საქმე №ას-517-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.გ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისში, ........ მდებარე ბინის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, 56 280 ლარის დაკისრება, ასევე - იმავე მისამართზე მდებარე 9.77 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულების - 27 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 56 285 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 27 400 ლარის დაკისრებაზე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 164-ე და 987.1 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში არსებულ აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სადავო ბინის სარემონტო სამუშაოების მიზნით, მოსარჩელის მხრიდან ხარჯის გაწევის ფაქტი, რომლის ღირებულება - 56 285 ლარია.
6. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მხრიდან სადავო ქონების გაუმჯობესების ფაქტი დადასტურებულია, ხოლო ამ გაუმჯობესებით უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება მოპასუხის გამდიდრებაზე მიუთითებს, რადგან მოპასუხე წარმოადგენს მესაკუთრეს, რომელმაც სარგებელი ნახა გაუმჯობესებული ქონების საკუთრებაში მიღებით, რისი გათვალისწინებითაც ვლინდება არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნისათვის დადგენილი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, რის გამოც სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
7. ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიუთითა, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა 2009 წლიდან, ხოლო სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოპასუხემ დაიბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე და უძრავ ქონებაზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში საბოლოოდ დარეგისტრირდა 2021 წლის 20 ივლისს, შესაბამისად, მოსარჩელეს მესაკუთრის (მოპასუხის) წინაშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა წარმოეშვა 2021 წელს, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 2022 წელს. ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების არსის გათვალისწინებით, ამ ინსტიტუტის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, რომელიც ყველა იმ ურთიერთობისათვისაა, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, ამიტომაც სარჩელი არ არის ხანდაზმული.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლამდე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე, ხოლო 2009 წლიდან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელე იყო, რომელმაც უძრავი ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა 2009 წლის 11 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე 2005 წლის 18 იანვარს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დგინება, რომ 2005 წლის 18 იანვრის მინდობილობით მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ მიუცია გარიგების საკუთარ თავთან დადების უფლებამოსილება, რის გამოც სასამართლომ 2009 წლის 11 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია კანონსაწინააღმდეგო გარიგებად და თბილისში, .........მდებარე 35/213 წილ უძრავ ქონებაზე აღდგა მოპასუხის საკუთრების უფლება. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2021 წლის 20 ივლისს. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის №2ბ/3873-16 გადაწყვეტილება (უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო). სწორედ ამ გადაწყვეტილებისა და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სსკ-ის 164-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერ მფლობელად კანონიერად მიიჩნიეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.
14. პალატა აღნიშნავს, რომ სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არაკეთილსინდისიერი მფლობელის, ანუ, ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო მატერიალური საფუძველია სსკ-ის 164-ე მუხლი (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე - მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება) და 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) (იხ.: სუსგ №ას-529-2019 27.05.2021წ.; №ას-665-2022, 10.11.2022წ.; №ას-563-2020, 15.11.2022წ.).
15. სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს (იხ.: სუსგ №ას-1286-2018, 03.06.2019წ.).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ელემენტების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ხარჯების გამწევს, კერძოდ, ის არის ვალდებული, მიუთითოს დამფუძნებელი ნორმის წინაპირობები და იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომლებიც უტყუარად უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ.
17. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე მაშინ გაწია ხარჯები, როდესაც ეს ნივთი მის საკუთრებას წარმოადგენდა და მოსარჩელე, როგორც ქონების მესაკუთრე, საჯარო რეესტრში ირიცხებოდა. ამ უკანასკნელის განმარტებით, ბინის საკუთრებაში მიღებისას ბინა ფაქტობრივად, საცხოვრებლად გამოუსადეგარი, შავი კარკასი იყო. ფართს რამდენიმე წელი არემონტებდა და დღეისთვის კეთილმოწყობილია. ზემოაღნიშნულის დასადატურებლად საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეფასების შესახებ აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო ბინაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 56 285 ლარი შეადგინა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, აუდიტის მიერ შეფასებულია სარემონტო სამუშაოები და მასალები (კერძოდ, სადემონტაჟო სამუშაოები, ნაგვის გატანა, გამაგრებითი სამუშაოები, გრუნტის გატანა (კლდის ნგრევა კომპრესორით), საძირკვლის მოწყობა, ბეტონი 35 მ3, არმატურა 1.5 ტ, იატაკის დასხმა, მოჭიმვა 8მ3, მეტალის კონსტრუქცია: კოლონების და რიგელების მოწყობა (14x10 12მ რიგელი, 14x10 5 ცალი კოლონა 17.5 გრ), შიდა და გარე კედლების ნაწილობრივ მშენებლობა, სამშენებლო ბლოკი 1000 ცალი, სახურავის მოწყობა, ხის მასალა 5 მ3, ფიცარი 14x3, სტრაფილი 14 x10, თუნუქი ფურცელი 5.5 მმ 95 მ2, სარემონტო სამუშაოები, სანტექნიკა, ელექტროობა, გათბობა, თაბაშირმუყაო, სავინტილაციო სამუშაოები, შიდა კარები 2ც მდფ-ს ოთახებში და აბაზანის მეტალოპლასტმასის, გარე ფასადზე რკინის კარი მეტალოპლასტმასის ფანჯრები, გარე ფასადის შელესვა, ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი ავსტრული მასლებით, გაზით, გამწოვით, ღუმელით, ნიჟარა და ონკანი, სამზარეულოს ფარდა, კაფელით, ჩაშენებული კარადები სარკით, ავსტრიული ლამინატი). დასკვნის მომზადების პროცესში გათვალისწინებულია შემდეგი წერილობითი დოკუმენტაცია: 1. დამკვეთის (მოსარჩელის) განცხადება - ინფორმაცია; 2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 3. ტექბიუროს არქივიდან გეგმა, აზომვითი ნახაზი. დასკვნას ერთვის №2 დანართიც, სადაც დეტალურადაა მითითებული როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე მათი ღირებულება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, რემონტის ხარჯების ოდენობასთან, ასევე - აუდიტორული დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ამ უკანასკნელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე მოთხოვნილი თანხა არ დაუხარჯავს, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება მოსარჩელის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ცხადია, ვერ გააბათილებს. ნიშანდობლივია კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხული მეზობლის ჩვენებაც, რომელმაც საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითა (მოწმის ჩვენების თანახმად, ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო, სახურავიდან ჩადიოდა წყალი, მოსარჩელემ შვილთან ერთად შეცვალა სახლის სახურავი, გააუქმა ფართში არსებული საჰაერო სივრცე (ტიხრები) და მათ ხარჯზე საცხოვრებელი ფართს მოუმატა, მოანგრიეს შიდა კედლები (ხელუხლებელი დარჩა გარე ფასადის სამი კედელი) და რეკონსტრუირდა მთლიანი სახლი, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ეზოს ნაწილი მიიერთა (მოაშენა)).
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან სადავო ქონების გაუმჯობესების ფაქტი დადასტურებულია, ხოლო ამ გაუმჯობესებით უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება მოპასუხის გამდიდრებაზე მიუთითებს, რადგან მოპასუხე მესაკუთრეა, რომელმაც სარგებელი ნახა გაუმჯობესებული ქონების საკუთრებაში მიღებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აშკარაა არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნისათვის განსაზღვრული ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო და ნაწილობრივ კანონიერად დაკმაყოფილდა.
20. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომელიც სადავო ქონების გაუმჯობესების პერიოდს ეხება, პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნულს სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მიერ მხოლოდ 2021 წელს იქნა განსაზღვრული მხარეთა შორის დავაზე საბოლოო სამართლებრივი შედეგი და მოსარჩელე საჯარო რეესტრში 2021 წლის 20 ივლისამდე უძრავი ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული. გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც მოსარჩელის განმარტებით, ასევე, მოწმის ჩვენებით დგინდება, ხარჯები გაწეულია 2018 წლამდე, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო არგუმენტები და მტკიცებულებები არ წარუდგენია, ისევევ როგორც სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელზეც სავსებით კანონიერად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.
21. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას ვერ იქნება განხილული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხის გამდიდრებაზე საუბარი ზედმეტია, მაშინ როდესაც, მოსარჩელე 2009 წლიდან დღემდე თვითონ სარგებლობს ამ ბინით, ცხოვრობს ოჯახთან ერთად, რის სანაცვლოდაც არანაირ ქირას და კომპენსაციას არ იხდის. პალატა მიუთითებს, რომ განცდილი ზიანის დამტკიცების ტვირთი მოპასუხის მიერ ვერ იქნა რეალიზებული, მას სსკ-ის 982.1 მუხლით განპირობებული ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა არ დაუდასტურებია, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-665-2022, 10.11.2022წ.; №ას-646-2022, 30.09.2022წ.; №ას-1017-2021, 24.05.2022წ.; №ას-638-2020, 28.10.2020წ.).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2814.25 ლარის (საგადახდო დავალება 16892792393 / გადახდის თარიღი 28.04.2023), 70% - 1970 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი