Facebook Twitter

საქმე №ას-66-2025 10 თებერვალი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ჟ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „D.B.“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ნ.ს–ძემ და ჟ.ბ–ძემ მოპასუხეების, შპს „D.B.-ის“ და შპს „ს....-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ.ს–ძისა და ჟ.ბ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო - შპს „D.B.-ის“ კუთვნილ სამ ერთეულ უძრავ ქონებას - ქ. ბათუმში, ......., მშენებარე კომპლექსის მე-4 სართულზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართებს საკადასტრო კოდებით - .......; ........; ...........

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ს–ძისა და ჟ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „D.B.-ს”, ნ.ს–ძისა და ჟ.ბ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა 21 307 ლარის გადახდა. შპს „D.B.-ს“ და შპს „ს....-ს“, ნ.ს–ძისა და ჟ.ბ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 248 954.5 ლარის გადახდა. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „D.B.-მა“.

5. 2024 წლის 11 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ჟ.ბ–ძის წარმომადგენელმა თ.გ–ძემ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შპს „D.B.-ის“ სახელზე რიცხულ ქ. ბათუმში, ..... გამზირ 8-ში მდებარე 25 უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ჟ.ბ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ჟ.ბ–ძემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (იხ.: სუსგ №ას-1580-2019 , 19.12.2019წ.; №ას-726-2024, 27.06.2024წ.).

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ ვითარებას უქმნის პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ინსტიტუტი უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს, ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისი მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული, ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს, ან ისეთ ზიანს, რომელიც ვერ კომპენსირდება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

13. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჟ.ბ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა ადევს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში რიცხულ სამ ერთეულ უძრავ ქონებას: ქ. ბათუმში, ........ გამზირ 8-ში, მშენებარე კომპლექსის მე-4 სართულზე მდებარე 55.6 კვ.მ (ს/კ ......) არასაცხოვრებელ ფართს, იმავე მისამართზე მდებარე 54 კვ.მ (ს/კ ........) და 55.6 კვ.მ (ს/კ.......) არასაცხოვრებელი ფართს. საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს „D.B.-ის“ კუთვნილი, ყადაღადადებული უძრავი ქონების (სამი ერთეული უძრავი ქონების) საბაზრო ღირებულება პროპორციულად შეესაბამება ჟ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნასა და სასამართლო გადაწყვეტილებით შპს „D.B.-ისათვის“ დაკისრებული თანხის ოდენობას. განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) ფაქტობრივად ითხოვს უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენებას იმ ზიანის უზრუნველსაყოფად, რაც, მისი მტკიცებით, მიადგა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდში. გარემოება, რომელზედაც განმცხადებელი ამყარებს ვარაუდს, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით, არის ის, რომ დავის განხილვის გაჭიანურების გამო ზიანი გაიზარდა მნიშვნელოვნად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით გამოირიცხება დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადეკვატური უნდა იყოს, რაც, ქონებრივი დავის პირობებში, სწორედ საბაზრო ფასის შესაბამისად განიხილება, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.10.2018 წლის განჩინებით, დაყადაღებულია სამი ერთული უძრავი ქონება, რომელთა საერთო ფართობი 165.2 კვ.მ-ია. თავად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მის მიერვე განვითრებული მსჯელობის მიხედვით, ბაზარზე არსებული მშენებარე ფართების ანალოგების გათვალისწინებით 1 კვ.მ უძრავი ქონების ღირებულება მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია. შესაბამისად, ყადაღადადებული 165.2 კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ღირებულება 165 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 449 344.00 ლარია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების მოცულობას - 270 261,5 ლარს. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნას, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. განმცხადებელი ვერ ადასტურებს რაიმე ახალ გარემოებას, რაც, შესაძლოა, განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად განიხილებოდეს.

16. საჩივრის ავტორი მიუთითებს შპს „D.B.-ის“ წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო დავაზეც, რომლის ფარგლებში დაყადაღებულია მისი კუთვნილი რამდენიმე ერთეული ქონება, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, არ ქმნის შპს „D.B.-ის“ ვალაუვალობის მტკიცების საფუძველს და უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხეს, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ შპს „D.B.“ არის არაერთი აქტივის (უძრავი ქონების) მესაკუთრე, რომელთგან სამი ერთეული უძრავი ნივთი დაყადაღებულია სწორედ მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნელსაყოფად. რაც შეეხება უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ ქონებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ რეგისტრირებულ „პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებებს, საქმეში წარმოდგენილი არ არის შპს „D.B.-ის“ მიერ ზემოხსენებული პრივატიზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, პირიქით, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ იმავე მისამართზე მდებარე, იმავე მშენებარე ნაგებობის ფარგლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებზე ზემოხსენებული ვალდებულება გაუქმებულია, რაც იმ ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ მოპასუხე პრივატიზების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ამ ვარაუდის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარუდგენია.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებები მოთხოვნის პროპორციულია და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოწინააღმდეგე მხარის დამატებით ქონებაზე უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა