Facebook Twitter

საქმე №ას-732-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ–ი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის მიმართ მ.ს–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 19 290 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. კასატორის მითითებით, მხარეები მესამე პირთან ერთად, საწარმოს დამფუძნებლები არიან. ახლად დაფუძნებულ კომპანიას სამეწარმეო საქმიანობის მიზნით საბრუნავი საშუალება სჭირდებოდა და ვინაიდან მოპასუხეს დადებითი საკრედიტო ისტორია ჰქონდა, 40 000 ლარის სესხი სწორედ მის სახელზე გაფორმდა. თანხის მიღებისთანავე მოპასუხემ 19 000 ლარი შეიტანა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო 20 000 ლარი მოსარჩელეს გადასცა, რომელმაც თანხა ასევე კომპანიის ანგარიშზე შეიტანა. მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ 20 000 ლარს დაფარავდა მოპასუხე, ხოლო დანარჩენ 20 000 ლარს – მოსარჩელე. მოპასუხემ სრულად გადაიხადა საკუთარი წილი, მოსარჩელემ კი – არა. მიზეზი გახდა ის, რომ მოპასუხესა და საწარმოს დანარჩენ მეწილეებს შორის 2018 წლის თებერვლიდან დაიძაბა ურთიერთობა, შედეგად ამ უკანასკნელმა სამი სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს.

3. კასატორი სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან მოსარჩელისათვის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა როგორც 2019 წლის 18 ივნისს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე – 2019 წლის 5 დეკემბერს სააღსრულებო ფურცლის გაცემისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „ფ.ბ.ს–ოს“ სარჩელი მოპასუხის (მსესხებლის), მოსარჩელის (სოლიდარული თავდების), შპს „პ.ს–ის“ (სოლიდარული თავდების) და ნ.უ–ის (სოლიდარული თავდების) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ - 20 854.77 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირითადი თანხა 18225.81 ლარი, პროცენტი - 1842.04 ლარი და პირგასამტეხლო - 786.92 ლარია), ასევე – სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 5 დეკემბერს სააღსრულებო ფურცელი გასცა. 2019 წლის 18 დეკემბერს, კერძო აღმასრულებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მიმართა მოვალეებს და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით ვადა 7 დღით განუსაზღვრა. მოსარჩელის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, გადახდილი თანხის ოდენობამ შეადგინა 19 290 ლარი, რომელიც მოსარჩელემ 2020 წლის 10 ნოემბერს და 2021 წლის 26 მარტს გადაიხადა.

9. სწორედ ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე, რომელსაც მოპასუხე სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მხარეები თანამსესხებლებს წარმოადგენენ. მათ საერთო სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთობლივად აიღეს სესხი და გადახდის ვალდებულებაც ერთობლივად იკისრეს. კასატორი სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითებს.

10. მოსარჩელის, როგორც თავდების მიერ მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად ბანკისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 905-ე (თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მას და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება) მუხლები.

11. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, მხარეები თანამსესხებლები არიან და სესხის გადახდის ვალდებულება ერთობლივად იკისრეს, არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1 მუხლი), ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

12. პალატის მითითებით მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს, როგორც თანამსესხებელს, მოპასუხის მიერ აღებული სესხის გადახდის ვალდებულება ეკისრა. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პრეიუდიციულად დასტურდება მოპასუხის მიერ სესხის აღება და მოსარჩელის მიერ სოლიდარული თავდებობის პასუხისმგებლობის კისრება. რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულს გააქარწყლებდა და დაადასტურებდა მოსარჩელისათვის თანხის გადაცემას საწარმოში შენატანის განხორციელების მიზნით ან, რომ მოპასუხემ 40 000 ლარი ისესხა მოსარჩელესთან ერთად, საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ სამეწარმეო კომპანიის (შპს „ე.ე–ის“) საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ ჩარიცხვებზე და განმარტავს, რომ აღნიშნულით დგინდება არა მოსარჩელისა და მოპასუხის ერთობლივად სესხის აღება ან/და საწარმოში შენატანის მიზნით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის სესხად გადაცემა, არამედ მხოლოდ მოსარჩელისგან (როგორც საწარმოს დამფუძნებლის) შენატანის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში სხვა სახის მტკიცებულება, გარდა, ზემოაღნიშნულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებისა, სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

13. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, კასატორის მტკიცებით, სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ უფლების დარღვევის შესახებ შეტყობის მომენტიდან, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან ან სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან - 2019 წლის 5 დეკემბრიდან.

14. პალატა ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრება, რომელიც მან ბანკს გადაუხადა, შესაბამისად, როგორც ითქვა, მოთხოვნა სსკ-ის 905-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ეს ნორმა ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის ისევე, როგორშიც იგი იყო კრედიტორის ხელში. (ზემოაღნიშნული ნორმა სუბროგაციის პრინციპის გამოხატულებაა იმის გათვალისწინებით, რომ იგი ადგენს კანონის საფუძველზე თავდებისათვის კრედიტორის მოთხოვნის გადასვლას ძირითადი მოვალის მიმართ, რა შემთხვევაშიც, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ იცვლება, მხოლოდ კრედიტორი ნაცვლდება. მართალია, თავდებობის ხელშეკრულება წარმოშობს თავდების სამართლებრივად დამოუკიდებელ ვალდებულებას, რომელიც უნდა გაიმიჯნოს უზრუნველყოფილი მოთხოვნისაგან, თუმცა, თავდების ვალდებულება აქცესორულია. აქცესორულობის პრინციპი არის უზრუნველყოფის საშუალებასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კავშირის გამომხატველი და მოიცავს მოთხოვნის არსებობის ყველა სტადიას (წარმოშობიდან გაქარწყლებამდე). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე შეუძლებელია თავდებობიდან მოთხოვნის დამოუკიდებლად განკარგვა, მისი გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მთავარ მოთხოვნასთან ერთად. აღნიშნული კი, გამორიცხავს ერთი და იმავე საფუძვლით ორმაგი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას. ამასთან, შესრულებით თავდები ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგაც ძირითადი ვალდებულება გადადის მასზე, სსკ-ის 905-ე მუხლის საფუძველზე, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც თავდები აკმაყოფილებს კრედიტორს (იხ. „აქსესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის მაგალითზე“, გ.რუსიაშვილი, შედარებითი სამართლის ჟურნალი №3/2019, გვ. 15-16).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 905-ე მუხლი, თავდებს, რომელიც მოვალის ნაცვლად ასრულებს კრედიტორის წინაშე ვალდებულებას, ანიჭებს კანონისმიერი ცესიის გზით რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ.: გ.რუსიაშვილი, თავდების დაცვის მექანიზმები თავდებობის ურთიერთობის ფარგლებში, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 3/2019, გვ.40). ამრიგად, თავდებზე მოთხოვნის გადასვლისთვის აუცილებელია დადასტურდეს ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა და კრედიტორის მოთხოვნის სწორედ თავდების მიერ დაკმაყოფილება.

16. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბანკსა და მსესხებელს შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა 2019 წელს დასრულდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა (სსკ-ის 142-ე მუხლი) მოსარჩელისათვის (რომელზეც გადავიდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი კრედიტორის/ბანკის მოთხოვნის უფლება) ამოქმედდა, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელი ხანდაზმული არ არის.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-409-382-2017, 2018 წლის 19 ივლისის განჩინება; საქმე №ას-963-2023, 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-1182-2021, 2022 წლის 21 აპრილის განჩინება).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.მ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 964.5 ლარის (საგადახდო დავალება №22618963902 / გადახდის თარიღი 01.07.2024), 70% - 675.15 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე