საქმე №ა-2777-შ-69-2024 5 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.ი.თ.კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.ი.თ.კიზის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2023 წლის 4 სექტემბრიდან დ. თ. ძე მ–გან დაკავებულ იქნა ალიმენტი ორი შვილის სასარგებლოდ (სხვა შემოსავლის მესამედის ოდენობით) 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული მ–ძე თ. დ. ძისა და 2016 წლის 28 აპრილს დაბადებული მ–ძე ა. დ. ასულის სარჩენად სრულწლოვანებამდე და გადახდილ იქნა შ.ი.თ.კიზისათვის.
2. 2024 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ.ი.თ.კიზიმ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელე შ.ი.თ.კიზი და მოპასუხე (ბრალდებული) დ.მ–ძე, თარჯიმანი ნ–ვა ჯ. დ. კიზი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით შ.ი.თ.კიზის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. განჩინების ასლი შუამდგომლობის ასლთან ერთად, მოსაზრების წარმოსადგენად, დ.მ–ძეს გაეგზავნა.
6. დ.მ–ძის წარმომადგენელმა ა.ს–ძემ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მომართა და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
7. განმცხადებლის განმარტებით, დ.მ–ძე არასდროს არიდებდა თავს შვილების ფინანსურ მხარდაჭერას, მისთვის გაუგებარია, რატომ მიმართა ი.შ–ამ აზერბაიჯანის სასამართლოს ბავშვების მამისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, დ.მ–ძე თანახმა იყო შვილებისათვის ყოველთვიურად ჯამში 440 აზერბაიჯანული მანათი გადაეხადა. დ.მ–ძემ თავის შვილებს თბილისში ბინა და ღია ავტოფარეხი უყიდა, რაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი.შ–ვას გადასცა, მან კი აღნიშნული უძრავი ქონება 140 000 აშშ დოლარად გაასხვისა.
8. დ.მ–ძის წარმომადგენლის განმარტებით, ი. შ–ვამ 2023 წლის 29 სექტემბერს სარჩელი დააზუსტა და დ.მ–ძისაგან ყოველთვიური შემოსავლის მესამედის, ალიმენტის სახით, გადახდა მოითხოვა. დაზუსტებულ სარჩელს დ.მ–ძე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ იგი 2023 წლის 5 ოქტომბრიდან დანიშნულია საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად და მისი დარიცხული ხელფასი 3 800 ლარია, ხელზე 2 979.2 ლარს იღებს. დ.მ–ძეს აქვს საბანკო ვალდებულებები, საერთო ჯამში - 105 955 ლარი. სესხის დასაფარად ყოველთვიურად 2 076 ლარს იხდის. დ.მ–ძეს ჰყავს პენსიონერი დედა, რომელიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.
9. დ.მ–ძის განმარტებით, იგი ვერ შეძლებს აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდას. დ.მ–ძე თანახმაა ყოველთვიურად 440 აზერბაიჯანული მანათი გადაიხადოს.
10. დ.მ–ძე შუამდგომლობს უარი ეთქვას ი.შ–ვას მოთხოვნას აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და საქმე განხილული იქნას ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ.ი.თ.კიზის შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) ("ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.
12. ამავე ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 44-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ.მ–ძის პრეტენზიები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით მოიცავს არა იმ დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითებას და შესატყვის მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას გამორიცხავდეს, არამედ წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ უკვე განხილული და გადაწყვეტილი დავის წინააღმდეგ არსებითად შედავებას დადგენილი ალიმენტის ოდენობის, მოპასუხის (არასრულწლოვანთა მამის) სხვა ვალდებულებების თაობაზე, რაც ალიმენტვალდებულ პირს შეეძლო გასაჩივრების შესაბამისი საპროცესო ეტაპების მიხედვით სადავო გაეხადა აზერბაიჯანში. წარმოდგენილი შუამდგომლობის საპასუხოდ დ.მ–ძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხდის სადავოდ.
15. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
16. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017 წ.).
17. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებითი განხილვა, დ.მ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. დ.მ–ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შესამოწმებელი საკითხების მიმართ პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს შ.ი.თ.კიზის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 42-46 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.მ–ძის განცხადება, შ.ი.თ.კიზის შუამდგომლობის, ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. შ.ი.თ.კიზის შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ი.თ.კიზის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2023 წლის 4 სექტემბრიდან დ.თ. ძე მ–გან დაკავებულ იქნა ალიმენტი ორი შვილის სასარგებლოდ (სხვა შემოსავლის მესამედის ოდენობით) 2012 წლის 28 აგვისტოს დაბადებული მ–ძე თ. დ. ძისა და 2016 წლის 28 აპრილს დაბადებული მ–ძე ა. დ. ასულის სარჩენად სრულწლოვანებამდე და გადახდილ იქნა შ.ი.თ.კიზისათვის;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე