Facebook Twitter

საქმე №ას-1560-2024 31 იანვარი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ტ–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ.მ–ნი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფ.მ–ნის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა, უმკვიდროდ იქნა ცნობილი ტექინვენტარიზაციის არქივში მ.ლ–ის სახელზე აღრიცხული ქ. თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი სადგომი და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ფ.მ–ნს ინდმეწარმე ა.მ–ძის მიერ 31.10.2022წ. მომზადებულ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე გამოსახული, ქ. თბილისი, ........ მდებარე 449.15 კვ.მ საერთო ფართობის მქონე საცხოვრებელი სადგომი (შენობა №1 და შენობა №2), თანახმად ინდმეწარმე ა.მ–ძის მიერ 31.10.2022 წელს მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზისა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლ.ტ–ძემ, გ.ტ–ძემ და ქ.ფ–ვამ (მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, აპელანტები იყვნენ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ამდენად, ისინი არ იყვნენ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები.

4. ზემოაღნიშნული განჩინება ლ.ტ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის მიხედვით, საქმის მასალებით, ცხადია, რომ აპელანტები გარდაცვლილის მემკვიდრეებს წარმოადგენენ და საქმის მსვლელობისას პრეტენზიას აცხადებდნენ სადავო უძრავ ქონებაზე. საქმის არსს არ ცვლის ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართო მესამე პირებად, რამდენადაც ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 88.1 მუხლის წინაპირობები. შესაბამისად, მათ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება ჰქონდათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჯერ წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი, შემდგომ კი განუხილველად დატოვა სსსკ-ის 187.2 მუხლის საფუძველზე, რისი უფლებაც მოსამართლეს არ ჰქონდა. გარდა ამისა, გარდაიცვალა ერთ-ერთი აპელანტი, რის თაობაზეც სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, თუმცა მან ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირები გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები არ იყვნენ.

9. მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რომლებიც ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში. ამავე დროს, სსსკ-ის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ვერ ისარგებლებს მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ასეთ მესამე პირს არ შეუძლია, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები), აგრეთვე – შეიტანოს კერძო საჩივარი (სსსკ-ის 414-ე მუხლი).

10. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, შესაბამისად, იგი არაა უფლებამოსილი, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. თავად გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი მისი, როგორც მესამე პირის უფლებებს, არ შეხებია, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე ვალდებულებები არ დადგენილა და გადაწყვეტილება მესამე პირთა, როგორც ინდივიდების უფლებებს, არ შეხებია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც დაუშვებელია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1662-2019, 24.02.2020წ.; №ას-488-2021, 31.05.2021წ.).

12. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს. ამგვარი შემთხვევა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

13. ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ მესამე პირებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვალს, იურიდიული მნიშვნელობის მქონე - სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის მოთხოვნით. განმცხადებლებს უარი ეთქვათ განცხადების წარმოებაში მიღებაზე 2023 წლის 13 თებერვლის დადგენილებით (საქმე №2/3637-23). დადგენილების მიხედვით, განცხადებას არ ერთვოდა ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან როგორც 20.06.1987 წელს გარდაცვლილი მ.ლ–ის, ასევე, 06.04.2003 წელს გარდაცვლილი ზ.ც–ას და 24.06.2005 წელს გარდაცვლილ მ.ტ–ძის რეგისტრირებული ქორწინებისა და შვილის (შვილების) ყოლის შესახებ მტკიცებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, მართალია, მესამე პირად საქმეში ჩაბმული პირები მიუთითებენ, რომ წარმოადგენენ მ.ლ–ის შვილიშვილის შვილებს, რომლებმაც ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს დიდი ბებიის სამკვიდრო ქონება, თუმცა, არც მიმდინარე დავის ფარგლებში არ წარმოუდგენიათ დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა ნეთასაურ კავშირს მ.ლ–თან. შესაბამისად, არ გამოკვეთილა მესამე პირთა უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, საკასაციო პალატის მითითებით, თუკი კერძო საჩივრის ავტორს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა დავის საგნის ნაწილზე ან მთლიანად დავის საგანზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად), შეეძლო აღეძრა სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამ უფლებით არც კერძო საჩივრის ავტორს და არც სხვა მესამე პირებს არ უსარგებლით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მესამე პირებს დავის საგნის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ წარუდგენიათ და, შესაბამისად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირთა სტატუსი არ მიუღიათ, ამასთან, მიმდინარე დავის ფარგლებში, არც მესამე პირთა უფლებების დარღვევა არ გამოკვეთილა, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

14. რაც შეეხება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის, ქ.ფ–ვას გარდაცვალებას, რაკი დადგინდა, რომ იგი არ იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი, არც საქმისწარმოების შეჩერების სსსკ-ის 279 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა არსებობდა.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ტ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა