საქმე №ას-1416-2024 31 იანვარი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ.ზ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ზ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ზ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან მჩუქებელი) სარჩელი რ.ზ–ვას (ქორწინებამდე - ფ–ის; შემდეგში: მოპასუხე, დასაჩუქრებული, აპელანტი ან კასატორი ) მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთიდან, მდებარე: ქ. ბათუმში, ……., ს.კ. ……., 27.86 კვ. მეტრი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა ქ. ბათუმში, ………, ს.კ. ………, უძრავი ნივთიდან 27.86 კვადრატული მეტრი და მითითებული ფართი უძრავი ნივთიდან, (მდებარე - ქ. ბათუმში, ……., ბინა N48; 27.86 კვ.მ; სკ ………) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად;
3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა:
3.1. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბათუმი, …….., საკადასტრო კოდი ……...
3.2. საერთო საკუთრებაში არსებული 42,14 კვ.მ. საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხის საკუთრებაში ირიცხებოდა 14.28 კვ.მ. ფართი, ხოლო, მოსარჩელის საკუთრებაში - 27,86 კვ.მ. ფართი.
3.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი პ.ზ–ი (დაბ. 1993 წელს). მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2005 წლიდან. ქორწინების პერიოდში და ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები, შვილთან პ.ზ–თან ერთად, ცხოვრობდნენ მათ საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. ბათუმი, …….., საკადასტრო კოდი ……….
3.4. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 9 ივნისს, მოსარჩელემ თავის საკუთრებაში არსებული 27,86 კვ.მ ფართი აჩუქა მოპასუხეს, რის შემდეგაც დასაჩუქრებული გახდა უძრავი ქონების (ბინა 48; სკ ………) ერთადერთი მესაკუთრე.
3.5. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ქონების გაჩუქების შემდეგ, 2016 წლის 9 ივნისიდან 2021 წლის ივნისამდე, მოსარჩელე ცხოვრობდა იმავე (გაჩუქებულ) უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. ბათუმი, …….., საკადასტრო კოდი ……... 2021 წლის ივნისის თვიდან კი, მჩუქებელი (მოსარჩელე) არის ა(ა)იპ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს მობინადრე.
3.6. მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს საცხოვრისი ან/და სხვა უძრავი ქონება, გარდა გაჩუქებული ქონებისა, არ გააჩნდა და არც ამჟამად გააჩნია. ა(ა)იპ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში დაბინავებამდე მოსარჩელე/მჩუქებელი პერიოდულად დასაქმებული იყო სხვადასხვა ადგილზე და იღებდა შემოსავალს ხელფასის სახით. სათნოების სავანეში გადასვლის შემდეგ, მჩუქებელი დასაქმებული არ ყოფილა და შესაბამისად, მისი ერთდერთი შემოსავალი არის ყოველთვიური პენსია.
3.7. მოსარჩელის (მჩუქებლის) განმარტებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების (ვ.ა–ბა - 06.04.22წ. სხდომის ოქმი 16:43:15-16:45:06; ნ.მ–ძე - 8.06.22წ. 12:07:21-12:18:52), ჩვენებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში გადასვლამდე, მოსარჩელე დასაქმებული იყო კერძო პირებთან და ასრულებდა სხვადასხვა სამეურნეო, თუ სამშენებლო სამუშაოს; ის ასევე დასაქმებული იყო სკოლის მეეზოვედ (მოპასუხის ჩვენება - 8.06.22წ. სხდომის ოქმი 12:26:32-12:26:58) და აღნიშნული საქმიანობიდან იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. ა(ა)იპ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში დაბინავების შემდეგ, ა(ა)იპ-ის შინაგანაწესიდან გამომდინარე, ის მოკლებულია თავისი სურვილისამებრ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, რის გამოც ვერ ახერხებს დასაქმებას და მხოლოდ საპენსიო შემოსავალზე გახდა დამოკიდებული. ამ გარემოებით გაუარესდა მისი არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაც, ვინაიდან იგი მოწყდა თავის ყოველდღიურ საქმიანობასა და შეჩვეულ სოციალურ გარემოს.
3.8. დადგენილია, რომ მოდავე მხარეების საერთო შვილს პ.ზ–ს, ჯანმრთელობის პრობლემების (დიაგნოზი - ეპილეფსია ხშირი გენერალიზებული გულყრებით) გამო, დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. პ.ზ–ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან - მოპასუხესთან ერთად სადავო საცხოვრებელ ბინაში.
3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების ნ.პ–ისა და პ.ზ–ის ჩვენებებით, ასევე აპელანტის/დასაჩუქრებული განმარტებით ირკვევა, რომ მხარეებს ერთმანეთთან პერიოდულად ჰქონდათ კონფლიქტი. იყო შემთხვევები, როცა მოსარჩელის/მჩუქებლის ალკოჰოლური თრობის პერიოდში, მოპასუხე და პ.ზ–ი იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ბინა და ღამე გაეთიათ სხვა პირებთან.
3.10. მოწმეთა ზემოხსნებული ჩვენებების მიუხედავად, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის ან პ.ზ–ის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების ფაქტი.
3.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიმე სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან ყოფილი მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირიქით, მოწმე ნ.მ–ძის ჩვენებით, ირკვევა, რომ მოსარჩელესა და პ.ზ–ს შორის არსებობდა ნორმალური მამაშვილური დამოკიდებულება. მაგ. პ.ზ–ი ხშირად თან ახლდა სამუშაოს შესასრულებლად ობიექტზე გასულ მოსარჩელეს.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ჩუქების ხელშეკრულებიდან, რომლის გაუქმების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ორ გარემოებაზე: 1) დასაჩუქრებულმა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოავლინა მჩუქებლის მიმართ; 2) ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში; შესაბამისად, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ორივე საფუძვლის შეფასება.
4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოთხოვნა გამომდინარეობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 529-ე, 530.1, 976-ე და 979.1- მუხლებიდან.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების გაუქმების მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძვლად მოსარჩელემ/მჩუქებელმა მიუთითა დასაჩუქრებულის მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ დიდ უმადურობაზე, რაც, მისივე მტკიცებით, მჩუქებლის “მოხუცთა თავშესაფარში” განთავსებაში გამოიხატა.
4.3. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, მის მიმართ დიდი უმადურობის გამოვლენისა და მძიმე შეურაცხყოფის თაობაზე და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან იმგვარი ქმედება/უმოქმედობა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც მოსარჩელის მიმართ არასათანადო, შეურაცხმყოფელი მოპყრობა ან დიდი უმადურობის გამოვლენა. მჩუქებელი დიდ უმადურობად და მძიმე შეურაცხყოფად აფასებდა მოპასუხის მხრიდან ზეწოლას, მოსარჩელეს იძულებით დაეტოვებინა ბინა (მათ შორის გაჩუქებული ფართი) და საცხოვრებლად გადასულიყო “სათნოების სავანეში”, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დასაჩუქრებულის/აპელანტის იმგვარი ქმედება, რასაც შეიძლება უკანონო ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელის ნებაზე და ეიძულებინა დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა.
4.4. მოსარჩელემ ვერ მიუთითა დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხმყოფელ ან/და გამოვლენილ დიდ უმადურობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მჩუქებელის/მოსარჩელის სიტყვიერი განმარტება არ გაიზიარა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს სურვილი ჰქონდა, მოსარჩელე საცხოვრებლად სათნოების სავანეში გადასულიყო, არ შეიძლება განხილულ იქნეს დიდ უმადურობად ან მძიმე შეურაცხყოფად.
4.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებთ არ დასტურდებოდა ჩუქების გაუქმების განმაპირობებელი გარემოებები (“მძიმე შეურაცხყოფა” და “დიდი უმადურობა”), შესაბამისად არ არსებობდა სსკ-ის 529-ე მუხლის “1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. 2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. 3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს”. საფუძველზე სადავო ხელშეკრულების გაუქმების და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვის საფუძვლები.
4.6. მოსარჩელემ მოითხოვა, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, მჩუქებლის მდგომარეობის დამძიმების გამო, გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის/მჩუქებლის მდგომარეობა დამძიმდა მისი ა(ა)იპ წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მოთავსების შემდეგ, ვინაიდან სათნოების სავანის ბენეფიციარებისათვის დადგენილი რეგულაციები გამჩუქებლისთვის აღმოჩნდა იმგვარად შემზღუდველი, რომ ის ვერ ახერხებდა კანონით გათვალისწინებული თავისი უფლებების (მაგ. შრომის უფლების) რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ნივთის უკან დაბრუნება უნდა მოხდეს არა ჩუქების ხელშეკრულებით გამოხატული მხარეთა ნების ნაკლის, ან გარიგების ბათილობის სხვა კანონისმიერი საფუძვლის, არამედ, ჩუქების ნამდვილი ხელშეკრულების დადების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, რაც მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 530-ე მუხლით “1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. 2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში” გათვალისწინებული დისპოზიციის წინაპირობებიდან გამომდინარებს.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობას, თუმცა, ბათილად ცნო მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება მაშინ, როდესაც მოსარჩელე მოითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლო პრაქტიკას.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა სადავო გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, გააუქმა მხარეებს შორის 2016 წლის 9 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმში, ………, ს.კ. ……, უძრავი ნივთიდან 27.86 კვ.მ. ფართი. ამასთან, დადგინდა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მითითებული ფართი უნდა აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად;
4.9. სააპელაციო სასამართლომ, ხანდაზმულობაზე აპელანტის/მოპასუხის პრეტენზიის პასუხად განმარტა, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულად მიჩნეულია იმ შემთხვევაში, თუკი ნაჩუქარი ნივთის გადაცემიდან გასულია 10 წელი. ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა, არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლების აღდგენა, არამედ გაჩუქებულ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლების აღდგენა შესაბამისი მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
4.10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 9 ივნისს, შესაბამისად ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 9 ივნისიდან. დადგენილია, რომ სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია 2021 წლის 20 დეკემბერს, ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
4.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის დამაბრკოლებელ რელევანტურ გარემოებას არ წარმოადგენს აპელანტის/მოპასუხის მითითება გარიგებაზე, რომლის მიხედვით მჩუქებელი/მოსარჩელე თავშესაფარში საცხოვრებლად გადავიდა იმ პირობით, რომ მოპასუხე მას გადაუხდიდა 5000 ლარს განაწილვადებით და ამ გარიგების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო კიდეც 2000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ გარემოების მტკიცების მიზნით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის შინაარსი (იხ. ხელწერილი; ს. ფ. 75-76) უძრავი ქონებაზე სარგებლობის უფლების დათმობის, ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სანაცვლოდ, თანხის გადაცემაზე მითითებას არ შეიცავს. მოსარჩელე, მართლია, ადასტურებს 2021 წელს მოპასუხისგან 2000 ლარის მიღების ფაქტს, მაგრამ უარყოფს ზემოხსენებული შინაარსით გარიგების დადების ფაქტს. ასეც რომ არ იყოს, ამგვარი შინაარსით მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.2. კასატორის/მოსარჩელის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დასაჩუქრებულის ოჯახის წევრის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის) კანონიერ უფლებებზე და დაარღვია შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია. არ გაითვალისწინა პ.ზ–ის მიმართ მოპასუხის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რომელსაც ადასტურებდნენ, როგორც მოწმედ დაკითხული პ.ზ–ი, ისე - კარის მეზობელი ნ.პ–ი. სასამართლოებმა არ გამოითხოვეს დოკუმენტი, რომლითაც პ.ზ–ი 2021 წლის 21 იანვარს მოითხოვდა მოძალადე მამისგან დაცვას. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა აღნიშნული პირი არ მიიჩნიეს სამართალსუბიექტად. არ იმსჯელეს არც მის ემოციურ ფონზე და არც მოსარჩელესთან ცხოვრების მოსალოდნელ საფრთხეებზე. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან პ.ზ–ის მიმართ ძალადობის ფაქტი, დაუსაბუთებელია.
5.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო თანხა და შემდეგ თავისივე ნებით მიმართა თავშესაფარს დაბინავების მოთხოვნით. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
5.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად, საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესება და გადაადგილების შეზღუდვის გამო სამუშაოზე წასვლის შეუძლებლობა. თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის სიტყვიერი განმარტების საფუძველზე, მაინც იმსჯელა მიმოსვლის შეზღუდვაზე, რაც არ შეიძლება იყოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
5.5. კასატორის განმარტებით, მან შეინახა საჩუქრად გადაცემული ქონება, სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შშმ პირის მოთხოვნებს, ზრუნავდა მასზე. მოსარჩელე კი, წლებია არ ასრულებდა შვილისადმი ზრუნვის მოვალეობას, არ იხდიდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს, არც ექიმის ხარჯებსა და მკურნალობაში მონაწილეობდა.
5.6. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თავშესაფარში ყოფნით, მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. იგი მანამდეც წელიწადში მხოლოდ ორჯერ - საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებით იყო დაკავებული და ამ გზით ჰქონდა შემოსავალი.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის/მოპასუხის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობი გაუარესების ან დასაჩუქრებულის მხრიდან მისი შეურაცხყოფის ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს/მოპასუხეს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
8. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულებას გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი მდგომარეობის დამძიმებასა და დასაჩუქრებულების მხრიდან შეურაცხყოფაზე. შესაბამისად დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ის 524-ე მუხლიდან (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხობით), 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ), 530-ე მუხლიდან (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში), 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რამე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომკრედიტორს(მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა)ვალდებულება გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანია ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (იხ. სუსგ-ები: Nას-221-213-2012, 24.07.2012წ; N ას-823-2021, 13.04.2022წ. N 1595-2022, 31.03.2023წ; ას- N ას-1448-2023, 20.05.2024წ.)
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად მორალურად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. სუსგ-ები N ას-582-2021, 14.07.2021წ.; N ას-246-2022, 31.10.2022წ.; N ას-1603-2022, 20.04.2023წ.). მითითებული ნორმის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მთხოვნის წარმოშობისთვის აუცილებელ წინაპირობებს: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულისთვის შესაბამისი შეტყობინებით.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ-ები: Nას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.; N ას-246-2022, 31.10.2022წ.; N ას-1603-2022, 20.04.2023წ.; N ას-1500-2023, 27.06.2024წ.).
14. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაში ##/2/155, საქართველოს მოქალაქეები – გ.მ–ძე და ა.ს–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. ამიტომაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც საკუთრება, როგორც სიკეთე, მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე ზნეობრივი ქცევა, როგორც ღირებულება. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება ერთობ მიღებული წესია სამართლის სხვადასხვა სისტემებში. ის, თუ კონკრეტულად რითი გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა და, თითოეული გარემოების შეფასებით, სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, “მოხუცთა თავშესაფარში” მჩუქებლის განთავსებით, დასაჩუქრებულის მხრიდან გამოვლენილ დიდ უმადურობაზე.
16. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ისეთი მოქმედება ან უმოქმედობა, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც მჩუქებლის მიმართ არასათანადო, შეურაცხმყოფელ მოპყრობად ან დიდ უმადურობად. საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ნებაზე უკანონო ზემოქმედების ფაქტი, რომელიც მას აიძულებდა, დაეტოვებინა ბინა და თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადასულიყო სათნოების სავანეში.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, შესაბამისად არ დასტურდება დამსაჩუქრებლის მიმართ დიდი შეურაცხყოფის ან უმადურობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 529-ე მუხლის საფუძველზე სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო, მჩუქებლის ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების არამართლზომიერებაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია შეფასდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე).
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით სწორედ სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი წარმოადგენს კასატორის ძირითად პრეტენზიას. აღნიშნულის პასუხად საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ უძრავი ქონებების უსასყიდლო გასხვისებით მჩუქებელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ არსებობდა ხელშეკრულების ამ მოტივით გაუქმების საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება თვითონ დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, მჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ-ები: საქმე N ას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.; N ას-1333-2019, 27.11.2019წ.; N ას-246-2022 31.10.2022წ.; N ას-1595-2022, 31.03.2023წ.; N ას-963-2023, 22.11.2023წ.; N ას-638-2023, 23.02.2024წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების არსიდან და პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გამჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობა ყოველთვის მცირდება და დასაჩუქრებულის იზრდება. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის უფლებას უპირობოდ არ ქმნის აქტივების ნებისმიერი სახით შემცირება, არამედ მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როცა გამჩუქებლის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება.
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებით ირკვევა, რომ ჩუქების საგანი წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთ ქონებას - საცხოვრებელ სახლს. თავშესაფარში დაბინავების შემდეგ, თავშესაფრის შინაგანაწესით განსაზღვრული შეზღუდვების გამო, მოსარჩელე ჩამოშორდა ჩვეულ სოციალურ გარემოს. მას შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, დასაქმების და ამ გზით საარსებო შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად საარსებოდ მხოლოდ პენსია დარჩა. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მჩუქებელი ვერ ეუგება თავშესაფრის პირობებს, წესებს და აკრძალვებს, თუმცა მინიმალური შემოსავალი (პენსია) მას არ აძლევს თავშესაფრის დატოვების შესაძლებლობას, შეიძინოს საცხოვრებელი ან არსებობისთვის აუცილებელი სასუალებები.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელის/მჩუქებლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ამ მდგომარეობის გამოსწორებას ვერ ახერხებს საკუთარი საცხოვრებლის არ ქონის გამო.
24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების დამაბრკოლებელი წინაპირობები. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობა არ არის გამოწვეული მისი განზრახი ან უხეში გაუფთხილებელი ქმედებით, გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს და მას კვლავ დასაჩუქრებული პირი განკარგავს, ხოლო საჩუქრის დაბრუნება მოპასუხეს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან დასაჩუქრებულის საკუთრებაში კვლავ დარჩება ის ქონებრივი წილი, რაც ირიცხებოდა მის სახელზე, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე.
25. კასატორის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით მნიშვნელოვნად უარესდება მისი და შშმ პირის სტატუსის მქონე შვილის საყოფაცხოვრებო პირობები მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ დასაჩუქრებულის მიერ მისი მდგომარეობის სამომავლოდ გაუარესებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი განმარტება, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, არ შეიძლება გახდეს მჩუქებლის კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის უფლებები დაცულია შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით და მოძალადეც ექვემდებარება სათანადო პასუხისმგებლობას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ქ. ბათუმში, ........., ბინა N48, 27.86 კვ.მ ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, დასაბუთებული და მართლზომიერია.
27. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელე სათნოერბის სახლში გადავიდა გარიგების საფუძველზე, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან 5000 ლარის განაწილვადებით გადახდის სანაცვლოდ და ამ გარიგების ფარგლებში უკვე მიღებული აქვს 2000 ლარი. აღნიშნული ფაქტი ვერ შეფასდება, როგორც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და დასაჩუქრებულისაგან ნივთის გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოება, მით უმეტეს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების დათმობას, ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სანაცვლოდ, თანხის გადაცემის მითითებას არ შეიცავს. მართალია, მჩუქებელმა დაადასტურა კასატორისგან 2021 წელს 2000 ლარის მიღება, თუმცა უარყო ზემოხსენებული შინაარსით გარიგების დადების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ გარემოების უდავოდ დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდება სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ზ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე