საქმე №ას-1447-2023 27 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.რ–ა“ (შემდეგ - მოსარჩელე, პირველი კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხე შპს „დ–სს“ (შემდეგ - მოპასუხე) დაეკისრა ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 41 666,61 ლარისა და სადგურის მომსახურების საფასურის, 869 448,91 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარს და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საამისო წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
5.1. 2013 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გადამხდელი კისრულობს ვალდებულებას, დაფაროს 2013 წლის 24 იანვრის ვითარებით სატვირთო გადაზიდვებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი დავალიანება, 492 286,90 ლარი, ეტაპობრივად, 10 თვის ვადის დაცვით, ამ ხელშეკრულებითა და დანართით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ვადის მიხედვით ვალდებულებების შეუსრულებლობისას, გადამხდელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სრული სახელშეკრულებო თანხის 0,1%.
5.2. 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 11 აპრილის ჩათვლით ჩარიცხა 492 286,90 ლარი, ხოლო, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, 2013 წლის 24 მაისს – 21 176,32 ლარი; რაკი ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები სრულდებოდა ვადაგადაცილებით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის სარჩელის წარმოდგენის დროისათვის განისაზღვრა 134 878,62 ლარით.
5.3. 2014 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მოპასუხე უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურებას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა. მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის მომსახურების საფასურის გადახდის ვადა. დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე 2015 წლის 17 მარტს ჩარიცხა 84 000 ლარი, რომლითაც დავალიანებაზე ძირითად თანხის დასაფარად წარიმართა 80 307,10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს დასაფარავად - 3692,9 ლარი; სარჩელის წარმოდგენის დროისათვის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა 14 869,27 ლარით.
5.4. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
7. საკასაციო საჩივრით სადავოა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სარჩელთ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ „დავალიანების აღიარებისა და დაფარვის“ ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობა - 21 176,32 ლარით, ხოლო ,,ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე - 3 692,9 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. რაკი პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით მოპასუხეს ეს თანხა მოსარჩელისათვის სარჩელის აღძვრამდე გადახდილი ჰქონდა, სასამართლომ ვალდებულება, შესრულების გამო, შეწყვეტილად მიიჩნია. მოსარჩელე/კასატორი კი მოითხოვს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრებას (156 054,94 ლარი და 18 562,17 ლარი), უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს გამოკლებით, რაც 134 878,62 ლარი და 14 869,27 ლარია.
8. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 134 878,62 ლარი და 14 869,27 ლარი, შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე მოპასუხის ნებით გადახდილი პირგასამტეხლოს საფუძვლით ვალდებულება შესრულებულად ვერ მიიჩნევა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, რაკი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოშობილია, არსებობს მისი დაკისრების წინაპირობები. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველდღიური პირგასამტეხლო ოდენობა - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
9. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-504-2024, 04.10.2024წ.; №ას-1068-2024, 30.10.2024წ.).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
12. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
15. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ.: სუსგ №ას-888-2020, 10.12.2020წ.; №ას-1245-2022, 09.03.2023წ.).
16. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე მოსარჩელის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ვადაგადაცილებული დღეებისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
17. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დარღვევის სამძიმესა და მოცულობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, ვალდებულების დაგვიანების შედეგსაც და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს „დავალიანების აღიარებისა და დაფარვის“ ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად მოთხოვნილი 134 878,62 ლარისა, 67 439.31 ლარით, ხოლო „ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად მოთხოვნილი 14 869,27 ლარისა, 7 434.63 ლარით.
18. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორი კი არ უნდა გამდიდრდეს, არამედ მისი დანაკარგები კომპენსირდება. პალატის განსჯით, კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოთხოვნილი ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 67 439.31 ლარსა და 7 434.63 ლარს მიიჩნევს.
19. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრება 67 439.31 ლარსა და 7 434.63 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის, სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 8 984.87 ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „დ–სს“ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 67 439.31 ლარსა და 7 434.63 ლარის გადახდა სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ;
4. შპს „დ–სს“ დაეკისროს 8 984.87 ლარის გადახდა სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა