Facebook Twitter

საქმე №ას-294-2020 22 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ფ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ....“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი - ბინათმშენებლობის ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ....“ სარჩელი შპს „თ–ი“ კომპანის (შემდგომ – პირველი მოპასუხე), ზ.მ–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე), ნ.დ–ისა (შემდგომ - მესამე მოპასუხე) და გ.ფ–იას (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორის) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაბა ბაკურიანში, .... მიმდებარედ, მწვანე ველის ტერიტორიაზე №1 და №2 კორპუსებისათვის საპროექტო სამუშაოების დასრულებისათვის თანხის - 285 000 ლარის გადახდა დაეკისრათ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოპასუხეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა; ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ამხანაგობის სარჩელი განუხილველად დარჩა; მოსარჩელე ამხანაგობას მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე და 230-ე მუხლებზე. ამასთან, მიიჩნია, რომ დავა გამომდინარეობდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ - სპეციალური კანონი) მოწესრიგებული ურთიერთობიდან.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ბინათმშენებლობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელს ხელს აწერს გ.ძ–ა, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება სარჩელის აღმძვრელი პირის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც იგი, როგორც თავმჯდომარე უფლებამოსილია, ამხანაგობის ყველა წევრის სახელით აწარმოოს საქმე სასამართლოში. რაც შეეხება საქმეში წარდგენილ ამხანაგობის 01/2 კრების ოქმს, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობის კრებას 21 ბინის მესაკუთრე დაესწრო და 22 ხმის უფლების მქონე პირი, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი იყო ამხანაგობის დაფუძნება, ამხანაგობის წესდების მიღება, თავმჯდომარის არჩევა, თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებისა და პირობების განსაზღვრა. ამ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ კრების თავმჯდომარე ფ.ბ–ია, მაშინ, როდესაც კრებას 21 ბინის მესაკუთრე ესწრებოდა და 22 ხმის უფლების მქონე პირი, რომლებიც ოქმის მიხედვით 2/3%-ს არ შეადგენდნენ.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 9 აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა ამხანაგობის წესდება, თუმცა ამ დოკუმენტით ამხანაგობის თავმჯდომარედ სარჩელის აღმძვრელი პირის არჩევის საკითხი უტყუარად არ დგინდებოდა, ვინაიდან მასში არ არის დასახელებული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები და ამხანაგობის წევრები, ასევე, გაურკვეველია ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობა და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაც. ამასთან, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ერთი წევრი, მაშინ, როდესაც კრებას 22 ხმის უფლების მქონე პირი ესწრებოდა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით არ ირკვევა მოსარჩელე ამხანაგობის როგორც დაფუძნების, ასევე მისი თავმჯდომარედ გ.ძ–ას არჩევის საკითხი, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელი აღძრა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი მაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

8. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ამხანაგობის თავმჯდომარემ საჩივარი წარადგინა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9. მეოთხე მოპასუხემ 2018 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის ამხანაგობისათვის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, ამხანაგობისათვის 7000 ლარის განმცხადებლის სასარგებლოდ დაკისრება გულისხმობდა თუ არა ამ თანხის ამხანაგობის წევრებისათვის სოლიდარულად დაკისრებას.

10. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, განმცხადებლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა და მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ამხანაგობას 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა. აღმასრულებელმა განცხადებით მოითხოვა, განმარტება, აღმასრულებელმა სააღსრულებო წარმოება უნდა გააგრძელოს თუ არა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ, რომლებიც არ არიან სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალედ; ექვემდებარება თუ არა აღსრულებას მოსარჩელე ამხანაგობის წევრთა ქონება და უნდა მოხდეს თუ არა ამხანაგობის წევრთა მიმართ მოვალეთა რეესტრში შეზღუდვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტებით თაობაზე აღსრულებლის ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

13. სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საქმეში არ მოიპოვება გ.ძ–ას, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც იგი, როგორც თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმე ამხანაგობის ყველა წევრის სახელით აწარმოოს სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით, ამხანაგობის წევრების ვინაობა არ დგინდება, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობა და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომლის არარსებობა შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამხანაგობის წევრების მითითებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზით მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სარჩელი მოპასუხეების მიმართ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველად, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და განჩინების/გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი იმ პირობებში, როდესაც მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება ამხანაგობის წევრების ვინაობა, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობა და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ხოლო, აღნიშნულის არარსებობა, შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამხანაგობის წევრების მითითებასა და შესაბამისად, მათ მიმართ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის განხორციელებას/სააღსრულებო წარმოების გაგრძელებასა ან/და მათ ქონებაზე აღსრულების მიქცევას.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეოთხე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა იმდაგვარად, რომ მისი გადახდა ამხანაგობის წევრებს დაეკისროთ.

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, სარჩელი სსსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად უნდა დაეტოვებინა. ამასთან, სარჩელი სასამართლოში არაუფლებამოსილმა პირმა აღძრა, შესაბამისად, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟი მისთვის უნდა დაეკისრებინა და არა ამხანაგობისათვის.

16. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ამხანაგობის წევრთა ვინაობა, მათი საერთო რაოდენობა და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ დგინდება, რაც შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამხანაგობის წევრთა მითითებას და, შესაბამისად, მათ მიმართ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის განხორციელებას/სააღსრულებო წარმოების განხორციელებას ან/და მათ ქონებაზე აღსრულების მიქცევას. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის მასალებში ამ პირთა მონაცემები ასახულია. ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლოსათვის უცნობი იყო ამხანაგობის წევრთა შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაშინ არარსებულ სუბიექტს როგორ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

17. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივილისის გადაწყვეტილებაში (№1/4/184, 228) მითითებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია, როცა უფლება აღიარებულიცაა და იმავდროულად - უარყოფილიც. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რაც აზრს მოკლებულია იძულებითი აღსრულების განხორციელების გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს აქტი ხელს უნდა უწყობდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი ხელყოფს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და მისი პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს და უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.

20. სსსკ-ის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

21. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება განიმარტება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი (ამხანაგობას მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა), რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს, არ არის კანონიერ ძალაში შესული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ გ.ძ–ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით აღძრა სარჩელი, მაშინ როდესაც მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა (იხ. პ. 5-6). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ამხანაგობა მოპასუხედ, შესაბამისად, პროცესის მონაწილედ არ მიიჩნია, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მაინც დააკისრა. დადგენილია ისიც, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მხოლოდ გ.ძ–ას, რომელიც, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების მიხედვითვე არ წარმოადგენდა ამხანაგობას, შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მიიჩნევა ამხანაგობისათვის ჩაბარებად. ამდენად, იმისათვის რომ ამხანაგობისათვის 7 000 ლარის დაკისრების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სათანადო წესით ჩაბარებულად იქნეს მიჩნეული, უნდა გაეგზავნოს ამხანაგობის წევრებს ანდა ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა (განჩინებების) გასაჩივრების უფლება კანონმდებლობითაა გარანტირებული. შესაბამისად, მხარეს არ შეიძლება წაერთვას იმ პროცედურით სარგებლობის უფლება, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.

24. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით განმარტოს, რომ ამხანაგობის მიერ მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი კერძო საჩივრად უნდა მიიჩნიოს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა. პალატის მითითებით, სარჩელი ამხანაგობის სახელით არაუფლებამოსილმა პირმა აღძრა სასამართლოში, რაც, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

26. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორის ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელის განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება. იმავე კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმისწარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების გამოტანისას მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმი გაავრცელა, თუმცა აღნიშნული არ ცვლის იმ შედეგს, რომ სარჩელი განუხილველად დარჩა. მითითებული ნორმა კი, იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

28. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) - იხ. სუსგ № ას-1238-1161-2015, 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება, საქმე №ას-1187-1117-2015, 2016 წლის 5 თებერვლის განჩინება). მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლობებლობას წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში განმარტოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული. შესაბამისად, საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რათა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სათანადო წესით გაეგზავნოს პირებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია იგი.

29. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ფ–ია კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე