Facebook Twitter

ბს-1055-1006(კ-06) 7 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 მაისს ა. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1995 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს სახელფასო დავალიანება – 2184,47 ლარი, აქედან, ხელფასი – 2095,47 ლარი და სამივლინებო დავალიანება - 99.0 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, მან ზემოაღნიშნული თანხის მისაღებად მიმართა მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას, საიდანაც წერილობით განუმარტეს, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოხდებოდა მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მიზნით დამატებით გამოყოფდა დაფინანსებას.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, შრომა თავისუფალია და შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვრება კანონით.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ,,საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული”.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებოდა კონტროლის პალატისათვის 2631.90 ლარის გამოყოფა და საქართველოს კონტროლის პალატას დაკისრებოდა მის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების_ 2187.47 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოხსნა და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატისათვის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების – 2184,47 ლარის დაკისრება.

მოპასუხე – საქართველოს კონტოლის პალატის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული დავალიანება წარმოშვა 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკიურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სრული დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ 2001-2006 წლების ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშწორებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, კონტროლის პალატას ასიგნებები არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ე-ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას ა. გ-ე-ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების - 2187.47 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების წარმოქმნა გამოიწვია 2004-2006 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის Eშენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრული დაფინანსება. აღნიშნული თანხები გათვალისწინებული არ იქნა არც შემდგომ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონებით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია.

აპელანტის მითითებით, ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებულ მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.”

“საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.2 მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოიყენება მითითებული კანონის ნორმები. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო - ხელფასი. მითითებული კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით კი, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. კანონის 14.1 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკს ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის დაკისრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 10 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს.

2007 წლის 12 იანვარს ა. გ-ე-ს-ემ წარმოადგინა მოსაზრება საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომლითაც ითხოვდა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს კონტროლის პალატას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.