საქმე №ას-1057-2024 25 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „დ...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.პ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ...“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „ს.პ–ას“ (შემდეგ - მოპასუხე, შემკვეთი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის მითითებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობდა ავარიული შენობების მიჯნაზე და მისი მხრიდან შესრულდა ხელშეკრულებისა და 2019 წლის 12 ივლისის კონსტრუქციული დასკვნების შესაბამისად, ავარიულობის გათვალისწინებით. სადემონტაჟო სამუშაოების შემდგომი გაგრძელება დაკავშირებული იყო მომიჯნავედ არსებული შენობების სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაზე, რაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმაც დაადასტურა, შესაბამისად, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება შეთანხმებულ პროექტს და უთანაბრდება სრულ შესრულებას, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ აანაზღაურა შემკვეთმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის დარჩენილი ნაწილის (შესრულებული სამუშაოების 30%-ის ანაზღაურება) გადახდაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
8. პალატის მითითებით, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სრულად შეასრულა, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ შესრულებული სამუშაოების 70% მოცულობის თანხას შემკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ფორმა №2 წარდგენით (აღნიშნულის გადახდა სადავო არაა), დარჩენილ 30%-ს კი, აანაზღაურებდა დემონტაჟის პროექტის მიხედვით სამუშაოთა სრული მოცულობის დასრულებისას.
9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2019 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...... მდებარე სამშენებლო ობიექტზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვის გატანა. ნარდობის ხელშეკრულებითა და დემონტაჟის პროექტით უდავოა მხარეთა შეთანხმება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაზეც, რაც გულისხმობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შემკვეთის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ .......), სამშენებლო ობიექტზე განთავსებული 1/1-5/1 ჩათვლით ნაგებობების სრულ და 6/1-დან 11/1-ის ჩათვლით ნაგებობების ნაწილობრივ დემონტაჟს.
10. უდავოა, რომ მენარდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული შენობა-ნაგებობათა დემონტაჟი სრულად არ განუხორციელებია (აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც სადავოს წარმოადგენს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე), რასაც არც საკასაციო საჩივრით არ ხდის სადავოდ და მიუთითებს, რომ სადემონტაჟო სამუშაოების შემდგომი გაგრძელება დაკავშირებული იყო მომიჯნავედ არსებული შენობების სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაზე, შესაბამისად, ვინაიდან შეუძლებელი იყო ნაწილი შენობების დანგრევა, გამაგრებითი სამუშაოების გარეშე, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო უთანაბრდება ვალდებულების სრულ შესრულებას.
11. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, პალატის მითითებით, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ვალდებულების სრულად შესრულებას აფუძნებდა, კერძოდ, შენობა-ნაგებობების სრულად დანგრევაზე მიუთითებდა და დავობდა შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 30%-ის (144 000 ლარის) გადაუხდებლობაზე, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე აღნიშნულს არც ხდის სადავოდ. სამაგიეროდ სააპელაციო და საკასაციო საქმისწარმოების ეტაპზე ამტკიცებს, რომ მის მიერ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ შენობები გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებდა და ამიტომ დემონტაჟის ნაწილი ვერ შეასრულა, ეს კი, ვალდებულების სრულ შესრულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ასევე ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულ არგუმენტად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 2020 წლის 5 აგვისტოს წერილით აცნობა კასატორს ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ძალებით გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე და ითხოვა დასრულების შემდგომ, მენარდეს დარჩენილი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რაც ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია და დარჩენილი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი არ განუხორციელებია, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა.
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მენარდეს მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, პროექტში მითითებული ყველა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტი, მოპასუხე არ არის ვალდებული, მოთხოვნილი თანხა მოსარჩელეს გადაუხადოს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-203-203-2018, 27.02.2019წ.; №ას-604-604-2018, 28.02.2019წ.; №ას-852-2024, 22.11.2024წ.).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ...“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „დ...“-ს (ს/ნ .......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - (7 200 ლარის) 30%-ის - 2 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა