშაოები. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა - 67 473.05 ლარით, დღგ-ის ჩათვლით. საქმეზე ასევე წარმოდგენილია შემკვეთის 05.07.2019 წლის წერილი, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან 67 473.05 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევისა და აღნიშნული მომსახურების მოპასუხის მხრიდან მიღების ფაქტს.

18. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ები: N ას-696-696-2018, 6.07.2018; N ას-495-2020, 23.10.2020წ; N ას-776-2020. 21.04.2021წ; N ას-545-2021, 29.11.2022წ.).

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსრჩელე კომპანიის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის N14/61 დადგენილებით დამტკიცებული კალკულაციით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი საგანგებო სიტუაციების ცენტრის ძირითადი ტექნიკის ერთი საათით გამოყენებლის კალკულაციის ინსტრუქციით, ცნობა N54-ით, რომლის შესაბამისადაც ტვირთამწეობის ამწის გამოყენებისას იანგარიშება, როგორც მუშაობის, ასევე მოცდენის პერიოდი შესაბამისი განსხვავებული ტარიფით, დასტურდება სამუშაოების მთლიანი ღირებულება - 57 180.55 ლარი (დღგ-ის ჩათვლით 67 473.05 ლარი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დასტურდება, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, შესაბამისად, მოპასუხის/შემკვეთის შედავება მისი ბრალეულობის არარსებობასა და ვაგონებზე საკუთრების უფლების არქონასთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის/მენარდის მოთხოვნის უფლებას, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. მით უმეტეს, რომ მოპასუხემ წერილობითი ფორმით აღიარა როგორც მომსახურების მიღება, ასევე ვალდებულების მოცულობა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული მომსახურების შესაბამისი საზღაური. განსხვავებული შეთანხმების არსებობა კი კასატორმა ვერ დაასაბუთა, რაც, საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის ფარგლებში, მისი მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია შემკვეთის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „დ–ის“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, ნ.ს–ას (პ/ნ .......) 14.08.2024 წლის #23312734525 საგადახდო დავალებით გადახდილი 3 373.66 ლარის 70% - 2361.56 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე