Facebook Twitter

საქმე №ას-1287-2023 28 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის გარეშე), შპს „ჩ.ბ–ის“ (შემდეგ - მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჩ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ შპს „ჩ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 30 289.46 ლარის გადახდა; უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ შპს „ჩ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 3 634 ლარის გადახდა.

2. 2024 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა (გზავნილი ჩაჰბარდა 3 ოქტომბერს), რომელმაც მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და მიუთითა, რომ ვინაიდან მათი საკასაციო საჩივარი 17 129.47 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, მისი 5% სახელმწიფო ბაჟი უნდა დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) ან განმცხადებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნებოდა, თუმცა აღნიშნულზე საკასაციო პალატას გადაწყვეტლებაში არა უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ჩ.ბ–ს“ უნდა დაეკისროს უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 856 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

5. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.

6. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ჩ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ მიმართ, თანხის – 146 174 00 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 60 174 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც ორივე მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი - ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 47 418.93 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი შპს „ჩ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი - ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჩ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 289.46 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 3634 ლარის გადახდა.

7. პალატის მითითებით, მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე ასაჩივრებდა 47 418.39 ლარის ნაწილში, რისი გათვალისწინებითაც, მან სახელმწიფო ბაჟი - 2 370 ლარი გადაიხადა. უდავოა, რომ მისი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა) და საბოლოოდ მისთვის დაკისრებული თანხა 30 289.46 ლარით განისაზღვრა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ომ“ დავა 17 129 ლარის (47 418.39-30 289.46) ნაწილში მოიგო, რის გამოც, მოსარჩელეს - შპს „ჩ.ბ–ისათვის“ ამ თანხის 5%-ის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საკასაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; სსსკ-ის 39-ე მუხლი) - 856 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატას არ გადაუწყვეტია უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხი, არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა და შპს „ჩ.ბ–ისათვის“ უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 856 ლარის დაკისრების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ წარმომადგენლის, ვ.ხ–ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ჩ.ბ–ს“ უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 856 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე