Facebook Twitter

საქმე №ას-1437-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) დ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი მ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღდეგ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........ (ს/კ ..........).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამავე სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დააკმყოფილდა მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) შუამდგომლობები საქმეში მესამე პირთა დაშვებისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელემ 2023 წლის 26 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) დაბრუნება მოითხოვა.

5.2. მოპასუხემ (აპელანტმა) 2024 წლის 6 თებერვალს სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილიშვილებმა 2023 წლის 25 ივლისს აღძრეს სარჩელი, მათ შორის, წინამდებარე დავის მოსარჩელის მიმართ და სადავო ბინასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვეს. მოპასუხემ ამ მოტივით საქმის წარმოების შეჩერება, ასევე საქმეში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მესამე პირებად შვილიშვილების: ე.ყ–სა და გ.ყ–ს ჩართვა მოითხოვა.

5.3. სასამართლომ 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით საქმეზე დანიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომლის თაობაზეც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. სხდომა გაიხსნა 2024 წლის 17 ივნისს, 12:42:26 სთ-ზე, თუმცა მასზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 17 ივნისს 12:25 სთ-ზე შევიდა მოპასუხის განცხადება, რომლითაც მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის გადადება მოითხოვა. ეს განცხადება საქმის განმხილველ მოსამართლეს დაგვიანებით გადაეცა.

5.5. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 17 ივნისს საქმეზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა არც საქმის წარმოების შეჩერებისა და არც მესამე პირთა ჩართვის თაობაზე შუამდგომლობები არ განუხილავს.

5.6. მოპასუხემ/აპელანტმა სააპელაციო საჩივარსა და 2024 წლის 3 ოქტომბერს წარმოდგენილ განცხადებაში საქმეში მესამე პირთა ჩართვისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 89-ე მუხლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, წყვეტს სასამართლო. ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანია მოპასუხის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების განჩინების კანონიერებაზე. ამ სამართალწარმოების ფარგლებში დასადგენი ფაქტები და გარემოებები ერთ- ერთი მხარის მიმართ მესამე პირთა უფლება-მოვალეობებზე გავლენას ვერ მოახდენს; ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონშესაბამისობაზე გავლენას ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა საქმე ვერ იქონიებს. ამის შესაბამისად, მოპასუხის შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

9. დადგენილია, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) საქმის წარმოების შეჩერებისა და საქმეში მესამე პირთა დაშვების თაობაზე 2024 წლის 6 თებერვალს იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე, თუმცა, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2024 წლის 17 ივნისს, ე.ი. 2024 წლის 6 თებერვლიდან ოთხი თვის შემდეგ ისე გამოიტანა, რომ ზემოხსენებული შუამდგომლობების თაობაზე არ უმსჯელია. მსგავს საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: “მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მითითებული ნორმით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ზემოხსენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგი ეცნობებინა მხარისათვის და აღნიშნულის შემდგომ ხელახლა დაენიშნა საქმის განხილვის დრო, რაც არ განუხორციელებია” (იხ. სუსგ. Nას-310-635-07, 4 .06.2007 წ.). ამის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეცდომით, გამოუცხადებელი მხარისათვის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეტყობინების გარეშე გამოიტანა, ამიტომ, იგი უნდა გაუქმდეს.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აპელანტის/მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობით „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ დგინდება, რომ მან სამედიცინო დაწესებულებას 2024 წლის 19 ივნისს, ე.ი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი დღის შემდეგ მიმართა. მართალია, ანამნეზში მითითებულია, რომ მას ჩივილები ბოლო 4 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა, თუმცა აშკარაა, რომ უშუალოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის აპელანტის მდგომარეობა ექიმს არ შეუმოწმებია და ცნობაში ეს ფაქტი თავად აპელანტის მონათხრობის საფუძველზე აისახა. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სავსებით გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ 2024 წლის 17 ივნისს ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტი, კანონით დადგენილი მტკიცებულებებით, ვერ დაამტკიცა.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტებში ასახული საპროცესოსამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქალაქო სასამართლოს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის პრეტენზია საპროცესოსამართლებრივ საკითხებს ეხება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესამოწმებელ წინაპირობებს. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სსსკ-ის 233-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე, რადგან ნორმის დეფინიციის მიხედვით “მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები”, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ასახული, თუ რა იგულისხმება “ფაქტობრივ გრემოებებში.

12.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსაარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტებშია ასახული და კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის ვრცელი შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით (იხ. ტ.1, ს.ფ.23-266). შესაგებელი მოიცავს მოპაუხის შუამდგომლობებს საქმის წარმოების შეჩერებისა და საქმეში მესამე პირთა დაშვების თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ.38-39). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2024 წლის 17 ივნისს, ე.ი. 2024 წლის 6 თებერვალს წარდგენილი შუამდგომლობებიდან ოთხი თვის შემდეგ ისე გამოიტანა, რომ მათ შესახებ არ უმსჯელია.

16. სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესის სასამართლოს განმარტებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი), ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეზე Nას-310-635-07, 4 .06.2007 წ. დადგენილია, რომ „სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა გ. ჯ-ის წარმომადგენელ ნ. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, აღნიშნულის შესახებ არც აპელანტის და არც მისი წარმომადგენლისათვის არ უცნობებია და იმავე დღეს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება”, ანუ საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურ დარღვევად შეფასდა ის, რომ სააპელაციო სასამართლომ განხილული შუამდგომლობის შედეგი არ აცნობა მხარეს, კერძოდ, “საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მითითებული ნორმით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ზემოხსენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგი ეცნობებინა მხარისათვის და აღნიშნულის შემდგომ ხელახლა დაენიშნა საქმის განხილვის დრო, რაც არ განუხორციელებია” (იხ. ას-310-635-07, 4 .06.2007 წ.). მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოპასუხის შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობებზე, რაც სსსკ-ის 233-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველს წარმოადგენს.

17. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის მაგალითზე და მის ფარგლებში განმარტავს, რომ თითოეული მხარე ინფორმირებული უნდა იყოს მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის თუ განცხადების სამართლებრივ შედეგზე, რასაც უკავშირებს თავის მოთხოვნას თუ მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნის გამორიცხვას/შეფერხებას, რაც მხარეთა პროცესუალური თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინცპის საყრდენია. სწორედ ამიტომ კანონმდებლის მიზანი, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლებს უკავშირდება, უნდა შემოწმდეს სასამართლოს მიერ და პროცესუალურსამართლებრივად დასაბუთდეს იმ კომპონენტების მიხედვით, როგორც ეს რეგულირდება.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ბ–ძეს (გერმანიის მოქალაქის პასპორტის #C11968R6Y, გაც. 03.04.2023 წ.) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30 %-ის - 45 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე