Facebook Twitter

¹ბს-1055-1008(კ-07) 30 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 28 მაისს ს. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურების Yთაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ცენტრალური საკომანდო პუნქტის ..... ბუღალტერ-აღმასრულებლად. სამსახურში მუშაობის დროს მიუღებული დარჩა 1998-2000 წლების ხელფასი _ 383,65 ლარი, კვების თანხა _ 668,08 ლარი, მატერიალური დახმარების თანხა _ 68,76 ლარი, ჯილდო _ 198-23 ლარი, სულ - 1318,72 ლარი, ასევე სანივთე ქონების კომპენსაცია - 459,88 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1778 60 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების – 1318,71 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 459,88 ლარის, სულ - 1778,60 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს. ს-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში და წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს; იგი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანებით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის 2007 წლის 22 მაისამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამად სამხედრო სამსახურში აღარ იმყოფება, ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ¹22662 სამხედრო ნაწილის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, სვეტლანა სტრუჩალინს 2004-2006 წლებში მისაღები ჰქონდა და არ მიუღია 459,88 ლარის ღირებულების სანივთე ქონება. მოსარჩელის მითითებით, იგი თავად იძენდა ამ ქონებას, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამსახურში ფორმის ტანსაცმლის გარეშე დადიოდა, არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს. ს-ის სარჩელი სანივთე ქონების ანაზღაურების თაობაზე სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი არასწორად იქნა განმარტებული, ვინაიდან ამ ნორმის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე ს. ს-ი აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე (იგი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან 2007 წლის 25 იანვარს), შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროისათვის არ ჰქონდა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 3 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.