საქმე №ას-1355-2024 27 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „დ.ფ.ჯ–ია“, შპს „დ.ფ.გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ.ფ.ჯ–ია“ (შემდეგ - პირველი მოპასუხე, პირველი დამსაქმებელი) და შპს „დ.ფ.გ–ი“ (შემდეგ - მეორე მოპასუხე, მეორე დამსაქმებელი, ასევე, ერთობლივად აპელანტები, კასატორები) ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებას, რომლითაც ლ.დ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებელთა 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება (ძალაში შევიდა 2023 წლის 3 ნოემბრიდან); პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდა 8 200 ლარი (ხელზე მისაღები) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 4100 ლარი (გადასახადების ჩათვლით) 2023 წლის 3 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის დაეკისრა კომპენსაცია – 2050 ლარი (ხელზე მისაღები) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად – 1025 ლარი (გადასახადების ჩათვლით) 2023 წლის 3 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე; მოპაუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ თითოეულს 100-100 ლარის (ჯამურად - 200 ლარის) ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი – 93,16 ლარი; პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1622 ლარი; მეორე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 330,5 ლარის გადახდა; მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯი – 225,35 ლარი.
2. კასატორები სადავოდ ხდიან დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევენ, რომ მოსარჩელემ დაარღვია ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე დამსაქმებელთათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, შესაბამისად, კანონიერად გათავისუფლდა თანამდებობებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
7.1. 2014 წლის 21 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ, მოსარჩელე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე კომპანიებში კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 4100 ლარი (გადასახადების ჩათვლით) იყო, საიდანაც ხელზე ასაღები 3280 ლარი იყო, ხოლო მეორე დამსაქმებელთან – 1025 ლარი (გადასახადების ჩათვლით), საიდანაც ხელზე ასაღები 820 ლარი იყო.
7.2. მოპასუხე კომპანიებმა 2023 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელეს გაუგზავნეს ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომია კომპანიების აქტივობებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქტების ძირითადი მომმარაგებლების შესახებ, პროდუქციის მიწოდების პირობები. ეს ინფორმაცია ბაზარზე წლების განმავლობაში კეთილსინდისიერი ოპერირების შედეგად იქნა მოპოვებული. კანში გამოფენაზე ყოფნის დროს კი, სამიტზე დამსაქმებლებმა აღმოაჩინეს, რომ მოსარჩელის მეუღლე კატეგორიის მენეჯერად არის დასაქმებული შპს „დ.ფ. ფ–ში“, რომელიც მოპასუხეთა პირდაპირი კონკურენტია. ეს კი, მოსარჩელეს მოპასუხეთათვის არ უთქვამს. სწორედ ამიტომ დამსაქმებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიების აქტივობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მოპოვებულ იქნეს მოსარჩელისაგან კონკურენტი კომპანიის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ. ასეთ შემთხვევაში კი, დამსაქმებლებს მიადგებათ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. დამსაქმებლებმა გადაწყვიტეს დასაქმებულისთვის „გამოსაცდელი პერიოდის“ დაწესება 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2024 წლის 28 თებერვლამდე, რათა დასაქმებულს დაეკმაყოფილებინა ამავე წერილით ჩამოთვლილი პირობები და გამოევლინა კომპანიების სტანდარტებისადმი ერთგულება. დამსაქმებლებმა გამოთქვეს იმედი, რომ ამ პერიოდში დასაქმებულის მიმართ ნდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფუძვლიანი ეჭვი გაქრებოდა.
7.3. დასაქმებულმა 2023 წლის 24 ოქტომბერს ელექტრონული წერილით უპასუხა დამსაქმებლებს, რომ მისი მეუღლე - გ.დ–ი 1994 წლიდან მუშაობს „დ.ფ–ს“ ბიზნესის სფეროში. 2010 წელს დაინიშნა „დ.ფ.ა–ის“ აღმასრულებელ დირექტორად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2022 წლის აგვისტომდე. 2022 წლის აგვისტოში ის დაინიშნა შპს „დ.ფ.ფ–ის“ რეგისტრირებულ დირექტორად. 2023 წლის იანვრიდან არის შპს „დ.ფ.ფ–ის“ აღმასრულებელი დირექტორი. დამსაქმებლებმა ამის შესახებ ისედაც იცოდნენ. ამასთან, მისი მეუღლე არაერთ საჯარო ღონისძიებას დასწრებია და არ დაუმალავს თავისი პოზიცია. დასაქმებულმა აღნიშნა, რომ არასდროს გაუმჟღავნებია კონფიდენციალური ინფორმაცია და არასდროს უმოქმედია დამსაქმებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ. წერილში დამატებით მითითებულია, რომ „გამოსაცდელი პერიოდის“ დაწესება უვადოდ დანიშნულ დასაქმებულთან ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
7.4. მოპასუხეებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს გაუგზავნეს ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, რაკი დასაქმებულის 2023 წლის 24 ოქტომბრის წერილით ნათელი გახდა მოსარჩელის მეუღლის თანამდებობა, „ინტერესთა კონფლიქტი გარდაუვალია“. კონფლიქტი წარმოიშობა, მოსარჩელისათვის ცნობილი ინფორმაციის მნიშვნელობისა და ამ ინფორმაციით კონკურენტი კომპანიის დაინტერესებით. წერილში ხაზგასმულია, რომ 19 ოქტომბრის წერილში მითითებული „გამოსაცდელი პერიოდი“ არ გულისხმობდა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ „გამოსაცდელ ვადას“ და ემსახურებოდა დასაქმებულის უნარების გაუმჯობესებას. წერილის მიხედვით, პროფესიული შეცდომების საშიშროების და ინტერესთა კონფლიქტის ფონზე, არსებობდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური დასაბუთება და მოსარჩელეს ამავე წერილის მიღებიდან სამი დღის ვადის დაცვით თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
7.5. 2023 წლის 31 ოქტომბრის მოპასუხეთა ერთობლივი ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა კატეგორიის მენეჯერის თანამდებობიდან. ბრძანების ამოქმედების ვადა განისაზღვრა ხელმოწერიდან სამი დღით. გათავისუფლების საფუძველი გახდა „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგ - სშკ-ის) 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია).
9. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-928-2023, 16.11.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) შესაბამისად.
10. იმისათვის, რომ დადგინდეს „სხვა ობიექტური გარემოების“ არსებობა, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის; ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნების ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ.: სუსგ №ას-715-2019, 04.07.2019წ.; №ას-660-2020, 11.03.2022წ.; №ას-800-2022, 27.07.2023წ.).
11. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია დასაქმებულის ოჯახის წევრის (მეუღლის) მიერ დამსაქმებლის კონკურენტ კომპანიაში საქმიანობა შესაძლებელია თუ არა იყოს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასეთი „ობიექტური გარემოება“.
12. საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, აღნიშნული დამოკიდებულია საწარმოში/ორგანიზაციაში დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე და მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებზე, რაც თითოეულ საქმეში დამოუკიდებლად, კონკრეტული ფაქტების შეფასების შედეგად (ე.წ. case-by-case) უნდა დადგინდეს, კერძოდ, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, არის თუ არა დასაქმებული მისი თანამდებობით და, აქედან გამომდინარე, უფლება-მოვალეობებით ისეთი პირი, რომელსაც ეკისრება იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება ან/და ხელი მიუწვდება ისეთ ინფორმაციაზე, რამაც შესაძლებელია, დამსაქმებელს ზიანი მიაყენოს. შრომით ურთიერთობაზე ვრცელდება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის ზოგადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამ ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული თავისი არსით გულისხმობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის მოვალეობას, კეთილსინდისიერად ისარგებლონ მინიჭებული უფლებებით და არ იმოქმედონ ერთმანეთის საზიანოდ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლები). ყოველივე ეს გულისხმობს დასაქმებულის მხრიდან მინიმალური ერთგულების გამოჩენასაც, რათა მან საკუთარი შრომითი მოვალეობები განახორციელოს საწარმოს/ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად, რასაც შესაძლებელია, კითხვის ნიშანი დაესვას ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისას (იხ. სუსგ №ას-660-2020, 11.03.2022წ.).
13. მოსარჩელე, როგორც კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, რომ ფლობდა ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, როგორიცაა პროდუქციის მიმწოდებლების ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, პროდუქციის მიწოდების პირობები, ფასები, სახეობები და სხვა, რომლის გამჟღავნებასაც, შესაძლოა, ზიანი მოეტანა მოპასუხეთათვის სადავო არ არის. მიუხედავად ამისა, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ამგვარ თანამდებობაზე დანიშნული იყო 2014 წლიდან, ხოლო მისი მეუღლე კონკურენტ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2010 წლიდან. შესაბამისად, ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობა 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და, თუკი არსებობდა რაიმე მცირედი შესაძლებლობაც კი, მოპასუხეთათვის ზიანის მიყენების, ან/და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების, იგი გამოვლენილი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხეებს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებიათ მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე და არც ის ფაქტი არ გაუხდიათ სადავოდ, რომ წლების მანძილზე მოსარჩელე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.
14. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელისა და მისი მეუღლის კონკურენტ საწარმოებში „ინტერესთა კონფლიქტის“ გამომწვევ თანამდებობებზე დასაქმების ხანგრძლივობა საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ მოპასუხეთა და მათი კონკურენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი წარმომადგენლები, სულ მცირე, ყოველწლიურად ესწრებიან საერთო ღონისძიებებს, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ ნაწილი (მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული პირები მაინც) იცნობს ერთმანეთს; მოპასუხეები შესაგებელშივე მიუთითებენ და სასამართლო სხდომაზეც მათმა წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის მეუღლის კონკურენტ კომპანიაში საქმიანობის თაობაზე ფლობდნენ „გარკვეულ ინფორმაციას“. შესაბამისად, ინფორმაცია დამალული არ ყოფილა. კასატორთა პრეტენზია, რომ მათ ეგონათ მოსარჩელის მეუღლე მხოლოდ ტექნიკურ დავალებებს ასრულებდა, რაც კონკურენტუნარიანობისთვის საფრთხის შემცველი არ იყო, დაუსაბუთებელია, რამდენადაც გარდა იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო (პირი რეგისტრირებულ დირექტორი იყო), თუკი მოპასუხეთათვის ამხელა მნიშვნელობის იყო მოსარჩელის მეუღლის კონკურენტ საწარმოში დასაქმების ფაქტი, ამდენი წლის მანძილზე იმ ინფორმაციის დაზუსტებაც შეეძლოთ მოსარჩელესთან თუ კონკრეტულად რა თანამდებობას იკავებდა მისი მეუღლე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კასატორთა განმარტება, რომ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, არადამაჯერებელია.
15. გარდა ზემოაღნიშნულისა, ინტერესთა კონფლიქტის დროს გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია იმის გამოკვლევა, შეიძლებოდა თუ არა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება (მაგალითად, დასაქმებულისათვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა ისე, რომ მან შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, დასაქმებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა და ა.შ.) (იხ. სუსგ №ას-660-2020, 11.03.2022წ.).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას ყოველთვის აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მყარი საფუძვლის არსებობისას. თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოიყენება ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს (იხ.: სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.; №ას-778-2021, 28.12.2021წ.; №ას-800-2022, 27.07.2023წ.).
17. ამ მიმართებით განსახილველ საქმეზე საინტერესოა დამსაქმებელთა არათანმიმდევრული ქმედებები, კერძოდ, თავდაპირველად მათ მოსარჩელეს დაუწესეს ე.წ. „გამოსაცდელი პერიოდი“ ნდობის აღდგენის მიზნით, ხოლო შემდგომ ამ ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ისე, რომ რამდენად იყო მოსარჩელის გათავისუფლება აუცილებელი ინტერესთა კონფლიქტის პრობლემის გადასაწყვეტად და ხომ არ არსებობდა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა არც კი განუხილავთ.
18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნების წინააღმდეგ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენიათ, შესაბამისად, კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.ფ.ჯ–იასა“ და შპს „დ.ფ.გ–ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „დ.ფ.ჯ–იას“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2 665 ლარის (8 000 ლარი - საგადახდო დავალება №1730112085 / გადახდის თარიღი 28.10.2024) 70% - 1 865.5 ლარი;
3. შპს „დ.ფ.გ–ს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 666.25 ლარის (2 408.75 ლარი - საგადახდო დავალება №1730112393 / გადახდის თარიღი 28.10.2024) 70% - 466.37 ლარი;
4. შპს „დ.ფ.ჯ–იას“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 335 ლარი (8 000 ლარი - საგადახდო დავალება №1730112085 / გადახდის თარიღი 28.10.2024);
5. შპს „დ.ფ.გ–ს“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1742.5 (2 408.75 ლარი - საგადახდო დავალება №1730112393 / გადახდის თარიღი 28.10.2024);
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა