საქმე №ას-24-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
I კასატორი – სს "ე–სი" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
II კასატორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ე–სი" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდეგში: თავდაპირველი ან ძირითადი მოსარჩელე, შემკვეთი/შემსყიდველი, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი ან მეორე კასატორი), სარჩელი სს ,,ე–სის“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მენარდე/შემსრულებელი ან პირველი კასატორი) მიმართ, ზედმეტად გადახდილი თანხის- 759 866, 5 ლარის დაკისების თაობაზე (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტ.12, ს.ფ.100) არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით მენარდე საწარმოს- სარჩელი სს ,,ე–სის“ შეგებებული სარჩელი შემკვეთი კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა;
2. შემკვეთ კომპანიას (GWP) მენარდე საწარმოს სასარგებლოდ 237 216 ლარის და 71 514.20 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. შემკვეთი კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა მენარდე საწარმოსათვის 759 866.5 ლარის, როგორც მის (თავდაპირველი მოსარჩელის) მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის, დაკისრების შესახებ, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება:
3.1. ძირითად მოსარჩელე კომპანიასა და მოპასუხე საწარმოს შორის 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმდა N 134-18 მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სამშენებლო ტექნიკით მომსახურება (საწვავითა და შესაბამისი ოპერატორით). შემკვეთმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას გადაუხდიდა შემსრულებელს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან, დავალება დასრულებულად ითვლებოდა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც ფორმდებოდა თითოეული „დავალებისთვის“ და რომელსაც თან ერთვოდა ე.წ. „თაიმ-შითები“ (ტაბელები) თითოეული მძღოლის მიერ შესრულებული საათების შესახებ, შესაბამისი პირების ხელმოწერებით (იხ. ხელშეკრულება მასში შესულ ცვლილებებთან ერთად- ტ.1, ს.ფ.34-43);
3.2. ხელშეკრულების მიხედვით, ანაზღაურება ხდებოდა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტისა და ელ. წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, მათი გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე/შემსრულებელი საწარმო უზრუნველყოფდა მოსარჩელის, საჭიროებისამებრ, კონკრეტული სამუშაო ობიექტებიდან ნარჩენი მასალის გატანას და გადაყრას ნაგავსაყრელზე და ასევე საწყობიდან სამუშაო ობიექტზე საჭირო მასალების (სარემონტო მასალა) გადაზიდვას, რომელთა დროსაც დგებოდა სათანადო დოკუმენტები - გადაზიდვის დროს - ზედნადები, ხოლო ნარჩენი მასალის გადაყრა ხდებოდა ნაგავსაყრელზე. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შესული ავტომანქანების შესვლა-გასვლის შესახებ რეესტრს აწარმოებდა შპს „თ.ჯ–ი“;
3.3. კომპანიის სატრანსპორტო დეპარტამენტის, სატრანსპორტო სადისპეტჩერო და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელშიც იგი უთითებდა მენარდე საწარმოს მხრიდან მომსახურების განხორციელების განმავლობაში შესაძლო დარღვევების შესახებ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ე.წ. „თაიმშითებში“ (ტაბელებში) მძღოლების მიერ ზედმეტად ეთითებოდა ნამუშევარი საათები, რაც საბოლოოდ იწვევდა მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ მომსახურების ღირებულების გაზრდილი ოდენობით გადახდას. შემოწმების შედეგად, რომელმაც მოიცვა 2018- 2019 წლები, დადგინდა, რომ მოსარჩელემ (შემკვეთმა) ზედმეტად გადაიხადა ჯამში 759 866.5 ლარი, ანუ თანხა გადახდილია იმ მომსახურებაში, რაც რეალურად არ განხორციელებულა (იხ. შემკვეთი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა-ტ.1, ს.ფ.61-67). წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შემკვეთი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი (ოფიციალური დოკუმენტის დამზადება) გამოიწვია, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, სადაც მოსარჩელე (შემკვეთი) კომპანია ცნობილია დაზარალებულად (იხ. ტ.6, ს.ფ. 344-345). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე (მენარდე) საწარმოს მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად შემკვეთ კომპანიას მიადგა ზიანი, რის გამოც წარმოიშვა სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის წინაპირობა.
4. თავდაპირველი სარჩელის პასუხად მოპასუხემ (მენარდე საწარმომ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით (იხ. შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით-ტ.7, ს.ფ. 5-83; ს.ფ.86-202) უარყო სასარჩელო მოთხოვნები და, თავის მხრივ, წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომელიც იმავდროულად დეტალურად ასახავს შეპასუხებას ძირითად სარჩელზე. მენარდე საწარმოს შეგებებული სარჩელით (იხ. შეგებებული სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით - ტ.8, ს.ფ. 1-640), მის სასარგებლოდ, მოთხოვნილია თავდაპირველი მოსარჩელისათვის (GWP) 237 216 ლარისა და, ასევე, 71 514.20 ლარის გადახდის დაკისრება, რაც ქვემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება:
4.1. მხარეთა შორის 2018 წლის 16 თებერვალს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება №134-18, რომელსაც ერთვის №1 დანართი და შეთანხმებები, რომლითაც გრძელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
4.2. ხელშეკრულების თანახმად, შეგებებული სარჩელის წარმდგენი საწარმოს (მოპასუხის/მენარდის) ვალდებულებას შემკვეთი (ძირითადი მოსარჩელე) კომპანიის მიმართ წარმოადგენდა, მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკისა და ა/მანქანების მესაკუთრე - მძღოლების გაგზავნა შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილას და ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი სამუშაო ტაბელის გატანა, რომელიც უნდა შეევსო ცვლის ინჟინერს სამუშაო კოდის, ადგილისა და ნამუშევარი საათების მითითებით, ხოლო სამუშაო დღის ბოლოს აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, ნამუშევარი საათები, დაედასტურებინა ხელმოწერით. ასევე, მენარდეს ევალებოდა მძღოლების საწვავით უზრუნველყოფა და, ნამუშევარი საათების მიხედვით, ხელფასის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშებზე;
4.3. ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, გაფორმდა ხელშეკრულებები ა/მანქანებისა და სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის მძღოლებთან;
4.4. შემკვეთი (თავდაპირველი მოსარჩელე) საწარმო 2019 წლის 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე ადგენდა და აფორმებდა მიღება- ჩაბარების აქტს ტექნიკის სახეობის მიხედვით, მათი საერთო საათების დაჯამების პრინციპით. სამუშაოთა მიმდინარეობის სრული პერიოდის (წლების) განმავლობაში. შემკვეთი მხარე, აქტის შედგენამდე, დასკანერებული (კონტრაქტორის მიერ გადაგზავნილი) ტაბელების მიხედვით, ყოველთვიურად, წინასწარ ახდენდა შედარებას კონტრაქტორის საათების რაოდენობას და მხოლოდ ჯამური საათების ორმხრივი დადასტურების შემდეგ დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და მზადდებოდა ხელმოსაწერად. კონტრაქტორს (მენარდეს) არ ჰქონდა უფლება, შემკვეთის მიერ წარმოებულ პროექტში რაიმე სახით ჩარეულიყო (N 134-18 ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას გაითვალისწინოს/შეასრულოს „დამკვეთის“ მითითებები. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, გადაუხვიოს „დამკვეთის“ მითითებებს მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობის საფუძველზე. „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში გაითვალისწინოს/შეასრულოს მხოლოდ ობიექტზე „დამკვეთის“ წარმომადგენლის (მენეჯერის) მითითებები);
4.5. მთელი ამ ხნის განმავლობაში მენარდე საწარმო პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (შემკვეთ კომპანიას) საყვედური გამოეთქვას მენარდისათვის. შემკვეთმა კომპანიამ 2020 წლის იანვრიდან შეწყვიტა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების თანხების გადახდა. საგულისხმოა, რომ სადავო პერიოდში, ტაბელების მიხედვით შემკვეთ მხარეს დადასტურებული აქვს ნამუშევარი საათების რაოდენობა ხელმოწერებით. კერძოდ, კონტრაქტორი/მენარდე მხოლოდ დავალების მიღების შემდეგ (თუ რა მარკის ავტომობილი, რა დროს, რომელ ობიექტზე უნდა მისულიყო და ვის უნდა დაკონტაქტებოდა შემკვეთი კომპანიიდან) ატყობინებდა შესაბამისი ტექნიკის მძღოლებს, გადასცემდა მათ საწვავის ტალონს და გასცემდა ტაბელის ფორმას;
4.6. გარდა ტაბელის შევსებისა და სამუშაოს წარმოებაზე, დროის მითითებით, ხელმოწერისა, ყველა შესასრულებელ და შემდეგ შესრულებულ სამუშაოზე მწარმოებელი ინჟინერი ხელს აწერდა ე.წ ტაბელს. საგულისხმოა, რომ სადავო პერიოდში (2020 წლის იანვარი- თებერვალი-მარტი), ტაბელების მიხედვით, რომელიც ანგარიშსწორებისათვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი და პირველადი დოკუმენტი იყო, შემკვეთ კომპანიას დადასტურებული აქვს ნამუშევარი საათების რაოდენობა ხელმოწერებით. ანალოგიური პრინციპით მიმდინარეობდა ნამუშევარი საათების აღრიცხვა და შესაბამისად - ანგარიშსწორებაც 2018-2019 წწ.-შიც;
4.7. შეგებებული სარჩელის მიხედვით, 2020 წლის იანვარში, ტაბელების მიხედვით, სატვირთო ა/მანქანა „კამაზის“ მძღოლების მიერ შესრულებულია 2 805 საათის მომსახურება, რასაც უნდა გამოაკლდეს დეკემბრის ბოლოს ავანსად იანვრის თვეში მიღებული მომსახურების დრო 271 საათი და, შესაბამისად, იანვარში შესრულებული მომსახურების საათები შეადგენს 2 805-271=2 534 საათს. აღნიშნული საათები უნდა გამრავლდეს ხელშეკრულების მიხედვით დადგენილ ტარიფზე (28,50 ლარი დღგ-ის ჩათვლით) და მიიღება იანვარში „კამაზებით“ შესრულებული მომსახურების ღირებულება, რაც 72 219,00 ლარია დღგ-ის ჩათვლით. იმავე პერიოდში „ექსკავატორის“ მძღოლებმა გწპ-ის გაუწიეს 456 საათის მომსახურება. აღნიშნულ საათებს ასევე უნდა გამოაკლდეს დეკემბრის ბოლოს ავანსად იანვრის თვის მიღებული მომსახურების 118 საათი და გამოდის, რომ იანვარში გწპ-ის მიერ ასანაზღაურებელი საათები არის 456-118=338. აღნიშნული საათები უნდა გამრავლდეს ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებულ ტარიფზე (45 ლარი დღგ-ის ჩათვლით) და მიიღება იანვარში „ექსკავატორებით“ შესრულებული მომსახურების ღირებულება, რაც 15 210 ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. ჯამურად ორივე სპეც. ტექნიკის მიერ შესრულებული მომსახურების ღირებულებამ იანვარში 87 429 ლარი შეადგინა დღგ-ის ჩათვლით;
4.8. 2020 წლის თებერვალში სატვირთო ა/მანქანა ,,კამაზი“ მძღოლებმა შეასრულეს 2598 საათის მომსახურება, რაც ტარიფიდან გამომდინარე, სულ 74 043 ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. იმავე პერიოდში „ექსკავატორის“ ოპერატორების მიერ გაწეულ იქნა 656 საათის მომსახურება, რაც, ტარიფიდან გამომდინარე (45 ლარი დღგ-ის ჩათვლით ლარში), სულ 29 520,00 ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. ასევე, ამავე პერიოდში შემკვეთი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ექსკავატორმა „კოდალით“ 9 საათის განმავლობაში იმუშავა, რაც, ტარიფიდან გამომდინარე (85 ლარი დღგ- ის ჩათვლით ლარში), 765,00 ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. შესაბამისად, სულ თებერვალში მენარდე საწარმოს მიერ შესრულებული მომსახურების ღირებულებამ 104 328,00 ლარი შეადგინა დღგ-ის ჩათვლით;
4.9. 2020 წლის 15 მარტამდე პერიოდში სატვირთო ა/მ „კამაზის“ მძღოლებმა გასწიეს 954 საათის მომსახურება, რაც (ტარიფი 28,50 ლარი დღგ-ის ჩათვლით ლარში) 27 149,00 ლარს შეადგენს დღგ-ის ჩათვლით. იმავე პერიოდში შემკვეთი კომპანიის 2020 წლის 26 ივნისის №OG20-0410115 წერილით მენარდეს ეცნობა, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სარჩელის განხილვა მოპასუხე სს „ე–სის“ მიმართ, რომელიც შეეხება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 776 653 ლარის დაკისრებას“.
4.10. აუდიტორული კომპანია „ი.ა–ის“ 2020 წლის 23 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნით (იხ. ტ.8, ს.ფ. 238-241), „ექსკავატორების“ მძღოლების მიერ გაწეულმა მომსახურებამ 406 საათი შეადგინა, რაც (ტარიფი 45,00 ლარი დღგ-ის ჩათვლით) 18 270,00 ლარია ფულადი სახით დღგ-ის ჩათვლით. ერთობლივად კი 15 მარტამდე, მენარდის მიერ გაწეული მომსახურების თანხამ 45 459,00 ლარი შეადგინა დღგ-ის ჩათვლით. 2020 წლის იანვარ-თებერვლისა და 15 მარტის ჩათვლით პერიოდში მენარდე საწარმომ შემკვეთ კომპანიას გაუწია 237 216,00 ლარის მომსახურება დღგ-ის ჩათვლით,;
4.11. შემკვეთ საწარმოში გადაგზავნილი იქნა ანგარიშფაქტურები 23 216,00 ლარის ჩარიცხვაზე, რაც ასახულია სარჩელზე დართულ ანგარიშ-ფაქტურებში, რომელიც გაგზავნილია შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარესთან (შემკვეთ კომპანიასთან);
4.12. მენარდე საწარმომ 2020 წლის იანვარ-მარტში „კამაზის“ და ექსკავატორის მძღოლებს, ხელფასის სახით, გადაუხადა 1-31 იანვრის პერიოდისათვის, შესაბამისად- 39 926 ლარი და 10 475 ლარი; 1-29 თებერვლის პერიოდში, შესაბამისად - 35 052,75 ლარი და 279,99 ლარი. 1-16 მარტის პერიოდში ჩარიცხული არ არის მძღოლებისათვის ხელფასის სახით თანხა, თუმცა დაბეგრილია 10 481,25 ლარი და 8467,52 ლარი. ეს თანხა მენარდე საწარმომ საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხადა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მძღოლებზე გაიცემოდა საწვავი. იანვარი- თებერვალი-მარტში მენარდე საწარმომ შეიძინა, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბერს - 39 840 ლარის საწვავი, 2020 წლის 20 იანვარს - 39 840 ლარის საწვავი, 18 თებერვალს - 39 040 ლარის საწვავი;
4.13. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემკვეთ კომპანიას აუდიტორულ მომსახურებას უწევდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს „ი–ი“ (EY), რომლის დასკვნის თანახმადაც, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შემკვეთი კომპანიის დავალიანება მენარდე საწარმოსს მიმართ შეადგენდა 192,433.08 ლარს, ხოლო 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით - 322 561,58 ლარს;
4.14. მენარდე საწარმომ 2020 წლის 15 ივნისს წერილით მიმართა შემკვეთ კომპანიას და მოსთხოვა 2020 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ანაზღაურება. 23/10/2020-11 დასკვნის თანახმად, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდში, სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 237 216 ლარს, დღგ-ის ჩათვლით. დასკვნის N 1 დანართი სრულად ასახავს ინფორმაციას მენარდის მიერ შემკვეთისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდში, სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ, დღგ-ის ჩათვლით (იხ. წერილი- ტ. 8, ს.ფ.233-234);
4.15. მხარეთა მიერ 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი N 134-18 მომსახურების ხელშეკრულების N1 დანართის შესაბამისად, სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის, საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტის ცვლილების შემთხვევაში. აღნიშნულს ახლავს შკალაც, რომლის მიხედვითაც მითითებულია ყველა სამშენებლო ტექნიკა, ერთეულის ღირებულების ჩვენებით, დღგ-ის, საწვავის, ოპერატორის ხელფასის ჩათვლით და ასევე საწვავის 10%-ით ცვლილების შემთხვევაში საათობრივი ტარიფების ცვლილება ოდენობებით, რაც 1.70-იდან 0.60-მდე მერყეობს;
4.16. 2020 წლის 23 ოქტომბრის აუდიტორულ დასკვნაში 23/10/2020-02, რომელიც ჩაატარა აუდიტორულმა კომპანიამ „ი.ა–ი“, მითითებულია, რომ დასკვნის მომზადების პროცესში მენარდის მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო და საგადასახადო პირველადი დოკუმენტები, მენარდე საწარმოსათვის საწვავის მიმწოდებელი კომპანია „რ–დან“ მიღებულ საწვავზე გამოწერილი სპეც. ანგარიშფაქტურები; მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები, მიღება-ჩაბარების აქტები, ტაბელები. აუდიტის მიერ გამოყენებული იქნა ასევე მენარდე საწარმოს მიერ კომპიუტერულ ბუღალტრული პროგრამა „ორის“-ში შეტანილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში (RS.GE) არსებული მონაცემები. დასკვნის სახით მითითებულია, რომ 2018 წლის 16 თებერვლის N 134-18 ხელშეკრულების N 1 დანართით განსაზღვრული მომსახურების საათობრივი ტარიფის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავის ღირებულების 10%-ით და მეტით ცვლილების გათვალისწინებით, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის დამატებით გაწეული მომსახურება შეადგენს 71 514 ლარს, დღგ-ის ჩათვლით. დასკვნას ერთვის ცხრილი, რომელიც სრულად ასახავს ინფორმაციას სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ, მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით გაზრდის შედეგად მომსახურების საათობრივ ტარიფში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (იხ. ტ.8, ს.ფ. 238-241).
5. შეგებებული სარჩელის მოპასუხე შემკვეთმა კომპანიამ არ ცნო მის წინააღმდეგ მენარდის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა და წერილობით წარდგენილ შესაგებელში (იხ. დაზუსტებული შესაგებელი- ტ.9, ს.ფ.3-21) მიუთითა:
5.1. მხარეთა შორის 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი N 134-18 ხელშეკრულების შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, რომლებშიც ასახული იყო ნამუშევარი საათების რაოდენობა და მომსახურების ღირებულება, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემკვეთ კომპანიაში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ჯერ კიდევ 2018- 2019 წლებში, გამოვლინდა ტაბელებში არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების ფაქტები. 2020 წლის იანვრიდან შემკვეთი კომპანია მიღება-ჩაბარების აქტებს არ აწერდა ხელს და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაუდასტურებია;
5.2. ხელშეკრულების მოქმედების გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხარეები ნამდვილად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ ერთურთისადმი, თუმცა ეს იმ ფონზე, როდესაც შემკვეთი კომპანიისთვის არ იყო ცნობილი მენარდე საწარმოს თანამშრომლების (მძღოლების) არაკეთილსინდისერი ქმედებების შესახებ. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც გამოვლინდა მიღება-ჩაბარების აქტებსა და ტაბელებში არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების ფაქტები, შემკვეთმა კომპანიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;
5.3. შემკვეთი კომპანია არ უარყოფს 2018-2019 წლებში, ასევე 2020 წლის ტაბელების გარკვეულ ნაწილზე ხელმოწერის ფაქტს, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თვითონ მენარდე საწარმოს მძღოლებმა, ასევე შემკვეთი კომპანიის ინჟინრებმა, რომლებიც ტაბელებზე ხელმომწერ პირებს წარმოადგენენ, განაცხადეს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მათ ხელი არ მოუწერიათ ტაბელებზე, რაც ნიშნავს, რომ შემკვეთ კომპანიას არ გამოუძახებია კონკრეტული ავტომანქანა, შესაბამისად, მენარდეს არ გაუწევია მომსახურება შემკვეთის სასარგებლოდ, თუმცა მომსახურების თანხა შემკვეთის მიერ ანაზღაურებულია;
5.4. შემკვეთი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2021 წ. დასკვნით დასტურდება, რომ 2020 წლის 9 იანვრიდან იმავე წლის 15 მარტამდე პერიოდში, ტაბელები („თაიმშითები“) კომპანიაში წარმოდგენილია სულ 744 გამოძახებაზე (6 452.50 საათი) (თვითმცლელ მანქანებზე), ჯამური ღირებულებით 183 896 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მენარდე საწარმო უზრუნველყოფდა შემკვეთი კომპანიის ობიექტებზე მუშაობას, ასევე - ნარჩენი მასალის გატანას და გადაყრას ნაგავსაყრელზე და საწყობიდან სამუშაო ობიექტებზე საჭირო მასალების გადაზიდვას, რომელთა დროსაც დგებოდა სათანადო დოკუმენტები - გადაზიდვის დროს ზედნადებები, ხოლო ნარჩენი მასალის გადაყრა ხდებოდა ნაგავსაყრელზე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2021წ. დასკვნით დასტურდება, რომ დასკვნაში მითითებული 744 გამოძახებიდან 179 გამოძახებაზე (1 505.50) ვერ მოიძებნა ვერც სასაქონლო ზედნადები და არც ავტომობილი დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. იმავდროულად, შემკვეთი კომპანიის ინჟინრების: დ.მ–ის, გ.ჯ–ის, კ.ჩ–ძის, თ.ი–ის, კ.ა–ძის, გ.კ–ძის, მ.ა–ის, თ.კ–ას, ფ.პ–ის, გ.ს–ის, თ.ჩ–ის, მ.ტ–ის, ი.ნ–ძის, გ.მ–ის, გ.ჯ–ძის, ა.ა–ძის, ვ.ლ–ძის, დ.კ–ძის, მ.მ–ძის, მ.პ–ის, ზ.კ–სა და მ.თ–ის ახსნა- განმარტებებით (იხ. ტ. 9, ს.ფ. 52-67) დასტურდება, რომ იმ ტაბელების ნაწილზე (ახსნა-განმარტებებში მითითებულია კონკრეტული ე.წ. „თაიმშითები“), რომლებიც მენარდე საწარმომ წარუდგინა შემკვეთ კომპანიას, არ იყო დაფიქსირებული მათი ხელმოწერა (ანუ ტაბელები ხელმოწერილია სხვა პირის მიერ), რაც საკმარისი საფუძველია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ტაბელებში ასახული ინფორმაცია სრულად არ შეესაბამება სინამდვილეს და მათში მითითებულ ავტომანქანებს (თვითმცლელებს) რეალურად სამუშაო არ განუხორციელებიათ. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ამ შემთხვევებზე არც სასაქონლო ზედნადები ყოფილა გამოწერილი და არც ნაგავსაყრელზე დაფიქსირებულა მანქანა. შესაბამისად, მითითებული პერიოდის (2020 წლის იანვარ-მარტი) განმავლობაში ძირითადი მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ კონტრაქტორისათვის- მენარდისათვის აღნიშნული შემთხვევების შედეგად ზედმეტად გადასახდელი თანხების ჯამმა შეადგინა 42 992 ლარი;
5.5. მიუხედავად იმისა, რომ მენარდე საწარმომ შემკვეთს 2020 წლის იანვარ-მარტში გაუწია მომსახურება, რაზეც გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შედგენილ იქნა ე.წ. ტაბელები, შემკვეთმა არ დაადასტურა არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებს მოაწერა ხელი, რაც ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების ანაზღაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამის მიზეზს კი ის გარემოება წარმოადგენს, რომ ტაბელებში მითითებულია არასწორი ინფორმაცია, კერძოდ, მითითებულია ის დღეები, როდესაც მომსახურება არ განხორციელებულა;
5.6. შემკვეთი კომპანიის 27.09.2021 წლის დასკვნით დასტურდება, რომ 2020 წლის 9 იანვრიდან იმავე წლის 15 მარტამდე პერიოდში, მენარდე საწარმოს მიერ ტაბელები („თაიმშითები“) შემკვეთ კომპანიაში წარმოდგენილ იქნა სულ 744 გამოძახებაზე (თვითმცლელ მანქანებზე ე.წ. „კამაზებზე“), ჯამური ღირებულებით 183 896 ლარი, საიდანაც 179 გამოძახებაზე (1 508.50 საათი) არ მოიძებნა არც ზედნადებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მანქანებმა განახორციელეს საწყობიდან სამუშაო ობიექტებზე საჭირო მასალების გადაზიდვა და არც სამშენებლო ნაგვის გადაყრის ფაქტი არ დაფიქსირებულა, ვინაიდან, ნაგავსაყრელზე ავტომანქანები არ შესულან. შესაბამისად, მენარდე საწარმოს მიერ მოთხოვნილი თანხა, თვითმცლელების („კამაზების“) მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, არასწორია და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებიდან. გარდა ამისა, მხარეებს შორის 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი N 134-18 ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, გაწეული „მომსახურების“ საფასური განისაზღვრებოდა მიღება-ჩაბარების აქტით თითოეული „დავალებისათვის“, ხოლო 3.3 მუხლის მიხედვით, ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა მხარეებს შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი და ელექტრონულად წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურა. კონკრეტულ შემთხვევაში, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდის მომსახურებაზე მხარეებს შორის არ არის გაფორმებული არც ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის ელექტრონულად გაგზავნილი ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობს თანხის ანაზღაურების საფუძველი;
5.7. სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმდა N 134-18 ხელშეკრულება, რომლითაც მენარდე საწარმომ იკისრა ვალდებულება, თავისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ფარგლებში, შემკვეთისთვის გაეწია მომსახურება ამავე ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული სამშენებლო ტექნიკით, საწვავით და შესაბამისი ოპერატორით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა მომსახურების ღირებულება თითოეული მანქანის მიხედვით (ერთეულის ღირებულებაში შედიოდა საწვავის ღირებულება და ოპერატორის ხელფასიც). ამავე დანართის შენიშვნით გათვალისწინებულია სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა, საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით ცვლილების შემთხვევაში. იმავდროულად, ამავე დანართით განისაზღვრა ასეთ შემთხვევაში საათობრივი ტარიფების ცვლილება დანართში მითითებული ოდენობით. ამდენად, დანართით გათვალისწინებულ იქნა იმის შესაძლებლობა, რომ, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განხორციელებულიყო ტარიფის ცვლილებაც, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია - ანუ მხარეთა შორის შეთანხმება ფასის ცვლილებაზე არ მომხდარა, შესაბამისად, მხარის მითითება აღნიშნულზე საფუძველს მოკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებს საათობრივი ტარიფის ცვლილების შესაძლებლობას, საწვავის ფასის 10%-იანი ცვლილების (გაზრდის) შემთხვევაში, როგორც თავად ამ შენიშვნის ჩანაწერი უთითებს, ბუნებრივია, უნდა წარმოადგენდეს მხარეთა შეთანხმების საგანს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ანუ მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ გაფორმებულა რაიმე შეთანხმება ტარიფის გაზრდის შესახებ მაშინ, როდესაც ხსენებულ ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილებაა შესული, ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორის (მენარდის) მიერ გაზრდილი ტარიფის ცალმხრივად მოთხოვნა უსაფუძვლოა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. შემკვეთსა და მენარდეს შორის, 2018 წლის 16 თებერვალს, ხელი მოეწერა N 134-18 მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სამშენებლო ტექნიკით მომსახურება (საწვავითა და შესაბამისი ოპერატორით). შემკვეთმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას გადაუხდიდა მენარდეს/შემსრულებელს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან, დავალება დასრულებულად ითვლებოდა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც ფორმდებოდა თითოეული „დავალებისთვის“ და რომელსაც თან ერთვოდა ე.წ. „თაიმ-შითები“ (ტაბელები) თითოეული მძღოლის მიერ შესრულებული საათების შესახებ, შესაბამისი პირების ხელმოწერებით.
6.1.2. 2019 წლის 1 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 1 მარტამდე (ჩათვლით), ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება დარჩა უცვლელი“.
-2019 წლის 1 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება დარჩა უცვლელი“.
-2019 წლის 1 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება დარჩა უცვლელი“.
-2020 წლის 03 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება დარჩა უცვლელი“.
6.1.3. ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, დავალება დასრულებულად ითვლებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ფორმდებოდა თითოეული დავალებისათვის, ხოლო 3.2. მუხლის მიხედვით, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, შემკვეთი შემსრულებელს უხდიდა ანაზღაურებას, რომელიც მოცემული იყო N 1 დანართში. ანაზღაურებაში შედიოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები, სპეცტექნიკით მომსახურებისთვის საჭირო საწვავი და სხვა მასალები, მათ შორის საცხები და სარემონტო სამუშაოები, ასევე - ოპერატორის ხელფასი. ამავე ხელშეკრულების 3.3 მუხლის მიხედვით ანგარიშსწორება ხდებოდა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და ელექტრონულად წარდგენილი ანგარიშ- ფაქტურის საფუძველზე.
6.1.4. ხელშეკრულების 4.4 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო, მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში, გაეთვალისწინებინა/შეესრულებინა მხოლოდ ობიექტზე შემკვეთის წარმომადგენლის (მენეჯერის) მითითებები.
-მენარდის ვალდებულება მოცემული მომსახურების ხელშეკრულებით, შემოიფარგლებოდა მხოლოდ მითითებული ტექნიკის მიწოდებით, დათქმულ დროსა და ადგილას, ა/მანქანები, თუ ექსკავატორები უნდა ყოფილიყო გამართულ მდგომარეობაში, საწვავით უზრუნველყოფილი. იმპერატიული ჩანაწერია ის, რომ მენარდეს/შემსრულებელს ვალდებულება გააჩნდა, მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში, შეესრულებინა მხოლოდ სამუშაო ობიექტის მენეჯერის მითითებები. მაშასადამე, იგი არ ერეოდა მუშა პროცესში და არ გააჩნდა უფლებამოსილება შეემოწმებინა, თუ რომელმა მძღოლმა რამდენი იმუშავა და ვის ეკუთვნოდა ე.წ ,,თაიმშითებზე“ ხელმოწერები. ეს იყო ის დოკუმენტები, რომლის შემოწმების ვალდებულებაც ეკისრებოდა შემკვეთს, ასევე მისი ვალდებულება იყო დროის სააღრიცხვო ბარათებში მითითებული საათების სისწორის შემოწმება. ანაზღაურება ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებზე შემკვეთის ხელმოწერის შემდეგ, რაც უნდა მომხდარიყო ე.წ. „თაიმშითების” დადარებით;
6.1.5. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე, შემკვეთის მიერ მიღება-ჩაბარების აქტები იბეჭდებოდა და შესაბამისად ფორმდებოდა: რეაბილიტაციის პროექტებისთვის ცალ-ცალკე „დავალების“ მიხედვით, ხოლო მიერთების პროექტებისთვის აქტი დგებოდა ტექნიკის სახეობის მიხედვით, მათი საერთო საათების დაჯამების პრინციპით;
6.1.6. 2019 წლის 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე შემკვეთი ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს ტექნიკის სახეობის მიხედვით, მათ მიერ ნამუშევარი საერთო საათების დაჯამების პრინციპით, სამუშაოთა მიმდინარეობის სრული პერიოდის (წლების) განმავლობაში, აქტისთვის საბოლოო სახის მიცემამდე, შემკვეთი ახორციელებდა მენარდის (კონტრაქტორის) მიერ გადაგზავნილი დასკანერებული ტაბელების მიხედვით, ყოველთვიურად ნამუშევარი საათების რაოდენობის შესწავლას, შედარებას და მხოლოდ ჯამური საათების ორმხრივი დადასტურების შემდეგ ბეჭდავდა შემკვეთი აქტს და ამზადებდა ხელმოსაწერად.
6.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. მენარდის/შემსრულებლის მოქმედებით ან უმოქმედობით შემკვეთ კომპანიას ზიანი არ მისდგომია. თავდაპირველი მოსარჩელე (შემკვეთი) მიუთითებს, რომ მისი კომპანიის სატრანსპორტო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის გ.ჯ–ის მოხსენებითი ბარათით დასტურდებოდა, რომ 2020 წლის 9 იანვრიდან კომპანიის დირექტორის დავალებით მისმა სამსახურმა დაიწყო ნაქირავები ტექნიკის გადანაწილების და გამოყენების კონტროლი, რა დროსაც თვის ბოლოს მენარდე საწარმოს მიერ წარდგენილ ტაბელებში დაფიქსირებული იყო შემკვეთის მიერ გამოძახებული და გამოყენებული ტექნიკის და მძღოლების ნამუშევარი საათებისა და დღეების უზუსტობები, რაც გამოიხატებოდა ტაბელებში ზედმეტად შეტანილი დღეებით. ძირითადი მოსარჩელე საამისო მტკიცებულებად მიუთუთებს მისი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ პროექტზე თვითმცლელების დაქირავება ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო იყო სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ან სამშენებლო ნარჩენის გატანა, რა დროსაც ტრანსპორტირების შემთხვევაში იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, ხოლო ნარჩენების გადაყრის დროს თვითმცლელი შედიოდა ნაგავსაყრელზე, რასაც აფიქსირებდა შპს „თ.ჯ–ი”. გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტებსა და მასზე თანდართულ დროის სააღრიცხვო ბარათებში ფიქსირდებოდა კონკრეტული თვითმცლელების გამოძახებები, თუმცა, მათ მიერ სამუშაოს შესრულება არც ერთი დოკუმენტით დასტურდება. 2018 წლის აპრილიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები იყო წარმოდგენილი 5, 095 გამოძახებაზე, ჯამურად 1, 248, 020 ლარის ღირებულებით. აქედან 1 512 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადებები, ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. 2019 წლიდან დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები იყო წარდგენილი 6 437 გამოძახებაზე, ჯამურად 1 548 264 ლარის ღირებულებით. აქედან 1740 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადებები, ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც გახდა სარჩელის აღძვრის და 776 653 ლარის (რომელიც შემდეგ თავდაპირველმა მოსარჩელემ დააზუსტა და საბოლოოდ 759 866.5 ლარის გადახდა მოითხოვა) მოთხოვნის საფუძველი მენარდისათვის;
6.2.2. მოთხოვნის დოკუმენტი ეყრდნობა ინჟინერთა და გარკვეულ მძღოლთა წინააღმდეგობრივ ახსნა-განმარტებებს, რომლებშიც ძირითადად 2019 წელზეა მითითებული, ასევე - შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ზედნადებებსა და თ.ჯ–იდან ამოღებულ მასალებს; პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, დასახელებული დოკუმენტი ვერ გამოდგება იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ მენარდე/შემსრულებელმა საწარმომ 759 866.5 ლარის ზარალი მიაყენა მოსარჩელეს (შემკვეთს). ძირითადი მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ მოწმის სახით სასამართლოზე მოწვეული ერთ-ერთი ობიექტის ინჟინრის - მ.ტუღუშის განმარტებით დგინდება, რომ იყო შემთხვევები, როდესაც იგი სხვა ობიექტზე იქნა გამოძახებული, უკან ვერ დაბრუნდებოდა და მის ზეინკალს სთხოვა, მის ნაცვლად მოეწერა ხელი ტაბელზე. მითითებული მოწმე 2022 წლის 26 ივლისის სხდომაზე დაიკითხა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა (29:38:42): „შესავსები ფურცელი მოჰქონდა მძღოლს,.. გამონაკლისი შემთხვევები იყო, მაგალითად ვიყავი ობიექტზე, მომიხდა ავარია, ავცდი დროში და ამ მანქანამ (იგულისმება ე–სის მიერ მიწოდებული მანქანა) დაამთავრა მუშაობა. მქონია შემთხვევა, რომ ზეინკალს ვთხოვე მოეწერა ჩემს მაგივრად ხელი. ამის უფლება მქონდა. მძღოლს შეეძლო გაეყალბებინა, ეთაღლითა ან შაბათ-კვირას, ან დღესასწაულზე... ჩემგან მიწოდებული ანგარიშებით ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ...ფურცლის შევსებაზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. დროის მითითებით უნდა მოგვეწერა ხელი”. ამავე მოწმის ჩვენებით, მას შემკვეთ კომპანიაში აჩვენეს ტაბელი, რომელიც დათარიღებული იყო 19 იანვრით, მაგრამ ამ დღეს ის ნამდვილად არ მუშაობდა, ვინაიდან ქრისტიანული დღესასწაული იყო, შესაბამისად, მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო. სასამართლომ გადაამოწმა ტაბელები, მაგრამ მითითებულ დღეს შევსებული ტაბელი არც საქმეშია წარმოდგენილი და არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ეგზემპლარში აღმოჩნდა.
6.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ისე იურიდიული დოქტრინით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგის ჯამს. არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას, ზიანის სრულად ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება, ადეკვატურობა, სავარაუდოობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით შემკვეთის მიერ წარმოდგენილი სარჩელი არც ერთ მითითებულ გარემოებას არ შეიცავს. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთის ძირითადი სარჩელით 759 866.5 ლარის მოპასუხისათვის (მენარდისათვის) დასკირების მოთხოვნა, დაუსაბუთებელია და ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის შიდა აუდიტის დასკვნას. მოსარჩელე უთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც თვეში ორჯერ ივსებოდა და რომელსაც ხელს აწერდა მოსარჩელე მხარის 40-მდე თანამშრომელი, „ფარატინა ქაღალდია”;
6.4. სარჩელში მითითებულია, რომ შემკვეთმა კომპანიამ (მოსარჩელემ) მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოსარჩელის (შემკვეთის) განცხადების საფუძველზე. გამოძიების შედეგად დადგინდა რამდენიმე მძღოლის დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა მიმართ, რიგ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მათ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება, ხოლო ზოგიერთ მძღოლთან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ დაიდო საპროცესო შეთანხმება, ასევე რამდენიმე მძღოლის მიმართ კვლავაც მიმდინარეობს სისხლის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიაში საქმის განხილვა. ეს გარემოებები იმას ადასტურებს, რომ დოკუმენტების გაყალბება განაჩენში მითითებული მძღოლების მიერ ხდებოდა. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ასლები და თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ნაწილში შეამცირა 16 786 ლარით, ზუსტად იმ ოდენობით, რა ოდენობის ზიანიც განესაზღვრათ დანაშაულის ჩამდენ პირებს.
6.5. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე მენარდე (ძირითადი სარჩელის მოპასუხე) საწარმოს მიმართ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. მოწმის სახით დაიკითხნენ მენარდე საწარმოს ხელმძღვანელი პირები, პროკურატურის მიერ ამოღებული და შესწავლილი იქნა დოკუმენტაცია, რის შედეგადაც არ დადასტურდა მოპასუხის (მენარდის) ბრალეულობა და დანაშაულებრივი კავშირი მსჯავრდებულ მძღოლებთან. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მენარდე საწარმოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ობიექტებზე ეწარმოებინა შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ეს ვალდებულება მოსარჩელე მხარეს (შემკვეთ კომპანიას) ეკისრებოდა.
6.6. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელმ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ოდენობის - 776 653 ლარის თვალსაზრისით 16 768 ლარით შეამცირა და, საქმის სასამართლოში განხილვის დროს, ძირითადი მოსარჩელე (შემკვეთი კომპანია) მოითხოვს 759 785 ლარის დაკისრებას მენარდე საწარმოსათვის. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
6.6.1. საქმის მასალებშია მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ წარდგენილი მასალები, კერძოდ, თბილისის პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო). ექსპერტიზაზე საგამოძიებო სამსახურმა წარადგინა ყველა საეჭვო ტაბელი და მოითხოვა დადგენა, მასზე ხელმოწერები ეკუთვნოდათ თუ არა გამოძიების მიერ ეჭვმიტანილ პირებს. კალიგრაფიული ექსპერტიზის 2021 წლის 28 აპრილის დასკვნის თანახმად, ტაბელების გარკვეულ ნაწილზე დადგინდა, რომ ხელმოწერები იყო გაყალბებული და ნამდვილად ეკუთვნოდათ მძღოლებს, გარკვეულ ნაწილზე დადგინდა, რომ ხელმოწერები არ გაყალბებულა და ეკუთვნოდათ იმ ინჟინრებს, ვისი სახელითაც არის ხელმოწერა შესრულებული, გარკვეულ ნაწილზე კი სავარაუდო გაყალბება დადგინდა, ასევე ნაწილზე საერთოდ ვერ დადგინდა, თუ ვის ეკუთვნოდა ხელმოწერები (იხ. ექსპერტიზის დასკვნა- ტ.9, ს.ფ.156-194);
6.6.2. გამოძიების მასალებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველომ 2021 წლის 9 ივლისს გასცა რევიზიის აქტი, რითაც დათვლილი იქნა ის დროის სააღრიცხვო ბარათები, რომელზეც 2021 წლის 28 აპრილის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის მიერ. რევიზიის ამ აქტით დადგინდა, რომ მძღოლებს აღნიშნული დროის სააღრიცხვო ბარათების საფუძველზე მიღებული აქვთ 11 8745 ლარი, მენარდე საწარმოს მიღებული აქვს 321 539,50 ლარი;
6.7. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე (შემკვეთი) მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე თავისი სასარგებლო ინტერპრეტაცია იმგვარად, რომ მძღოლებისთვის გადახდილი 118 745 ლარის და მენარდე საწარმოსათვის გადახდილი 321 539,50 ლარის შეკრების თაობაზე, არ იყო დასაბუთებული, რადგან ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე შესრულებული სამუშაოს თანხას ურიცხავს მოპასუხეს, ხოლო ეს უკანასკნელი ამ თანხიდან უხდის მძღოლებს ხელფასს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მენარდე საწარმოსათვის ჩარიცხული 321 539,50 ლარიდან მოხდა მძღოლებისთვის 11 8745 ლარის გადახდა. დასახელებული თანხები არსებითად განსხვავდება სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ზიანის ოდენობისგან, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის დაუსაბუთებლობას ადასტურებს;
6.8. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებულის გარდა რევიზიის აქტით დათვლილი ციფრებიც არასწორი მეთოდოლოგიით არის დათვლილი, რადგან ზიანის ოდენობა უნდა დამტკიცდეს იმ ოდენობით და ფარგლებში, რომელიც უტყუარად დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. რევიზიის აქტში მთლიანად აისახა, როგორც კატეგორიული დასკვნა, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ის დასკვნაც, რომელშიც მითითებულია, რომ ინჟინრის ხელმოწერა ეკუთვნის სხვა პირს, მაგრამ - არა მძღოლს. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (2021 წლის 28 აპრილის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - იხ. ტ.9. ს.ფ. 157-194) ხელმოწერის გაყალბება დადასტურებულია 155 577,50 ლარის ღირებულების დროის სააღრიცხვო ბარათებით (გაანგარიშება იხილეთ დანართის სახით), საიდანაც ბიუჯეტში გადარიცხულია დღგ 23 732.13 ლარი, რომელიც დაუბრუნდა მოსარჩელეს, მძღოლებზე გაცემულია ხელფასი - 57 872,50 ლარი; გადახდილია საშემოსავლო გადასახადი-14 468,13 ლარი; მძღოლებზე გაცემულია 47 838 ლარის ღირებულების საწვავი. შესაბამისად, გამოძიების მიერ დადგენილი გაყალბებული დროის სააღრიცხვო ბარათების ღირებულებამ (რაც რეალურად არის მოსარჩელის ზიანი) შეადგინა 155 577,50 ლარი, საიდანაც ხარჯებში გასულია 143 910 ლარი, ხოლო მენარდემ მიიღო 11 667 ლარი. ამდენად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით რევიზიის აქტი ვერ გამოდგება უტყუარ მტკიცებულებად.
6.9. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალბრუნვაში დადგენილია, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (ზიანი) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (იხ. საქმე N ას-1168-2022, 18.01.2023 წ.). სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა ჩამოთვლილი პირობის კუმულატიურად არსებობა მოცემულ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებები არ წარმოადგენს პრეიუდიციულ გარემოებებს, ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად განიხილება, მით უმეტეს ისეთი საქმეებში, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ეხება.
6.10. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთი კომპანია (მოსარჩელე) ცდილობს მძღოლებთან გააიგივოს მენარდე საწარმო, თუმცა მოპასუხის არც განზრახი და არც გაუფრთხილებლობითი ბრალეულობა არ დგინდება, არც მისი მოქმედებით და არც უმოქმედობით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულების დროს, მძღოლები ექვედებარებოდნენ მოსარჩელის (შემკვეთის) მითითებებს, რაშიც მენარდე საწარმო არ და ვერ ჩაერეოდა. ძირითადი მოსარჩელე მხარის (შემკვეთი კომპანიის) მიერ მეტი კონტროლისა და თავისი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში (იგულისხმება სამუშაო საათების და ნამუშევარი დღეების აღრიცხვა), რაც სწორედ მისი ვალდებულება იყო, მძღოლების მხრიდან საქმეზე დადგენილი ფაქტები არ მოხდებოდა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, მიყენებული ზიანის მოცულობაც კი დაუდგენელია მოსარჩელე მხარის მიერ, რაც, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6.11. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთ კომპანიას არ აუნაზღაურებია მენარდე საწარმოსათვის 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 15 მარტამდე შესრულებული სამუშაოების (რომელშიც შედის მენარდის მიერ მძღოლებისათვის გადახდილი ხელფასები, საავტომობილო საშუალებებზე გაცემული დიზელის საწვავი და სხვა) ღირებულება, რაც ჯამში 237,216 ლარს შეადგენს.
6.11.1. შემკვეთისაგან დავალების მიღების შემდეგ, თუ რა მარკის ავტომობილი, რა დროს, რა ობიექტზე უნდა მისულიყო და ვის უნდა დაკონტაქტებოდა შემკვეთი საწარმოსგან, კონტრაქტორი მხარე (მენარდე) ატყობინებდა შესაბამისი ტექნიკის მძღოლებს, გადასცემდა მათ დღეში 35 ლარის საწვავის ტალონს და გასცემდა ე.წ. ,,ტაბელის“ ფორმას, გარდა ე.წ. ,,ტაბელის“ შევსებისა და სამუშაოს წარმოებაზე, დროის მითითებით ხელმოწერის, ყველა შესასრულებელ და შემდეგ შესრულებულ სამუშაოს მწარმოებელი ინჟინერი ხელს აწერდა ე.წ ,,ტაბელზე“;
6.11.2. 2020 წლის იანვარში ე.წ. ,,ტაბელების“ მიხედვით სატვირთო ა/მანქანა ე.წ. „კამაზი“-ს მძღოლების მიერ შესრულებულია 2 534 საათის სამუშაო, რასაც უნდა გამოაკლდეს ავანსად მომსახურების დრო დეკემბრიდან 271 საათი, შესაბამისად, იანვარში შესრულებული სამუშაო დრო 2 805 საათს შეადგენს. სულ მომსახურების ღირებულება 72 219 ლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში „ექსკავატორის“ მძღოლებმა შეასრულეს 338 სამუშაო საათის მომსახურება, რომლის ღირებულება 15 210 ლარს შეადგენდა, სულ ორივე ავტო-საშუალების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 87 429 ლარი შეადგინა;
6.11.3. 2020 წლის თებერვალში სატვირთო ა/მანქანა „კამაზი“-ის მძღოლებმა იქნა 2 598 საათის სამუშაო შეასრულეს, რაც თანხობრივად დღიურ 28,50 ლარს შეადგენს, სულ ჯამურად კი - 74 043.00 ლარს. იმავე პერიოდში „ექსკავატორის“ მძღოლების მიერ, შესრულებულია 656 საათის სამუშაო, რაც თანხობრივად შეადგენს - 45 ლარს (დღიური ანაზღაურება) გამრავლებული 656 საათზე, ჯამურად 29 520 ლარია; თებერვალში მომსახურების ღირებულება თვეში 104 328,00 ლარს შეადგენდა;
6.11.4. 2020 წლის 15 მარტამდე პერიოდში სატვირთო ა/მ ე.წ. „კამაზის“ მძღოლებმა 954 საათის სამუშაო გასწიეს, რაც თანხობრივად შეადგენს - 28,50 ლარი (დღიური ანაზღაურება) გამრავლებული 954 ლარზე, სულ 27 149.00 ლარი (2 საათი დამატებულია თებერვალში გამორჩენილიდან, რომელიც შემკვეთთან იყო შეთანხმებული). იმავე პერიოდში „ექსკავატორის“ მძღოლებმა 406 საათის სამუშაო შეასრულეს, რაც თანხობრივად შეადგენს 406 საათი გამრავლებული დღიურად 45 ლარზე, სულ 18 270 ლარი. ერთობლივად კი გაწეული მომსახურების თანხამ 45 459.00 ლარი შეადგინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მძღოლებზე გაიცემოდა საწვავი, რაც იანვარ-თებერვალ-მარტში შეძენილია მენარდე საწარმოს მიერ დღგ-ისა და აქციზის ხარჯების ჩათვლით; 2019 წლის 12 დეკემბერს - 39 840 ლარის საწვავი, 2020 წლის 20 იანვარს - 39 840 ლარის საწვავი, 18 თებერვალს - 39 040 ლარის საწვავი.
6.12. შემკვეთ კომპანიას გადაეგზავნა ანგარიშფაქტურები ჩასარიცხ 237 216,00 ლარზე, რაც ასახულია სარჩელზე დართულ ანგარიშ- ფაქტურებში, რომელიც გაგზავნილია მოპასუხე მხარესთან.
6.13. მენარდე საწარმოს მიერ 2020 წლის იანვარ-მარტის თვეში ე.წ. „კამაზსა“და „ექსკავატორის“ მძღოლებისათვის ხელფასის სახით გადახდილია: 1-31 იანვრის პერიოდში - 39 926 ლარი და 10 475 ლარი; 1-29 თებერვალის პერიოდში - 35 052,75 ლარი და 15 279,99 ლარი; 1-16 მარტის პერიოდში - 10 481,25 ლარი და 8467,52 ლარი. ყველა ეს თანხა მენარდე საწარმომ საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხადა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აუდიტორულ მომსახურებას შემკვეთ კომპანიას უწევდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს „ი–ი“(E.), რომლის დასკვნის თანახმადაც, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შემკვეთი კომპანიის დავალიანება მენარდე საწარმოს მიმართ შეადგენდა 192,433.08 ლარს, ხოლო 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით - 322 561,58 ლარს;
6.14. მენარდე საწარმომ 2020 წლის 15 ივნისს წერილით მიმართა შემკვეთ კომპანიას და მოთხოვა 2020 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში გაწეული სამუშაოს თანხის ანაზღაურება. მენარდეს შემკვეთის 2020 წლის 26 ივნისის #OG20-0410115 წერილით (იხ. ტ.8, ს.ფ. 233-236) ეცნობა, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სარჩელის განხილვა მოპასუხე სს „ე–სის“ მიმართ, რომელიც შეეხება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 776 653 ლარის დაკისრებას. უნდა გაცნობოთ ისიც, რომ ჩვენი შეფასებით სს „ე–სის“ მიერ არაკეთილსინდისიერ მოქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 2020 წლის იანვრიდან 16 მარტამდე პერიოდში, რის გამოც ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პერიოდის დოკუმენტაციის შესწავლა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ ფაქტობრივად მიუღებელი მომსახურების მოცულობის იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს თქვენს წერილში მითითებული თანხის - 237 216 ლარის კორექტირება... იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, რომ გასაქვითი მოთხოვნები ერთმანეთს სრულად და მთლიანად ფარავდეს, გთავაზობთ განხორციელდეს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ ამ ეტაპისთვის არსებული მოთხოვნიდან (776 653 ლარიდან) სს „ე–სის“ დაზუსტებული მოთხოვნის (რომლის დაანგარიშება და დაზუსტებაც ამჟამად მიმდინარეობს) გაქვითვა“.
6.15. აუდიტორული კომპანია „ი.ა–ის“ 2020 წლის 23 ოქტომბრის 23/10/2020–11-ის დასკვნის (იხ. ტ.8, ს.ფ.238-241) თანახმად, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით, სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 237 216 ლარს დღგ-ის ჩათვლით. დასკვნის N 1 დანართი სრულად ასახავს ინფორმაციას მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით, სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ დღგ-ის ჩათვლით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთ კომპანიას ასანაზღაურებელი აქვს მენარდე საწარმოსთვის 2018-2020 წ.წ. დიზელის საწვავზე ფასთა სხვაობა, 71 514, 20 ლარი.
6.15.1. აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავზე არსებულ საბაზრო ფასებში 10% და მეტით ცვლილება (გაზრდა) 2018 წლის 16 თებერვალს (ხელშეკრულების დადების თარიღი) არსებულ ფასებთან შედარებით განხორციელდა რამდენჯერმე, შესაბამისად, გაზრდილი იქნა ფასები საწვავის მიმწოდებელი კომპანიის შპს „რ–ს“ მიერ მენარდისათვის მიწოდებულ საწვავზე, თუმცა აღნიშნული გარემოება მენარდის/შემსრულებლის მიერ სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილებისთვის გამოყენებული არ ყოფილა, რომლის უფლებაც მენარდეს გააჩნია 2018 წლის 16 თებერვალს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების N 1დანართის შესაბამისად;
6.15.2. დასკვნის სახით მითითებულია, რომ 2018 წლის 16 თებერვლის N 134-18 ხელშეკრულების N 1 დანართით განსაზღვრული მომსახურების საათობრივი ტარიფის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავის ღირებულების 10%-ით და მეტით ცვლილების გათვალისწინებით, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის დამატებით გაწეული მომსახურება შეადგენს 71 514 ლარს დღგ-ის ჩათვლით. დასკვნას ერთვის ცხრილი, რომელიც სრულად ასახავს ინფორმაციას სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ, მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით გაზრდის შედეგად მომსახურების საათობრივ ტარიფებში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
6.16. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ რა შესაგებელი დაუპირისპირა მენარდის შეგებებულ სარჩელს შემკვეთმა. მენარდის შეგებებული სარჩელის მოპასუხის (შემკვეთის) მტკიცება ძირითადად ზეპირსიტყვიერ განმარტებებს ეფუძნება და შემკვეთი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 სექტემბრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ასეთი „არგუმენტია” გამოთქმული: „2020 წლის 8 იანვრიდან 13 მარტამდე პერიოდში ე.წ. ,,ტაბელები“ იყო წარმოდგენილი 744 გამოძახებაზე, ჯამური ღირებულებით 183 896 ლარი, ნამუშევარი საათების ჯამი შეადგენდა 6 452.50 საათს. აქედან 179 შემთხვევაში, 1 508,50 საათზე ვერ მოიძებნა ზედნადებები და ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. შესაბამისად ამ შემთხვევის შედეგად კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი გადასახდელი თანხა ზედმეტად მოიცავდა 42 992 ლარს”.
6.16.1. საქალაქო სასამართლოს შეფასებით არც თანხის გაანგარიშებაში და არც დღეების მიხედვით ექსკავატორები შეყვანილი არ არის მაშინ, როდესაც ამ პერიოდში ექსკავატორებიც მუშაობდნენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, შემკვეთს ე.წ დარღვევები აღმოჩენილი აქვს იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 30 მარტის დასკვნაში თვითონვე აღნიშნავდა, რომ „2020 წლის 9 იანვრიდან მხარეებს შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების შესრულების კონტროლი დაევალა შპს „ჯ.ო. ე.ფ–ის“ სატრანსპორტო დეპარტამენტს“. ამ თარიღიდან რიცხვიდან „ყოველდღიურად, ცოცხალ რეჟიმში ხდებოდა გამოძახებული/დაქირავებული ტექნიკის აღრიცხვა და კონტროლი და მათი გამოყენების შესაბამისობა მიმდინარე პროექტთან”.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერით შეგებებული სარჩელის მოპასუხე (შემკვეთი კომპანია) თვითონვე ეწინააღმდეგება ბოლო დასკვნას, თუ ასეთი კონტროლი იყო ტექნიკაზე, მაშინ როგორ მოხდა კვლავ დარღვევის დაშვება, ასევე ეს ჩანაწერი საფუძველს აცლის იმ შედავებას, რომლის დადასტურებასაც ცდილობს მხარე, რომ თითქოსდა 42 992 ლარის სამუშაო არ შესრულებულა;
6.16.2. საქალაქო სასამართლოს შეფასებით შეგებებული სარჩელის წარმდგენმა მენარდე საწარმომ წარმატებით დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი, რის გამოც, სასამართლომ დაასკვნა, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე შემკვეთი კომპანიისათვის, როგორც სამუშაოს ღირებულების ჯამის - 237,216 ლარის, ასევე დიზელის საწვავზე ფასთა სხვაობის - 71 514, 20 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ამდენად, მენარდის შეგებებული სარჩელი შემკვეთის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
6.17. საქალაქო სასამართლომ შემკვეთის ძირითადი სარჩელის უარყოფისა და მენარდის შეგებებეული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაცია დაამყარა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლით დააკვალიფიცირა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი გარემოებები შეაფასა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით, რომელიც შეეხება გაყალბებული სააღრიცხვო ბარათების შედეგად მენარდე საწარმოს მიერ მიღებულ ფულად სახსრებს.
6.17.1. ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ ინსტიტუტს უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონტინენტური ევროპის სამოქალაქო მართლწესრიგებში. ის, რასაც შემსრულებელი მიმღებს გადასცემს უსაფუძვლოდ, მაგალითად, არანამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე, მიმღებმა უნდა დაუბრუნოს გამცემს შესრულების კონდიქციით, ასევე, სხვის უფლებებში ჩარევის გზით მითვისებულიც მიმთვისებელმა უნდა დააბრუნოს ხელყოფის კონდიქციით. შესრულებისა და ხელყოფის კონდიქციები ის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლებიც ემსახურება ქონების უსაფუძვლო მოძრაობის უკუქცევას. ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ამისი ნათელი დადასტურებაა სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის დანაწესი, რომლის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების მიღება და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე, უსამართლოდ შეძენილი ქონების (ნამატი, უპირატესობა, უფლება, შეღავათი) ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. ამ ინსტიტუტის უმთავრესი ნიშანია „ვითომ-კრედიტორის“ მიერ ქონების მიღება და, შესაბამისად, მისი გამდიდრება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
6.17.2. იმისთვის, რომ მენარდე საწარმოს მიერ მიღებული ფულადი სახსრები უსაფუძვლოდ მიღებულად მიეჩნია სასამართლოს, თავდაპირველ მოსარჩელეს (შემკვეთს) უნდა წარედგინა თანმიმდევრული პოზიცია, თუ რა ოდენობით გამდიდრდა მენარდე საწარმო. საქმის მასალების მიხედვით, შემკვეთი კომპანიის მიერ მენარდე საწარმოსათვის გადარიცხული მომსახურების ღირებულებით, სამუშაო დროის სააღრიცხვო ბარათების მხოლოდ ნაწილზე დადგინდა გაყალბების ფაქტები და არა სრულად იმ მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც მხარე ითხოვს, ამასთან, მენარდის ვალდებულებას შემკვეთის მიმართ წარმოადგენდა, მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკისა და ა/მანქანების მესაკუთრე - მძღოლების გაგზავნა შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილას და ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი სამუშაო ტაბელის გადაცემა, რომელიც უნდა შეევსო ცვლის ინჟინერს სამუშაო კოდის, ადგილისა და ნამუშევარი საათების მითითებით. მენარდე საწარმო მძღოლებს უზრუნველყოფდა საწვავით და ნამუშევარი საათების მიხედვით ურიცხავდა ხელფასს მითითებულ ანგარიშებზე, დროის სააღრიცხვო ბარათების შევსებაზე კონტროლის მექანიზმი შემკვეთის ხელთ იყო, შესაბამისად, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გასცემდა მენარდე საწარმო ხელფასებს, საწვავს და საშემოსავლო გადასახადებს. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი გარემოებების მიხედვით, არ დადასტურდა მენარდე საწარმოს უსაფუძვლოდ გამდიდრება, ისევე როგორც არ დადასტურდა მენარდის რაიმე ფორმით ბრალეულობა შემკვეთი კომპანიისათვის ზიანის მიყენებაში;
6.17.3. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით (2021 წლის 28 აპრილის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად) ხელმოწერის გაყალბება დადასტურებულია 155 577,50 ლარის ღირებულების დროის სააღრიცხვო ბარათებით (გაანგარიშება იხილეთ დანართის სახით), საიდანაც ბიუჯეტში გადარიცხულია დღგ - 23 732.13 ლარი, რომელიც დაუბრუნდა მოსარჩელეს (შემკვეთს), მძღოლებისთვის გადახდილია ხელფასი - 57 872,50 ლარი; გადახდილია საშემოსავლო გადასახადი - 14 468,13 ლარი; მძღოლებზე გაცემულია 47 838 ლარის ღირებულების საწვავი. შესაბამისად, გამოძიების მიერ დადგენილი გაყალბებული დროის სააღრიცხვო ბარათების ღირებულებამ (რაც რეალურად არის მოსარჩელის ზიანი) 155 577,50 ლარი შეადგინა, საიდანაც ხარჯებში გასულია 143 910 ლარი და მენარდე საწარმომ 11 667 ლარი მიიღო;
6.17.4. საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა სახელშეკრულებო ვალდებულებებზე და დაასკვნა, რომ მენარდე საწარმოს მიერ მიღებული თანხა არის მომსახურების საფასური, რომელიც მან კეთილსინდისიერად შეასრულა, შესაბამისად, მოთხოვნის ორი დამოუკიდებელი საფუძვლის ინდივიდუალურად შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთის ძირითადი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა შემკვეთმა კომპანიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, შესაბამისად, მენარდის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
7.1.1. აპელანტმა ასევე გაასაჩივრა 2023 წლის 17 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც სასამართლომ საქმეს დაურთო მენარდე საწარმოს საპაექრო სიტყვასთან ერთად წარდგენილი მტკიცებულება. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული მტკიცებულების დართვაზე ერთხელ უკვე ნამსჯელი ჰქონდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და დაუბრუნა მოპასუხეს, ვინაიდან წარდგენილი იყო მთავარ სხდომაზე და, შესაბამისად, არ არსებობდა მოსამზადებელ სხდომაზე მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ამის გამო აპელანტი მოითხოვს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებას.
7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, შემკვეთის ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა:
7.2.1. ძირითადი სარჩელის მოპასუხეს - მენარდე საწარმოს, მოსარჩელის (შემკვეთის) სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი 759 866.6 ლარის ანაზღაურება;
7.2.2. სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით მენარდე საწარმოს შეგებებული სარჩელი შემკვეთი კომპანიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს, მენარდის სასარგებლოდ 237 216 ლარის გადახდა დაეკისრა;
7.2.3. დანარჩენ ნაწილში მენარდის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
7.2.4. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ სარჩელით/შეგებებული სარჩელით მიღწეული წარმატების ნაწილის პროპორციულად გადაანაწილა მათ შორის სახელმწიფო ბაჟი.
7.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო მხოლოდ იმ პრეტენზიებზე იმსჯელებდა, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7.4. ძირითადი მოსარჩელის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ შემკვეთი კომპანიის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ეხება მენარდე საწარმოსათვის (ძირითადი სარჩელის მოპასუხისათვის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. მოსარჩელე/აპელანტი აღნიშნავს, რომ მენარდისათვის ჩარიცხული აქვს იმ სამუშაოს თანხაც, რაც რეალურად მხარეს არ შეუსრულებია. ამასთან, დავალება დასრულებულად ითვლებოდა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც ფორმდებოდა თითოეული „დავალებისთვის“ და რომელსაც თან ერთვოდა ე.წ. „თაიმ- შითები“ (ტაბელები) თითოეული მძღოლის მიერ შესრულებული საათების შესახებ, შესაბამისი პირების ხელმოწერებით.
7.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნაა, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, დავალება დასრულებულად ითვლებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც თითოეული დავალებისათვის დგებოდა, ხოლო 3.2 მუხლის შესაბამისად, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ შემკვეთი მენარდეს/შემსრულებელს უხდიდა ანაზღაურებას, რომელიც მოცემულია N 1 დანართში. ანაზღაურებაში შედიოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები, სპეცტექნიკით მომსახურებისთვის საჭირო საწვავი და სხვა მასალები, მათ შორის, საცხები და სარემონტო სამუშაოები, ასევე- ოპერატორის ხელფასი. ამავე ხელშეკრულების 3.3 მუხლის მიხედვით, ანგარიშსწორება ხდებოდა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და ელექტრონულად წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
7.6. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ხოლო 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
7.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, 33). ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით, კერძოდ – ქონებრივი ან პირადი უფლებების შეზღუდვით, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის იმის ზემოთ დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას, რაც მას ვალდებულებით ევალებოდა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ- მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.
7.8. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განმარტება მოიხმო იმის შესახებ, რომ ვალდებული პირისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობას ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი (იხ. სუსგ. N ას-1069-2021; 23.12.2021 წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული.
7.8.1. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ,,ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.” მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ეკვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორია და ა.შ.);
7.8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას, ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non), ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდოობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). მაშასადამე უშუალო, ანუ ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას, ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სუსგ N ას-1069-2021, 23.12.2021 წ.).
7.9. მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნა მენარდე საწარმოს მიმართ უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ უკანასკნელის ვალდებულებაში არ შედიოდა მძღოლების საქმიანობის კონტროლი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ზიანს ანაზღაურებინებენ მძღოლებს და არა - მენარდე საწარმოს (ძირითადი სარჩელის მოპასუხეს), შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს, რასაც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე/აპელანტი მხარე მოითხოვს მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას და თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ თანხა გადახდილი აქვს იმ სამუშაოსთვის, რომელიც რეალურად არ შესრულებულა. შესაბამისად, იმ გარემოებით, რომ მენარდე საწარმომ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოსარჩელეს მიადგა ზიანი;
7.10. განსახილველ შემთხვევაში ძირითად მოსარჩელეს (შემკვეთი) მოპასუხედ დასახელებული ჰყავს მენარდე საწარმო, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნდა და შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ურიცხავდა თანხას. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას არ აფუძნებს სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებულ მტკიცებულებებსა და მძღოლების მიმართ დამდგარ განაჩენზე, არამედ აღნიშნული მასალები წარმოადგენს რიგით მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ რეალურად მენარდე საწარმოს მიერ სამუშაო არ შესრულებულა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სწორედ მენარდე საწარმო, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე. თავის მხრივ, მძღოლები, როგორც დასაქმებულები, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენის შემდეგ, პასუხისმგებლები შესაძლოა გახდნენ მენარდე საწარმოს, როგორც დამსაქმებლის მიმართ, რაც სცილდება განსახილველი დავის საგანს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
7.11. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა მენარდე საწარმოს, შესაბამისად, კონკრეტული პირების/შემსრულებლების შერჩევის, ასევე მათი სამუშაოზე დანიშნულებისამებრ გამოცხადებისა და შედგენილი დოკუმენტაციის კონტროლის ვალდებულებაც სწორედ მოპასუხეს (მენარდეს) ჰქონდა.
7.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი ხელშეკრულების 1.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სწორედ „შემსრულებელი“ (მენარდე საწარმო) კისრულობს ვალდებულებას, თავისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის ფარგლებში გაუწიოს ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული სამშენებლო ტექნიკით მომსახურება, საწვავითა და შესაბამისი ოპერატორით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, სწორედ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, მთელი პერიოდის განმავლობაში შემკვეთი უზრუნველყოს N1დანართში მითითებული სპეცტექნიკით და შესაბამისი კვალიფიკაციის ოპერატორებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მენარდე საწარმოს წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ სწორედ ის უგზავნიდა შემკვეთს მძღოლებს. ის გარემოება, რომ სამუშაოს გაწევასა და შესრულებაზე კონტროლი ევალებოდა მენარდე საწარმოს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასტურდება ხელშეკრულების 4.5 პუნქტით, რომლის თანახმად, შემსრულებელი/მენარდე ვალდებულია, შემკვეთის ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, ცნობები წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ ჩააბაროს მას ანგარიში. ხელშეკრულების 4.7 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, მომსახურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად შემკვეთისთვის მიყენებულ ზიანზე.
7.13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამუშაოს შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სწორედ მენარდე საწარმო. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მძღოლების მიერ არასწორად ხდებოდა „თაიმშითების“ შევსება, ასევე უდავოა, რომ შემკვეთი კომპანიის (ძირითადი მოსარჩელის) მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მენარდეს მიღებული აქვს, შესაბამისად, დასტურდება დამდგარი ზიანიც.
7.14. რაც შეეხება ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობას, საქმეში წარმოდგენილია შემკვეთი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 მარტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა შემკვეთი კომპანიის სატრანსპორტო დეპარტამენტის სატრანსპორტო სადისპეტჩერო და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გ.ჯ–ის მოხსენებითი ბარათი, სადაც ის აღწერს კონტრაქტორის - მენარდე საწარმოს დარღვევებს. შემოწმების მიზანს წარმოადგენდა: კონტრაქტორების მიერ გაწეული სამუშაოს შემოწმება; სატრანსპორტო სამსახურის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების გადამოწმება; 2018-2019 წლებში კონტრაქტორის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის ანალიზი; დარღვევების, მოვალეობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების იდენტიფიცირება; შემკვეთი კომპანიისთვის მიყენებული ზიანის იდენტიფიცირება.
7.14.1. დასკვნის მიხედვით, თითოეულ კონკრეტულ პროექტზე თვითმცლელების დაქირავება ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო იყო სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რა დროსაც ტრანსპორტირების შემთხვევაში იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, ხოლო ნარჩენების გადაყრის დროს თვითმცლელი შედიოდა ნაგავსაყრელზე, რასაც აფიქსირებდა შპს „თ.ჯ–ი“. გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტებსა და მასზე თანდართულ ტაბელებში ფიქსირდებოდა კონკრეტული თვითმცლელების გამოძახება, თუმცა მათ მიერ სამუშაოს შესრულება არ დასტურდება არც ერთი დოკუმენტით - არც სასაქონლო ზედნადებით და არც ნაგავსაყრელიდან მოწოდებული ინფორმაციით. შესაბამისად, გამოვლინდა, რომ შემკვეთმა კომპანიამ გადაიხადა ზედმეტად იმ მომსახურებისთვის, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა;
7.14.2. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზედნადებების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა შემოსავლების სამსახურის ბაზიდან, ხოლო ნაგავსაყრელის აქტები მოწოდებულ იქნა შპს „თ.ჯ–ის“ მიერ. 2018 წლის 2 აპრილიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები იყო წარმოდგენილი 5095 გამოძახებაზე, ჯამური ღირებულებით 1 248 020 ლარი. აქედან 1 512 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადები და ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. ამ შემთხვევების შედეგად შემკვეთი კომპანიის მიერ კონტრაქტორებისთვის (მენარდისათვის) ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი 346 368 ლარს შეადგენს. 2019 წლის 3 იანვრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები იყო წარმოდგენილი 6 437 გამოძახებაზე, ჯამური ღირებულებით 1 548 264 ლარი. აქედან 1 740 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადები და ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. შესაბამისად, ამ შემთხვევების შედეგად შემკვეთი კომპანიის მიერ კონტრაქტორებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 408 307 ლარს, სულ კი 776 653 ლარს. შემკვეთმა საწარმომ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) დაადგინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ავტომანქანებს (თვითმცლელებს) სამუშაო რეალურად არ შეუსრულებიათ, არც ტრანსპორტირება და არც ნარჩენი მასალების გადაყრა არ მომხდარა;
7.14.3. შემკვეთმა კომპანიამ (ძირითადმა მოსარჩელემ) ზედმეტად გადაიხადა მომსახურების საფასური 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რამაც 776 653 ლარი შეადგინა. აუდიტის ამ დასკვნას თან ერთვის მენარდე საწარმოს მძღოლების ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი აღიარებენ ე.წ. „თაიმშითების“ გაყალბების ფაქტებს. ასევე ერთვის თვითონ შემკვეთი კომპანიის სამშენებლო ინჟინრების ახსნა-განმარტება, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავების მიღება-ჩაბარების აქტზე მათი ხელმოწერა არ არის და უცნობია, თუ ვინ მოაწერა ხელი მათ ნაცვლად.
7.15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შემკვეთი კომპანიის (ძირითადი მოსარჩელის-შემკვეთი კომპანიის) კუთვნილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მომსახურების პერიოდში მენარდე საწარმოს თანამშრომლები აყალბებდნენ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ე.წ. „თაიმშითებს“) და აფიქსირებდნენ რეალურზე მეტი სამუშაოს შესრულებას, რის შედეგადაც შემკვეთმა კომპანიამ მენარდე საწარმოს ჩაურიცხა 776 653 ლარით მეტი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების თანხა;
7.15.1. 2020 წლის 02 ივნისის დადგენილებით შემკვეთი კომპანია ცნობილ იქნა დაზარალებულად (იხ. ტ.6, ს.ფ. 344-345) ;
7.15.2. სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის პროკურატურის დაკვეთით შესრულებულია და საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 აპრილის N000681321 და 2021 წლის 29 ივნისის N004061121 დასკვნები, სადაც შემკვეთის მიერ დასმული იყო კითხვა - ეკუთვნოდათ თუ არა კონკრეტულ პირებს ე.წ. „თაიმშითებზე“ აღნიშნული ხელმოწერა. დასკვნით დადგინდა, რომ ზოგ შემთხვევაში ინჟინრის გრაფაში მითითებული პირის მიერ შესრულებულია ხელმოწერა, ზოგ შემთხვევაში შესრულებულია არა მითითებული ინჟინრის, არამედ-სხვა პირის მიერ, ხოლო ზოგ შემთხვევაში - დასკვნის გაცემა შეუძლებელი გახდა გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო;
7.15.3. გამოძიების მასალებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველომ 2021 წლის 9 ივლისს გასცა რევიზიის აქტი, რითაც დათვლილი იქნა დროის სააღრიცხვო ბარათები, რომელზეც 2021 წლის 28 აპრილის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის მიერ. აღნიშნული რევიზიის აქტით დადგინდა, რომ მძღოლებს აღნიშნული დროის სააღრიცხვო ბარათების საფუძველზე მიღებული აქვთ 118 745 ლარი, მენარდე საწარმოს მიღებული აქვს 321 539,50 ლარი.
7.16. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ მენარდე საწარმოს მძღოლების მიერ ყალბდებოდა ე.წ. „თაიმშითები“, რის საფუძველზე ასევე არასწორად ივსებოდა მიღება-ჩაბარების აქტები და შემკვეთი კომპანია (აპელანტი მხარე) გასცემდა იმაზე მეტი ანაზღაურების თანხას, ვიდრე რეალურად შესრულებული ჰქონდა მენარდე საწარმოს. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელააციო სასამართლომ გაიზიარა შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივრის მტკიცება, როგორც ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ნაწილში და აღნიშნა, რომ გამოძიებით დადგენილი თანხა მზარდია, ვინაიდან მოცემული მომენტისთვის ყველა მძღოლის მიმართ არ დასრულებულა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ამდენად, ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის დასადგენად სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემკვეთი კომპანიის მიერ წარდგენილ აუდიტის დასკვნას, რომელიც შედგენილია შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემების, ასევე შპს „თ.ჯ–იდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
7.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი სარჩელის მოპასუხე მხარეს (მენარდე საწარმოს) სხვა საწინააღმდეგო საპირწონე მტკიცებულება, რითაც ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა დადგინდებოდა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდე საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო შემკვეთ კომპანიას მიადგა ზიანი, რის გამოც ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და, შემკვეთი კომპანიის სასარგებლოდ, ძირითადი სარჩელის მოპასუხეს - მენარდეს უნდა დაეკისროს ზედმეტად გადახდილი 759 866.5 ლარის ანაზღაურება.
7.18. სააპელაციო სასამართლომ მენარდე საწარმოს მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე იმსჯელა, რომლითაც შემკვეთი კომპანიისათვის 237 216 ლარის დაკისრებაა მოთხოვნილი, რაც 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 15 მარტამდე მენარდის მიერ ფაქტობტივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას წარმოადგენს. შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარე (აპელანტი, შემკვეთი) არ ცნობს მის მიმართ აღძრულ მოთხოვნას.
7.18.1.სააპელაციო სასამართლომ მენარდის შეგებებული სარჩელის ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ 237 216 ლარის, როგორც გაწეული მომსახურების ანაზღაურების, დაკისრება შემკვეთისათვის მართებულია. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ მოსმენაზე შემკვეთი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა და სააპელაციო საჩივარშიც მითითებულია, რომ 2020 წლის იანვრიდან შემკვეთი აღარ აწერდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტებს და არც საგადასახადო ანგარიშფაქტურებს ადასტურებდა. აპელანტი (მენარდის შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარე-შემკვეთი) აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით მენარდის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, თუმცა აპელანტის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ გარკვეული სამუშაოები ამ პერიოდში შესრულებულია;
7.18.2. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ 2020 წლის იანვრის თვეში ე.წ. ,,ტაბელების“ მიხედვით სატვირთო ა/მანქანა ე.წ. „კამაზის“ მძღოლების მიერ შესრულებულია 2 534 საათის სამუშაო, რასაც უნდა გამოაკლდეს ავანსად მომსახურების დრო დეკემბრის თვიდან, 271 საათი და იანვრისთვის შესრულებული სამუშაო დრო, რაც 2 805 საათს შეადგენს. სულ ამ პერიოდის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 72 219 ლარს. იმავე პერიოდში „ექსკავატორი“-ს მძღოლებმა შეასრულეს 338 სამუშაო საათი, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 15 210 ლარს, სულ ორივე ავტო-საშუალების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 87 429 ლარი, 2020 წლის თებერვლის თვეში სატვირთო ა/მანქანა „კამაზი“-ის მძღოლების მიერ შესრულებულია 2 598 საათის სამუშაო, რაც თანხობრივად შეადგენს -28,50 ლარს (დღიური ანზღაურება), სულ 74 043.00 ლარი. იმავე პერიოდში „ექსკავატორი“-ს მძღოლების მიერ შესრულებულია 656 საათის სამუშაო, რაც თანხობრივად შეადგენს, 45 ლარს (დღიური ანაზღაურება) გამრავლებული 656 საათზე, სულ 29 520 ლარი, ერთობლიობაში მომსახურების ღირებულება თებერვლის თვეში შეადგენდა 104 328,00 ლარს. 2020 წლის 15 მარტამდე პერიოდში სატვირთო ა/მ „კამაზი“-ის მძღოლების მიერ შესრულებული იქნა 954 საათის სამუშაო, რაც თანხობრივად შეადგენს 28,50 ლარს (დღიური ანაზღაურება) გამრავლებული 954 ლარზე, სულ 27 149.00 ლარი (2 საათი დამატებულია თებერვალში გამორჩენილი, რომელიც შემკვეთთან იყო შეთანხმებული). იმავე პერიოდში „ექსკავატორი“-ს მძღოლების მიერ შესრულებულია 406 საათის სამუშაო, რაც თანხობრივად შეადგენს 406 საათი გამრავლებული 45 ლარზე, სულ 18 270 ლარი. ერთობლიობაში კი მომსახურების თანხამ შეადგინა 45 459.00 ლარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მძღოლებზე გაიცემოდა საწვავი, იანვარ-თებერვალ-მარტში, რაც შეძენილი იქნა მენარდის მიერ დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით, 2019 წლის 12 დეკემბერს - 39 840 ლარის საწვავი, 2020 წლის 20 იანვარს - 39 840 ლარის საწვავი, 18 თებერვალს - 39 040 ლარის საწვავი;
7.18.3. შემკვეთ კომპანიაში გადაგზავნილი იქნა ანგარიშფაქტურები მენარდისათვის ჩასარიცხ 237 216,00 ლარზე, რაც ასახულია შეგებებულ სარჩელზე დართულ ანგარიშ- ფაქტურებში, რომელიც გაგზავნილია შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარესთან (შემკვეთთან). მენარდე საწარმომ 2020 წლის იანვარ-მარტის თვეში ე.წ. „კამაზი“-სა და „ექსკავატორი“-ს მძღოლებს, ხელფასის სახით, გადაუხადა 1-31 იანვრის პერიოდში, შესაბამისად- 39 926 ლარი და 10 475 ლარი; 1-29 თებერვლის პერიოდში, შესაბამისად - 35 052,75 ლარი და 15 279,99 ლარი; 1-16 მარტის პერიოდში, შესაბამისად- 10 481,25 ლარი და 8467,52 ლარი. ყველა ეს თანხა მენარდე საწარმომ გადაიხადა საკუთარი ბიუჯეტიდან;
7.18.4. შემკვეთ კომპანიას აუდიტორულ მომსახურებას უწევდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს „ი–ი“, რომლის დასკვნის თანახმადაც, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შემკვეთი კომპანიის დავალიანება მენარდე საწარმოს მიმართ 192,433.08 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით - 322 561,58 ლარს;
7.18.5. აუდიტორული კომპანია „ი.ა–ი“-ის 2020 წლის 23 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით, სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 237 216 ლარს დღგ-ის ჩათვლით;
7.19. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდე საწარმოს სასარგებლოდ, შემკვეთ კომპანიას უნდა დაეკისროს 237 216 ლარის გადახდა და ამ ნაწილში შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივრის (შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის) დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7.20. შემკვეთს (აპელანტს) გასაჩივრებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც შემკვეთს, მენარდე საწარმოს სასარგებლოდ, დაეკისრა 71 514.20 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2018-2020 წ.წ. დიზელის საწვავზე ფასთა სხვაობას.
7.20.1. მენარდე საწარმოს მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავზე არსებულ საბაზრო ფასებში 10% და მეტით ცვლილება (გაზრდა), 2018 წლის 16 თებერვალს (ხელშეკრულების დადების თარიღი) არსებულ ფასებთან შედარებით, რამდენჯერმე მოხდა, შესაბამისად, გაიზარდა ფასები საწვავის მიმწოდებელი კომპანიის შპს „რ–ს“ მიერ მოწოდებულ საწვავზე, თუმცა აღნიშნული გარემოება მენარდე საწარმოს მიერ სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილებისთვის გამოყენებული არ ყოფილა, რისი უფლებაც მენარდეს გააჩნია 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი მომსახურების ხელშეკრულების N 1 დანართის შესაბამისად. დასკვნის სახით მითითებულია, რომ 2018 წლის 16 თებერვლის №134-18 ხელშეკრულების N 1 დანართით განსაზღვრული მომსახურების საათობრივი ტარიფის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავის ღირებულების 10%-ით და მეტით ცვლილების გათვალისწინებით, მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის დამატებით გაწეული მომსახურება შეადგენს 71 514 ლარს დღგ-ის ჩათვლით. დასკვნას ერთვის ცხრილი, რომელიც სრულად ასახავს ინფორმაციას სამშენებლო ტექნიკით გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ, მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით გაზრდის შედეგად მომსახურების საათობრივ ტარიფებში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. აპელანტი (შემკვეთი კომპანია) აღნიშნავს, რომ მენარდე საწარმო არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს 2018-2020 წ. დიზელის საწვავზე ფასთა სხვაობა, ვინაიდან ხელშეკრულებაში ცვლილება მხარეებს ერთობლივი შეთანხმებით არ შეუტანიათ.
7.20.2. ამ სააპელაციო პრეტენზიის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი ხელშეკრულების N 1 დანართზე, სადაც აღნიშნულია, რომ სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით ცვლილების შემთხვევაში. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს არა შემსრულებლის უფლებას, ცალმხრივად გაზარდოს მომსახურების ღირებულება, არამედ დანაწესი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების 8.1 პუნქტთან ერთობლივად, რომელიც ადგენს, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ მხარეთა მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება, რომლითაც საწვავის ღირებულების ცვლილების გამო მოიმატებდა საათობრივი ტარიფი, წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება მენარდე საწარმომ მოითხოვა თავისი შეგებებული სარჩელის ფარგლებში და გაზრდილ ტარიფზე მხარეთა შორის კომუნიკაცია მანამდე პერიოდში არ იკვეთება. ამასთან, ტარიფის ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობის პირობებში ეს პირობა შემკვეთი კომპანიისთვის (აპელანტისთვის) უნდა ყოფილიყო ცნობილი, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან (სსკ-ის 398-ე მუხლი), ან მხარის გასვლა ხელშეკრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არ დგინდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის (შემკვეთი კომპანიის) სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი სადავოდ ხდის 71 514.20 ლარის დაკისრებას, დასაბუთებულია და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
7.21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
7.21.1. აპელანტი (შემკვეთი კომპანია) ასაჩივრებს 2023 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებას, რომლითაც, როგორც აპელანტი აღნიშნავს, საქმეს საპაექრო სიტყვასთან ერთად დაერთო მენარდე საწარმოს მიერ წარდგენილი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარი სხდომა დასრულდა 2023 წლის 1 მარტს და საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 17 მარტს. შესაბამისად, 17 მარტს გამოცხადდა გადაწყვეტილება და არა - საოქმო განჩინება, მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ. აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ გამოიყენა გადაწყვეტილების დასაბუთებაში. ამ სააპელაციო პრეტენზიის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, საქმეზე დართული მასალები წარმოადგენს საპაექრო სიტყვას და მასთან დაკავშირებულ გაანგარიშებას (იხ. ტ.12, ს.ფ.223-258), მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად არის შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მიერ გასაჩივრებული საოქმო ჩანაწერის გაუქმების საფუძველი;
7.21.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შემკვეთი კომპანიის ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო მენარდე საწარმოს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ -237 216 ლარის ნაწილში, ხოლო შეგებებული სარჩელის 71 514.20 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში მენარდე საწარმოს უარი უნდა ეთქვას.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მენარდე საწარმომ (პირველი კასატორი) მოითხოვა შემკვეთის ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მენარდის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შესაბამისად, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მენარდის შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის დაკმაყოფილება (როგორც კასატორი უთითებს საკასაციო განაცხადში- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება- იხ. ტ.13, ს.ფ.2). თავის მხრივ, შემკვეთმა კომპანიამ (მეორე კასატორი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, მენარდის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფა. ასევე, საკასაციო პრეტენზია ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა საოქმო განჩინების გაუქმებაზე
8.2. პირველი კასატორის (მენარდე საწარმოს) საკასაციო პრეტენზიები შემდეგ ძირითად გარემოებებს ეფუძნება:
8.2.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საქმის მასალებშია 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულება, რომლის 4.1, 4.4 პუნქტებით ჩანს, თუ რა ვალდებულებები ეკისრებათ მხარეებს. ხელშეკრულება, რომელიც შემკვეთმა შეადგინა და მასში ასახული პირობები მავალდებულებელია. გარდა გამართული ტექნიკისა და მძღოლების მიწოდებისა, მუშა პროცესში ჩარევის უფლება მენარდეს არ ჰქონდა. მიწოდებული ტექნიკა და მძღოლები, ხელშეკრულების თანახმად, შემკვეთის გამგებლობაში გადადიოდნენ და ვალდებული იყვნენ, შეესრულებინათ მხოლოდ ობიექტის მენეჯერის მითითებები. სასამართლო კი ხელშეკრულების 4.5 და 4.7 პუნქტებზე უთითებს და მცდარი დასკვნები გამოაქვს, რადგან მენარდე საწარმოს არავინ აყენებდა საქმის კურსში, თუ რა სამუშაოსთვის იყო მძღოლი და შესაბამისი ტექნიკა გამოძახებული შემკვეთი კომპანიის მიერ; მენარდეს არ გააჩნდა მძღოლების კონტროლის უფლებამოსილება, გარდა ერთისა, ობიექტზე საწვავით გამართული ტექნიკა მისულიყო (საწვავს მენარდე უზრუნველყოფდა), დანარჩენი კი ობიექტის მენეჯერის უფლებამოსილებას წარმოადგენდა;
8.2.2. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ შემკვეთი რაიმე ინფორმაციის ან ცნობების მიწოდებას ითხოვდა მენარდისაგან. 2018 წლიდან „თაიმშითები“, რომლებიც მენეჯერების მიერ უნდა შევსებულიყო და არა მენარდე საწარმოს მიერ, ყოველი კვირის ბოლოს ეგზავნებოდა შემკვეთს, სწორედ ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენდა „თამშითების“ შემოწმება და, რაც ყველაზე მთავარია, თვეში ორჯერ დგებოდა საბოლოო დოკუმენტი-მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებსაც ხელს აწერდნენ იმ ობიექტების მენეჯერები, ვისი ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო ტაბელებზე, ისინი აჯამებდნენ შესრულებულ საათებს;
8.2.3. სასამართლოს დასკვნა შემკვეთისათვის ზიანის მიყენების თაობაზე დაუსაბუთებელია, ზიანის ოდენობა მხოლოდ შიდა აუდიტის 2020 წლის 30 მარტის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც, თავის მხრივ, ორი არაპროფესიონალის ხელმოწერილია. საქმეში წარდგენილია სხვა დასკვნებიც, თუმცა, სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომ გამოიყენა სწორედ შემკვეთის შიდა აუდიტის დასკვნა. სასამართლოს არ გაუანალიზებია ეს დასკვნა ისე გადმოიტანა თავის გადაწყვეტილებაში. ძალიან ხშირ შემთხვევაში თვითმცლელებს ნაგავსაყრელზე შესვლა არც უწევდათ, რადგან ამოღებული ბალასტი შესაძლებელი იყო იქვე დაყრილიყო. შემკვეთს არც ბუღალტრული ექსპერტიზა ჩაუტარებია, რათა გარკვეულიყო, თუ ვისი ბრალით ხდებოდა ე.წ. „თაიმშითების“ გაყალბება, იბიექტების ადგილზე მყოფი მენეჯერების, მძღოლების, თუ ორივეს მიერ ერთად. დღემდე დაუდეგენლია შემკვეთის ზიანი, რვა მძღოლის პასუხისგებაში მიცემა არაფერს ნიშნავს მაშინ, როცა მძღოლების ნაწილი არ ეთანხმება ბრალს და სასამართლოში ჩივიან;
8.2.4. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარის მოწმის სახით ერთ-ერთი ობიექტის მენეჯერ-ინჟინრის დაკითხვაზე, რომელიც აღნიშნავდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა ობიექტებზე უწევდათ მუშაობა, მათ ნაცვლად სხვა პირი აწერდა ხელს ტაბელს. სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით სულ 155 557. 50 ლარის ზიანი გამოიკვეთა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი 776 653 ლარი სრულად დააკისრა კასატორს (მენარდეს). გარდა ამისა, რევიზიის აქტის მიხედვით 321 539,50 ლარის ზიანი დადგინდა, რაც ასევე დაუსაბუთებელია. საქმეშია შემკვეთის მიერ წარდგენილი სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული დოკუმენტი, რაზეც არ უმსჯელია სათანადოდ სააპელაციო სასამართლოს, ამასთან, მოსარჩელე თავის სააპელაციო საჩივარში უთითებდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს 155 557, 50 ლარი მაინც უნდა დაეკისრებინაო მენარდისთვის;
8.2.5. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ შიდა აუდიტის დასკვნის გამოყენება, როდესაც საქმეში სხვა უფრო კომპეტენტური დასკვნებია წარდგენილი. პირველი კასატორი (მენარდე საწარმო) გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობაზე უთითებს: წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ მენარდე საწარმოს მძღოლების მიერ ყალბდებოდა ე.წ. „თაიმშითები“, რის საფუძველზე ივსებოდა მიღება-ჩაბარების აქტები და შემკვეთი კომპანია (აპელანტი მხარე) გასცემდა იმაზე მეტი ანაზღაურების თანხას, ვიდრე რეალურად შესრულებული ჰქონდა მენარდე საწარმოს. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელააციო სასამართლო იზიარებს შემკვეთის სააპელაციო საჩივრის პოზიციას, როგორც ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ნაწილში და აღნიშნავს, რომ გამოძიებით დადგენილი თანხა მზარდია, ვინაიდან მოცემული მომენტისთვის ყველა მძღოლის მიმართ არ დასრულებულა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ამდენად, ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის დასადგენად სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა შემკვეთი კომპანიის მიერ წარდგენილ აუდიტის დასკვნას, რომელიც შედგენილია შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემების, ასევე შპს „თ.ჯ–იდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. შემკვეთ საწარმოს სხვა საწინააღმდეგო საპირწონე მტკიცებულება, რითაც ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა დადგინდებოდა, არ წარუდგენია. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ მითითებული მსჯელობა ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ სურდა მენარდის არგუმენტების მოსმენა; სასამართლოს ერთობლივად უნდა შეეფასებინა ყველა მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტები, „თაიმშითები“, რადგან მხოლოდ მძღოლები ვერ გააყალბებდნენ ამ დოკუმენტებს, ობიექტების მენეჯერებსაც ერიცხებოდათ ხელფასი ამ „თაიმშითების“ საფუძველზე, ინჟინრებსაც, რაც გამოკვლეული არ არის;
8.2.6. პირველი კასატორი (მენარდე საწარმო) არ ეთანხმება გასჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მენარდემ ვერ შეძლო შემკვეთის ზიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენა. კასატორი უთითებს, რომ ზიანი და მისი ოდენობა სარჩელის წარმდგენის სამტკიცებელია და არა მოპასუხის. ამ უკანასკნელს ის უნდა დაედასტურებინდა, ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალეულ ქმედებას თუ უმოქმედობა გამოიჩინა, რასაც მოპასუხემ გაართვა თავი. მიხედავად საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის და იურიდიული ლიტერატურის მოშველიებისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა შემკვეთის განცდილ ზიანზე. შემკვეთის მცდელობა, რომ მძღოლების ქმედებები გაეგივებინა მენარდესთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა. სსკ-ის 396-ე მუხლის გამოყენებას აქვს შეზღუდვის ფარგლებიც, რაც თვითონ შემკვეთმა შეიტანა ხელშეკრულებაში 4.4 პუნქტის სახით „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევისას გაითვალისწინოს/შეასრულოს „დამკვეთის“ მითითებები. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, გადაუხვიოს „დამკვეთის“ მითითებებს მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობის საფუძველზე. „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომსახურების“ გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში გაითვალისწინოს/შეასრულოს მხოლოდ ობიექტზე „დამკვეთის“ წარმომადგენლის (მენეჯერის) მითითებები)- ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.13, ს.ფ. 1-16;
8.3. მეორე კასატორის (შემკვეთი საწარმოს) საკასაციო პრეტენზიები შემდეგ ძირითად გარემოებებს ეფუძნება:
8.3.1. სააპელაციო სასამართლომ ზოგიერთი მტკიცებულება არასწორად შეაფასა. უდავოა, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით ხდებოდა 2019 წლის ბოლომდე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, ხოლო 2020 წლის იანვრიდან შემკვეთი აღარ აწერდა ხელს ამ აქტებს და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ადასტურებდა;
8.3.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლის მიხედვითაც, რომ 2020 წლის 9 იანვრიდან იმავე წლის 15 მარტამდე პერიოდში, ტაბელები („თაიმშითები“) კომპანიაში წარმოდგენილია სულ 744 გამოძახებაზე (6 452.50 საათი) (თვითმცლელ მანქანებზე), ჯამური ღირებულებით 183 896 ლარი. ამ 744 გამოძახებიდან კი 179 გამოძახებაზე (1 505.50) ვერ მოიძებნა ვერც სასაქონლო ზედნადები და არც ავტომობილი დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. შესაბამისად, მითითებული პერიოდის (2020 წლის იანვარ-მარტი) განმავლობაში შემკვეთმა კონტრაქტორს (მენარდეს) ზედმეტად 42 992 ლარი გადაუხადა. ამდენად, ამ ნაწილში არასწორად შეაფასა გარემოებები სააპელაციო სასამართლომ;
8.3.3. საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჯერ კიდევ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ საოქმო განჩინებაზე, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიღო ახალი მტკიცებულება, რასაც დაამყარა კიდეც თავისი მსჯელობა, სააპელაციო სასამართლომ კი არ გაიზიარა ის, მაინც უნდა იმსჯელოს საკასაციო სასამართლომ, რადგან ამას მხარე სადავოდ ხდიდა საქმისწარმოების ყველა ეტაპზე. რეალურად არ არსებობს შემკვეთისთვის რაიმე თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.12, ს.ფ. 450-548).
8.4. მენარდე საწარმოს (პირველი კასატორის) და შემკვეთი კომპანიის (მეორე კასატორის) საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8.5. საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით გამართულ 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს საკასაციო საჩივრების არგუმენტები და უპასუხეს მოსამართლეთა შეკითხვებს.
8.6. ძირითადმა მოსარჩელემ (შემკვეთმა კომპანიამ) განმარტა, რომ მენარდის შეგებებული სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, არ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო სასამართლოს მიერ (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 12:36:36-დან).
8.6.1. შემკვეთი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის დადებული ხელშეკრულებით მენარდის სხვადასხვა ტექნიკა იყო გამოყენებული შემკვეთის მიერ მითითებულ ობიექტზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შემკვეთი (ძირითადი მოსარჩელე) თავის მოთხოვნას აფუძნებს მხოლოდ თვითმცლელი მანქანების ნაწილში შეუსრულებელ სამუშაოებზე. შემკვეთმა წინასწარ გადაუხადა მენარდეს თანხა იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც არ შესრულებულია, შესაბამისად, ეს თანხა წარმოადგენს შემკვეთის ზიანს, რომელიც ძირითადი სარჩელით არის მოთხოვნილი და სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული, კერძოდ, შემკვეთის სასარგებლოდ, მენარდეს 759 866.6 ლარის ანაზღაურება დაეკისრა (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 12:37:36-დან);
8.6.2. შემკვეთი კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს აღუწერა, თუ როგორ ხორციელდებოდა მომსახურება და ხელშეკრულების 4.4 პუნქტის მიზანი განმარტა. კონკრეტულ ლოკაციაზე/ობიექტზე შემკვეთის მითითების ფარგლებში, მენარდე კომპანიის მძღოლებს ევალებოდათ, შეევსოთ შემკვეთის მიერ შედგენილი ფორმები, რასაც შემდეგ ხელს აწერდნენ ინჟინრები; ანაზღაურება ხდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საათების მიხედვით, ანუ მენარდე კომპანიის მძღოლი შეავსებს ტაბელს (ე.წ „თაიმშითს“), მოაწერს ხელს და შემდეგ ხელს აწერს/ადასტურებს შემკვეთი კომპანიის ინჟინერი. ხელშეკრულების 4.4 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და არაორაზროვანი, ეს პუნქტი იმას გულისხმობს, რომ მენარდე კომპანიის მძღოლი როდესაც მივა კონკრეტულ ობიექტზე (ლოკაციაზე) სამუშაოების შესასრულებლად, ამ სამუშაოს ასრულებს შემკვეთი კომპანიის ინჟინრის მითითებით. ძირითადი მოსარჩელის (შემკვეთის) პრეტენზია ისაა, რომ „თაიმშითებში“ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, როდესაც მენარდე კომპანიის მძღოლი უნდა ყოფილიყო კონკრეტულ ობიექტზე, იქ არ ყოფილა, რადგან შემკვეთს არ გამოუძახია მძღოლები/ოპერატორები. თავის მხრივ, მენარდე ამტკიცებს, რომ მას არავითარი შემოწმება არ ევალებოდა. შემკვეთმა განმარტა, რომ მენარდე კომპანიის მძღოლების მიერ ხელმოწერები შესრულებულია იმ დღეებსა და იმ საათებში, როდესაც რეალურად ისინი არ გამოუძახია შემკვეთს. ცალკეული შემთხვევები, როდესაც თუნდაც ერთი მძღოლი აწერდა ხელს მეორის ნაცვლად, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შემკვეთს გამოძახებული ჰყავდა მძღოლები, ამ უკანასკნელებმა იმუშავეს და შესაძლოა მათ ნაცვლად სხვამ მოაწერა ხელი, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როდესაც სამუშაოები რეალურად შესრულებული იყო. შემკვეთის ძირითადი სარჩელით მოთხოვნილია იმ სამუშაოების ღირებულება, რომელიც არ შეუსრულებია მენარდეს და წინასწარ აქვს მიღებული, რაც შემკვეთისთვის მატერილურ ზიანს წარმოადგენს;
8.6.3. საყურადღებოა, რომ თვითმცლელები ასარულებენ ორ სამუშაოს: ერთი ესაა გრუნტის, რასაც სამშენებლო ნარჩენი ჰქვია, გატანა, რომელიც აუცილებლად უნდა გაეტანათ მენარდე კომპანიის მძღოლებს ნაგავსაყრელზე, რადგან სხვა ტერიტორიაზე ამას ვერ გადაიტან, რადგან გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს-დააჯარიმებს, სწორედ ამიტომ უკვე წლებია შემკვეთ კომპანიას აქვს ხელშეკრულება „თბილსერვისთან“; მეორე - თვითმცლელებით ასევე ხდებოდა მილების და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის გადაზიდვა, რომელიც საჭირო იყო კონკრეტული სამუშაოების შესასრულებად, საამისოდ უნდა გამოწერილიყო ზედნადები, სხვანაირად გადაზიდვა ვერ მოხდებოდა. შემკვეთი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები ერთობლივად ადასტურებს შემკვეთი კომპანიის ძირითადი სარჩელის დასაბუთებლობას. თუ თვითმცლელმა მანქანამ არც სამშენებლო ნარჩენები გაიტანა და არც მილები ან სხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაზიდა, მაშინ გამოდის, რომ სამუშაო არ შესრულებულა. ეს ყველაფერი ასახულია აუდიტის დასკვნაში;
8.6.4. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, ხელშეკრულების 4.7 პუნქტთან დაკავშირებით, შემკვეთის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მენარდეს არ შეუსრულებია 759 866.6 ლარის სამუშაო, რაც გადახდილი აქვს შემკვეთს (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 12:40:36-12:52:18). სასამართლოს შეკითხვის პასუხად, ხომ არ იკვეთება სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე შერეული ბრალით დამდგარი პასუხისმგებლობა, რადგან მენარდე კომპანიის მძღოლების მხრიდან შემკვეთი კომპანიის ინჟინერიც, ზედამხედველის ფუნქციით, ადასტურებდა თავისი ხელმოწერით მძღოლების მიერ ხელმოწერილ ტაბელებს („თაიმშითებს“), შემკვეთი კომპანიის (მეორე კასატორის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებას მხარე ვერ გაექცევა, მაგრამ პროცედურა ასეთი იყო, მენარდე კომპანიის შესაბამისი პირები ავსებდენენ ტაბელებს, რაც შემდეგ დასკანერებული სახით ეგზავნებოდა შემკვეთს, სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის მიერ დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დეტალურად არ ხდებოდა ტაბელების გადამოწმება. შემკვეთი კომპანიის მხრიდან ინჟინერი ვერ გახდიდა იმას სადავოდ, რაც გაყალბებული იყო, რადგან საერთოდ არ იცოდა ეს ინჟინერმა, რომ შედგა ტაბელი ფაქტობრივად შეუსრულებელ სამუშაოზე. გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება და შემკვეთი კომპანია დაზარალებულად არის ცნობილი (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 12:56:35-12:57:36);
8.6.5. მენარდე კომპანიის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და შემკვეთს დაეკისრა 237,216 ლარის გადახდა მენარდისათვის, მეორე კასატორმა (შემკვეთმა) განმარტა, რომ ის მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ამ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის შეგებებული სარჩელის უარყოფას. შემკვეთი საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადასტურებს, რომ მენარდის მიერ მომსახურება გაწეულია, თუმცა, არ ადასტურებს 42 992 ლარის ნაწილში მომსახურების გაწევას (ანუ 237,216 - 42 992=194 224) ეს ეხება 2020 წლის იანვარი, თებერვალი, მარტის პერიოდს, რაც ასახულია კიდეც შემკვეთის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში. მეორე კასატორმა დააზუსტა, ეს არ წარმოადგენს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ ცნობას, საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებითად და გადაწყვიტოს, ამასთან ეს ნაწილი ფასთა 10%-იან სხვაობას ეხება, რაც მენარდის საკასაციო პრეტენზიაა (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 13:06:06-13:06:21).
8.7. მენარდე კომპანიის (ძირითადი სარჩელის მოპასუხის, შეგებებული სარჩელის წარმომდგენის, პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზია შემდეგ არგუმენტებს ეხება (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 13:09:39-დან):
8.7.1. მხარეთა შორის დადებული ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულება არ არის ტიპური ხელშეკრულება, რადგან მენარდე პასუხისმგებელი იყო შემკვეთის მიერ მოთხოვნილი მანქანების (სპეფიციკაციის მიხედვით), კონკრეტული რაოდენობით კონკრეტულ ობიექტზე (ლოკაციაზე) კონკრეტულ საათზე გამოცხადებულიყო, ანუ ამის მობილიზება ევალებოდა. ამის შემდეგ შემკვეთის განკარგულებასა და მის კონტროლქვეშ გადადიოდა ყველაფერი ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად. მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისა და სპეცტექნიკის აღრიცხვას ახდენდა შემკვეთის წარმომადგენელი, ანუ რამდენი საათი იმუშავდება სპეცტექნიკა, შესაბამისად, მძღოლი, ამის აღრიცხვა შემკვეთის მიერ ხდებოდა ინჟინრის მეშვეობით. მენარდეს ადგილზე დაშვება არ ჰქონდა, სამუშაოების შესრულებას აღრიცხავდა მხოლოდ შემკვეთის წარმომადგენელი. შემკვეთის მიერ იყო შედგენილი ე.წ. „თაიმშითები“ ყველა სავალდებულო რეკვიზიტით, მათ შორის პროექტის ნომრების, რომლებიც არ იცის მენარდემ ან მძღოლმა, ნებისმიერი ქმედება შემკვეთის მითითებით ხორციელდება;
8.7.2. მენარდის მტკიცებით, არაკომპეტენტურია შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ის ეყრდნობა ძირითადად იმას, რომ ნარჩენები არ გაუტანია თბილსერვისს, რაც მცდარია. ჯერ ერთი, ყოველდღიურად არ ხდებოდა ნარჩენების გატანა, მეორე, შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეზე შეეტანა თვითმცლელს მიწა და საერთოდ არ ყოფილიყო ნარჩენი გადასაყრელი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მენარდის თვითმცლელი მანქანები კონკრეტულ დღეს არ მუშაობდნენ (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 13:19:00-დან). სასამართლოს შეკითხვის პასუხად, თუ რა მტკიცებულება დაუპირისპირა მენარდემ შემკვეთის მიერ წარდგენილი შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, მენარდე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის პოზიციას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და მისი შედგენის წესი, შემდეგ აღწერა ორი კვირის მანძილზე დაგროვილი აქტების ურთიერთშედარების პროცესი შემკვეთსა და მენარდეს შორის, რასაც შემკვეთის მხრიდან არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი აწერს ხელს, რადგან ისეთი პროცედურაა, რაც ბევრი პირის ჩართულობას მოითხოვს. მენარდის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ დანიშნულ კალიგრაფიულ ექსპრეტიზაზე, სადაც მხოლოდ 321 000 ლარის (მენარდე ამ თანხასაც ორ ნაწილად ყოფს) ნაწილშია გაყალბებული ხელმოწერა (მხარე არც ამას ეთანხმება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ვერ დადგინდა ვის მიერ არის ხელმოწერილი ტაბელები, ან სხვა პირის მიერ არის ხელმოწერილი), დაახლოებით 400 000 ლარის ნაწილში შესრულებულია სამუშაო, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მენარდეს სრულად დააკისრა შემკვეთის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა არ არის საკმარისი მტკიცებულება ზიანის დასადასტურებლად (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 13:21:04-13:31:20);
8.7.3. მენარდე საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მენარდის შეგებებული სარჩელი და, მის სასარგებლოდ, შეკვეთს 237 216 ლარის გადახდა დააკისრა, ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტა მტკიცებულებები- შიდა აუდიტის დეპარტამენტის ორი დასკვნაა საქმეში, ერთი მოცავს 2018-2019 წლებს, მეორე კი 2020 წლის იანვარი, თებერვალი, მარტის პერიოდს, მეთოდოლოგია, რომელზეც შემკვეთმა მიუთითა, რომ 237,216 ლარს უნდა გამოკლდეს 42 992 ლარი, როგორც მენარდის მიერ შეუსრულებელი სამუშაო ერთი და იგივეა. პირველ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შიდა აუდიტის დასკვნას და შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გადახდილი 759 866.6 ლარის ანაზღაურება დააკისრა მენარდეს, მეორე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი დავობდა, რომ 42 992 ლარის სამუშაო არ შეუსრულებია შემკვეთს, რადგან ნარჩენების გადასაყრელად არ შესულა შემკვეთის კონტრაქტორი „თბილსერვისი“, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა მენარდის შეგებებული სარჩელი, რაც ალოგიკურია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ორი იდენტური დასკვნაა შინაარსით, მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდები განსხვავდება ერთმანეთისაგან (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 13:31:48-13:33:50);
8.7.4. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მენარდე საწარმოს წარმომადგენელმა - დირექტორმა აღწერა მენარდესა და შემკვეთს შორის ურთიერთობა, პროცედურა. საწარმოს დირექტორმა სასამართლოს შეკითხვის “ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა მენარდის ინტერესში რამდენად იყო?“, პასუხად განმარტა, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იყო ნამუშევარი დრო, მძღოლის ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად მეტი საათი დაეფიქსირებინა, თუმცა, თუ შემკვეთის მხრიდან ინჟინერი არ მოაწერდა ხელს ტაბელს, მაშინ მენარდე მძღოლს თანხას არ აუნაზღაურებდა. მენარდე ამიტომ მოითხოვდა მძღოლებისაგან ტაბელს ორ კვირაში ერთხელ, რასაც შემდეგ მენარდე ითვლიდა მძღოლების ნამუშევარი საათების მიხედვით. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, მენარდე საწარმოს დირექტორმა განმარტა, რომ ის ენდობოდა ტაბელს, რადგან მასში ზედმეტ საათებს არ დააფიქსირებდა შემკვეთის მხრიდან ინჟინერი, ხოლო ნაკლებ საათებზე ხელს არ მოაწერდა მძღოლი. მენარდეს მიაჩნია, რომ ნამუშევარი საათების აღრიცხვის კონტროლი შემკვეთს ეკისრებოდა. მენარდის ჩართულობა ნამუშევარი საათების აღიცხვაში ეფუძნება ტაბელს- ე.წ. „თაიმშითებს“. ასე მუშაობდა მენარდე ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ მძღოლი აყალბებდა ტაბელს (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 14:00:49-14:14:51);
8.7.5. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, რომ საწვავის ფასზე 10 %-იანი ცვლილება წერილობით შეათანხმეს თუ არა მხარეებმა, პირველმა კასატორმა (მენარდემ) განმარტა, რომ ასეთი ცვლილება წერილობითი სახით მხარეებს არ შეუტანიათ ხელშკრულებაში (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 14:20:48-14:21:19);
8.8. მენარდის საკასაციო პრეტენზიის პასუხად, რომ მისი ვალდებულება იყო მხოლოდ მძღოლის გაგზავნა და კონკრეტული სპეციფიკაციის მანქანის მობილიზება შემკვეთისათვის, შემკვეთმა მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა შემკვეთსა და მენარდეს შორის, შესაბამისად, შემკვეთმა სწორედ იმიტომ გააფორმა მომსახურების ხელშეკრუკრულება მენარდე საწარმოსთან, რომ ამ უკანასკნელს ეკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ. მძღოლი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაზედაც შემკვეთი და მენარდე კომპანიები შეთანხმდნენ, სწორედ ამიტომ სურდა შემკვეთს ერთ კომპანიასთან ურთიერთობა და არა ცალკეულ პირებთან. შემკვეთი არ იზიარებს მენარდის მტკიცებას, რომ ამ უკანასკნელს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა, გარდა იმისა, რომ გაეგზავნა შემკვეთისთვის კონკრეტული სპეცტექნიკა თავისი მძღოლით, რადგან ასე არ შეიძლება განიმარტოს ხელშეკრულების პირობები (იხ. საკასაციო სასამართლოს 12.12.2024წ. სხდომის ოქმი 14:22:23-დან).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვის გზით, შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთაგან არც შემკვეთ საწარმოს და არც მენარდე საწარმოს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება),რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონონობას და დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
10. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2024წ.; N ას-1031-2024, 22.11.2024წ.; N ას-1324-2024, 13.12.2024წ.).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე მართებულად არის განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნარდობის სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არის გამოვლენილი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესოსამართლებრივი საფუძველი და დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით საკასაციო სასამართლოს შეუძლია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შემკვეთი კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება მენარდე საწარმოსათვის (ძირითადი სარჩელის მოპასუხისათვის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას, რადგან დაადგინა, რომ შემკვეთმა მენარდეს ჩაურიცხა იმ სამუშაოს თანხაც, რაც მენარდეს ფაქტობრივად არ შეუსრულებია. შესაბამისად, საკასაციო საჩივრით მენარდე (პირველი კასატორი) ასაჩივრებს მისთვის, შემკვეთის სასარგებლოდ, 759 866, 5 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. ამ მიმართებით მენარდის ძირითადი მტკიცება და საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, მათ შორის, სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შეკითხვების პასუხად მიცემული განმარტება, იმას უკავშირდება, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება არ არის ტიპური ხელშეკრულება, რადგან მენარდეს სრულიად კონკრეტული ვალდებულება ეკისრებოდა შემკვეთის წინაშე (შემკვეთის მოთხოვნით, კონკრეტული ობიექტის, მასზე გამოცხადების დროის მითითებით, საწვავით და შესაბამისი მძღოლებით უზრუნველყოფილი სპეცტექნიკის მობილიზება და მიწოდება), რაც სრულად აქვს შესრულებული, ხოლო მენარდის მიერ დაქირავებული მძღოლების ზედამხედველობა მხოლოდ შემკვეთის ვალდებულება იყო და ობიექტურადაც ეს მხოლოდ მას შეეძლო.
12.1. მენარდის ამ ძირითადი და საკვანძო საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის 629-656-ე მუხლებით. სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (სსკ-ის 639-ე მუხლი)-(იხ. სუსგ-ები: N ას-664-2021, 23.02.2023წ.; N ას-1411-2022, 22.05.2023წ.; N ას-601-2023, 24.07.2023წ.; N ას-671-2023, 12.09.2023წ.; N ას-841-2023, 29.09.2023წ.; N ას-1296-2022, 5.10.2023წ.; N ას-866-2023, 13.10.2023წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-408-2024, 5.07.2024წ.; N ას-527-2024, 5.07.2024წ.; N ას-1066-2023, 26.07.2024წ.; N ას-602-2024, 2.10.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1210-2024, 8.11.2024წ.). მოცემული დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რა არსებით პირობებზე შეთანხმდენენ შემკვეთი და მენარდე (სსკ-ის 319-ე, 327-ე მუხლები) და ვის რა ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ხოლო 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
12.2. ზოგადად იურიდიული დოქტრინა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.26, გვ. 288). თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1522-2019, 12.02.2021 წ.; N ას-1504-2022,10.03.2023 წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.).
12.3. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, 4.4 პუნქტს, როგორც მხარეთა შორის შეთანხმებულ უფლება-მოვალეობებს არა მხოლოდ ერთი პუნქტის მიხედვით განმარტავს, არამედ 1.1, 4.1, 4.2, 4.3, 4.4, 4.5 პუნქტებში ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე. ხელშეკრულების 1.1 მუხლით დადგენილია, რომ მენარდე/შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, თავისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ფარგლებში, შემკვეთს გაუწიოს ხელშეკრულების N 1 დანართში მითითებული მომსახურება; 4.1 პუნქტით განსაზღვრულია მომსახურების გაწევის მთელ პერიოდში შესაბამისი სპეცტექნიკისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ოპერატორებით უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.2-ე პუნქტით კი - მომსახურების გაწევა კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად და შემკვეთის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით მენარდე ვალდებულია, მომსახურების გაწევისას მაქსიმალურად გამოიყენოს მხრიდან საკუთარი უნარ-ჩვევები, იმოქმედოს გულდასმით და უმაღლესი პროფესიული სტანდარტებით; საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების 4.4 პუნქტით დადგენილი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, მენარდე ვალდებულია მომსახურების გაწევისას გაითვალისწინოს/შეასრულოს შემკვეთის მითითებები, საიდანაც გადახვევა მხოლოდ შემკვეთის მითითებებით და მასთან წინასწარი თანხმობის საფუძველზე შეუძლია, მენარდეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ შეამოწმოს, გააკონტროლოს და პასუხისმგებლობა იკისროს მის მიერ დაქირავებული მძღოლების ქმედებების გამო. ამ მხრივ სამართლებრივად ვარგისი არ არის მენარდე კომპანიის საკასაციო არგუმენტი, მძღოლების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებასა ან დაუდგენელი პირების მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით არის დადგენილი, რადგან ეს მტკიცებულება მენარდის სასარგებლო პოზიციას არ ადასტურებს, პირიქით, შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს ადასტურებს, რომ რეალურად შეუსრულებეული სამუშაოების გამო აქვს გადახდილი თანხა მენარდისათვის. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება დაადგინა სააპელაციო სასამართლომ შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დროს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
12.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მენარდის საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულების 4.4 პუნქტი მხოლოდ შემკვეთის მხრიდან კონტროლის ვალდებულებას ეხება, რადგან მენარდის მიერ დაქირავებული მძღოლებისთვის მითითების მიცემას ითვალისწინებს მხოლოდ შემკვეთის მხრიდან, ამ უკანასკნელისავე პასუხისმგებლობაა, თითოეულ ობიექტზე და თითოეული მძღოლის მიერ შეუსრულებელი სამუშაო და ამ მიმართებით მენარდეს არაფერი მოეთხოვება. ხელშეკრულების 4.5 პუნქტით, შემსრულებელი/მენარდე ვალდებულია, შემკვეთის ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, ცნობები წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ ჩააბაროს მას ანგარიში. 4.7 პუნქტის მიხედვით კი, შემსრულებელი პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, მომსახურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად შემკვეთისთვის მიყენებულ ზიანზე. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სამუშაოს შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სწორედ მენარდე საწარმო. საკასაციო სასამართლო ვერ განავითარებს მსჯელობას სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვული ზიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. სსკ-ის 415-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მიყენებული ზიანი შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდაც გამოირიცხოს, თუ დადასტურდება, რომ ზიანის დადგომაში დაზარალებულის ბრალი უფრო მეტია, ვიდრე მოვალის. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის (შემკვეთი კომპანიის) ბრალი საერთოდ არ იკვეთება, რადგან მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სინალაგმატური უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ ვლინდება ისეთი ქმედება, რაც ზიანის წარმოშობაში დაზარალებულის მხრიდან ხელშეწყობად დაკვალიფიცირდება (შერეული ბრალის საფუძველზე განსაზღვრულ პასუხისმგებლობაზე მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-343-328-2015, 25.03.2016წ.; N ას-1455-2018, 10.01.2018წ.; N ას-1633-2019, 9.03.2019წ.; N ას-313-2024, 8.11.2024წ.; N ას-1034-2024, 27.11.2024წ.)
12.5. მოცემულ საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის, რომ მძღოლების მიერ არასწორად ხდებოდა „თაიმშითების“ შევსება, ასევე უდავოა, რომ შემკვეთი კომპანიის (ძირითადი მოსარჩელის) მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მენარდეს მიღებული აქვს, შესაბამისად, დასტურდება დამდგარი ზიანიც, რომელიც შემკვეთს გადახდილი აქვს მენარდისთვის იმ სამუშაოებისთვის, რომელთა შესრულება არ დასტურდება.
12.5.1. ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - შემკვეთი კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 მარტის დასკვნაზე. ამ დასკვნის მიხედვით, შემოწმების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა შემკვეთი კომპანიის სატრანსპორტო დეპარტამენტის სატრანსპორტო სადისპეტჩერო და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გ. ჯ–ის მოხსენებითი ბარათი, სადაც ის აღწერს კონტრაქტორის - მენარდე საწარმოს დარღვევებს. შემოწმების მიზანს წარმოადგენდა: კონტრაქტორების მიერ გაწეული სამუშაოს შემოწმება; სატრანსპორტო სამსახურის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების გადამოწმება; 2018-2019 წლებში კონტრაქტორის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის ანალიზი; დარღვევების, მოვალეობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების იდენტიფიცირება; შემკვეთი კომპანიისთვის მიყენებული ზიანის იდენტიფიცირება;
12.5.2. დასკვნის მიხედვით, თითოეულ კონკრეტულ პროექტზე თვითმცლელების დაქირავება ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო იყო სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რა დროსაც ტრანსპორტირების შემთხვევაში იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, ხოლო ნარჩენების გადაყრის დროს თვითმცლელი შედიოდა ნაგავსაყრელზე, რასაც აფიქსირებდა შპს „თ.ჯ–ი“. გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტებსა და მასზე თანდართულ ტაბელებში ფიქსირდებოდა კონკრეტული თვითმცლელების გამოძახება, თუმცა მათ მიერ სამუშაოს შესრულება არ დასტურდება არც ერთი დოკუმენტით - არც სასაქონლო ზედნადებით და არც ნაგავსაყრელიდან მოწოდებული ინფორმაციით. შესაბამისად, გამოვლინდა, რომ შემკვეთმა კომპანიამ გადაიხადა ზედმეტად იმ მომსახურებისთვის, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა;
12.5.3. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზედნადებების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა შემოსავლების სამსახურის ბაზიდან, ხოლო ნაგავსაყრელის აქტები მოწოდებულ იქნა შპს „თ.ჯ–ის“ მიერ. 2018 წლის 2 აპრილიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები (ე.წ. „თაიმშითები“) წარმოდგენილი იყო 5095 გამოძახებაზე, ჯამური ღირებულებით 1 248 020 ლარი. აქედან 1 512 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადები და ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. ამ შემთხვევების შედეგად შემკვეთი კომპანიის მიერ კონტრაქტორებისთვის (მენარდისათვის) ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი 346 368 ლარს შეადგენს. 2019 წლის 3 იანვრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში ტაბელები იყო წარმოდგენილი 6 437 გამოძახებაზე, ჯამური ღირებულებით 1 548 264 ლარი. აქედან 1 740 შემთხვევაში ვერ მოიძებნა ზედნადები და ასევე ავტომობილი არ დაფიქსირებულა ნაგავსაყრელზე. შესაბამისად, ამ შემთხვევების შედეგად შემკვეთი კომპანიის მიერ კონტრაქტორებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 408 307 ლარს, სულ კი 776 653 ლარს. შემკვეთმა საწარმომ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) დაადგინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ავტომანქანებს (თვითმცლელებს) სამუშაო რეალურად არ შეუსრულებიათ, არც ტრანსპორტირება და არც ნარჩენი მასალების გადაყრა არ მომხდარა; შემკვეთმა კომპანიამ (ძირითადმა მოსარჩელემ) ზედმეტად გადაიხადა მომსახურების საფასური 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რამაც 776 653 ლარი შეადგინა. აუდიტის ამ დასკვნას თან ერთვის მენარდე საწარმოს მძღოლების ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი აღიარებენ ე.წ. „თაიმშითების“ გაყალბების ფაქტებს. ასევე ერთვის თვითონ შემკვეთი კომპანიის სამშენებლო ინჟინრების ახსნა-განმარტება, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავების მიღება-ჩაბარების აქტზე მათი ხელმოწერა არ არის და უცნობია, თუ ვინ მოაწერა ხელი მათ ნაცვლად;
12.5.4. მოცემულ საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შემკვეთი კომპანიის (ძირითადი მოსარჩელის-შემკვეთი კომპანიის) კუთვნილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მომსახურების პერიოდში მენარდე საწარმოს თანამშრომლები აყალბებდნენ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ე.წ. „თაიმშითებს“) და აფიქსირებდნენ რეალურზე მეტი სამუშაოს შესრულებას, რის შედეგადაც შემკვეთმა კომპანიამ მენარდე საწარმოს ჩაურიცხა 776 653 ლარით მეტი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების თანხა;
12.5.5. დადგენილია და სადავო არ არის, რომ 2020 წლის 2 ივნისის დადგენილებით შემკვეთი კომპანია ცნობილ იქნა დაზარალებულად (იხ. ტ.6, ს.ფ. 344-345) ;
12.5.6. სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის პროკურატურის დაკვეთით შესრულებულია და საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 აპრილის N000681321 და 2021 წლის 29 ივნისის N004061121 დასკვნები, სადაც შემკვეთის მიერ დასმული იყო კითხვა - ეკუთვნოდათ თუ არა კონკრეტულ პირებს ე.წ. „თაიმშითებზე“ აღნიშნული ხელმოწერა. დასკვნით დადგინდა, რომ ზოგ შემთხვევაში ინჟინრის გრაფაში მითითებული პირის მიერ შესრულებულია ხელმოწერა, ზოგ შემთხვევაში შესრულებულია არა მითითებული ინჟინრის, არამედ-სხვა პირის მიერ, ხოლო ზოგ შემთხვევაში - დასკვნის გაცემა შეუძლებელი გახდა გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო;
12.5.7. გამოძიების მასალებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველომ 2021 წლის 9 ივლისს გასცა რევიზიის აქტი, რითაც დათვლილი იქნა დროის სააღრიცხვო ბარათები, რომელზეც 2021 წლის 28 აპრილის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის მიერ. აღნიშნული რევიზიის აქტით დადგინდა, რომ მძღოლებს აღნიშნული დროის სააღრიცხვო ბარათების საფუძველზე მიღებული აქვთ 118 745 ლარი, მენარდე საწარმოს მიღებული აქვს 321 539,50 ლარი.
12.6. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შემკვეთი კომპანიის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, ცალსახად დგინდება, რომ მენარდე საწარმოს მძღოლების მიერ ყალბდებოდა ე.წ. „თაიმშითები“, რის საფუძველზე ასევე არასწორად ივსებოდა მიღება-ჩაბარების აქტები და შემკვეთი კომპანია (მეორე კასატორი) გასცემდა იმაზე მეტი ანაზღაურების თანხას, ვიდრე ფაქტობრივად შესრულებული ჰქონდა მენარდე საწარმოს.
12.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემკვეთი კომპანიისთვის მიყენებული ზიანის მენარდისთვის დაკისრების ნაწილში, რაც გამოხატა მენარდე საწარმოსთვის გადახდილ თანხაში, რომლის სანაცვლოდ რეალურად მენარდეს რეალურად არ შეუსრულებია სამუშაოები, დასაბუთებულია და მასზე სწორედ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა - მენარდემ უნდა აგოს პასუხი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში ძირითადი მოსარჩელე მხარე (შემკვეთი) მოპასუხედ ასახელებს მენარდე საწარმოს, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნდა და შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ურიცხავდა თანხას. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას არ აფუძნებს სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებულ მტკიცებულებებსა და მძღოლების მიმართ დამდგარ განაჩენზე, არამედ აღნიშნული მასალები წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, სხვასთან ერთად, რომლითაც დასტურდება, რომ რეალურად მენარდე საწარმოს მიერ სამუშაო არ შესრულებულა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სწორედ მენარდე საწარმო, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე, დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ, მძღოლები, როგორც მენარდე საწარმოს მხრიდან დაქირავებული დასაქმებულები, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენის შემდეგ, შესაძლოა პასუხისმგებლები გახდნენ მენარდე საწარმოს, როგორც დამსაქმებლის/დამქირავებლის მიმართ, რაც სცილდება განსახილველი დავის საგანს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებით დადგენილი თანხა მზარდია, ვინაიდან სარჩელის აღძვრისა და საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის ყველა მძღოლის მიმართ არ დასრულებულა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
12.8. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის დასადგენად შემკვეთი კომპანიის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის გამოყენებაზე, რომელიც შედგენილია შემოსავლების სამსახურის ბაზის მონაცემების, ასევე შპს „თ.ჯ–იდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ მტკიცებულების საპირწონედ ძირითადი სარჩელის მოპასუხე მენარდე საწარმოს, ზეპირი განმარტების გარდა, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. შიდა აუდიტის დასკვნის არაკომპეტენტურობაზე მენარდის პრეტენზია არ არის დაძლეული მარტოოდენ მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებით.
12.8.1. საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 24 დეკემბრის სხდომაზეც დაუსვა მენარდე საწარმოს წარმომადგენლებს შეკითხვა, თუ რა უპირისპირდება შემკვეთის შიდა აუდიტის დასკვნას, თუმცა, ამის საპირისიპიროდ რაიმე მტკიცებულებაზე მენარდეს არ მიუთითებია, არც ისეთი მტკიცებულება დაუსახელებია, რომელიც არ გამოუკვლევია სააპელაციო სასამართლოს. მენარდის ძირითადი პრეტენზია იმას ეხება, რომ შიდა აუდიტის ორი დასკვნა ურთიერთსაწინააღმდეგოა, ერთი 2018-2019 წლების დოკუმენტაციის ანალიზს ასახავს, ხოლო მეორე - 2020 წლის იანვარი-მარტის დოკუმენტაციის ანალიზს. პირველ დასკვნაში მითითებულია: „გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტებსა და მათზე თანდართულ თაიმშითებში ფიქსირდებოდა კონკრეტული თვითმცლელების გამოძახებები, რა დროსაც ტრანსპორტირის შემთხვევაში იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, ხოლონარჩენების გადაყრის დროს თვითმცლელი შედიოდა ნაგავსაყრელზე, რასაც აფიქსირებდა შემკვეთის კონტრაქტორი „თბილსერვისი“. დასკვნა ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის ბაზიდან მოძიებულ ინფორმაციას, „თბილსერვისის“ აქტებს“.
12.8.2. მენარდის ზემოხსენებული საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, სააპელაციო სასამართლო შემკვეთის ძირითადი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დროს დაეყრდნო შიდა აუდიტის დასკვნას, ხოლო მენარდის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას -მენარდის მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანიის „ი.ა–ი“-ის 2020 წლის 23 ოქტომბრის დასკვნას, რომლის თანახმად (იხ. ტ. 8, ს.ფ.36-40) , მენარდე საწარმოს მიერ შემკვეთი კომპანიისათვის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდში, სამშენებლო ტექნიკით გაწეული საათობრივი მომსახურების ღირებულება შეადგენს 237 216 ლარს დღგ-ის ჩათვლით (სწორედ ამ ნაწილშია წარმოდგენილი შემკვეთის საკსაციო საჩივარი-იხ. წინამდებარე განჩინების 8.3.2 ქვეპუნქტი). ამ დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება, თავის მხრივ, შემკვეთ კომპანიას არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსთვის, რის გამოც საკასაციო სასამართლომაც გაიზიარა მენარდის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო სასამართლოსთვის შემკვეთს (მეორე კასატორს) არ მიუთითებია იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქმის მასალებშია, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და, რაც შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, შემკვეთი საწარმოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას გამოწვევდა. ამდენად, შემკვეთის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილია.
12.9. მენარდე საწარმოს საკასაციო პრეტენზია, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დიზელის საწვავზე არსებულ საბაზრო ფასებში 10%-იან ცვლილებას ეხება, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს შეკითხვის პასუხად, რომ საწვავის ფასზე 10 %-იანი ცვლილება წერილობით შეათანხმეს თუ არა მხარეებმა, პირველმა კასატორმა (მენარდემ) განმარტა, რომ ასეთი ცვლილება წერილობითი სახით მხარეებს არ შეუტანიათ ხელშეკრულებაში (იხ. წინამდებარე განჩინების 8.7.5 ქვეპუნქტი). საქმის მასალებშია მხარეთა შორის 2018 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი ხელშეკრულების N 1 დანართი, სადაც აღნიშნულია, რომ სამშენებლო ტექნიკის საათობრივი ტარიფის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის საწვავის არსებული საბაზრო ღირებულების 10%-იანი ან მეტით ცვლილების შემთხვევაში. აღნიშნულ დანაწესზე იმსჯელა საპელაციო საამართლომ და დაასკვნა, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს არა მენარდის/შემსრულებლის უფლებას, ცალმხრივად გაზარდოს მომსახურების ღირებულება, არამედ დანაწესი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების 8.1 პუნქტთან ერთობლივად, რომელიც ადგენს, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ მხარეთა მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება, რომლითაც საწვავის ღირებულების ცვლილების გამო მოიმატებდა საათობრივი ტარიფი, წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება, რომ ამ თანხის დაკისრება მენარდე საწარმომ მოითხოვა თავისი შეგებებული სარჩელის ფარგლებში და გაზრდილ ტარიფზე მხარეთა შორის კომუნიკაცია მანამდე პერიოდში არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ტარიფის ცალმხრივად ცვლილების შესაძლებლობის პირობებში ეს პირობა შემკვეთი კომპანიისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან (სსკ-ის 398-ე მუხლი), ან მხარის გასვლა ხელშეკრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ არის დადგენილი საქმეზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა შემკვეთი კომპანიის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა 71 514.20 ლარის დაკისრებას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. შესაბამისად, პირველი კასატორის ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს მენარდე საწარმოს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.
12.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, უცვლელად დატოვებისა, შემკვეთი კომპანიის საკასაციო პრეტენზიის შესამოწმებლად, საკასაციო სასამართლომ მოისმინა საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის (და არა 17 მარტის ოქმი, როგორც ამაზე არასწორად უთითებს კასატორი; იხ. 1.03.2017წ. მთავარი სხდომის ოქმი - ტ.12, ს.ფ. 209-213; დისკი - ს.ფ. 259) ოქმი, ამ ოქმის (18:25:39-დან) მიხედვით მენარდე განმარტავს, რომ საპაექრო სიტყვაზე თანდართული დოკუმენტი საპაექრო სიტყვის შემადგენელი ნაწილია, გაანგარიშებულია ის მათემატიკური მაჩვენებლები, რაზედაც ისედაც არის წარმოდგენილი მასალები საქმეში, ეს არ არის ახალი მტკიცებულება. მოსამართლეც განმარტავს: ბუნებრივია, მტკიცებულების დართვაზე ვერ იქნება საუბარი (18:26:24-დან), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილშიც დასაბუთებულია (იხ. წინამდებარე განჩინების 7.21.1 ქვეპუნქტი)
12.11. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო პრეტენზიების არსებითად, ზეპირი განხილვის ფორმით, შემოწმების გზით მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემკვეთი და მენარდე საწარმოების საკასაციო საჩივრები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
12.12. მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 410-ე, 399-ე, 372-ე, 264.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ე–სის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე