საქმე №ას-1231-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2024 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი კომპანია) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სასარგებლოდ სს „გ.ჰ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, ჰოსპიტალი, შემძენი, აპელანტი ან კასატორი) 139 901.73 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. 2019 წლის მაისიდან, მოპასუხე ჰოსპიტალი გამყიდველი კომპანიისაგან ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტულ პროდუქციას.
3.2. მხარეთა შორის 2021 წლის 01 მაისს დაიდო ფარმაცევტული პროდუქტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ჰოსპიტალმა, როგორც შემძენმა, იკისრა შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება კონსიგნაციის წესით, პროდუქტის მიწოდებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
3.3. მოპასუხე ჰოსპიტალმა 2019 წლის მაისიდან გამყიდველი/მოსარჩელე კომპანიისაგან შეიძინა, ჯამში 147 870.23 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მყიდველს გამყიდველისთვის ანაზღაურებული აქვს 7 968.50 ლარი.
3.4. მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიების ბუღალტრებს შორის, 2023 წლის 20 მარტს, დაიდო ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც მოპასუხე მხარის მთავარმა ბუღალტერმა აღიარა და დაადასტურა, რომ 20.03.2023 წლის მდგომარეობით ჰოსპიტალს გამყიდველი კომპანიის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 139 901.73 ლარის ოდენობით.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უპირეველესად უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ N ას-53-49-2017, 07. 2017 წ.).
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე კომპანია პერიოდულად (2019 წლის მაისის თვიდან სარჩელის წარდგენის დღემდე) აწვდიდა მოპასუხე ჰოსპიტალს სხვადასხვა ფარმაცევტულ პროდუქციას.
6. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ჰოსპიტალისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რასაც შემძენი/ მოპასუხე დაუპირისპორდა მხოლოდ ვალდებულების მოცულობის თვალსაზრისით.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება (რომლის ფარგლებშიც გამყიდველი ნასყიდობის ფასის მოპასუხისთვის დაკისრებას მოითხოვს) ორმხრივმავალდებულებელი გარიგებაა, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნიათ შესაბამისი უფლება- მოვალეობები. ნასყიდობის ხელშეკრულებისას ადგილი აქვს მხარეთა ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რომელიც ნასყიდობის საგნის და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის დროიდან წარმოიშობა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის პროდუქციის მიწოდების ფაქტი, შემძენი ჰოსპიტალი სადავოდ ხდიდა მხოლოდ ვალდებულების მოცულობას და გამყიდველისაგან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მყიდველის მხრიდან ანაზღაურების ოდენობას. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით კი მოპასუხე/აპელამტმა მხარემ სადავოდ გახადა პროდუქციის მიწოდების ფაქტი, მიუთითა მტკიცებულებების არსებობაზე, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებისა და ურთიერთშედარების აქტის არარელევანტურობაზე სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულების არსებობის დადასტურებისათვის.
9. მოპასუხის შეცვლილი/დაზუსტებული პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 219-ე და 380-ე მუხლებზე დაყრდნობით იმის განმარტება, რომ სამოქალაქო პროცესის მონაწილე მხარეები სასამართლოს მთავარ სხდომაზე ან/და სააპელაციო ეტაპზე შეზღუდული არიან ახალი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენის კუთხით. კერძოდ, სსსკ-ს 219.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოხმობილი პროცესუალური წესის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხედველობაში ვერ მიიღებს აპელანტის/მოპასუხის მხრიდან სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ იმ პრეტენზიებს, რომელიც შესაგებლის ეტაპზე მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, კერძოდ, ესაა პროდუქციის მიწოდების და მიღების ფაქტი. უფრო მეტიც, მოპასუხეს სარჩელზე წარდგენილ წერილობით შესაგებელში, დადასტურებული აქვს პროდუქციის მიღების ფაქტი, რაც სსსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნევა ფაქტის დადასტურებად/აღიარებად და, დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, წარმოშობს სასამართლოს მხრიდან მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას (სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას).
10. სარჩელში მოსარჩელე უთითებდა, რომ მან მოპასუხეს 2019 წლის მაისიდან 2023 წლის 3 აპრილამდე პერიოდში მიაწოდა 147 870.23 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ ხსენებულ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს არა თუ 147 870.23 ლარის ღირებულების, არამედ უფრო მეტი, 468 848.43 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქცია მიაწოდა და აანაზღაურა 329 059 ლარი და არა 7 968 ლარი, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს. შესაბამისად, მოპასუხე სადავოდ ხდიდა მხოლოდ დავალიანების ოდენობას, რომ გადასახდელი ჰქონდა არა 139 901.73 ლარი, არამედ - 110 940 ლარი. ამასთან, შემძენ ჰოსპიტალს არ უარყვია გამყიდველის მხრიდან საქონლის მიწოდებისა და მის მიერ ამ საქონლის მიღების ფაქტი (იხ. შესაგებელი- ს.ფ. 51-60).
11. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის მაისის თვიდან შემძენმა ჰოსპიტალმა (მოპასუხემ/აპელანტმა) გამყიდველისაგან შეიძინა, ჯამში 147 870.23 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც ანაზღაურებული აქვს 7 968.50 ლარი. აღნიშნული ფატქობრივი გარემოება, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა, დასტურდება ასევე საქმეზე წარმოდგენილი 2023 წლის 20 მარტის ურთიერთშედარების აქტით, რომლითაც მოპასუხე კომპანიის მთავარი ბუღალტრის მხრიდან დადასტურებულია გამყიდველი კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება 139 901.73 ლარის ოდენობით (იხ. ურთიერთშედარების აქტი- ს.ფ. 38).
12. სსკ-ს 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე/აპელანტი კომპანიის მთავარი ბუღალტრის მხრიდან ურთიერთშეთანხმების აქტით მოსარჩელე კომპანიისადმი დავალიანების მოცულობის დადასტურება სწორედაც ვალის არსებობის აღიარებას წარმოადგენს. მოპასუხის მტკიცება ბუღალტრის არაუფლებამოსილებასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგანაც კომპანიის მთავარი ბუღალტერი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სწორედაც უფლებამოსილ პირად მიიჩნევა, რომელმაც ამგვარი დავალიანების არსებობა დადასტურება. მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია ბუღალტრის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის შესახებ, კონკრეტული (ფინანსური) საკითხის სპეციფიკიდან და ბუღალტრის ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ-ები: N ას-833-833-2018, 16.11.2018 წ.; N ას-867-834-2016, 22.11. 2018 წ.).
15. სსკ-ის 477-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გამყიდველის მიერ მყიდველისათვის პროდუქციის მიწოდება, ამ უკანაკსნელს წარმოეშვა შემხვედრი ვალდებულება, დაადასტუროს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის მყიდველის მიერ გამყიდველისთვის სრულად გადახდის ფაქტი, რომლის მტკიცებაც, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, სწორედ მყიდველს ეკისრება.
16. ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ობიექტური და სამართლიანი განაწილების პირობებში, ყოველთვის მყიდველის მხარეზეა (იხ. სუსგ N ას-864-864-2018, 30.04.2020წ). მოხმობილი ნორმით განსაზღვრული მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი (გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით). ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სსკ-ის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება. სსკ-ს 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ N ას-1241-2022, 18.01.2023წ).
17. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შეად. სუსგ-ას N ას-1288-2019, 04.03.2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი). ამდენად, მოპასუხე/აპელანტი პროცესში მოქმედი მტკიცების ტვირთის შესაბამისად, ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი საბუთი, რომლითაც უზრუნველყოფდა დაედასტურებინა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ (მყიდვბელმა ჰოსპიტალმა) 2019 წლის მაისიდან 2023 წლის 3 აპრილამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშში მოსარჩელეს, გარდა 7 968.50 ლარისა, დამატებით სხვა თანხაც გადაუხადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ვალდებულების არსებობა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გამყიდველი კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა მყიდველი ჰოსპიტალის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 139 901.73 ლარი დაეკისრა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მყიდველმა ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი პროდუქციის საფასური გამყიდველს არ აუნაზღაურა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად ვარგისია და სსკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარე დასაბუთებულია.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ჰოსპიტალმა, მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ ძირითად საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:
18.1.1. სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით, ურთიერთშეჯერებით არ მიიღო გადაწყვეტილება;
18.1.2. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სასაქონლო ზედნადებები საკმარისი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის, ვალის არსებობისა და პროდუქციის მიწოდების ფაქტის დასადასტურებლად;
18.1.3. სასამართლო არასწორად დაეყრდნო საფინანსო სამსახურის მიერ ხელმოწერილ ურთიერთშედარების აქტს, რაც საკმარისი არ არის ვალის არსებობის დასადასტურებლად.
18.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391 -ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-506-480-2015, 29.07.2016წ.; N ას-708-662-107, 11.01.2017წ; N ას-722-2019, 29.11.2019წ.; N ას-815-815-2018, 24.04.2020წ.; N ას-475-2019, 15.04.2021წ.; N ას-20-2021, 22.04.2021წ.; N ას -1036-2021, 8.06.2022წ.; N ას-592-2022, 3.11.2022წ.; N ას-667-2023, 16.11.2023წ.; N ას-846-2023, 9.02.2024წ.; N ას-52-2024, 10.06.2024წ.)
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული, რაც წინამდებარე განჩინების 3.1-3.4 ქვეპუნქტებშია ასახული.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ (სსკ-ის 477-ე მუხლი). ამ ნორმის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი.
25. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა გამყიდველის (მოსარჩელის) მიერ მყიდველისათვის (მოპასუხისათვის/კასატორისათვის) მიწოდებული 139 901.73 ლარის ღირებულების პროდუქციის სანაცვლოდ მყიდველის მიერ გადაუხდელი დავალიანება, რომლის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ მიუთითა ხელშემკვრელი კომპანიების ბუღალტრების მიერ შედგენილ ურთიერთშედარების აქტზე.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
27. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული სასამართლო პრაქტიკა). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს, რაზედაც სავსებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.
28. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით განმარტებულია, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნას მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. 29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ (საკასაციო საჩივრის წარმომდგენმა მყიდველმა კომპანიამ) ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შემავალი 139 901.73 ლარის გამყიდველისთვის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რის გამოც, არ ვლინდება სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.
შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომელიც მნიშვნელოვან საპროცესო სამართლებრივ მოწესრიგებას ეფუძნება, რაც მხარეთა საპროცესო მტკიცების ტვირთის ეფექტურ შესრულებას ეხება სამართალწარმოების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ეტაპების მიხედვით (იხ.წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტები). მყიდველ ჰოსპიტალს, რომელიც საკასაციო საჩივრის ავტორია, სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია გამყიდველის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ მისი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა, მარტოოდენ მხარის (მოპასუხის) ახსნა-განმარტებას, ვერ გაიზიარებდა სასამართლო, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „გ.ჰ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, შ.მ–ის (პ/ნ ......) 11.10.2024 წლის #4939 საგადახდო დავალებით გადახდილი 6995.08 ლარის 70% - 4896.55 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე