საქმე №ას-1327-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.კ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.07.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ნივთის მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.05.2024 წლის გადაწყვეტილებით ი.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „შეგებებული სარჩელით მოპასუხე”, „აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი") სარჩელი ბ.კ–ძის მიმართ ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ბ.კ–ძის შეგებებული სარჩელი, შეგებებული სარჩელით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომობილი BMW X3 XDRIVE 20D (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი - ......., სახელმწიფო ნომერი - .......) და გადაეცა მესაკუთრე ბ.კ–ძეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.05.2024 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21 დღეს, 06.06.2024 წელს მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 24.06.2024 წელს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 37-ე დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლოს მითითებით, საქმის წარმოების ელექტრონული სისტემით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მომზადდა ვადის დაცვით, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის დადგენილ ვადაში. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 01.07.2024 წელს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 08.07.2024 წელს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. მოსარჩელის წარმომადგენელმა სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს - 06.06.2024 წელს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება.
4.2. სსსკ-ის 2591 მუხლი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს არ ავალდებულებს, რომ იგი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ყოველდღე გამოცხადდეს სასამართლოში და მოითხოვის გადაწყვეტილების ჩაბარება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის წარმომადგენელს პერიოდულად ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მოსამართლის თანაშემწესთან გადაწყვეტილების მზაობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენელს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა მხოლოდ 18.06.2024 წელს და აცნობა, რომ მომზადებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება. წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში 24.06.2024 წელს, ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი და მისი ჩაბარებიდან კანონით განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში წარადგინა კიდეც სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2024 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი). 11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა (იხ.: მოქმედი მინდობილობა გასაჩივრების უფლებით, ს.ფ. 44-46) სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა), კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს - 06.06.2024 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე განცხადებით (ს.ფ. 356), თუმცა მისთვის აღნიშნულ თარიღში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას დასაბუთებული გადაწყვეტილების საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დროულად ატვირთვის თაობაზე, უშუალოდ 06.06.2024 წლისთვის დასაბუთებული გადაწყეტილების მზაობა არც ელექტრონული სისტემის მონაცემებით დასტურდება (გადაწყვეტილება ატვირთულია მხოლოდ 11.06.2024 წელს).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (იხ. სუსგ Nას-204-194-2016, 30.03.2016წ., პ.29; სუსგ N-ას-837-2023, 11.12.2023წ., პ.18; სუსგ Nას-190-2024, 19.03.2024 წ., პ.13).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლის წერილობითი განცხადებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გადაწყვეტილების არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჩაუბარებლობის მიზეზების მტკიცების ტვირთის მხარისათვის გადაკისრებას. არ დგინდება ფაქტი მასზე, რომ ამ პერიოდისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო მზად. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა არ უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. მისი ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისთვის/წარმომადგენლისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან (სუსგ Nას-190-2024, 19.03.2024წ.).
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (იხ. Case of Miragall Escolano and Others v. Spain, 38366/97, ECHR; ასევე, დიდი პალატის განჩინება საქმეზე Nას-1161-1106-2014, 30.12.2014წ.) (სუსგ №ას-837-2023, 11.12.2023წ., პ.19,20).
16. ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ხელწერილით ჩაიბარა 24.06.2024 წელს (ს.ფ. 357), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელისთვის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 25.06.2024 წელს და ამოიწურა 08.07.2024 წელს. მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 08.07.2024 წელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მას სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია და სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით არ წარუდგენია, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.07.2024 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია