Facebook Twitter

საქმე №ას-1487-2024 31 იანვარი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ხ–ის უფლებამონაცვლე მ.უ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ.უ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნ.ჯ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის მოთხოვნით დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განჩინება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების მოთხოვნით დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ შეასრულა, რის გამოც არ არსებობს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

4. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის მიხედვით, 2023 წლის 9 ნოემბერს წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 250 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ითხოვა ვადა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მისი ოჯახის მძიმე მარტერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი მოსთხოვა, ბანკისათვის მიმართვასა და შესაბამისი მტკიცებულების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, 2024 წლის 27 ივნისს, როდესაც ქალაქში არ იმყოფებოდა, ოჯახის წევრს ჩაჰბარდა განჩინება, რომლის ხარვეზის შევსების ვადა 2024 წლის 2 ივლისს იწურებოდა, ამ პერიოდში აპელანტიც არ იყო ქვეყანაში, ხოლო წარმომადგენელი ქალაქში დაბრუნდა 2024 წლის 2 ივლისს. 2024 წლის 4 ივლისს ბაჟი, 350 ლარი, აპელანტის სახელზე მესამე პირმა გადაიხადა. ამის შემდგომ ელოდებოდნენ სასამართლო განჩინებას ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარედგინათ სასამართლოში, თუმცა 2024 წლის 1 ოქტომბერს ჩაჰბარდათ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რითაც აპელანტს მოესპო უფლება, კანონიერად დაიბრუნოს საკუთარი ქონება.

6. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და სადავოდ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

12. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.

13. აპელანტმა 2023 წლის 9 ნოემბერს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 250 ლარის, სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადახდის ქვითარის ასლი წარადგინა სასამართლოში, ასევე, სახელმწიფო ბაჟის წარმატებით გადახდის თაობაზე საქართველოს ბანკის ცნობის ასლი. ამასთან, დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის სრულად შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით გაუგრძელდა, ამასთან, დაევალა უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნისა და დარჩენილი გადასახდელი თანხის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტმა 2024 წლის 29 იანვრის განცხადებითაც ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა და მიუთითა, რომ ვადა სჭირდებოდა ბანკში მისვლისა და დედანი ბაჟის ქვითრის აღებისათვის და მიუთითა, რომ ვადის გაგრძელების შემთხვევაში სრულად აღმოიფხვრებოდა ხარვეზი, რაც სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს დამატებით 5 დღე მიეცა განჩინების ჩაბარებიდან ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აპელანტმა 2024 წლის 11 მარტს კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით, წარადგინა ბანკის მიერ გაცემული ცნობა სველი ბეჭდით, საიდანაც სახელმწიფო ბაჟის, 250 ლარის, წარმატებით გადახდა დასტურდება და, ამასთან, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დამატებითი ვადა მოითხოვა აპელანტის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მითითებით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განჩინებით კვლავ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა 5 დღით გაუგრძელდა. 2024 წლის 4 ივლისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა. ამასთან, მიუთითა, რომ არც აპელანტი არ იმყოფება საქართველოში და არც წარმომადგენელია ადგილზე, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხა აპელანტის მიერ გადმოგზავნილი იყო, თუმცა ვერ მოესწრო განჩინებაში მითითებული ვადის დაცვით შეტანა, რის გამოც კვლავ ვადის გაგრძელება მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

14. ვინაიდან აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც მან არ განახორციელა და არ არსებობდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ყოველივე ამან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

15. საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

16. პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით წესრიგდება და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. საკასაციო პალატა, წინამდებარე განჩინების 13-ე პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია. ნიშანდობლივია, რომ აპელანტს 4-ჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, მიუხედავად იმისა, მას სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნდა. ამასთან, 2023 წლის 23 ოქტომბრიდან (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღების თარიღი) სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე - 2024 წლის 29 ივლისამდე გასულია 9 თვეზე მეტი და რამდენჯერმე გაგრძელებული საპროცესო ვადის გათვალისწინებით, აპელანტს სახელმწიფო ბაჟი სრულად არ გადაუხდია, შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობები იწვევს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

17. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტის წარმომადგენლმა 2024 წლის 4 ივლისის განცხადებაში მიუთითა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გამოგზავნის შესახებ, თუმცა განმარტავდა, რომ ვერ მოესწრო მისი გადახდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ასევე, კერძო საჩივარშიც აღნიშნავდა მესამე პირის მიერ აპელანტის სახელზე სახელმწიფო ბაჟის, 350 ლარის, გადახდის თაობაზე, თუმცა აღნიშნული განცხადებებიდან გასულია დიდი ხანი, მიუხედავად ამისა, მას არ წარმოუდგენია ნაწილი ბაჟის გადახდის ქვითარი, რათა დავის მიმართ საკუთარი ინტერესი დაედასტურებინა.

18. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლო დაუსრულებლად და მრავალჯერადად ვერ გაუგრძელებდა ხარვეზის შევსების ვადას, მით უფრო, როცა წარმოდგენილი არ ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობის უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის შესაბამისი საპროცესო მოქმედებები ვადის დაცვით არ განახორციელა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ არ არსებობდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებსაც და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმებაა, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ასევე - კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რაც სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა