Facebook Twitter

საქმე №ას-1203-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.დ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „დ.დ.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

- გაუქმდეს მოპასუხის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის №19452/15-05 წერილის საფუძველზე № NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 10 200 ლარის ოდენობით;

- გაუქმდეს მოპასუხის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის №19423/15-05 წერილის საფუძველზე №NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 360 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4837,52 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შემცირდა მოპასუხის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის N19452/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 107,75 ლარამდე; შემცირდა მოპასუხის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის N19423/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 14,90 ლარამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3861 ლარის გადახდა; მოთხოვნა 976.52 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინებით დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (107.75+14.90+976.52). ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

9. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოების გაუქმებას, მათი ოდენობა შემცირდა: მოპასუხის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის N19452/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 107,75 ლარამდე, 2023 წლის 29 ნოემბრის N19423/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო კი 14,90 ლარამდე. რაც შეეხება მოპასუხისთვის 4837,52 ლარის დაკისრების მოთხოვნას, იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ 3861 ლარის ნაწილში, ანუ მოსარჩელეს უარი ეთქვა 976 ლარის დაკისრებაზე. კერძო საჩივრის ავტორი შეგებებული სააპელაციო საჩივრით ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება (107,75+14,90+976) არ აღემატება 2000 ლარს, რაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.დ.გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2024 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია