საქმე №ას-915-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „მ–ი“ (ს/ნ: …...), შპს „მ–ი“ (ს/ნ: .........), თ.ჩ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ო“, შპს „ჭ.......“, გ.გ–ი, ზ.ბ–ძე, დ.ბ–ძე, ლ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2024 წლის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), შპს „მ–ისა“ (ს/ნ: ....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“) და შპს „მ–ის“ (ს/ნ: .....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“, პირველ და მეორე მოსარჩელეებთან ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი შპს „ბ-–ოს“, შპს „ჭ.......“-ის, გ.გ–ის, ზ.ბ–ძის, დ.ბ–ძისა და ლ.ჭ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 24.04.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა დიმიტრი ალექსიძემ და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივარში მხარე შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.
3.2. 26.04.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა პირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე. განცხადებას ერთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2024 წლის №89973 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ინფორმაცია სს „ს.ბ–ში“ წარმოდგენილი ყადაღისა და ინკასოს შესახებ, საინკასო დავალებები და ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.05.2024 წლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 7 დღით, პირველ მოსარჩელეს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მეორე და მესამე მოსარჩელეებს დაევალათ წარედგინათ თითოეულს 7000 – 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან წარედგინათ მათი მძიმე ქონებრივი (უძრავ-მოძრავი) მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია აპელანტების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ.
3.4. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით 29.05.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა პირველმა მოსარჩელემ და წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის წერილები, რომლებითაც დგინდება, რომ მეორე და მესამე მოსარჩელეების 05.2023 წლიდან 04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ და დღგ-ი დასაბეგრი ბრუნვის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მხარემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე.
3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.05.2024 წლის განჩინების ასლი გაეგზავნა პირველ მოსარჩელეს (ასევე - მეორე და მესამე მოსარჩელეების დირექტორი) სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა ოჯახის წევრმა (შ.გ–ამ) 23.05.2024 წელს, რაც დაადასტურა ხელმოწერით. მიმღები პირის სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე. ამდენად, დადგენილია, რომ აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.05.2024 წლის განჩინების ასლი ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით და შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ. ამასთან, საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ აპელანტებს არ შეუძლიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, რის გამოც არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2024 წლის განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
9. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მიუხედავად მათ მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისა, სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (სუსგ №ას-66-62-2017, 06.04.2017წ.).
11. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
12. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაადასტურებს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების, ბაჟის გადახდის გადავადების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.13; სუსგ №ას-1952-2018, 29.03.2019წ., პ.14).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 და 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (Kreuz v. Poland, no. 28249/95, §§58 და 60, ECHR 2001-VI). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანოს წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (mutatis mutandis, Jedamski and Jedamska v. Poland, no. 73547/01, § 64, 26.07.2005; Kreuz §64), (იხ: საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №38736/04), 31.07.2007წ. (საბოლოო გახდა 30.01.2008წ.), § 41, 45; სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ.).
15. საქმეზე საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის, რომ სასამართლომ არ მიუთითა მხარეს ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასაკმარისობა, არ შეეცადა მიეღო მომჩივნის/კომპეტენტური უწყებებისგან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ბუნდოვნად იყო აღნიშნული, რომ არ არსებობდა სასამართლო ბაჟისაგან გათავისუფლების არავითარი საფუძველი. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს უარი მომჩივნის სასამართლო ბაჟისაგან გათავისუფლებაზე, ყოველგვარი შესაბამისი დასაბუთების გარეშე წარმოადგენდა ამ უკანასკნელისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უსაფუძვლო შეზღუდვას (საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, (საჩივარი №38736/04), 31.07.2007წ. (საბოლოო გახდა 30.01.2008წ.), §46).
16. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ას-284-2020, 29.09.2020წ.).
17. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს (შდრ. სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.14,15). ასე მაგალითად, საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შეფასებისას მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემების შესახებ მტკიცებულებაზე მსჯელობისას არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო საკმარისი ეს მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადასავადებლად. სასამართლომ, ასევე, არ განუმარტა მხარეს, კონკრეტულად რომელი რელევანტური და ვალიდური მტკიცებულება უნდა წარედგინა მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის (სუსგ №ას-1445-1365-2017, 30.01.2018წ., პ.14).
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია აპელანტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად აპელანტების მიერ წარდგენილია: ინფორმაცია სს „ს.ბ–ში“ წარმოდგენილი ყადაღისა და ინკასოს შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ სს „ს.ბ–ში“ პირველი მოსარჩელის საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა (ტ.4, ს.ფ. 417); საინკასო დავალებები (ტ.4, ს.ფ. 418-422); ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, რომლის თანახმად, პირველი მოსარჩელე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში (ტ.4, ს.ფ. 423); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომ პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ტ.5, ს.ფ. 31); ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელთა თანახმად, მეორე და მესამე მოსარჩელეების მთელ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და რეგისტრირებული არიან მოვალეთა რეესტრში (ტ.5, ს.ფ. 39-46). აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2024 წლის განჩინების ჩაბარების შემდეგ, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობები, რომელთა თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (28.05.2024 წლის მდგომარეობით), მეორე და მესამე მოსარჩელეების მიერ 05.2023 წლიდან 04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ და დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ტ.5, ს.ფ. 56-59), თუმცა სააპელაციო სასამართლოს 14.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
19. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის. სსსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე.
20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ: უნდა დაიცვას სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, სააპელაციო საჩივრის განხილვაზე მომჩივნების ინტერესებს შორის; სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს აპელანტების ქონებრივი მდგომარეობა და მათი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ (ს/ნ: .......), შპს „მ–ის“ (ს/ნ: .....) და თ.ჩ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2024 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია