Facebook Twitter

საქმე №ას-1354-2024 24 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჰ.რ.ნ.ფ–(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ს.ო–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.11.2023 წლის გადაწყვეტილებით ჰ.რ.ნ.ფ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელის.ო–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდა; განქორწინების საფუძველზე შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 21.12.2020 წელს რეგისტრირებული ქორწინება; მოძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მხარეები ქორწინებაში იყვნენ 21.12.2020 წლიდან.

3.2. სატრანსპორტო საშუალება - თეთრი ფერის SUBARU XV CROSSTREK LIMITED, სანომრე ნიშნით: .... და საიდენტიფიკაციო ნომრით: ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ავტოსატრანსპორტო საშუალება“), არის მოსარჩელის საკუთრება 26.01.2023 წლიდან.

3.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.07.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნით ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია სპეციალურ დაცულ სადგომზე.

3.4. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხე ფლობს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დადებით შემთხვევაში, გააჩნია თუ არა ამ ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

3.5. მოსარჩელემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე, წარმოადგინა, 28.06.2023 წელს გაცემული, ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ №49/6/8-02922226 ცნობა, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოსარჩელის საკუთრებაში. ამასთან, განმარტა, რომ მის შეძენაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის მოპასუხეს და შეძენის დღიდან ეკუთვნის მხოლოდ მას.

3.6. დადგენილია, რომ მხარეები ქორწინებაში იყვნენ 21.12.2020 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთი ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. ქორწინება მეუღლეთა შორის მნიშვნელოვან უფლება-მოვალეობებს წარმოშობს. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

3.7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 1158-ე-1159-ე მუხლებზე. პალატამ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოსარჩელის პრეტენზია, რომ ავტომობილი, მიუხედავად ქორწინების განმავლობაში შეძენისა, მხოლოდ მისი საკუთრებაა, არ არის სარწმუნო და საკმარისი; მოსარჩელეს სადავო ფაქტის დასადასტურებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია; მისი მსჯელობა, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო მოძრავ ნივთს, დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის (ავტოსატრანსპორტო საშუალების) გამოთხოვა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილია მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.

9. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

10. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (შდრ. სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ; №ას-139-2020, 28.05.2020წ; №ას-795-2021, 22.11.2022წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 21.12.2020 წლიდან. დადგენილია ისიც, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილია მხარეთა ქორწინების განმავლობაში - 26.01.2023 წელს. სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომელიც ადგენს მათ უფლებებს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისთვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1558-2023, 09.02.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ვერ შეძლო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ.რ.ნ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ჰ.რ.ნ.ფ–ს (პასპორტის №H.......) უკან დაუბრუნდეს მ. ღ–ას (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1341, გადახდის თარიღი 05.11.2024წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია