Facebook Twitter

საქმე №ას-1423-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ-ტ....“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის უკან დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ით შპს „ჰ-ტ....’’-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მენარდე საწარმო) სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, გამგეობა, აპელანტი ან კასატორი) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. შემცირდა მოპასუხე გამგეობასა და მოსარჩელე შორის 2023 წლის 17 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №05.01.08/30/010 ხელშეკრულების საფუძველზე მენარდე საწარმოსთვის დარიცხული პირგასამტეხლო 34 850.04 ლარი 11 616.69 ლარამდე;

1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე გამგეობას 23 233.35 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შემკვეთის (გამგეობის) სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით, მენარდე საწარმოს სარჩელის უარყოფა. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

3. მხარეთა შორის უდავო გარემოებები

3.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი მხარეთა შორის უდავო გარემოებები:

3.1.1. მხარეებს შორის 2023 წლის 17 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №05.01.08/30/010 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია- ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების (მ/შ ბრტყელი, ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 019 006.96 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით; ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, იგი ძალაში შედიოდა გაფორმებისთანავე და მოქმედებდა 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით; 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით; 3.5 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო დაეწყო წერილობითი დავალებით განსაზღვრულ სამუშაოების დაწყების ვადაში; 3.6. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო მინიმუმ 8 ობიექტზე ერთდროულად სამუშაოების წარმოება; 6.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; 9.1. პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები; 9.5 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3.1.2. მხარეთა შორის 2023 წლის 17 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების (მ/შ ბრტყელი, ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოები შესრულდა ჯამში 43 ობიექტზე, რომელთაგან 7 ობიექტზე სამუშაოების შესრულება წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადებში არ მომხდარა. მოსარჩელის/მენარდის მიერ 2023 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში ვადადარღვევის გარეშე შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 847 711.81 ლარი, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ღირებულების 83.19%-ს, ხოლო ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 171 295.15 ლარს.

3.1.3. მენარდე საწარმო სარჩელით სადავოდ ხდის მხოლოდ 6 ობიექტზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

3.1.4. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 6 ივლისის წერილით, მენარდე საწარმოს მისამართზე: ქ. თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი I (ნაწ), III (ნაწ),VI (ნაწ), V(ნაწ), VI(ნაწ) VII(ნაწ) VIII (ნაწ) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 262.36 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 5 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 5 დღისთვის შეადგინა 1 019.00 ლარი;

3.1.5. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 1 ივნისის წერილით, მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები - პირველი და მეორე სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 21 395.82 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 10 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 21 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 21 დღისთვის შეადგინა 4 279.83 ლარი;

3.1.6. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 1 ივნისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი - I, III, IV, V, VI სადარბაზო და I, III, V, VI სადარბაზო - წყალსაწრეტი მილები) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 51 090.74 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 41 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 41 დღისთვის შეადგინა 8 355.86 ლარი;

3.1.7. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 6 ივლისის წერილით, მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი III (ნაწ), IV, V, VI, VII (ნაწ) და წყალსაწრეტი მილები - III, IV, V, VI, VII (ნაწ) სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 42 358.60 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 1 სექტემბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 7 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა

203.80 ლარით, რამაც 7 დღისთვის შეადგინა 1 426.61 ლარი;

3.1.8. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 31 ივლისის წერილით, მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები (I, II სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 14 080.78 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 17 9 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 53 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 53 დღისთვის შეადგინა 10 801.47 ლარი;

3.1.9. მოპასუხე გამგეობის 2023 წლის 31 ივლისის წერილით, მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........, (ქანობიანი სახურავი II სადარბაზო და წყალსაწრეტი მილები I, II, III სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 12 926.62 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 8 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 44 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 44 დღისთვის შეადგინა 8 967.26 ლარი;

3.2. მენარდე საწარმოს (მოსარჩელეს), 2023 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოების შესრულების ვადა გადაუვადდა ორჯერ. კერძოდ, მისამართზე: თბილისი ......... (ბრტყელი სახურავი - პირველი სადარბაზო) სამუშაოების შესრულების ვადად, ნაცვლად 2023 წლის 19 ივნისისა, განისაზღვრა 2023 წლის 10 ივლისი, ხოლო მისამართზე: თბილისი, .......... სადარბაზოს დამატების გამო სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა 2023 წლის 27 მარტამდე.

4. მხარეთა შორის სადავო გარემოებები, რომლებიც სასამართლომ დაადგინა

4.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი მხარეთა შორის სადავო შემდეგი გარემოებები:

4.1.1. მხარეთა შორის გაფორმებული 2023 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, თითოეულ ობიექტზე (სულ 6 ობიექტი), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1 019 006.96 ლარის 0.02%-ის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 3-ჯერ;

4.1.2. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2023 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების (მ/შ ბრტყელი, ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია 2023 წლის 17 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მან სამუშაოთა დასრულება 7 ობიექტზე შემკვეთის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა, რისთვისაც შემკვეთმა მას დაარიცხა ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსაჩელე საწარმო (მენარდე) სადავოდ ხდის მხოლოდ 6 ობიექტზე მისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას და მიუთითებს, რომ მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს თითოეულ ობიექტზე ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

4.1.3. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების (მ/შ ბრტყელი, ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოების შესრულება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, მენარდე ვალდებული იყო, სამუშაო დაეწყო წერილობითი დავალებით განსაზღვრულ სამუშაოების დაწყების ვადაში. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის შესაბამისად, შემკვეთი გამგეობის მოთხოვნის შემთხვევაში მენარდეს უნდა უზრუნველეყო მინიმუმ 8 ობიექტზე ერთდროულად სამუშაოების წარმოება.

4.1.4. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2023 წლის 17 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შემკვეთი კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადას მენარდეს უსაზღვრავდა წერილობითი დავალებებით. ამდენად, მენარდე სამუშაოს ასრულებდა შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ყოველი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის მიხედვით.

4.1.5. დადგენილია, რომ: 1) 2023 წლის 6 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: ქ. თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი I (ნაწ), III (ნაწ),VI (ნაწ), V(ნაწ), VI(ნაწ) VII(ნაწ) VIII (ნაწ) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 262.36 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 5 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 5 დღისთვის შეადგინა 1 019.01 ლარი; 2) 2023 წლის 1 ივნისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები - პირველი და მეორე სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 21 395.82 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 10 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 21 დღე მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 21 დღისთვის შეადგინა 4 279.83 ლარი; 3) 2023 წლის 1 ივნისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........... (ბრტყელი სახურავი - I, III, IV, V, VI სადარბაზო და I, III, V, VI სადარბაზო - წყალსაწრეტი მილები) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 51 090.74 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 41 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 41 დღისთვის შეადგინა 8 355.86 ლარი; 4) 2023 წლის 6 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი III (ნაწ), IV, V, VI, VII (ნაწ) და წყალსაწრეტი მილები - III, IV, V, VI, VII (ნაწ) სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 42 358.60 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 1 სექტემბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 7 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 7 დღისთვის შეადგინა 1 426.61 ლარი; 5) 2023 წლის 31 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები (I, II სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 14 080.78 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 17 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 53 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 53 დღისთვის შეადგინა 10 801.47 ლარი; 6) 2023 წლის 31 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........, (ქანობიანი სახურავი II სადარბაზო და წყალსაწრეტი მილები I, II, III სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 12 926.62 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 08 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 44 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 44 დღისთვის შედგინა 8 967.26 ლარი. ჯამში, 6 ობიექტზე ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო - 34 850.04 ლარის ოდენობით.

4.2. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.3. დადგენილია, რომ 6 ობიექტზე წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის მოსარჩელეს (მენარდეს) პირგასამტეხლოს სახით დაუკავდა 34 850.04 ლარი.

4.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 83.19% შეასრულა დადგენილ ვადაში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 019 006.96 ლარს, საიდანაც მოსარჩელემ/მენარდემ 847 711.81 ლარის ოდენობის სამუშაოები შეასრულა ჯეროვნად. მის მიერ სარჩელით სადაოდ გამხდარ 6 ობიექტზე ვადადარღვევით შესრულდა 157 114.92 ლარის ღირებულების სამუშაოები, რისთვისაც ჯამში პირგასამტეხლოს სახით მას დაუკავდა 34 850.04 ლარი, რომლის შემცირებასაც მოსარჩელე ითხოვს 846.37 ლარამდე, რაც ისევე, როგორც მოპასუხის მიერ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, არაგონივრულია და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ პირგასამტეხლოს არსსა და დანიშნულებას ეწინააღმდეგება.

4.5. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.5 პუნქტში, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სამჯერ შემცირებული ოდენობით, რაც 6 ობიექტზე დარღვევისათვის ჯამურად შეადგენს 11 616.69 ლარს. კერძოდ: 1) ობიექტზე - ქ. თბილისი, .......... (ბრტყელი სახურავი I (ნაწ), III (ნაწ),VI (ნაწ), V(ნაწ), VI(ნაწ) VII(ნაწ) VIII (ნაწ)) 5 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 339.67 ლარი; 2) ობიექტზე - თბილისი, .......... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები - პირველი და მეორე სადარბაზო) 21 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 1 426.61 ლარი; 3) ობიექტზე - თბილისი, .......... (ბრტყელი სახურავი - I, III, IV, V, VI სადარბაზო და I, III, V, VI სადარბაზო - წყალსაწრეტი მილები) 41 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 2 785.29 ლარი; 4) ობიექტზე - თბილისი, .......... (ბრტყელი სახურავი III (ნაწ), IV, V, VI, VII (ნაწ) და წყალსაწრეტი მილები - III, IV, V, VI, VII (ნაწ) სადარბაზო) 7 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 475.54 ლარი; 5) ობიექტზე - თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები (I, II სადარბაზო) 53 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 3 600.49 ლარი; 6) ობიექტზე თბილისი, .........., (ქანობიანი სახურავი II სადარბაზო და წყალსაწრეტი მილები I, II, III სადარბაზო) 44 დღიანი ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 2 989.09 ლარი.

4.6. საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, შემკვეთი გამგეობის მიერ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაანგარიშება ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს, რის გამოც მოსარჩელისათვის/მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირდა და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების კონკრეტული პირობის (ვადაში შესრულების) დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო განისაზღვრა 3-ჯერ შემცირებული ოდენობით, რაც ჯამში 11 616.69 ლარს შეადგენს.

4.7. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხეს/შემკვეთს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკავებული აქვს 34 850.04 ლარი. ვინაიდან, პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 11 616.69 ლარი, მოპასუხეს/შემკვეთს უნდა დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2023 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში დაკავებული თანხიდან 23 233.35 ლარის მოსარჩელისათვის/მენარდისათვის დაბრუნება.

4.8. სააპელააციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება მოსარჩელის/მენარდის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 477-ე, 417-418-ე და 420-ე მუხლები.

4.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (შემკვეთის) სააპელაციო პრეტენზია, რომ საქმის მასალებით და არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ვადაგადაცილების ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის/მენარდის მოთხოვნა გამყარებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ხოლო ქვემდგომმა სასამართლომ პირგასამტეხლო შეამცირა მისი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის საფუძვლით.

4.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიხმო, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია მენარდე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

4.12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემირების თაობაზე და, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, მიუთითა სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

4.13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით არაერთ სამოქალაქო დავაზე განიმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: N ას-708-678-2016, 27.01.2017 წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ.; N ას-222-209-2015, 6.05.2015 წ.; N ას-708-662-2107, 11.01.2017წ.; N ას-506-480-2015, 29.07.2016წ.). პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა 23 233.35 ლარამდე.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. მოპასუხემ (შემკვეთმა გამგეობამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, მისი გაუქმებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

5.2. კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივრის არგუმენტები მისი სააპელაციო პრეტენზიის იდენტურია და ძირითადად იმას ეხება, რომ მხარის მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილი სარჩელითა და პოზიციებით, რომელსაც სასამართლო სხდომებზე აფიქსირებდა, სადავო გარემოებებს არ წარმოადგენს ის, რომ მენარდის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაირღვა კეთილსინდისიერების პრინციპი და არაერთხელ დაირღვა სამუშაოთა შესრულების წერილობითი დავალებებით დადგენილი ვადები, თანაც ათეულობით დღეების განმავლობაში, რაზედაც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამგეობის მხრიდან მენარდეს დაეკისრა ჯარიმა;

5.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა დარღვევის ხასიათი და მხარეთა შორის არსებული გარიგების სამართლებრივი ბუნება. საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დარღვევას, რომელიც გავლენას ახდენდა და, შესრულების დაგვიანების გამო, ზიანი ადგებოდა არა მხოლოდ კონტრაჰენტ მხარეს- გამგეობას, არამედ რაიონის ტერიტორიაზე არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინტერესებს, მათ სახურავების შეკეთების დაყოვნების პირობებში, მათ შორის, წვიმიანი ამინდების მაღალი ალბათობის შედეგად, ადგებოდათ მატერიალური ზიანი, საცხოვრებელი ბინების ნალექის შედეგად დაზიანების საფრთხე იყო მაღალი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო პირობების შედგენისას, გამგეობამ იხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული არგუმენტებით და მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტიმულირების მიზნით, განსაზღვრა იმ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების მომწესრიგებელი ნორმა, რომელიც რეალურად შეასრულებდა ხელშეკრულების დარღვევის პრევენციის ფუნქციას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ხელი შეეწყოს კონტრაქტორი მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დროულ დასრულებას (მაგ., თუ სანქციის ოდენობა თითო დღეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე სამუშაო ძალის გაზრდის დღიური ხარჯი, შესაძლოა, აღნიშნული სანქცია არ აღმოჩნდეს იმ ფუნქციის მატარებელი, რაც მას უნდა გააჩნდეს);

5.4. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, რადგან შეუძლებელია მილიონიანი ხელშეკრულების შესრულების სტიმულირება და მისი პირობების დარღვევის პრევენციის ფუნქცია იქნეს მიღწეული მოვალისათვის 11 616 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების გზით. სასამართლოს ამგვარი გაუმართლებელი ჩარევის იმედით და დამკვიდრებული პრაქტიკის მანკიერი განმარტებებით (ყველა ტიპის სამართალურთიერთობაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტებების, რომელიც მან სასესხო ან მსგავსი ტიპის ურთიერთობებზე გააკეთა, მორგება და სადავო სამართლებრივი საკითხის ბუნების გაუთვალისწინებლოება) წახალისებული არაკეთილსინდისიერი მხარე არ უშინდება დარღვევებს და "დიდ ოდენობად" შეფასებული პირგასამტეხლოც არ აშინებს მას. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა, თუ რამ გამოიწვია დარღევევები, როგორც სარჩელში უთითებდა მხარე, იყო თუ არა მენარდე ნამდვილად კაბალურ პირობებში გამგეობის მიერ ჩაყენებული, ჰქონდა თუ არა მას მიცემული შეუსაბამოდ მცირე დრო სამუშაოს შესასრულებლად, რამაც მისი ჯარიმების დაკისრებას შეუწყო ხელი, ჰქონდა თუ არა მომართული ვადის ობიექტურ მიზეზზე მითითებით გადავადების მოთხოვნით და გამგეობამ გაითვალისწინა თუ არა აღნიშნული და ა.შ. სასამართლო ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილსინდისიერების შეფასების საკითხს, თუ მხარე არაკეთილსინდისიერია, მის მიმართ გამოყენებული სანქციებიც, რომელიც მისი ხელმოწერითვე შეთანხმებულად ითვლება, მართებულად უნდა შეფასებულიყო. სწორედ მხარის არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რითაც საბოლოოდ მოხდა საჯარო ინტერესების განხორციელების ხელშეშლა და საბიუჯეტო სახსრების სწორად და მიზანმიმართულად ხარჯვის შეფერხება.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2-24 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შემკვეთის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 319-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასავებობის პირობების შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემკვეთის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით.

8.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: 1) 2023 წლის 6 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: ქ. თბილისი, ........ (ბრტყელი სახურავი I (ნაწ), III (ნაწ),VI (ნაწ), V(ნაწ), VI(ნაწ) VII(ნაწ) VIII (ნაწ) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 262.36 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 5 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 5 დღისთვის შეადგინა 1 019.01 ლარი; 2) 2023 წლის 1 ივნისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ......... ....... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები - პირველი და მეორე სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 21 395.82 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 10 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 21 დღე მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 21 დღისთვის შეადგინა 4 279.83 ლარი; 3) 2023 წლის 1 ივნისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ......... ...... (ბრტყელი სახურავი - I, III, IV, V, VI სადარბაზო და I, III, V, VI სადარბაზო - წყალსაწრეტი მილები) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივლისი. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 51 090.74 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 30 აგვისტოს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 41 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 41 დღისთვის შეადგინა 8 355.86 ლარი; 4) 2023 წლის 6 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი III (ნაწ), IV, V, VI, VII (ნაწ) და წყალსაწრეტი მილები - III, IV, V, VI, VII (ნაწ) სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 42 358.60 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 1 სექტემბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 7 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 7 დღისთვის შეადგინა 1 426.61 ლარი; 5) 2023 წლის 31 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ......... (ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები (I, II სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 14 080.78 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 17 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 53 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 53 დღისთვის შეადგინა 10 801.47 ლარი; 6) 2023 წლის 31 ივლისის წერილით მენარდე საწარმოს მისამართზე: თბილისი, ........., (ქანობიანი სახურავი II სადარბაზო და წყალსაწრეტი მილები I, II, III სადარბაზო) სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტო. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 12 926.62 ლარი, სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 08 ოქტომბერს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 44 დღე. მოპასუხის მიერ თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა 203.80 ლარით, რამაც 44 დღისთვის შედგინა 8 967.26 ლარი. ჯამში, 6 ობიექტზე ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო - 34 850.04 ლარის ოდენობით.

8.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ/მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 83.19% შეასრულა დადგენილ ვადაში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 019 006.96 ლარს, საიდანაც მოსარჩელემ/მენარდემ 847 711.81 ლარის ოდენობის სამუშაოები შეასრულა ჯეროვნად. მის მიერ სარჩელით სადაოდ გამხდარ 6 ობიექტზე ვადადარღვევით შესრულდა 157 114.92 ლარის ღირებულების სამუშაოები, რისთვისაც ჯამში პირგასამტეხლოს სახით მას დაუკავდა 34 850.04 ლარი.

8.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. ასევე, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების დასკვნას, რომ შემკვეთის მიერ დაკავებული თანხა გაუმართლებლად და შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს პირგასამტეხლო 11 616.69 ლარამდე;

8.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ.). რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ.).

8.5. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). მხარეთა შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების 9.1 და 9.5 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გამოთვლის წესსა და ოდენობაზე. მიუხედავად ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

8.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

8.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირგასამტეხლოს ფუქნციის გათვალისწინებით, რადგან ვალდებულება საბოლოოდ შესრულებულია, მენარდის სასარგებლოდ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

8.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

8.9. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მსჯელობს ფაქტობრივად დამდგარ ზიანზე და არა სავარაუდო ზიანზე. საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ; N ას-463-2024, 5.07.2024წ.).

8.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

8.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

8.12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე