საქმე №ას-149-2021 23 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ლ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2020 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 11.12.2020 წლის საოქმო განჩინებები საქმის წარმოების შეჩერებაზე და მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2020 წლის გადაწყვეტილებით შპს „ფ.ბ–ოს“ (ამჟამად შპს „ფ–ო“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სასარჩელო მოთხოვნა მ.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მსესხებელი“, „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2 794.90 ლარის გადახდა, საიდანაც: 10.08.2016 წლის სესხის ხელშეკრულების ძირი თანხაა 1 250 ლარი, ხოლო საკომისიო 959.90 ლარი; 19.08.2016 წლის სესხის ხელშეკრულების ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 10.08.2016 წელს მოპასუხემ შპს „ტ–ოს“ ვებგვერდის - moneza.ge-საშუალებით წარადგინა 1 250 ლარის ოდენობით სესხის მოთხოვნის განაცხადი. იმავე დღეს განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე მოპასუხეს გადაერიცხა 1 250 ლარი. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა იკისრა სესხის, სარგებელთან (საკომისიოსთან) ერთად, 2 964 ლარის ოდენობით დაბრუნების ვალდებულება. სესხის ხელშეკრულების 4.1 მუხლით მსესხებელი კისრულობდა სესხის თანხისა და პროცენტის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულებას, თვის იმ დღეს, რა დღესაც მოხდა სესხის გაცემა.
1.2. 19.08.2016 წელს ვებგვერდის mycredit.ge-ს მეშვეობით მოპასუხემ შპს „ფ.ფ.ჯ–თან“ გააფორმა 450 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი თვით, მოპასუხისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, სესხის გადახდის ბოლო ვადად მითითებული იყო 19.09.2016 წელი. სესხის მომსახურების საკომისიო შეადგენდა 85 ლარს, რომლის გაანგარიშების წესი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სტანდარტული ხელშეკრულების 1 (კ) მუხლის თანახმად, განისაზღვრებოდა სესხის თანხის, ვადის მიხედვით და ვებგვერდზე განთავსებული პირობით უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. სტანდარტული ხელშეკრულების 7.4. მუხლის თანახმად, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის თანხის და სესხის მომსახურების საკომისიოს ჯამური ოდენობის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 13.11.2018 წლის შემდეგ მსესხებელს ვალდებულების დასაფარად გადახდა არ განუხორციელებია.
1.3. მოსარჩელის მითითებით, 19.08.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულება შეადგენდა: სესხის ძირი თანხის სახით - 450 ლარს, საკომისიოს – 85 ლარს და პირგასამტეხლოს – 683.18 ლარს. საბოლოოდ, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 50 ლარამდე.
1.4. შპს „ტ–ომ“ მოპასუხის მიმართ 10.08.2016 წლის სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს. 19.08.2016 წლის სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „ფ.ფ.ჯ–ამ“ დაუთმო შპს „პ.ა.ბ–ოს“, რომელმაც შემდეგ მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს.
1.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სესხები აღებული იყო მისი თანხმობის გარეშე, თაღლითური გზით, მისი პირადობის მოწმობის უნებართვოდ გამოყენების შედეგად. მოპასუხემ მტკიცებულებად წარადგინა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების ცნობა MIA 919 03276042, 06/12/2019, რომლის მიხედვით, პოლიციის განყოფილება აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის კუთვნილი ფულადი თანხის კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ცნობა ვერ გახდება იმ გარემოების გამომრიცხველი, რომ სესხის ხელშეკრულებები მოპასუხის მიერ იყო გაფორმებული, რადგან მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ 2016 წლის აგვისტოში დაკარგა პირადობის მოწმობა და სესხები აღებულია თაღლითური გზით, მისი ნებართვის გარეშე. მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ცნობაში კი მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მოპასუხის კუთვნილი ფულადი თანხის კომპიუტერული სისტემის გამოყენებით დაუფლების ფაქტზე და არა პირადობის მოწმობის დაკარგვის გამო და ამ მოწმობის უნებართვოდ გამოყენების შედეგად სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც ზეპირი განმარტებების ჩამოყალიბებისას არ დაუსაბუთებია, როგორ შეიძლებოდა სხვა პირის მიერ მომხდარიყო მისი იმგვარი იდენტიფიცირება, რომ პირად მონაცემებთან ერთად, რაც პირადობის მოწმობაშია აღნიშნული, სესხის განაცხადის შევსებისას მიეთითებინა მოპასუხის მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოპასუხეს ასევე არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად.
1.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ფულადი სესხის სარგებლიანი ხელშეკრულებები, რომლის პირობებზე შეთანხმება მოხდა ინტერნეტის საშუალებით. გამსესხებლების - შპს „ტ–ოს“ და შპს „ფ.ფ.ჯ.“ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პირობებზე მსესხებლის - მოპასუხის თანხმობა გამოიხატა მის მიერ ინტერნეტის მეშვეობით სესხის განაცხადის შევსებით, რის შემდეგაც გამსესხებელმა საბანკო ანგარიშის გამოყენებით მსესხებელს გადაურიცხა ფული. შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობის თანახმად, პირგასამტეხლოს შესაძლო დაკისრებაზე. მოპასუხეს წარმოეშვა სესხად გადაცემული თანხის სარგებელთან (საკომისიოსთან) ერთად დაბრუნების ვალდებულება. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამსესხებელს ასევე, შეეძლო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მსესხებლისთვის 2 794.90 ლარის - სესხის ძირი თანხის, სარგებლის (საკომისო) და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (10.08.2016 წლის სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა - 1 250 ლარი, საკომისიო 959.90 ლარი; 19.08.2016 წლის სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა - 450 ლარი, საკომისიო - 85 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი).
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.12.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ამავე სასამართლოს 11.12.2020 წლის საოქმო განჩინებები საქმის წარმოების შეჩერებაზე და მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ., სუსგ. Nას-628-2021, 26.02.2022წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).
9. სესხის, მასზე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), ამავე კოდექსის 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) და 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.
11. მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არარსებობის თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (სუსგ Nას-819-767-2017, 20.12.2017წ.).
12. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ. მოსარჩელე მხარემ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო (სასესხო) ურთიერთობის არსებობა და მსესხებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება დადასტურდა, რამაც მოპასუხის მხრიდან საპირისპირო გარემოებების მტკიცების ვალდებულება წარმოშვა. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებას - მოპასუხის პირადობის მოწმობის გამოყენებით სადავო სესხების თაღლითურად აღების თაობაზე, ვერ გამორიცხავს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის ფაქტს.
13. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (შდრ. სუსგ Nას-285-285-2018 , 20.06.2018წ.; Nას-266-2023 , 25.05.2023 წ.).
14. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მსჯელობა მსესხებლის არასწორად იდენტიფიცირების, სესხის განაცხადში მითითებული ტელეფონის, მისამართის, ელექტრონული მისამართის უსწორობის თაობაზე. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4. მუხლი). საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას.
15. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ასევე კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც საქმის მომზადების ეტაპზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია. ამასთან, ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული (სუსგ.-ებები: Nას-262-2019, 02.12.2020წ. პ.24; Nას-1454-2018, 30.07.2021წ., პ.71). შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში (სუსგ Nას-1451-2019, 12.02.2021წ., პ. 46,47).
16. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. საფუძვლიანია ასევე სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ, 11.12.2020 წლის საოქმო განჩინებებს საქმის წარმოების შეჩერებაზე და მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 188,189, იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
18. კასატორი ითხოვს სისხლის სამართლის საქმეზე №007111016004, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქმისწარმოება წინამდებარე საქმეზე. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის, შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსსკ-ის 279-ე და 280-ე მუხლებით კანონმდებელი ამომწურავად ჩამოთვლის საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლებს; ამ საფუძვლების კლასიფიკაცია განპირობებულია, ერთი მხრივ, კანონის ძალით და, მეორე მხრივ, მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (სუსგ Nას-347-347-2018, 31.07.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ ასაბუთებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმისწარმოების შეჩერების წინაპირობის არსებობას.
19. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს ამ შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმის წარმოების შეჩერების, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს. მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
2. მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. მ.ლ–ს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1618242927, გადახდის თარიღი 12.04.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია